‘გაწვრთენი ყმაწვილი’
კარგი მოსავლის მოსაწევად საკმარისი არ არის მხოლოდ თესლის მიმობნევა და რამდენიმე თვის შემდეგ მოსავლის ასაღებად დაბრუნება. საჭიროა მუყაითი შრომა: ნიადაგის დამუშავება, დათესვა, რწყვა და მცენარის კვება, რომ ნაყოფი დამწიფდეს.
ეს პროცესი კარგად ასახავს იგავნის 22:6-ში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. მართლაც, შვილების კარგად აღზრდისთვის წვრთნა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
მაგრამ დღევანდელ ყველაფრის ნებისდამრთავ წუთისოფელში ბევრი მშობელი ყურადღებას არ აქცევს ამ რჩევას. როცა ისინი მიჰყვებიან საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას, რომ ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს პრობლემების მოგვარება, შვილები საკუთარი თავის ანაბარა რჩებიან. ასეთი გზით ახალგაზრდები ადვილად ექცევიან ზნედაცემული ადამიანების გავლენის ქვეშ (იგავნი 13:20).
რამდენად უკეთესია, რომ მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგონ შვილებს ქრისტიანული პრინციპები! მაინც როდიდან? „ჩვილობიდანვე (აქ)“, — ამბობს მოციქული პავლე. ასე იყო ახალგაზრდა ტიმოთეს შემთხვევაში. დედამისმა ევნიკემ და ბებიამისმა ლოისმა ჩაუნერგეს მას „საღვთო წერილები“. მანაც ‘ისწავლა’ და ‘ირწმუნა’. რა შედეგი მოჰყვა ამას? ასეთმა წვრთნამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ‘დაბრძენებაში სახსნელად’ (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).
მსგავსად ამისა, დღესაც მშობლები, რომლებსაც ‘სიკეთის კეთება არ მოსწყინდებათ’, უხვ კურთხევებს მიიღებენ თუ ‘არ მოდუნდებიან’ (გალატელთა 6:9). ბრძენი მეფე სოლომონი ამბობს: „მართლის მამა მოილხენს“ (იგავნი 23:24).