სული
განმარტება: „სულად“ ნათარგმნია ორი ებრაული („ნეფეშ“ და „რუახ“) და ორი ბერძნული („ფსიქე“ და „პნევმა“) სიტყვა. ბიბლიაში „ნეფეშ“ და „ფსიქე“ ძირითადად ნიშნავს ადამიანს, ცხოველს ან ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლეს. რელიგიურ ლიტერატურაში და ბიბლიის თარგმანებში ზოგჯერ „ნეფეშ“-ისა და „ფსიქე“-ს თარგმნისას „სულის“ ეკვივალენტად „სამშვინველსაც“ იყენებენ. „რუახ“ და „პნევმა“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება. მათში ყოველთვის იგულისხმება ადამიანის თვალისთვის უხილავი ძალა, რომლის მოქმედებასაც ხილული შედეგები აქვს. „რუახ“ და „პნევმა“ შეიძლება ნიშნავდეს: 1) ქარს, 2) ფიზიკური ქმნილებების სასიცოცხლო ძალას, 3) შინაგან ძალას, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ, 4) უხილავი წყაროდან მომდინარე „შთაგონებულ სიტყვებს“, 5) სულიერ ქმნილებებსა და 6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს. ამ ნაწილში შევეხებით „სულის“ იმ მნიშვნელობებს, რომლებზე საუბარიც უფრო ხშირად გვიწევს სამქადაგებლო მსახურებისას. ბევრის აზრით, „სული“ არის არამატერიალური არსება, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. ზოგიერთი თვლის, რომ სული სიცოცხლის მატარებელი საწყისია. ეს შეხედულებები არ ეთანხმება ბიბლიის სწავლებას.
რომელი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს, რომ „სულში“ ხშირად ადამიანი იგულისხმება?
დაბ. 2:7: «დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ებრაულად „ნიშმათ ხაიიმ“] და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა» (როგორც ვხედავთ, თვითონ ადამიანი იქცა სულად, ცოცხალ არსებად. ღმერთს მისთვის სული არ მიუცია) (ამ მუხლში „სულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ფუძეა „ნეფეშ“. სხვა თარგმანებში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „სული“ [ძვო, მხ] და „არსება“ [სსგ, ბსგ]).
1 კორ. 15:45: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული [ბერძნულად ფსიქე ]“, უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული [ბერძნულად პნევმა ]» (ამრიგად, ებრაული წერილების მსგავსად ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არის მუხლები, სადაც „სულში“ [„ფსიქე“] თვითონ ადამიანია ნაგულისხმევი. სხვა თარგმანებში „ფსიქე“ ნათარგმნია „მშვინვად“ [სსგ, ბთი], „არსებად“ [ბსგ] და „სამშჳნველად“ [აა]).
1 პეტ. 3:20: „ნოეს დროს . . . რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს“ (სულად ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „ფსიქაი“, ანუ „ფსიქე“ მრავლობით რიცხვში. სხვა თარგმანებიც ამ სიტყვას „სულად“ თარგმნის: სსგ, ბსგ, ბთი, აფ, აა).
დაბ. 9:5: «თქვენს სისხლსაც [„სულების* სისხლს“, სქოლიო; „სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა“, მხ] მოვიკითხავ, ყველა ცოცხალ ქმნილებას მოვკითხავ მას» (*ებრაულ ტექსტში გვხვდება სიტყვა „ნეფეშ“. აქ ნათქვამია, რომ სულს აქვს სისხლი).
იესო 11:11, ბსგ: «და მახვილის პირით მოსრეს ყოველი სული [ებრაულად „ნეფეშ“], ვინც კი იქ იყო» (ამ მუხლის მიხედვით სული არ არის უხილავი ძალა და მისი მოკვლა შეიძლება მახვილით).
სად არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ ცხოველებიც „სულები“ არიან?
დაბ. 1:20, 21, 24, 25: «შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები*. . .“. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის [„ყოველი სული ცხოველთა“, მხ] შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით . . . შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები [„სამშჳნველი ცხოველი“, მხ] მათი გვარისდა მიხედვით“ . . . დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით» (*ამ მუხლებში „სულად“ ნათარგმნია „ნეფეშ“. ზოგი თარგმანი ამ სიტყვას თარგმნის „სულდგმულად“ [სსგ] და „არსებად“ [ბსგ]).
ლევ. 24:17, 18: «ის კაცი, ვინც ადამიანს, სულს [ებრაულად „ნეფეშ“] მოკლავს, უნდა მოკვდეს. ვინც შინაურ ცხოველს, სულს [ებრაულად „ნეფეშ“] მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სული სულის სანაცვლოდ» (ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთი და იგივე ებრაული სიტყვაა გამოყენებული ადამიანთან და ცხოველთან დაკავშირებით).
გამოცხ. 16:3: „ზღვა მკვდრის სისხლივით გახდა და დაიხოცა ყოველი ცოცხალი სული* — ყოველივე, რაც ზღვაშია“ (ასე რომ, ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც უჭერს მხარს იმ აზრს, რომ „სულში“ ზოგჯერ ცხოველი იგულისხმება) (*ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა „ფსიქე“. სხვა თარგმანები: „სული“, აფ, აა; „სულდგმული“, სსგ, ბსგ, ბთი).
რას ამბობენ ამ საკითხზე მეცნიერები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები?
«ძველი აღთქმა სულსა და სხეულს არ წარმოგვიდგენს ორ ცალკეულ ნაწილად. ისრაელები ყველაფერს კონკრეტულად, მთლიანობად აღიქვამდნენ, მათთვის ადამიანი არ იყო სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი ქმნილება. სიტყვა „ნეფეშ“ სულად ითარგმნება, მაგრამ არასოდეს ნიშნავს სხეულისგან ან ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებულ ნაწილს . . . სიტყვა „ფსიქე“ ახალ აღთქმაში „ნეფეშ“-ის ეკვივალენტია. ის შეიძლება ნიშნავდეს სიცოცხლეს ან ცოცხალ არსებას» („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XIII, გვ. 449, 450).
«„სულად“ („ნეფეშ“; ის, რაც სუნთქავს) ნათარგმნი ებრაული სიტყვა, რომელიც მოსემ გამოიყენა . . . ნიშნავს სულდგმულს და ყოველთვის ადამიანს არ გულისხმობს . . . ახალ აღთქმაში „ფსიქე“ (სული) „ნეფეშ“- ის მნიშვნელობით არის გამოყენებული» („The New Encyclopædia Britannica“, 1976, Macropædia, ტ. XV, გვ. 152).
„შეხედულება იმის შესახებ, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ არსებობას აგრძელებს, ფილოსოფიურ და თეოლოგიურ წარმოდგენებს ემყარება და არა — რწმენის საფუძვლებს. შესაბამისად, წმინდა წერილში ეს სწავლება პირდაპირ არსად არ არის გადმოცემული“ („The Jewish Encyclopedia“, 1910, ტ. VI, გვ. 564).
შესაძლებელია სულის სიკვდილი?
ეზეკ. 18:4: „ყველა სული ჩემია, როგორც მამის სული, ისე ძის სული ჩემია. სული*, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (*ებრაულ ტექსტში წერია „ნეფეშ“. სხვა თარგმანები: „სული“, სსგ, ბსგ, ძვო, მხ).
მათ. 10:28: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის [ანუ სიცოცხლის] მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის* დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (*ბერძნულად „ფსიქე“. სხვა თარგმანები: „სული“, სსგ, ბსგ, ბთი, აფ, აა).
საქ. 3:23: „ხოლო ყოველი სული*, რომელიც იმ წინასწარმეტყველს არ მოუსმენს, ხალხიდან აღმოიფხვრება“ (*ბერძნულად „ფსიქე“. სხვა თარგმანები: „სული“, სსგ, ბსგ, ბთი, აფ, აა).
შესაძლებელია, რომ სულმა (ადამიანმა) მარადიულად იცოცხლოს?
იხილეთ გვერდები 325—330 („სიცოცხლე“).
განაგრძობს რამე არსებობას ადამიანის სიკვდილის შემდეგ?
ფსალმ. 146:4: „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ („სულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნაწარმოებია სიტყვიდან „რუახ“. ამ სიტყვას ზოგი „სუნთქვად“ თარგმნის. როდესაც სხეული „რუახ“-ს ანუ სასიცოცხლო ძალას კარგავს, ადამიანის ფიქრები ქრება და აღარაფერს აქვს ფიქრის უნარი).
ეკლ. 3:19—21: «ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული [„რუახ“; „სული“, სსგ, ძვო, მხ; „სუნთქვა“, ბსგ] აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან. ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული [„რუახ“] ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული [„რუახ“] მიწაში?» (ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო ყველა ადამიანი კვდება და მტვერს უბრუნდება სწორედ ისე, როგორც ცხოველების შემთხვევაში ხდება. მაგრამ აქვს თუ არა ადამიანს ცნობიერების მქონე სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლად აგრძელებს სიცოცხლეს? არა. მე-19 მუხლიდან ჩანს, რომ ადამიანებსა და ცხოველებს „ერთი სული“ აქვთ. დაკვირვებების საფუძველზე არავის შეუძლია დამაჯერებლად უპასუხოს 21-ე მუხლში დასმულ შეკითხვას. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი აგრძელებს სიცოცხლეს და ამიტომ ადამიანი ცხოველზე ვეღარაფრით უპირატესობს. მიუხედავად ამისა, ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა და იზრუნა იმაზე, რომ ქრისტეს მეშვეობით მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა მორწმუნე ადამიანებისთვის. ეს შესაძლებლობა ცხოველებს არა აქვთ. ღმერთი ბევრ ადამიანს დაუბრუნებს სასიცოცხლო ძალას და მკვდრეთით აღადგენს).
ლუკ. 23:46: «იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული [ბერძნულად პნევმა]“. ეს თქვა და მოკვდა» (ამ დროს იესო მოკვდა, მისი სული არ წასულა ზეცაში. იესო მხოლოდ მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. საქმეების 1:3, 9-დან კი ვხედავთ, რომ ამის შემდეგ 40 დღე გავიდა იესოს ზეცად ამაღლებამდე. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს იესოს სიტყვებს? მან იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ღმერთზე იყო დამოკიდებული, დაიბრუნებდა თუ არა სიცოცხლეს).
უჭერს მხარს სულის უკვდავების იდეას ეკლესიასტეს 12:7?
ეკლ. 12:7: «მტვერი დაუბრუნდება მიწას, სადაც მანამდე იყო, სული [ანუ სასიცოცხლო ძალა, ებრაულად „რუახ“] კი — ჭეშმარიტ ღმერთს, მის მომცემს».
ამ მუხლში ის არ იგულისხმება, რომ სიკვდილის შემდეგ სული პირდაპირი გაგებით მიდის ღმერთთან. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ვინმემ „სული მოიბრუნა“ (ანუ სული მოითქვა), არ ვგულისხმობთ, რომ სული სადმე იყო წასული და უკან დაბრუნდა (შეადარეთ მალაქიას 3:7). ვინაიდან სული სასიცოცხლო ძალაა, ის იმ გაგებით ‘უბრუნდება ჭეშმარიტ ღმერთს’, რომ ღმერთზეა დამოკიდებული, დაუბრუნებს თუ არა ადამიანს სიცოცხლეს. მისი მომავალი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, ღვთის ხელშია. მხოლოდ ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ სასიცოცხლო ძალა დაუბრუნოს ადამიანს და გააცოცხლოს.
საიდან იღებს დასაბამს ქრისტიანული სამყაროს სწავლება უკვდავი სულის არსებობის შესახებ?
„ქრისტიანული შეხედულება უსხეულო სულის შესახებ, რომელიც ღვთის მიერ არის შექმნილი და ადამიანის ჩასახვის მომენტში ერწყმის სხეულს ცოცხალი მთლიანობის წარმოსაქმნელად, ქრისტიანული ფილოსოფიის ხანგრძლივი განვითარების შედეგია. აღმოსავლეთში ორიგენემ [გარდაიცვალა დაახლ. ახ. წ. 254], დასავლეთში კი ავგუსტინე ნეტარმა [გარდაიცვალა ახ. წ. 430] დაამკვიდრეს შეხედულება სულის, როგორც სულიერი სუბსტანციის, შესახებ და ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური წარმოდგენა სულის ბუნებაზე . . . მის [ავგუსტინეს] მოძღვრებაში (მათ შორის გარკვეულ ხარვეზებში) აშკარად იგრძნობა ნეოპლატონიზმის გავლენა“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XIII, გვ. 452, 454).
„სულის უკვდავების იდეა ბერძენთა წარმოდგენების ნაყოფია. მათგან განსხვავებით, იუდეველებს მკვდრეთით აღდგომის სწამდათ . . . ალექსანდრეს დაპყრობითი ომების შემდეგ იუდაიზმმა თანდათანობით შეითვისა ბერძნული წარმოდგენები“ („Dictionnaire Encyclopédique de la Bible“, ვალანსი, საფრანგეთი; 1935, რედაქტორი ალექსანდრე ვესტფალი, ტ. II, გვ. 557).
„სულის უკვდავება არის ბერძნული კონცეფცია, რომელიც დასაბამს იღებს უძველესი მისტიკური კულტებიდან. ის დეტალურად დაამუშავა ფილოსოფოსმა პლატონმა“ („Presbyterian Life“, 1 მაისი, 1970, გვ. 35).
„ნუთუ გვჯერა, რომ არსებობს სიკვდილი? . . ეს ხომ სულისა და სხეულის განცალკევებაა. სიკვდილი ამ პროცესის დასრულებაა. სული დამოუკიდებლად იწყებს არსებობას, ეყრება სხეულს და სხეული თავისუფლდება სულისგან — აი, ეს არის სიკვდილი . . . სულიც კვდება? არა. მაშ, სული უკვდავია? დიახ“ („ფედონი“ [64, 105], პლატონი, „Great Books of the Western World“, 1952, რედაქტორი რ. ჰაჩინსი, ტ. VII, გვ. 223, 245, 246).
«ამ თემაზე [სულის უკვდავებაზე] მსჯელობისას აქტიურადაა გამოყენებული ანტიკური ფილოსოფია და კერძოდ, პლატონის მოძღვრება მისადაგებული ქრისტიანულ სარწმუნოებაში სულის უკვდავების გაგებასთან. გრიგოლი [ნოსელი] სულის უკვდავების დასაბუთებისათვის წარმატებით იყენებს პლატონის არგუმენტებს „ფედონის“ მიხედვით. ნოსელი ეპისკოპოსის ძირითადი მიზანი . . . წარმართული ფილოსოფიის ქრისტიანიზაციაა . . . სულის მიწიერიდან იდეალურ სამყაროში ამაღლების თემა მთლიანად პლატონის მიხედვითაა წარმოდგენილი» („ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელი ქრისტიანობის ეპოქაში“, მ. ჭელიძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998, გვ. 134).
„ბაბილონელი თეოლოგები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი უკვდავების საკითხით . . . როგორც ხალხის, ისე რელიგიური წინამძღოლების აზრით შეუძლებელი იყო, უკვალოდ გამქრალიყო ის, რაც ამ ქვეყანას ერთხელ მოევლინა. მათთვის სიკვდილი სიცოცხლის სხვა ფორმაში გადასვლას ნიშნავდა“ („The Religion of Babylonia and Assyria“, მ. ჯესთროუ უმცროსი, ბოსტონი, 1898, გვ. 556).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 315—317 („სიკვდილი“).
რა არის წმინდა სული?
როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, წმინდა სულით შეიძლება აღივსოს, მოინათლოს ან ცხებულ იქნეს ადამიანი (ლუკ. 1:41; მათ. 3:11; საქ. 10:38). ეს იმაზე მეტყველებს, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის.
იესომ წმინდა სულს „დამხმარე“ (ბერძნულად „პარაკლეტოს“) უწოდა და თქვა, რომ ის ასწავლიდა, დაამოწმებდა, ილაპარაკებდა და მოისმენდა (იოან. 14:16, 17, 26; 15:26; 16:13). ბიბლიაში ბევრი რამ არის გაპიროვნებული. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ სიბრძნეს ჰყავს „შვილები“ (ლუკ. 7:35), ცოდვა და სიკვდილი მეფობს (რომ. 5:14, 21). მართალია, ზოგან ნათქვამია, რომ წმინდა სული ლაპარაკობს, მაგრამ სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ეს ანგელოზების ან ადამიანების პირით ხდებოდა (საქ. 4:24, 25; 28:25; მათ. 10:19, 20; შეადარეთ საქმეების 20:23 საქმეების 21:10, 11-ს). 1 იოანეს 5:6—8-ში ვკითხულობთ, რომ სულთან ერთად წყალი და სისხლიც „მოწმობს“. ამრიგად, სიტყვები, რომლებიც ზემოხსენებულ მუხლებში გვხვდება, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ წმინდა სული პიროვნებაა.
სწორი წარმოდგენა რომ შეგვექმნას წმინდა სულზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ მასთან დაკავშირებული ყველა ბიბლიური მუხლი. ეს კი იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა. წმინდა სული არ არის პიროვნება. ის არის ღვთისგან მომდინარე ძალა. მისი მეშვეობით ღმერთი თავის წმინდა ნებას ასრულებს (ფსალმ. 104:30; 2 პეტ. 1:21; საქ. 4:31).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 272, 273 („სამება“).
რამ უნდა ცხადყოს, რომ ადამიანს ნამდვილად აქვს წმინდა სული (სულიწმიდა)?
ლუკ. 4:18, 31—35: «„[იესომ ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილიდან წაიკითხა:] იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“ . . . ჩავიდა იესო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და შაბათს ხალხს ასწავლიდა. ისინი განცვიფრებულები იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ძალაუფლებით ლაპარაკობდა. სინაგოგაში იყო უწმინდური დემონით შეპყრობილი კაცი, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა . . . იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ დემონმა ძირს დააგდო ის კაცი მათ თვალწინ და ისე გამოვიდა მისგან, რომ ზიანი არ მიუყენებია» (რა ცხადყოფდა, რომ იესოს ღვთის სული ჰქონდა? აქ ნათქვამი არ არის, რომ იესო კანკალებდა, ყვიროდა ან ექსტაზში შევიდა. იესო „ძალაუფლებით ლაპარაკობდა“. აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში დემონით შეპყრობილი კაცი ყვიროდა და სწორედ ამ უწმინდურმა სულმა დააგდო ის ძირს).
საქმეების 1:8-დან ვხედავთ, რომ წმინდა სულის მიღების შემდეგ იესოს მოწაფეები მის შესახებ დაამოწმებდნენ. საქმეების 2:1—11-ში აღწერილია, როგორ გადმოვიდა მათზე წმინდა სული. ხალხი გაოცებული იყო იმით, რომ გალილეელმა მოწაფეებმა ღვთის დიდებული საქმეების შესახებ იქ მყოფ უცხოელთა ენებზე დაიწყეს ლაპარაკი. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ ამ დროს ისინი ექსტაზში იყვნენ.
ელისაბედმა „ხმამაღლა წამოიძახა“, როცა წმინდა სულით აღივსო. მაგრამ ამ შემთხვევაში ის სტუმრად მისულ ნათესავს ესალმებოდა და ღვთის თაყვანისმცემელთა შეხვედრაზე არ ყოფილა (ლუკ. 1:41, 42). საქმეების 4:31-ში ნათქვამია, რომ მოწაფეებზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ მათი შეკრების ადგილი შეირყა. რაც შეეხება უშუალოდ მოწაფეებს, წმინდა სულის გავლენით მათ „ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკი“ დაიწყეს და არა კანკალი ან ძირს ხოხვა. დღესაც ღვთის სიტყვის გაბედული ქადაგება და დამოწმების საქმეში გულმოდგინე მონაწილეობაა იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანს წმინდა სული აქვს.
გალ. 5:22, 23: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (ადამიანმა რელიგიური ექსტაზით კი არა, ამ თვისებებით უნდა განსაზღვროს, თუ ვის აქვს სინამდვილეში ღვთის სული).
თუ ადამიანი მისთვის უცხო ენაზე უჩვეულო ემოციით ლაპარაკობს, ამტკიცებს ეს, რომ მას წმინდა სული აქვს?
იხილეთ „ენებზე ლაპარაკი“.
ღვთის წმინდა სულით ხდება დღეს სასწაულებრივი განკურნებები?
იხილეთ „განკურნება“.
ვინ ინათლება წმინდა სულით?
იხილეთ გვერდი 231 („ნათლობა“), აგრეთვე „ხელახლა დაბადება“.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„გაქვთ მიღებული სულიწმიდა?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „დიახ. სხვაგვარად, თქვენთან არ მოვიდოდი“ (საქ. 2:17, 18).
ან შეგიძლია უთხრა: „მე წმინდა სული მეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში. მაგრამ ყველას არა აქვს ერთი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა აჩვენებს, რომ ადამიანს აქვს ღვთის სული. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: (მოიხსენიე 342-ე და 343-ე გვერდებზე მოცემული რამდენიმე აზრი).