ბიბლია
განმარტება: იეჰოვა ღმერთის წერილობითი ცნობა, რომელიც განკუთვნილია ადამიანებისთვის. 16 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მას წერდა დაახლოებით 40 ადამიანი, თუმცა ღმერთი თავისი სულით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ამგვარად, ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა. მისი დიდი ნაწილი ეთმობა იეჰოვას სიტყვებს და ღვთის ძის, იესო ქრისტეს, სწავლებებსა და საქმიანობას. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რას მოითხოვს ღმერთი თავისი მსახურებისგან და რას გააკეთებს ის დედამიწასთან დაკავშირებული თავისი დიდებული განზრახვის განსახორციელებლად. იეჰოვამ იზრუნა იმაზეც, რომ ბიბლიიდან გაგვეგო, ცალკეული ადამიანების თუ მთლიანი ერების შემთხვევაში რა მოჰყვება როგორც ღვთისადმი მორჩილებასა და მისი ნებისამებრ მოქმედებას, ისე დაუმორჩილებლობას. ამ სანდო ისტორიული ჩანაწერების საშუალებით ვხედავთ, როგორ ეპყრობა იეჰოვა ადამიანებს და, ამგვარად, ვეცნობით მის შესანიშნავ თვისებებს.
რატომ იმსახურებს ბიბლია ჩვენს ყურადღებას?
როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მისი ავტორი არის ღმერთი, ადამიანთა შემოქმედი.
2 ტიმ. 3:16, 17: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“.
გამოცხ. 1:1: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“.
2 სამ. 23:1, 2: „იესეს ძის დავითის სიტყვა . . . ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“.
ეს. 22:15: „აი რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ“.
რადგან ბიბლია ღვთის ცნობაა ყველა ადამიანისთვის, ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლია გადათარგმნილია 2 200-ზე მეტ ენაზე. მისი მილიარდობით ეგზემპლარია დაბეჭდილი. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ისტორიის განმავლობაში არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მკითხველი, რამდენიც ბიბლიას. როგორც ჩანს, მან ყველაზე დიდი გავლენა იქონია ადამიანებზე. გავრცელებული ეგზემპლარების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ბიბლიას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება. გარდა ამისა, ის უფრო მეტჯერ და უფრო მეტ ენაზე ითარგმნა, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნი“ (1984, ტ. II, გვ. 219).
ბიბლიის წინასწარმეტყველებები გვიხსნის მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ნამდვილ მიზეზებს.
მსოფლიო ლიდერთაგან ბევრი თვლის, რომ კაცობრიობა კატასტროფის პირასაა. ბიბლიამ საუკუნეების წინათ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა. ბიბლია გვიხსნის ამის მიზეზებს და იმას, თუ რას მოასწავებს ეს ყოველივე (2 ტიმ. 3:1—5; ლუკ. 21:10, 11, 31). მასში ნათქვამია, თუ რა უნდა გავაკეთოთ, კარსმომდგარ განადგურებას რომ გადავურჩეთ და მარადიულად ვიცხოვროთ დედამიწაზე სასიამოვნო გარემოში (სოფ. 2:3; იოან. 17:3; ფსალმ. 37:10, 11, 29).
ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის სიცოცხლის აზრი.
ის პასუხს გვცემს, მაგალითად, შემდეგ კითხვებზე: საიდან წარმოიშვა სიცოცხლე? (საქ. 17:24—26); რატომ გავჩნდით ამქვეყნად? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წელი გვეცხოვრა, გაგვეკეთებინა ის, რასაც მოვასწრებდით, და შემდეგ მოვმკვდარიყავით? (დაბ. 1:27, 28; რომ. 5:12; იოან. 17:3; ფსალმ. 37:11; 40:8).
ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ შეუძლიათ სიმართლის მოყვარულ ადამიანებს იმის მიღება, რისკენაც ისწრაფვიან.
მისი დახმარებით ვეცნობით ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი (იოან. 13:35); ვიგებთ, რა არის საჭირო, რომ ოჯახში ყოველდღიური საზრდო არ მოგვაკლდეს (მათ. 6:31—33; იგავ. 19:15; ეფეს. 4:28); ვხედავთ, როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება რთული პირობების მიუხედავად (ფსალმ. 1:1, 2; 34:8; ლუკ. 11:28; საქ. 20:35).
ბიბლიიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო მოსპობს ბოროტ ქვეყნიერებას (დან. 2:44) და ადამიანებს მისცემს სრულყოფილი ჯანმრთელობის დაბრუნებისა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას (გამოცხ. 21:3, 4; შეადარეთ ესაიას 33:24).
ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს წიგნი, რომელიც ღვთისგანაა ბოძებული და რომლიდანაც ვიგებთ, თუ რით არის განპირობებული მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, რა არის სიცოცხლის აზრი და როგორ გადაიჭრება ჩვენი პრობლემები.
რა ამტკიცებს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული?
მასში ჩაწერილ მრავალ წინასწარმეტყველებაში ზუსტადაა გადმოცემული მომავალთან დაკავშირებული ბევრი დეტალი, რაც აშკარად სცილდება ადამიანის შესაძლებლობებს.
2 პეტ. 1:20, 21: „წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“.
◼ წინასწარმეტყველება — ეს. 44:24, 27, 28; 45:1—4: «იეჰოვა . . . ეუბნება ღრმა წყალს: ამოშრი! მე ამოვაშრობ შენს მდინარეებს! ის ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს; შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“, და ტაძარზე — „საძირკველი ჩაგეყრება“. აი რას ეუბნება იეჰოვა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს, რომ დავუმორჩილო მას ერები, თვით მეფეებს შევხსნა სარტყელი წელზე, გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები, რომ არ დაიხუროს კარიბჭეები: „შენ წინ წავალ და მოვასწორებ ოღრო-ჩოღრო ადგილებს. დავლეწავ სპილენძის კარებს და მოვჭრი რკინის ურდულებს . . . სახელით მოგიხმე ჩემი მსახური იაკობისა და ჩემი რჩეული ისრაელის გამო“» (ესაიამ თავისი წინასწარმეტყველური წიგნის წერა დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს დაასრულა).
◻ შესრულება: ამ წინასწარმეტყველების დაწერისას კიროსი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. იუდეველები ბაბილონში არ გადაუსახლებიათ ძვ. წ. 617—607 წლებამდე და იერუსალიმი და მისი ტაძარი არ გაუნადგურებიათ ძვ. წ. 607 წლამდე. წინასწარმეტყველების შესრულება ძვ. წ. 539 წლიდან დაიწყო. კიროსმა მდინარე ევფრატის წყალი ხელოვნურ ტბაში გადააგდო, ბაბილონის კარიბჭეები კი ღია იყო დატოვებული ქალაქში გამართული დღესასწაულის დროს. მიდიელებმა და სპარსელებმა კიროსის მეთაურობით ბაბილონი ხელში ჩაიგდეს. ამის შემდეგ კიროსმა გადასახლებული იუდეველები გაათავისუფლა, რომ იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ და ტაძარი აღედგინათ („The Encyclopedia Americana“, 1956, ტ. III, გვ. 9; „Light From the Ancient Past“, ჯეკ ფინეგანი, პრინსტონი, 1959, გვ. 227—229; „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, ნიუ-იორკი, 1983, გვ. 282, 284, 295 [ინგლ.]).
◼ წინასწარმეტყველება — იერ. 49:17, 18: „გააოგნებს ედომი ხალხებს. გაოგნდება ყოველი გამვლელი და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო. როგორც სოდომის, გომორისა და მისი მეზობელი ქალაქების დამხობის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს“ (იერემიამ თავისი წინასწარმეტყველური წიგნის წერა ძვ. წ. 580 წლისთვის დაასრულა).
◻ შესრულება: „ძვ. წ. II საუკუნეში ისინი [ედომელები] პალესტინის ტერიტორიიდან განდევნა იუდა მაკაბელმა, ხოლო ძვ. წ. 109 წელს იოანე ჰირკანმა, მაკაბელთა წინამძღოლმა, ედომელთა ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი იუდეველთა სამეფოს შემოუერთა. ახ. წ. I საუკუნეში რომაელთა ექსპანსიამ ედომელთა დამოუკიდებლობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი . . . ახ. წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ . . . იდუმეის [ედომის] სახელი უკვალოდ გაქრა ისტორიიდან“ („The New Funk & Wagnalls Encyclopedia“, 1952, ტ. XI, გვ. 4114). აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დრომდე სრულდება. ვერავინ იტყვის, რომ ეს წინასწარმეტყველება იმის შემდეგ დაიწერა, რაც მასში აღწერილი მოვლენები მოხდა.
◼ წინასწარმეტყველება — ლუკ. 19:41—44; 21:20, 21: «[იესო] უყურებდა [იერუსალიმს] და ტიროდა . . . „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ, მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს, ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ, რადგან ვერ დაინახე, რომ შენი შემოწმების დრო იყო“». ორი დღის შემდეგ თავის მოწაფეებს მან ურჩია: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ“ (იესომ ეს წინასწარმეტყველება ახ. წ. 33 წელს წარმოთქვა).
◻ შესრულება: იერუსალიმი რომს აუჯანყდა. ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით ქალაქს შეუტია. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემს, რომ რომაელთა ჯარს არანაირი მარცხი არ განუცდია და უცნაურ ვითარებაში გაეცალა ქალაქს“ („Josephus, the Jewish War“, 1969, გვ. 167). ამან ქრისტიანებს ქალაქიდან გაქცევის საშუალება მისცა. ევსები პამფილელის გადმოცემით, მათ იორდანეს გაღმა მდებარე პელას შეაფარეს თავი („Ecclesiastical History“, ლონდონი, 1894, გვ. 75). ახ. წ. 70 წელს პასექის მოახლოებისას მთავარსარდალმა ტიტუსმა ქალაქს ალყა შემოარტყა და სულ რაღაც სამ დღეში 7,2-კილომეტრიანი ზღუდე შემოავლო. ხუთი თვის შემდეგ იერუსალიმი დაეცა. „იერუსალიმის ნგრევა ინტენსიურად მიმდინარეობდა და ტაძრისგან ნანგრევებიღა დარჩა. არქეოლოგიური გათხრებიდან ვხედავთ, რომ რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იუდეველთა შენობები მთელ ტერიტორიაზე“ („The Bible and Archaeology“, ჯ. ტომფსონი, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1962, გვ. 299).
ბიბლია მეცნიერულად ზუსტია ისეთ საკითხებში, რომლებიც მეცნიერთათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
სამყაროს წარმოშობა: დაბ. 1:1: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. 1978 წელს ასტრონომმა რობერტ ჯესთროუმ აღნიშნა: «დღეს უკვე ვხედავთ, რომ ასტრონომიული ფაქტები შეესაბამება ბიბლიურ შეხედულებას სამყაროს წარმოშობის შესახებ. დეტალები განსხვავდება, მაგრამ ასტრონომიული და ბიბლიის „დაბადებისეული“ ვერსიები ერთმანეთს ეთანხმება ძირითად საკითხებში: დროის გარკვეულ მომენტში უზარმაზარი ენერგიისა და სინათლის გამოყოფამ განაპირობა გარკვეული მოვლენების უეცარი და მოულოდნელი განვითარება, რაც წინ უძღოდა ადამიანის გაჩენას» („God and the Astronomers“, ნიუ-იორკი, 1978, გვ. 14).
დედამიწის ფორმა: ეს. 40:22: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე“. ძველად გავრცელებული შეხედულების თანახმად, დედამიწა ბრტყელი იყო. ბიბლიის ამ სიტყვების დაწერიდან 200 წელზე მეტი იყო გასული, როცა ბერძენმა ფილოსოფოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედამიწას სფეროს ფორმა ჰქონდა. კიდევ დაახლოებით 300 წელი დასჭირდა იმას, რომ ერთ ბერძენ ასტრონომს გამოეთვალა დედამიწის რადიუსის მიახლოებითი ზომა. მაგრამ მაშინაც კი უმრავლესობა არ იზიარებდა იმ აზრს, რომ დედამიწის ფორმა სფერული იყო. მხოლოდ XX საუკუნეში მიეცათ ადამიანებს შესაძლებლობა, ემოგზაურათ თვითმფრინავით, მოგვიანებით კი კოსმოსში და მთვარეზე; ამან საბოლოოდ მოჰფინა ნათელი იმას, რომ დედამიწას „წრის“ ფორმა აქვს.
ცხოველთა სამყარო: ლევ. 11:6: „კურდღელი . . . იცოხნის“. დიდი ხნის მანძილზე ზოგი აკრიტიკებდა ამ აზრს, მაგრამ მე-18 საუკუნეში ინგლისელმა უილიამ კოუპერმა კურდღელზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ის ნამდვილად იცოხნიდა. ეს უჩვეულო პროცესი 1940 წელს იქნა აღწერილი („Proceedings of the Zoological Society of London“, ტ. 110, გვ. 159—163).
ბიბლიის წიგნები ეთანხმება ერთმანეთს.
ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ბიბლიას წერდა დაახლოებით 40 ადამიანი, რომელთა შორის იყო მეფე, წინასწარმეტყველი, მწყემსი, გადასახადების ამკრეფი და ექიმი. ის 1 610 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და შეუძლებელია, რომ მათ პირი ჰქონოდათ შეკრული. მიუხედავად ამისა, მათი წიგნები წვრილმანებშიც კი ეთანხმება ერთმანეთს. კარგად რომ დავინახოთ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ბიბლიის სხვადასხვა ნაწილი, თავად უნდა წავიკითხოთ ის და გამოვიკვლიოთ.
საიდან ვიცით, რომ ბიბლიის ტექსტი არ შეცვლილა?
„ძველი ხელნაწერების რაოდენობით და იმ თარიღებს შორის არსებული წლების სიმცირით, რომლებითაც ორიგინალური და მათი დამადასტურებელი ხელნაწერები თარიღდება, ბიბლია საგრძნობლად უპირატესობს [ჰომეროსის, პლატონისა თუ სხვების] კლასიკურ ნაშრომებზე . . . კლასიკური ნაშრომების ხელნაწერები, ერთად აღებული, ბიბლიის მანუსკრიპტებთან შედარებით თითზე ჩამოსათვლელია. ძველი წიგნებიდან ყველაზე კარგად ბიბლიის ტექსტის სიზუსტეა დასაბუთებული“ („The Bible From the Beginning“, პ. მერიონ სიმსი, ნიუ-იორკი, 1929, გვ. 74, 76).
1971 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, არსებობს დაახლოებით 6 000 ხელნაწერი, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცავს ებრაულ წერილებს; მათგან უძველესი ძვ. წ. მესამე საუკუნით თარიღდება. რაც შეეხება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს, არსებობს ბერძნულ ენაზე შესრულებული დაახლოებით 5 000 ხელნაწერი, რომელთაგან უძველესი ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. გარდა ამისა, არსებობს სხვა ენებზე შესრულებული ძველი თარგმანების მრავალი ასლი.
შვიდ ტომად გამოცემული „ჩესტერ ბიტის ბიბლიური პაპირუსების“ წინასიტყვაობაში სერ ფრედერიკ კენიონი წერდა: „პაპირუსების შესწავლის შედეგად გაკეთებული პირველი და უმნიშვნელოვანესი დასკვნა ის არის, რომ ისინი ამტკიცებს ჩვენ ხელთ არსებული ტექსტების სიზუსტეს. არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არ გვხვდება არსებითი განსხვავებები. არ არის დამატებული ან ამოღებული მნიშვნელოვანი მონაკვეთები; არც ისეთი ცვლილებებია, რომლებიც გავლენას მოახდენდა მნიშვნელოვან ფაქტებსა თუ მოძღვრებებზე. განსხვავებები გვხვდება მხოლოდ ისეთ უმნიშვნელო საკითხებში, როგორიცაა სიტყვების წყობა ან სინონიმური სიტყვების გამოყენება . . . [ეს პაპირუსები] მათ აღმოჩენამდე ხელმისაწვდომ ხელნაწერებზე უფრო ძველია და მათი უმთავრესი ღირებულება ისაა, რომ ადასტურებს დღეს არსებული ტექსტების სიზუსტეს“ (ლონდონი, 1933, გვ. 15).
ფაქტია, რომ ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი სხვებთან შედარებით უფრო ზუსტად მიჰყვება ორიგინალის ტექსტს. ბიბლიის თანამედროვე გამარტივებული თარგმანები იმდენად თავისუფლად არის შესრულებული, რომ ზოგჯერ დამახინჯებულია თავდაპირველი ტექსტის მნიშვნელობა. საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, ზოგმა მთარგმნელმა „შეალამაზა“ ზოგიერთი მონაკვეთი. მაგრამ ამ ხარვეზების დანახვა ადვილად შეიძლება სხვადასხვა თარგმანის ერთმანეთთან შედარებით.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე არ მჯერა ბიბლიის“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ღმერთის ხომ გწამთ? . . ხომ ვერ მეტყვით, რატომ არ გჯერათ ბიბლიის?“
ან შეგიძლია უთხრა: „ყოველთვის ასე ფიქრობდით? . . ეს აზრი სხვებისგანაც გამიგონია, თუმცა მათ ბიბლია არ ჰქონიათ საფუძვლიანად გამოკვლეული. ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ის ღვთისგანაა და თუ ვირწმუნებთ და ვიხელმძღვანელებთ მასში ჩაწერილი პრინციპებით, მარადიულად ვიცოცხლებთ. ნუთუ იმის გამოკვლევა მაინც არ ღირს, სიმართლეს ამბობს თუ არა ბიბლია?“ (გამოიყენე 65—69-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
„ბიბლიაში ურთიერთგამომრიცხავი აზრებია“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ასეთი რამ სხვებსაც უთქვამთ, მაგრამ ვერავინ მაჩვენა, სინამდვილეში რა არის ურთიერთგამომრიცხავი. არც მე შევხვედრივარ ასეთ აზრებს ბიბლიის კითხვისას. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მომიყვანოთ მსგავსი მაგალითი?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „როგორც შევნიშნე, ბევრი, უბრალოდ, ვერ პოულობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ბიბლიის კითხვისას უჩნდებათ. მაგალითად, საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?“ (გამოიყენე 27-ე და 28-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
„ბიბლია ადამიანების დაწერილია“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გეთანხმებით. მის დაწერაში დაახლოებით 40-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ის ღვთისგან არის შთაგონებული“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიის წერას ღმერთი ხელმძღვანელობდა, ისე როგორც ბიზნესმენი აწერინებს წერილებს მდივანს“. 2) „დღეს აღარავის აოცებს ის აზრი, რომ კოსმოსური სივრციდან შესაძლებელია ინფორმაციის მიღება. ადამიანებიც კი აგზავნიან სურათებსა და შეტყობინებებს მთვარიდან. როგორ ახერხებენ ისინი ამას? იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც დიდი ხნის წინათ ღმერთმა დაადგინა“. 3) „როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთისგან არის? ადამიანს ვერ მივაწერთ მასში მოცემულ ინფორმაციას. მაგალითად, მომავალთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც არასდროს გამტყუნებულა“ (მაგალითად, იხილე 65—68-ე გვერდები, აგრეთვე „ბოლო დღეები“ 74—78-ე გვერდებზე).
„ბიბლიას ყველა თავისებურად ხსნის“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გეთანხმებით და, შესაბამისად, ყველა ვერ იქნება მართალი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „საკუთარი შეხედულებებით ბიბლიის ახსნა და დამახინჯება სახიფათოა“ (2 პეტ. 3:15, 16). 2) „ბიბლიის სწორად გაგებაში ორი რამ დაგვეხმარება. პირველი, კონტექსტის (წინამდებარე და მომდევნო მუხლების) გათვალისწინება. და მეორე, ერთი და იმავე საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიბლიური მუხლის შედარება. ასეთი სახით, ჩვენებურად კი აღარ ავხსნით მუხლებს, არამედ ღვთის სიტყვა თვითონ გვიხელმძღვანელებს და ახსნა ღვთისგან იქნება. სწორედ ასეთი მიდგომა აქვთ იეჰოვას მოწმეებს თავიანთ პუბლიკაციებში“ (იხილე გვერდები 192, 193, „იეჰოვას მოწმეები“).
„ბიბლია დღეს აღარ გამოგვადგება“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ჩვენ დღეს ის გვაინტერესებს, რაც ცხოვრებაში გამოგვადგება“. შემდეგ შეგიძლია ჰკითხო: 1) „განა ჩვენთვისაც კარგი არ იქნებოდა, ომები რომ შეწყვეტილიყო? . . ამის მისაღწევად კი, ალბათ დამეთანხმებით, ადამიანებმა უპირველესად ერთმანეთთან მშვიდობიანი ცხოვრება უნდა ისწავლონ . . . ბიბლიაში სწორედ ეს არის ნაწინასწარმეტყველები (ეს. 2:2, 3). ეს სიტყვები დღეს მართლდება იეჰოვას მოწმეებზე, რადგან ისინი სწავლობენ ბიბლიას“. 2) „მაგრამ უფრო მეტია საჭირო — მაგალითად, ბოროტი ადამიანების განადგურება იმისათვის, რომ შეწყდეს ომები. შესაძლებელია ასეთი რამ? დიახ, შესაძლებელია და ბიბლიაში წერია, თუ როგორ მოხდება ეს“ (დან. 2:44; ფსალმ. 37:10, 11).
ან შეგიძლია უთხრა: „მე მესმის თქვენი. არაგონივრულია ისეთი სახელმძღვანელოს გამოყენება, რომლის რჩევებიც ცხოვრებაში არ გამოგვადგება“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „თქვენი აზრით, არ გამოგვადგებოდა ისეთი წიგნი, რომელიც საიმედო რჩევებს მოგვცემდა ოჯახური ბედნიერებისთვის? . . ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ადამიანებმა ბევრი რამ მოსინჯეს, მაგრამ დღეს სასიკეთო შედეგებს ვერ ვხედავთ. მათ კი, ვინც ბიბლიის რჩევებს ითვალისწინებს, მტკიცე და ბედნიერი ოჯახები აქვთ“ (კოლ. 3:12—14, 18—21).
„ბიბლია კარგი წიგნია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ფაქტია, რომ ყველას სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. რაც უნდა კარგად ავწონ-დავწონოთ ესა თუ ის საკითხი, ხშირად ვხვდებით, რომ, სულ მცირე, ერთი ფაქტორი მაინც გამოგვრჩა მხედველობიდან. მაგრამ არსებობს პიროვნება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გათვალისწინება. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ეს? . . დიახ, სამყაროს შემოქმედი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) «სწორედ ამიტომ უთხრა მას იესო ქრისტემ: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ეს ჭეშმარიტება ბიბლიაშია ჩაწერილი» (2 ტიმ. 3:16, 17). 2) „ღმერთს არ სურს, რომ დაგვიმალოს ჭეშმარიტება. როგორც თავად თქვა, მისი ნებაა, რომ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მივიღოთ (1 ტიმ. 2:3, 4). ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვაძლევს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა . . .“ (ზოგ ადამიანთან ჯერ შეიძლება საჭირო იყოს იმაზე მსჯელობა, რომ ღმერთი არსებობს. იხილე გვერდები 378—384, „ღმერთი“).
„ბიბლია თეთრკანიანების წიგნია“.
შეგიძლია უპასუხო: „მართალია, მას ძირითადად თეთრკანიანები გამოსცემენ, მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ ერთი რასა მეორეზე უპირატესობს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ბიბლია ჩვენი შემოქმედისგანაა, ის კი მიუკერძოებელია“ (საქ. 10:34, 35). 2) „ღვთის სიტყვა ყველა ეროვნების ადამიანებს სთავაზობს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას“ (გამოცხ. 7:9, 10, 17).
ან შეგიძლია უთხრა: „ვერ დაგეთანხმებით. ადამიანთა შემოქმედმა თვითონ შეარჩია ის მამაკაცები, რომლებსაც ბიბლიის 66 წიგნი შთაგონებით დააწერინა, და მისი გადასაწყვეტი იყო, თუ რომელი რასის ადამიანებზე შეაჩერებდა არჩევანს. მაგრამ ბიბლია მხოლოდ თეთრკანიანებისთვის არ დაწერილა“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ . . . (იოან. 3:16). რწმენის გამოვლენის შესაძლებლობა ყველა ადამიანს აქვს კანის ფერის მიუხედავად. ზეცაში ამაღლებამდე კი იესომ ასეთი სიტყვები უთხრა თავის მოწაფეებს . . .“ (მათ. 28:19). 2) «საქმეების 13:1-ში მოხსენიებულია ერთი მამაკაცი, სახელად ნიგერი, რაც „შავს“ ნიშნავს. ის სირიის ანტიოქიის კრებაში წინასწარმეტყველი და მასწავლებელი იყო».
„მე მარტო ჩემი ბიბლიის მჯერა“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „თუ შეიძლება, თქვენს ბიბლიაში ერთ ძალიან საინტერესო აზრს გაჩვენებთ“.
ან შეგიძლია უთხრა: „თქვენ რომელი თარგმანი გაქვთ? . . ბიბლიის ამ თარგმანით ბევრი სარგებლობს, ასეთი ბიბლია მეც მაქვს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იცოდით, რომ ბიბლია ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა? . . იცით ეს ენები? . . რა კარგია, რომ ბიბლია ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი“. 2) «ამ ცხრილიდან (აჩვენე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლოში მოცემული ცხრილი „ბიბლიის წიგნები“) ვხედავთ, რომ ბიბლიის პირველი წიგნის, „დაბადების“, წერა ძვ. წ. 1513 წელს დასრულდა. იცოდით, რომ „დაბადების“ დაწერიდან დაახლოებით 2 000 წელი გავიდა, სანამ ბიბლია ქართულად ითარგმნებოდა?» 3) „მას შემდეგ, რაც ქართულად პირველად ითარგმნა ბიბლია, ქართულმა ენამ დიდი ცვლილებები განიცადა. ალბათ დღესაც ხედავთ, როგორ იცვლება ენა . . . ამიტომ ნამდვილად კარგია, რომ არსებობს თანამედროვე თარგმანები, რომლებიც ჩვენთვის გასაგებ ენაზე გადმოსცემენ ჭეშმარიტებას“.
„თქვენ თქვენი ბიბლია გაქვთ“.
იხილე „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.