საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ip-2 თ. 24 გვ. 349-359
  • იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნის
  • ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამარჯვებული მებრძოლის სვლა
  • საწნახელი
  • ღვთის წყალობა
  • ღმერთი მტერი ხდება
  • ‘მისი დიდებული სახელი’
  • იეჰოვა რისხვას ანთხევს ერებზე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • მოსანანიებელი ლოცვა
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
  • დაელოდეთ იეჰოვას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
იხილეთ მეტი
ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
ip-2 თ. 24 გვ. 349-359

თავი ოცდამეოთხე

იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნის

ესაია 63:1—14

1, 2. ა) რატომ სურთ ქრისტიანებს იეჰოვას დღის მოსვლა? ბ) რა სერიოზულ საკითხთან არის დაკავშირებული იეჰოვას დღის მოსვლა?

დაახლოებით ორი ათასი წელია, რაც ქრისტიანები ‘მოელიან და ესწრაფვიან ღმერთის დღის მოსვლას’ (2 პეტრე 3:12, სსგ; ტიტე 2:13). გასაგებია, რომ მათ მთელი გულით სურთ ამ დღის დადგომა. ის ხომ არასრულყოფილების დამანგრეველი შედეგებისგან მათი გათავისუფლების დასაწყისი იქნება (რომაელთა 8:22). აგრეთვე ბოლო მოეღება იმ ზეგავლენას, რომელსაც ისინი ამ „საზარელ ჟამს“ განიცდიან (2 ტიმოთე 3:1).

2 თუმცა იეჰოვას დღე შვებას მოუტანს მართალ ადამიანებს, ის აგრეთვე გამანადგურებელი იქნება მათთვის, „ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:7, 8). ეს დამაფიქრებელია. მხოლოდ იმისთვის გაანადგურებს იეჰოვა ბოროტებს, რომ თავისი ხალხი გასაჭირისგან იხსნას? ესაიას 63-ე თავი გვიჩვენებს, რომ ეს უფრო სერიოზულ საკითხთან — კერძოდ კი, ღვთის სახელის განწმენდასთან — არის დაკავშირებული.

გამარჯვებული მებრძოლის სვლა

3, 4. ა) რით იწყება ესაიას 63-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება? ბ) ვის ხედავს ესაია იერუსალიმისკენ მიმავალს და რას ამბობს ზოგი სწავლული მისი ვინაობის შესახებ?

3 ესაიას 62-ე თავში ბაბილონის ტყვეობიდან იუდაელების გათავისუფლებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ ვკითხულობთ. ბუნებრივია, იბადება კითხვა: უნდა ეშინოდეთ სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს, რომ მომავალში მათ სხვა მტრები გაანადგურებენ? ესაიას ხილვა მათ ამ შიშისგან გათავისუფლებაში ეხმარება. წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: „ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან — მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი?“ (ესაია 63:1ა).

4 ესაია იერუსალიმისკენ მიმავალ ენერგიულ და გამარჯვებულ მეომარს ხედავს. მისი საუცხოო ტანსაცმელი იმაზე მეტყველებს, რომ ის უმაღლესი რანგის მეომარია. ის ედომის ყველაზე ცნობილი ქალაქიდან, ბოცრადან, მოდის, რითაც ცხადყოფს, რომ მტერზე დიდი გამარჯვება მოიპოვა ამ ქვეყანაში. ვინ შეიძლება იყოს ეს მეომარი? ზოგი სწავლულის აზრით, ეს იესოა. სხვები ფიქრობენ, რომ ის იუდაელთა მხედართმთავარი იუდა მაკაბელია. მაგრამ მეომარი თვითონ პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვას და თავის ვინაობაზე შემდეგი სიტყვებით მიუთითებს: „ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!“ (ესაია 63:1ბ).

5. ვინ არის მეომარი, ესაიამ რომ იხილა, და რატომ პასუხობთ ასე?

5 ეჭვგარეშეა, რომ ეს მეომარი თავად იეჰოვა ღმერთია. სხვაგან ის აღწერილია როგორც „ძალამოსილი“ და „სიმართლის მთქმელი“ (ესაია 40:26; 45:19, 23). მეომრის საუცხოო ტანსაცმელი ფსალმუნმომღერლის სიტყვებს გვახსენებს: «უფალო [„იეჰოვა“, აქ], ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი» (ფსალმუნი 103:1). თუმცა იეჰოვა სიყვარულის ღმერთია, ბიბლია გვიჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის მეომრის სახითაც მოქმედებს (ესაია 34:2; 1 იოანე 4:16).

6. რატომ ბრუნდება იეჰოვა ედომში გამართული ბრძოლიდან?

6 მაგრამ რატომ ბრუნდება იეჰოვა ედომში გამართული ბრძოლიდან? ედომელები ძველთაგანვე მტრულად იყვნენ განწყობილი იმ ხალხის მიმართ, რომელთანაც ღმერთს კავშირი ჰქონდა შეკრული; მათი მტრული განწყობა ჯერ კიდევ ესავისგან, მათი წინაპრისგან, დაიწყო (დაბადება 25:24—34; რიცხვნი 20:14—21). ედომის სიძულვილი იუდას მიმართ განსაკუთრებით ცხადი გახდა იერუსალიმის განადგურებისას, როცა ედომელები ბაბილონელ ჯარისკაცებს აქეზებდნენ (ფსალმუნი 136:7). იეჰოვა ასეთ მტრობას პირად შეურაცხყოფად მიიჩნევს. გასაკვირი არ არის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, თავისი შურისგების მახვილი ედომის წინააღმდეგ აღმართოს! (ესაია 34:5—15; იერემია 49:7—22).

7. ა) როგორ შესრულდა თავდაპირველად ედომის შესახებ წინასწარმეტყველება? ბ) რის სიმბოლოა ედომი?

7 ესაიას ხილვა დიდი გამხნევების წყაროა იუდაელებისთვის, რომლებიც იერუსალიმში ბრუნდებიან. ის მათ არწმუნებს, რომ თავიანთ ახალ ადგილ-მამულში უსაფრთხოდ იცხოვრებენ. წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებისთვის ღმერთმა ‘გააუკაცრიელა [ედომის] მთები და უდაბნოს ტურებს მისცა მისი სამკვიდრო’ (მალაქია 1:3). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ იმ დროს ესაიას წინასწარმეტყველება ბოლომდე შესრულდა? არა. მიუხადავად იმისა, რომ ედომი გაუკაცრიელებული იყო, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, კვლავ აეშენებინა ნაოხარი. მალაქია ედომს კვლავ უწოდებდა „სიბოროტის მხარეს“ და „ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი“a (მალაქია 1:4, 5). მაგრამ წინასწარმეტყველურად ედომი ესავის შთამომავლებზე მეტს ნიშნავს. ის სიმბოლოა ყველა ერისა, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემელთა მტრები არიან. ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელი ერები ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილნი არიან. რა დაემართება თანამედროვე ედომს?

საწნახელი

8, 9. ა) რით იყო დაკავებული მეომარი, რომელიც ესაიამ იხილა? ბ) როდის და როგორ დაიწნეხება სიმბოლური საწნახელი?

8 ესაია დაბრუნებულ მეომარს ეკითხება: „რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?“. იეჰოვა პასუხობს: „მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი“ (ესაია 63:2, 3).

9 ეს ხატოვანი სიტყვები სისხლის ღვრას აღწერს. ღვთის საუკეთესო ტანსაცმელიც კი საწნახელის მწნეხელის ტანსაცმელივით დალაქავებულია! საწნახელი შესაფერისი სიმბოლოა ფეხქვეშ გათელვისა, რასაც იეჰოვა თავის მტრებს დამართებს, როცა მათ გასანადგურებლად ამოქმედდება. როდის დაიწნეხება ეს სიმბოლური საწნახელი? სიმბოლურ საწნახელზე იოველისა და იოანე მოციქულის წინასწარმეტყველებებშიც არის საუბარი. ამ წინასწარმტყველებებში მოხსენიებული საწნახელი მაშინ დაიწნეხება, როცა იეჰოვა ფეხქვეშ გათელავს და არმაგედონში გაანადგურებს თავის მტრებს (იოველი 4:13; გამოცხადება 14:18—20; 16:16). საწნახელი, რომელზეც ესაიას წინასწარმეტყველებაშია საუბარი, ამავე დროზე მიუთითებს.

10. რატომ ამბობს იეჰოვა, რომ თვითონ წნეხს საწნახელს?

10 მაგრამ რატომ ამბობს იეჰოვა, რომ თვითონ წნეხდა საწნახელს, რადგან ხალხთაგან არავინ იყო მასთან? განა დაწნეხის პროცესს იესო ქრისტე არ უხელმძღვანელებს, როგორც ღვთის წარმომადგენელი? (გამოცხადება 19:11—16). მაგრამ იეჰოვა ადამიანებზე ლაპარაკობს, და არა სულიერ ქმნილებებზე. ის ამბობს, რომ ადამიანთაგან არავის შეუძლია დედამიწიდან სატანის მიმდევართა მოშორება (ესაია 59:15, 16). მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ძალუძს თავისი რისხვით მათი გათელვა, სანამ საბოლოოდ არ განადგურდებიან.

11. ა) რატომ ნიშნავს იეჰოვა „შურისგების დღეს“? ბ) ვინ იყვნენ „გამოსყიდულნი“ ძველ დროში და ვინ არიან ისინი დღეს?

11 იეჰოვა კვლავ განმარტავს, რატომ ასრულებს ამ საქმეს თვითონ: „რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია“ (ესაია 63:4)b. მხოლოდ იეჰოვას აქვს შურისძიების უფლება მათზე, ვისაც ზიანი მოაქვს მისი ხალხისთვის (მეორე რჯული 32:35). ძველ დროში „გამოსყიდულნი“ ბაბილონელთა ხელში დატანჯული იუდაელები იყვნენ (ესაია 35:10; 43:1; 48:20). დღეს ეს ხალხი სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილია (გამოცხადება 12:17). როგორც თავიანთი წინამორბედნი, ისინიც გამოსყიდულნი იქნენ რელიგიური ტყვეობიდან. იმ იუდაელების მსგავსად, ცხებულები და თავიანთი თანამსახურნი — „სხვა ცხვრები“ — დევნასა და შევიწროებას განიცდიან (იოანე 10:16). ამგვარად, დღეს ესაიას წინასწარმეტყველება არწმუნებს ქრისტიანებს, რომ ღმერთი თავის დროზე მათ სასარგებლოდ იმოქმედებს.

12, 13. ა) რა გაგებით არ ჰყავს იეჰოვას დამხმარე? ბ) როგორ მოაქვს იეჰოვას მკლავს ხსნა და მხარს რა გაგებით უჭერს მას თავისი რისხვა?

12 იეჰოვა განაგრძობს: «მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე [„გამიკვირდა“, აქ] და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი» (ესაია 63:5, 6).

13 ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდგება დამხმარედ იეჰოვას შურისგების დიდებულ დღეს. იეჰოვას არც სჭირდება ადამიანისგან დახმარება თავისი ნების შესასრულებლადc. მისი უზომოდ ძლიერი მკლავი ამისათვის საკმარისია (ფსალმუნი 43:4; 97:1; იერემია 27:5). გარდა ამისა, მას თავისი რისხვა უჭერს მხარს. როგორ? ღვთის რისხვა გაუკონტროლებელი ემოცია კი არა სამართლიანი აღშფოთებაა. რადგან იეჰოვა ყოველთვის სამართლიანი პრინციპებით მოქმედებს, თავისი რისხვა მხარს უჭერს და აღძრავს მას, რომ თავისი მტრების სისხლი ‘მიწაზე დაღვაროს’, რაც მათი დამცირებისა და დამარცხების ნიშანი იქნება (ფსალმუნი 74:9; ესაია 25:10; 26:5).

ღვთის წყალობა

14. რა მართებულ შეხსენებას იძლევა ესაია?

14 ძველად იუდაელებმა სწრაფად დაივიწყეს, რაც იეჰოვამ გააკეთა მათთვის. ესაია მართებულად შეახსენებს მათ, რატომ აკეთებდა იეჰოვა ყოველივე ამას. ესაია ამბობს: «მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით. თქვა: [„ნამდვილად“, აქ] ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად. ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან» (ესაია 63:7—9).

15. როგორ და რატომ გამოავლინა იეჰოვამ წყალობა აბრაამის შთამომავლების მიმართ, რომლებიც ეგვიპტეში იყვნენ?

15 რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა წყალობის, ანუ შეურყეველი სიყვარულის გამოვლენაში! (ფსალმუნი 35:8; 61:13). იეჰოვას უყვარდა აბრაამი (მიქა 7:20). ის დაჰპირდა ამ პატრიარქს, რომ მისი თესლის ანუ შთამომავლობის წყალობით კურთხეული იქნებოდა ყველა ერი დედამიწაზე (დაბადება 22:17, 18). იეჰოვამ ეს დაპირება იმით შეასრულა, რომ დიდ სიკეთეს ავლენდა ისრაელის სახლის მიმართ. მისი ერთგულების შესანიშნავი გამოვლენა იყო ის, რომ ეგვიპტის ტყვეობიდან გაათავისუფლა აბრაამის შთამომავლები (გამოსვლა 14:30).

16. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას, როცა კავშირი შეკრა ისრაელთან? ბ) როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ხალხს?

16 მას შემდეგ, რაც ეგვიპტიდან გამოიყვანა, იეჰოვამ სინაის მთაზე მიიყვანა ისრაელები და დაჰპირდა მათ: „თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან... მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით“ (გამოსვლა 19:5, 6). ტყუილად წარმოთქვა იეჰოვამ ეს დაპირება? არა. ესაია გვიცხადებს, რა თქვა იეჰოვამ თავის გულში: «[„ნამდვილად“, აქ] ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ». ერთი სწავლული შენიშნავს: «სიტყვა „ნამდვილად“ იეჰოვას უზენაესობასა და განჭვრეტის უნარზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი და ენდობა». დიახ, იეჰოვამ მთელი გულით შეკრა კავშირი თავის ხალხთან; მას გულწრფელად სურდა, რომ ისინი წარმატებულნი ყოფილიყვნენ. თავისი ხალხის აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, იეჰოვა ნდობას ავლენდა მათ მიმართ. რა შესანიშნავია, თაყვანი სცე ღმერთს, რომელიც ენდობა თავის თაყვანისმცემლებს! დღეს უხუცესები აძლიერებენ მათთვის მინდობილ ხალხს, როდესაც ამნაირადვე ავლენენ ნდობას ღვთის ხალხის მიმართ და სჯერათ, რომ ისინი, მთლიანობაში დადებითი პიროვნებები არიან (2 თესალონიკელთა 3:4; ებრაელთა 6:9, 10).

17. ა) რით გამოავლინა იეჰოვამ თავისი სიყვარული ისრაელების მიმართ? ბ) რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ დღეს?

17 მიუხედავად ამისა, ფსალმუნმომღერალი ისრაელების შესახებ ამბობს: „დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში“ (ფსალმუნი 105:21). ურჩობა და სიჯიუტე მათ ხშირად საშინელ მდგომარეობაში აგდებდა (მეორე რჯული 9:6). წყვეტდა იეჰოვა მათდამი წყალობის გამოვლენას? პირიქით, ესაია გვიყვება, რომ მას „ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა“. რა თანამგრძნობია იეჰოვა! როგორც ნებისმიერ მოსიყვარულე მამას, ღმერთსაც გულს სტკენდა თავისი შვილების ტანჯვა, მაშინაც კი, როცა ეს ტანჯვა მათი უგუნურებით იყო გამოწვეული. იეჰოვამ სიყვარული გამოავლინა და, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, გამოგზავნა თავისი „ანგელოზი“ — შესაძლებელია, განკაცებამდელი იესო — რათა წასძღოლოდა თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაში (გამოსვლა 23:20). ამგვარად, იეჰოვამ ხელში აიყვანა ეს ერი და დაატარებდა, „როგორც თავის შვილს ატარებს კაცი“ (მეორე რჯული 1:31; ფსალმუნი 105:10). დღეს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვასთვის ასევე ცნობილია ჩვენი ტანჯვა და თანაგვიგრძნობს, როცა უკიდურეს გაჭირვებაში ვცვივით. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას და ‘ყველა ჩვენი საზრუნავი მას მივანდოთ’ (1 პეტრე 5:7).

ღმერთი მტერი ხდება

18. რატომ გახდა იეჰოვა თავისი ხალხის მტერი?

18 მაგრამ იეჰოვას წყალობა ბოროტად არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ. ესაია განაგრძობს: „მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა“ (ესაია 63:10). იეჰოვამ გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ, თუმცა მწყალობელი და შემბრალებელია, „შურისმგებელი“ ღმერთიც არის (გამოსვლა 34:6, 7). ისრაელები ღმერთს აუჯანყდნენ, რითაც სასჯელი დაიმსახურეს. „არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში, — ახსენებდა მათ მოსე. — ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს“ (მეორე რჯული 9:7). ღვთის სულის სასიკეთო გავლენის უარყოფით მათ შეაწუხეს ანუ დაანაღვლიანეს იგი (ეფესელთა 4:30). მათ აიძულეს იეჰოვა, რომ მტრად გახდომოდათ (ლევიანნი 26:17; მეორე რჯული 28:63).

19, 20. რას იხსენებენ იუდაელები და რატომ?

19 უბედურების ჟამს ზოგი იუდაელი აღძრულია, წარსულზე იფიქროს. ესაია წერს: „მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში, წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად? მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით? ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა“ (ესაია 63:11—14ა).

20 დიახ, დაუმორჩილებლობის შედეგებით დატანჯული იუდაელები შენატრიან იმ დღეებს, როცა იეჰოვა მათი მტერი კი არა, მხსნელი იყო. ისინი იხსენებენ, როგორ უსაფრთხოდ გაატარეს თავიანთმა „მწყემსებმა“ — მოსემ და აარონმა — წითელ ზღვაზე (ფსალმუნი 76:21; ესაია 51:10). იხსენებენ დროს, როცა ღვთის სულს კი არ ანაღვლიანებდნენ, არამედ წინამძღოლად ჰყავდათ იგი, როცა მათ მოსე და სულიწმიდით დანიშნული სხვა უხუცესები ხელმძღვანელობდნენ (რიცხვნი 11:16, 17). მათ აგრეთვე ახსენდებათ იეჰოვას ძლიერი, „დიდებული მკლავი“, რომ მათ სასარგებლოდ მოქმედებდა მოსეს საშუალებით! გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ გამოიყვანა ისინი იმ დიდი და საშინელი უდაბნოდან და იმ ქვეყანაში შეიყვანა და დაავანა, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დიოდა (მეორე რჯული 1:19; იესო ნავეს ძე 5:6; 22:4). ახლა კი ისრაელები იმიტომ იტანჯებიან, რომ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგეს!

‘მისი დიდებული სახელი’

21. ა) რა დიდი უპირატესობა შეეძლოთ ჰქონოდათ ისრაელებს ღვთის სახელთან დაკავშირებით? ბ) უმთავრესად, რისი გულისთვის გაათავისუფლა ღმერთმა აბრაამის შთამომავლები ეგვიპტიდან?

21 მაგრამ მატერიალური დანაკარგი, რომელიც ისრაელებმა განიცადეს, არაფერია დაკარგულ უპირატესობასთან შედარებით; აქ ღვთის სახელის განდიდებაში მონაწილეობის უპირატესობაზეა საუბარი. მოსე ისრაელებს დაჰპირდა: „დაგსვამს უფალი წმიდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე. დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი“ (მეორე რჯული 28:9, 10). როცა იეჰოვამ აბრაამის შთამომავლები დაიცვა და ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა, ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ, უბრალოდ, უკეთესი და უფრო სასიამოვნო ცხოვრების პირობები შეექმნა მათთვის. ამას ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანის — თავისი სახელის — გულისთვის აკეთებდა. ის ზრუნავდა იმაზე, რომ თავისი სახელი ‘ცნობილი გამხდარიყო მთელ ქვეყანაზე’ (გამოსვლა 9:15, 16). როცა უდაბნოში ისრაელების აჯანყების შემდეგ ღმერთმა წყალობა გამოავლინა, ამის მიზეზი, უბრალოდ, სიბრალული არ ყოფილა. იეჰოვამ თვითონ თქვა, რომ ამოქმედდა ‘თავისი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში’ (ეზეკიელი 20:8—10).

22. ა) რატომ იბრძოლებს იეჰოვა მომავალში კიდევ ერთხელ თავისი ხალხის სასარგებლოდ? ბ) რა გავლენას ახდენს ღვთის სახელისადმი ჩვენი სიყვარული ჩვენს მოქმედებებზე?

22 რა შთამბეჭდავია ესაიას წინასწარმეტყველების დასკვნა! ესაია ამბობს: „ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად“ (ესაია 63:14ბ). ახლა ცხადი ხდება, რატომ იბრძვის იეჰოვა ასეთი ძლევამოსილებით თავისი ხალხის ინტერესების დასაცავად. ამას ის თავისი დიდებული სახელის შესაქმნელად აკეთებს. ესაიას წინასწარმეტყველება შესანიშნავად შეგვახსენებს, რომ უდიდესი უპირატესობა და პასუხისმგებლობაა, ატარებდე იეჰოვას სახელს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღეს იეჰოვას სახელი თავიანთ სიცოცხლეზე მეტად უყვართ (ესაია 56:6; ებრაელთა 6:10). მათ არ სურთ ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩირქს მოსცხებდა ამ წმინდა სახელს. ისინი ღვთის ურყევ სიყვარულს იმით პასუხობენ, რომ ბოლომდე მისი ერთგულები რჩებიან. და რადგან იეჰოვას დიდებული სახელი უყვართ, ნატრობენ იმ დღის დადგომას, როცა ღმერთი თავის მტრებს თავისი მძვინვარების საწნახელში დაწნეხს — ნატრობენ არა, უბრალოდ, თავიანთ სასარგებლოდ, არამედ ღვთის სახელის განდიდებისთვის — ღვთისა, რომელიც მათ ასე უყვართ (მათე 6:9).

[სქოლიოები]

a ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები ჰეროდეები ედომელები იყვნენ.

b გამოთქმა „გამოსყიდულთა წელიწადი“ შეიძლება იმავე დროზე მიუთითებდეს, რომელზეც — „შურისგების დღე“. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის გამოყენებული მსგავსი გამოთქმები პარალელურ მუხლში, ესაიას 34:8-ში.

c იეჰოვა გაკვირვებას გამოხატავს, რომ არავინ სთავაზობს მას მხარდაჭერას. მართლაც გასაკვირია, რომ იესოს სიკვდილიდან თითქმის 2000 წლის შემდეგაც კი ძლიერი ხალხი კვლავ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას (ფსალმუნი 2:2—12; ესაია 59:16).

[სურათი 359 გვერდზე]

იეჰოვას თავისი ხალხისგან დიდი მოლოდინი ჰქონდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება