პური
საკვები პროდუქტი, რომელიც ფქვილისგან ცხვება საფუვრით ან უსაფუვროდ. პური (ებრ. ლეხემ, ბერძ. არტოს) ებრაელებისა თუ სხვა უძველესი ხალხების მთავარი საკვები პროდუქტი იყო (1სმ. 10:4; მთ. 14:17). პურის ცხობის ხელოვნებას კარგად ფლობდნენ ებრაელები, ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები და სხვა ხალხები. ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში პური დღემდე უმთავრეს საკვებად ითვლება. ზოგჯერ ბიბლიაში პური ზოგადად საკვების აღსანიშნავად გამოიყენება, მაგალითად, დაბადების 3:19-სა და სანიმუშო ლოცვაში, რომელიც შეიცავს თხოვნას: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მთ. 6:11; შდრ. ეკ. 10:19).
პურს ძირითადად ხორბლის ან ქერის ფქვილისგან აცხობდნენ (2მფ. 4:42; ინ. 6:9; გმ. 34:22 შდრ. ლვ. 23:17-თან) და მას მრგვალ ფორმას აძლევდნენ (მსჯ. 7:13; 1სმ. 10:3; იერ. 37:21). ებრაული სიტყვა ქიქქარ (მრგვალი პური) სიტყვასიტყვით მრგვალი ფორმის რამეს ნიშნავს (1სმ. 2:36). აცხობდნენ სხვა ფორმის პურებსაც. ერთ-ერთ ეგვიპტურ პაპირუსში პურის 30-ზე მეტი ფორმაა დასახელებული.
პურები, რომლებსაც ძველ ბიბლიურ ქვეყნებში აცხობდნენ, იყო ოდნავ თხელი, მრგვალი, ოვალური, სამკუთხედი ფორმის, ან შედარებით სქელი და გრძელი (იხ. კვერი). ძველ ახლო აღმოსავლეთში არ იყო ისეთი სქელი პურები, როგორიც დღეს დასავლეთის ქვეყნებშია გავრცელებული. აღმოსავლეთის ქვეყნებში დღესაც თხელ — 1—2,5 სმ სისქისა და 18 სმ დიამეტრის — პურებს აცხობენ.
პურის გამოსაცხობად ებრაელები ძირითადად ხორბლისა და ქერის ფქვილს იყენებდნენ. ვინაიდან ხორბალი უფრო ძვირი იყო, უმრავლესობა ქერის პურს ჭამდა. ქერის პური ნახსენებია მსაჯულების 7:13-ში, 2 მეფეების 4:42-სა და იოანეს 6:9, 13-ში. როდინში ფილთაქვით დანაყილი მარცვლისგან მსხვილად დაფქული ფქვილი გამოდიოდა. თუმცა წმინდად დაფქულ ფქვილსაც მოიხმარდნენ (დბ. 18:6; ლვ. 2:1; 1მფ. 4:22). ღვთის მიერ ისრაელისთვის უდაბნოში მიცემულ მანანას ხელსაფქვავში ფქვავდნენ ან როდინში ნაყავდნენ (რც. 11:8).
მარცვლეულს ისრაელში ყოველდღიურად ფქვავდნენ და პურსაც ყოველდღიურად აცხობდნენ. აცხობდნენ მეტწილად უფუარ პურებს (ებრ. მაცცაჰ) — ფქვილს წყალს ურევდნენ და ცომს საფუვრის გარეშე ზელდნენ. საფუვრიანი პურის გამოსაცხობად იყენებდნენ ძველი მორჩენილი ცომის ნაწილს, რომელსაც ფქვილში შერევამდე წყალში ფშვნიდნენ, შემდეგ ცომს ზელდნენ და გასაფუებლად აჩერებდნენ (გლ. 5:9; იხ. კვერი; საფუარი).
იეჰოვასთვის განკუთვნილ შესაწირავში შედიოდა გამომცხვარი ფქვილეული (ლვ. 2:4—13). დასაწვავ შესაწირავად იკრძალებოდა საფუვრიანი შესაწირავი. საფუვრიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ის შესაწირავი, რომელიც სამსხვერპლოზე არ იწვებოდა (ლვ. 7:13; 23:17). საფუვრიანი პურები პასექისა და უფუარობის დღესასწაულზეც იკრძალებოდა (გმ. 12:8, 15, 18; იხ. წარსადგენი პური).
ბიბლიურ დროში პური ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი რომ იყო, ამას მისი ხშირი მოხსენიება მოწმობს. მაგალითად, მელქისედეკმა პური და ღვინო გამოუტანა აბრაამს და შემდეგ აკურთხა ის (დბ. 14:18). როცა აბრაამმა აგარი და ისმაელი გაუშვა, პური და წყლით სავსე ტიკი გაატანა (დბ. 21:14). დაპატიმრებულ იერემიას ყოველდღე „თითო მრგვალი პური ეძლეოდა“ (იერ. 37:21). იესო ქრისტემ ორჯერ სასწაულებრივად გაამრავლა პური ხალხის დასანაყრებლად (მთ. 14:14—21; 15:32—37). ის ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ „დღეისთვის სამყოფი პურისთვის“ (ლკ. 11:3). ფსალმუნმომღერალმა იეჰოვა ღმერთს სამართლიანად უწოდა ის, ვინც მოკვდავ ადამიანს გულის გამამაგრებელ პურს აძლევს (ფს. 104:15).
გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში პური გადატანითი მნიშვნელობებითაც გვხვდება. მაგალითად, იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ შეკრებილ ისრაელებს უთხრეს, რომ ქანაანის მცხოვრებლები „ერთი ლუკმა“ (სიტყვასიტყვით პური) იყვნენ მათთვის. ამაში, როგორც ჩანს, ის იგულისხმებოდა, რომ მტრებს ადვილად დაიპყრობდნენ და შედეგად ისრაელები ღონეს მოიკრებდნენ (რც. 14:9). ფსალმუნის 80:5-ში გადმოცემულია წუხილი იმის გამო, რომ იეჰოვა, ისრაელის მწყემსი, უწყრება თავის ხალხს: „ცრემლიან პურს აჭმევ მათ“. იეჰოვაზე ისიც არის ნათქვამი, რომ თავის ხალხს პურად გასაჭირს მისცემდა და წყლად — ჩაგვრას. როგორც ჩანს, აქ ნაგულისხმევია ის პირობები, რომელთა ატანაც ებრაელებს ალყის განმავლობაში მოუწევდათ. გასაჭირი და ჩაგვრა მათთვის წყალივით და პურივით ჩვეულებრივი გახდებოდა (ეს. 30:20).
მათ შესახებ, ვინც ისე არ დაიძინებს, ბოროტება რომ არ ჩაიდინოს, იგავების წიგნი ამბობს: „ბოროტებით მოპოვებულ პურს ჭამენ“ (იგ. 4:14—17). ასეთი ადამიანები აშკარად ბოროტი საქმეებით საზრდოობენ. მათზე, ვინც სიმდიდრეს სიცრუითა და თაღლითობით იძენს, იგავების 20:17-ში წერია: „კაცს სიამოვნებას ჰგვრის სიცრუით შეძენილი პური, მაგრამ ბოლოს ხრეშით გაევსება პირი“. კარგ და გამრჯე ცოლზე ნათქვამია: „სიზარმაცის პურს არ ჭამს“ (იგ. 31:27).
სიმბოლურ პურს ბიბლიაში დადებითი გაგებაც აქვს. ესაიას 55:2-დან ვიგებთ, რომ იეჰოვას სულიერი ღონისძიებები მატერიალურ საგნებზე ბევრად ფასეულია: „რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს? ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!“.
როცა იესომ თავისი სიკვდილის აღსანიშნავი ვახშამი დააწესა (ახ. წ. 33 წ.), მან «აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“» (მთ. 26:26). პური იყო სიმბოლო იესოს სხეულისა, რომელიც ხალხისთვის უნდა შეწირულიყო (ლკ. 22:19; 1კრ. 11:23, 24).
თხელი, თანაც უფუარი პური ადვილად იმტვრეოდა, ამიტომ მას არ ჭრიდნენ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული არაფერი იყო იმაში, რომ იესომ თავისი სიკვდილის გახსენების ვახშამზე პური დაამტვრია (მთ. 26:26; 14:19; 15:36; მრ. 6:41; 8:6; ლკ. 9:16; სქ. 2:42, 46).
იესო ქრისტემ თავისი სიკვდილის დღის გახსენების დაწესებამდე ერთი წლით ადრე „პური, რომელიც ზეციდან ჩამოდის“ დაუპირისპირა მანანას, რომელსაც ისრაელები უდაბნოში ჭამდნენ. მან პირდაპირ თქვა: „სიცოცხლის პური ვარ“. იესომ თავს „ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური“ უწოდა, და იქვე დასძინა: „ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (ინ. 6:48—51). იესომ „ჭამა“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა და მასში თავისი სრულყოფილი მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენა იგულისხმა (ინ. 6:40). ზეცად ამაღლების შემდეგ მან თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის საფასური მამას, იეჰოვა ღმერთს, წარუდგინა. ამ საფასურის წყალობით ქრისტე მორჩილ კაცობრიობას სიცოცხლეს ჩუქნის. როგორც ღვთივშთაგონებით იყო ნაწინასწარმეტყველები, იესო ბეთლემში, „პურის სახლში“, დაიბადა (მქ. 5:2; ლკ. 2:11) და მისი „პურით“ ცოცხლობს ყოველი მორწმუნე (ინ. 6:31—35).