ნიშანი
საგანი, მოქმედება, ვითარება ან უჩვეულო მოვლენა, რომელიც რაიმეს მოასწავებს ან რაიმეზე მიანიშნებს. ნიშანი (ებრ.’ოთ; ბერძ. სემიონ) შეიძლება იყოს რაიმეს უტყუარობის ან ვინმეს უფლებამოსილების, საფრთხის ან სწორი გზის მაჩვენებელი.
იეჰოვას მიერ ადამიანთათვის სახელმძღვანელოდ მიცემულ ნიშნებს შორის პირველი იყო ციური მნათობები — მზე და მთვარე (დბ. 1:14). ისინი დროის მაჩვენებლები და ღვთის არსებობისა და თვისებების ხილული ნიშნები არიან (ფს. 19:1—4; რმ. 1:19, 20). როგორც ჩანს, ხალხები მნათობებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით ცდილობდნენ მომავლის გარკვევას, რის გამოც მათ მიმართ შიში ეუფლებოდათ (იერ. 10:2).
ნიშნების მიზანი. იეჰოვა ნიშნებს თავისი სიტყვების უტყუარობისა და საიმედოობის დასადასტურებლად იძლეოდა (იერ. 44:29; 1სმ. 2:31—34; 10:7, 9; 2მფ. 20:8—11). ეს ნიშნები იმას მოწმობდა, რომ ღმერთი მხარს უჭერდა თავის მსახურებს, მაგალითად: მოსეს (გმ. 3:11, 12; შდრ. მსჯ. 6:17, 20—22), მოციქულებსა (2კრ. 12:12) და ქრისტიანულ კრებას (1კრ. 14:22).
ნიშნები ყოველთვის ღვთის მხარდაჭერის მაჩვენებელი არ ყოფილა, რასაც იოანე ნათლისმცემლის მაგალითიც მოწმობს (ინ. 10:41; მთ. 11:9—11). ცრუწინასწარმეტყველებსაც შეეძლოთ ნიშნების მოხდენა, თუმცა იეჰოვას დახმარებით შესაძლებელი იყო მათი მხილება (კნ. 13:1—5; 18:20—22; ეს. 44:25; მრ. 13:22; 2თს. 2:9; გმც. 13:13, 14; 19:20).
გარკვეული ნიშნები რაღაცის გახსენებას ემსახურებოდა (დბ. 9:12—14; 17:11; რმ. 4:11). შაბათები და პასექი შესახსენებელი ნიშნები იყო ებრაელებისთვის (გმ. 13:3—9; 31:13; ეზკ. 20:12, 20). პირდაპირი თუ სიმბოლური მნიშვნელობის ზოგ ნიშანს რაიმეს ამოცნობის ფუნქცია ეკისრა (რც. 2:2; გმ. 12:13).
ნიშანი, რომელსაც იესოსგან მოითხოვდნენ. მსახურების განმავლობაში იესომ უამრავი ნიშანი მოახდინა, რაც ბევრს მისდამი რწმენის განვითარებაში დაეხმარა (ინ. 2:23). მაგრამ ამ ნიშნებმა გულქვა ადამიანებს რწმენა ვერ განუვითარა (ლკ. 2:34; ინ. 11:47, 53; 12:37; შდრ. რც. 14:11, 22). რელიგიურმა წინამძღოლებმა ორჯერ სთხოვეს იესოს, ზეციდან ნიშანი ეჩვენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ მესია იყო. ისინი, როგორც ჩანს, მისგან დანიელის 7:13, 14-ში ნაწინასწარმეტყველებ ნიშანს — სამეფო ძალაუფლებით აღჭურვილი „კაცის ძის“ ღრუბლებზე გამოჩენას — მოითხოვდნენ. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების შესრულების დრო ჯერ არ იყო დამდგარი და ქრისტე მათი ეგოისტური მოთხოვნის შესასრულებლად ასეთ სანახაობას არ მოაწყობდა (მთ. 12:38; 16:1). იესომ უთხრა მათ, რომ „იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანი“ არ მიეცემოდათ (მთ. 12:39—41; 16:4). იონა დაახლოებით სამი დღე იყო დიდი თევზის მუცელში, ხოლო როცა გათავისუფლდა, წავიდა და ნინეველებს უქადაგა. ამგვარად, ის ნიშანი გახდა ასურეთის დედაქალაქისთვის. იესოს თანამედროვეებს „იონას ნიშანი“ მაშინ მიეცათ, როცა თითქმის სამი დღის განმავლობაში საფლავში ყოფნის შემდეგ ქრისტე მკვდრეთით აღდგა და მისმა მოწაფეებმა საქვეყნოდ გააცხადეს ამის შესახებ. იესო ნიშანი გახდა იმ თაობისთვის, მაგრამ ბევრი ებრაელი ამანაც ვერ დაარწმუნა (ლკ. 11:30; 1კრ. 1:22).
ქრისტეს მოსვლის ნიშანი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესოს მოციქულებმა ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მთ. 24:3; მრ. 13:4; ლკ. 21:7). მათ კითხვასა და რელიგიური წინამძღოლების მოთხოვნას შორის დიდი სხვაობა იყო. წინამძღოლები საკუთარი თვალით ხედავდნენ იესოს საქმეებს, მაგრამ მაინც არ აღიარებდნენ მესიად და ცხებულ მეფედ (ინ. 19:15). ისინი ნიშანს მის საცდუნებლად ითხოვდნენ (ლკ. 11:16), სხვები კი — ცნობისმოყვარეობის გამო, როგორც ჰეროდე (ლკ. 23:8). მათგან განსხვავებით მოწაფეები, რომლებსაც მისი მოსვლის ნიშანი აინტერესებდათ, იესოს მესიად და მეფედ აღიარებდნენ (მთ. 16:16). იესოს მანამდე ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად“ მოვიდოდა (ლკ. 17:20). ამიტომ მათ არ სურდათ, იუდეველი წინამძღოლებივით მხედველობიდან გამორჩენოდათ ღვთის სამეფოს მოსვლა (თუმცა შეცდომით ეგონათ, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზე დამყარდებოდა; სქ. 1:6). შესაბამისად, მათ იესოს სასწაულის მოხდენა კი არ სთხოვეს, არამედ იმის ნიშანი, თუ როგორ ამოეცნოთ მომავალში მისი მოსვლა.
იესომ თავის მოწაფეებს აღუწერა ნიშანი, რომელიც ერთდროულად ბევრ მოვლენას მოიცავდა, მათ შორის ომებს, მიწისძვრებს, ქრისტიანების დევნასა და ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას (მთ. 24:4—14, 32, 33). მოწაფეებმა იესოს ამ ნიშნის შესახებ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურებაზე საუბრის დროს ჰკითხეს (ლკ. 21:5—7). პასუხად მან მოიყვანა იერუსალიმისა და იუდას შესახებ წინასწარმეტყველებები, რომელთა შესრულებასაც თავად მოესწრებოდნენ (ლკ. 21:20; მთ. 24:15). თუმცა მან ღვთის სამეფოს დამყარებაზეც ილაპარაკა, რომელიც მთელ კაცობრიობაზე იმოქმედებდა (ლკ. 21:31, 35).
„კაცის ძის ნიშანი“. იმ დროს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მთ. 24:30; ლკ. 21:27). მანამდე ის დანიელ წინასწარმეტყველზე ლაპარაკობდა (მთ. 24:15; დნ. 9:27; 11:31). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის დანიელის 7:13, 14-ს გულისხმობდა, სადაც ნათქვამია, რომ „ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც „ძველ დღეთასთან“ მისვლის ნება მიეცა; მან მიიღო სამეფო, რომელიც „არ დაიქცევა“. ამგვარად, „კაცის ძის ნიშანი“ გამოჩნდებოდა მაშინ, როცა იესო თავის სამეფო ძალაუფლებას გამოიყენებდა. გამოთქმა „კაცის ძე“ და დანიელის 7:13, 14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესომ საკუთარ თავს დაუკავშირა (მთ. 26:63, 64; მრ. 14:61, 62).
დაახლოებით ახ. წ. 96 წელს, იერუსალიმის განადგურებიდან 26 წლის შემდეგ, იოანემ მომავალში მოსახდენი მოვლენები აღწერა. მან ხილვაში ნახა ღრუბლებზე მომავალი იესო ქრისტე, რომელსაც „ყოველი თვალი“ დაინახავდა, მათ შორის „ისინიც, ვინც ის განგმირა“ (გმც. 1:1, 7). როგორც ეს სიტყვები, რომლებიც ახ. წ. 96 წლის შემდეგ უნდა შესრულებულიყო, ისე ქრისტეს სიტყვები „კაცის ძის ნიშნის“ შესახებ მიუთითებდა ღრუბლებზე მომავალ იესოზე, რომელსაც ყველა ადამიანი დაინახავდა (იხ. ღრუბელი (I)). აღსანიშნავია, რომ მათეს 24:30-სა და გამოცხადების 1:7-ში გამოყენებული ბერძნული ზმნა ჰორაო („დანახვა“) შეიძლება ნიშნავდეს დანახვას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, გონების თვალით დანახვას, „ჩაწვდომას, გაგებას“ (A Greek-English Lexicon, ჰ. ლიდელი და რ. სკოტი, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, 1968, გვ. 1245, სვტ. 1).
„სასწაულების“, „საკვირველებისა“ და „ნიშნების“ ერთმანეთთან შესადარებლად იხ. სასწაულები; საკვირველება.
კიდევ ერთი ებრაული სიტყვა, რომელიც ნიშნად ითარგმნება, არის ნეს. ის აღნიშნავს შემაღლებულ ადგილზე აღმართულ ბოძს ან ძელს და გამოიყენება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, ის არ გულისხმობს ვინმესთვის ამა თუ იმ ნიშნის მიცემას, მაგალითად, „ბოლის სვეტით“ (მსჯ. 20:38, 40) ან ცეცხლით (იერ. 6:1). ამგვარ შემთხვევებში სხვა ებრაული სიტყვები გამოიყენება. შემაღლებულ ადგილზე აღმართული ბოძის დანიშნულება ის იყო, რომ ხალხს თუ ჯარს მასთან მოეყარა თავი (ეს. 5:26; 13:2; 18:3; 30:17; 31:9; იერ. 4:6, 21; 50:2; 51:12, 27; ფს. 60:4). ერთხელ ისრაელებმა მანანისა და უწყლოობის გამო დრტვინვა დაიწყეს, რის გამოც იეჰოვამ ისინი შხამიან გველებს დააკბენინა. მაგრამ როცა მათ მოინანიეს, იეჰოვამ მოსეს უბრძანა, სპილენძის გველი გაეკეთებინა და ბოძზე (ნეს) დაემაგრებინა: „მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და ბოძზე დაამაგრა. ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა, ცოცხალი რჩებოდა“ (რც. 21:5—9). როგორც ჩანს, ეს ბოძი შემაღლებულ ადგილზე იყო აღმართული, რათა ყველას, ვისაც გველი უკბენდა, ადვილად დაენახა ის.
ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმი, რომლის აღდგენაც ნაწინასწარმეტყველები იყო, იუდეველებისთვის ნიშანი გახდა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულები გაპარტახებულ იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ ტაძრის აღსადგენად (ეს. 11:11, 12; შდრ. ეს. 49:22; 62:10, 11). მაგრამ ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ძვ. წ. მე-6 საუკუნეს არ ეხებოდა. ესაიას 11:10-ში ნათქვამია: „იმ დღეს იესეს ფესვი ნიშნად იდგება ხალხებისთვის“. პავლე მოციქულმა ეს სიტყვები იესო ქრისტეს, ხალხთა მომავალ მმართველს დაუკავშირა (რმ. 15:8, 12). იესომ თავის თავზე თქვა, რომ ის იესეს ძის, „დავითის ფესვი“ იყო (გმც. 22:16). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტე, როგორც მეფე, ნიშნად დგას ზეციერი სიონის მთაზე (შდრ. ებ. 12:22; გმც. 14:1).