კაცობრიობის სასწაულებრივი განკურნება ახლოსაა
„არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“. ეს თქვეს იესოს მიერ დავრდომილი მამაკაცის სასწაულებრივი, სწრაფი განკურნების თვითმხილველებმა (მარკოზი 2:12). იესო კურნავდა აგრეთვე ბრმებს, მუნჯებს და კოჭლებს; მისი მიმდევრებიც მსგავს რამეს აკეთებდნენ. რა ძალით აკეთებდა იესო ამას? რა როლს ასრულებდა რწმენა? რა შუქს ჰფენს პირველი საუკუნის ეს შემთხვევები სასწაულებრივ განკურნებას დღეს? (მათე 15:30, 31).
„შენმა რწმენამ განგკურნა“
დღევანდელ რწმენით განმკურნებლებს უყვართ იმაზე მითითება, რაც იესომ უთხრა მასთან განსაკურნავად მისულ ქალს, რომელიც 12 წელი სისხლის დენით იტანჯებოდა: „შენმა რწმენამ განგკურნა“ (ლუკა 8:43–48). ნიშნავდა იესოს ნათქვამი, რომ ქალის განკურნება მის რწმენაზე იყო დამოკიდებული? იყო ეს დღეს გავრცელებული „რწმენით განკურნების“ ნიმუში?
ბიბლიური ჩანაწერის ყურადღებით კითხვისას ვხედავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში იესო და მისი მოწაფეები არ მოითხოვდნენ, ავადმყოფებს განკურნებამდე საჯაროდ ეღიარებინათ თავიანთი რწმენა. ზემოთ მოხსენიებული ქალი მივიდა და იესოსთვის სიტყვის უთქმელად უკნიდან ფრთხილად შეეხო მის ტანსაცმელს და „იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა“. სხვა შემთხვევისას, იესომ განკურნა მის შესაპყრობად მოსულთა შორის მყოფი კაცი. მან ისეთი კაციც კი განკურნა, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო იესო (ლუკა 22:50, 51; იოანე 5:5–9, 13; 9:24–34).
მაშ, რა როლი შეასრულა რწმენამ? როცა იესო და მისი მოწაფეები ტვიროსისა და სიდონის მხარეებში იყვნენ, ქანაანელი ქალი მივიდა და შეჰღაღადა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“. წარმოიდგინე მისი სასოწარკვეთილება, როცა შეეხვეწა: „მიშველე, უფალო!“ სიბრალულით აღსავსე იესომ უპასუხა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც შენ გსურს“. და მისი ქალიშვილი „იმავ საათში“ განიკურნა (მათე 15:21–28). ნათელია, რომ რწმენას ადგილი ჰქონდა, მაგრამ ვის რწმენას? ყურადღება მიაქციე, რომ იესომ დედის რწმენა შეაქო და არა ავადმყოფი ბავშვის. და რის რწმენა? იესოსთვის ისეთი მიმართვით, როგორიცაა „უფალო, ძეო დავითისა“, ქალმა საჯაროდ აღიარა, რომ იესო აღთქმული მესია იყო. ეს არ იყო ღვთისა თუ განმკურნებლის ძალისადმი რწმენის უბრალო გამოვლენა. როცა იესომ თქვა, „შენმა რწმენამ განგკურნაო“, ის გულისხმობდა, რომ ტანჯული ადამიანები არ მივიდოდნენ მასთან განსაკურნავად, თუ არ სწამდათ, რომ ის მესია იყო.
ამ ბიბლიური მაგალითებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ განკურნება, რომელსაც იესო ახდენდა, დიდად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ თუ ვისმენთ. მაშინ ხალხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი ძლიერი ემოციის გამოვლენას — ყვირილს, მღერას, მოთქმას, გულის წასვლასა და ასე შემდეგ, იესოს მხრიდან კი — არანაირ მსახიობურ გაშმაგებას. გარდა ამისა, იესოს არასოდეს განუცდია მარცხი უძლურთა განკურნებაში მათი რწმენის უკმარისობის ან შესაწირავის სიმცირის მიზეზით.
განკურნებები ღვთის ძალით
როგორ კურნავდნენ იესო და მისი მოწაფეები? „უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად“, — გვპასუხობს ბიბლია (ლუკა 5:17). ლუკას 9:43-ის თანახმად, ერთ-ერთი განკურნების შემდეგ «ყველას აოცებდა ღვთის დიდება [„ძალა“, აქ]». შესაბამისად, იესო არ იპყრობდა ყურადღებას საკუთარ თავზე როგორც განმკურნებელზე. ერთხელ მან გაათავისუფლა დემონებისგან შეწუხებული კაცი და უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა“ (მარკოზი 5:19).
რადგანაც იესო და მოციქულები ღვთის ძალით კურნავდნენ, ადვილი დასანახია, თუ გასაკურნავად რატომ არ იყო ყოველთვის საჭირო რწმენა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც იკურნებოდა. მაგრამ აუცილებელი იყო მტკიცე რწმენა განმკურნებლის მხრიდან. აქედან გამომდინარე, როცა იესოს მიმდევრებმა ძალიან ძლიერი დემონის განდევნა ვერ შეძლეს, იესომ უთხრა მათ მიზეზი: „თქვენი მცირე რწმენის გამო“ (მათე 17:20).
სასწაულებრივი განკურნების მიზანი
იმის მიუხედავადაც კი, რომ იესომ მთელი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში მრავალი განკურნება მოახდინა, ის, უმთავრესად, „განკურნების მსახურებას“ არ ეწეოდა. მის მიერ სასწაულებრივი განკურნება — რომლისთვისაც ის არასოდეს უდგენდა ხალხს ფასს ან არასოდეს ითხოვდა რამე შესაწირავს — მეორეხარისხოვანი იყო მის მთავარ საქმესთან, ‘სასუფევლის სახარების ქადაგებასთან’, დაკავშირებით (მათე 9:35). ჩანაწერში ნათქვამია, რომ ერთი შემთხვევისას „ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, მათ კურნავდა“ (ლუკა 9:11). სახარებებში იესო ხშირადაა მოხსენიებული როგორც „მოძღვარი“, მაგრამ არასოდეს — როგორც „მკურნალი“.
მაშ, რატომ ახდენდა იესო სასწაულებრივ განკურნებებს? უმთავრესად, ეს იყო მისი, როგორც აღთქმული მესიის, ვინაობის დასადგენად. უსამართლოდ დაპატიმრებულ იოანე ნათლისმცემელს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ის ბოლომდე მიიყვანდა იმას, რისთვისაც ღმერთმა წარმოგზავნა. მან იესოსთან თავისი მოწაფეები გააგზავნა და ჰკითხა, „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?“ ყურადღება მიაქციე, რა უთხრა იესომ იოანეს მოწაფეებს: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ“ (მათე 11:2–5).
დიახ, ფაქტი, რომ იესო მხოლოდ კი არ კურნავდა, არამედ სახარებებში ჩაწერილ სხვა სასწაულებრივ საქმეებსაც აკეთებდა, მტკიცედ ადგენს მის ვინაობას — ის იყო, ‘ვინც უნდა მოსულიყო’, აღთქმული მესია. საჭირო აღარ იყო, რომ ‘სხვისი მოლოდინი ჰქონოდათ’.
სასწაულებრივი განკურნებები დღეს?
მაშ, უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი განკურნებებით დაამტკიცებს დღეს თავის სიძლიერეს? არა. იესომ სასწაულებით, რომლებსაც ღვთის ძალით ახდენდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ ღვთის მიერ დაპირებული მესია იყო, რომელიც მოვიდოდა. მისი ძლევამოსილი მოქმედებები ბიბლიაშია ჩაწერილი, რომ ყველამ წაიკითხოს. ღმერთს სრულიადაც არ სჭირდება, რომ თავისი სიძლიერე ყველა თაობაში ასეთი მოქმედებების გამეორებით დაამტკიცოს.
საინტერესოა, რომ განკურნებები და სხვა სასწაულებრივი საქმეები მხოლოდ გარკვეულწილად იყო დამარწმუნებელი. იესოს სასწაულების ზოგ თვითმხილველსაც კი არ სწამდა, რომ მას ზეციერი მამის მხარდაჭერა ჰქონდა. „ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი“ (იოანე 12:37). აი, რატომაა, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების სხვადასხვა წევრისთვის ღვთის მიერ მიცემული სხვადასხვა სასწაულებრივი ნიჭის — წინასწარმეტყველების, ენებით ლაპარაკის, განკურნებისა და ასე შემდეგ — განხილვის შემდეგ პავლე მოციქული შთაგონებულ იქნა, ეთქვა: „წინასწარმეტყველებანი, გაუქმდებიან; ან ენები, შეწყვეტენ; ან ცოდნა, გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“ (1 კორინთელთა 12:28–31; 13:8–10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
რასაკვირველია, ჩვენი კეთილდღეობისთვის ღვთის რწმენა მნიშვნელოვანია. მაგრამ პიროვნების რწმენის აგება განკურნებათა ცრუ დაპირებებზე მხოლოდ გულგატეხილობას მოიტანს. უფრო მეტიც, აღსასრულის დროსთან დაკავშირებით იესომ ასე გაგვაფრთხილა: „აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ“ (მათე 24:24). ექიმბაშობისა და თაღლითობის გარდა დემონური ძალაც გამოცხადდებოდა საჯაროდ. ამიტომ აუხსნელი მოვლენების დაჩემებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, და ისინი, რასაკვირველია, არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს ღვთის ნამდვილი რწმენისთვის.
რადგანაც დღეს იესოს მსგავსად ვერავინ კურნავს, განა ვზარალდებით? სრულიადაც არა. სინამდვილეში, იესოს მიერ განკურნებულები დროთა განმავლობაში შეიძლება კვლავ დაავადებულიყვნენ. ყველა მათგანი დაბერდა და მოკვდა. განკურნებით მიღებული სარგებლობა მათთვის შედარებით ხანმოკლე იყო. მიუხედავად ამისა, იესოს მიერ სასწაულებრივ განკურნებებს ხანგრძლივი მნიშვნელობა აქვს იმაში, რომ ისინი მომავალი კურთხევების მაუწყებელი იყო.
აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გამოკვლევის შემდეგ ადრე მოხსენიებულ ალექსანდრესა და ბენედიტას მეტად აღარ სწამთ ახლანდელი რწმენით განკურნება და სპირიტული განკურნებები. ამავე დროს ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სასწაულებრივი განკურნებები წარსულს არ ჩაბარდა. რატომ? მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონების მსგავსად, ისინი მოელიან განკურნების კურთხევებს ღვთის სამეფოს მმართველობისას (მათე 6:10).
მეტად აღარაა ავადმყოფობა და სიკვდილი
როგორც უკვე დავინახეთ, იესოს მსახურების მთავარი მიზანი ავადმყოფების განკურნება და სხვა სასწაულების მოხდენა არ ყოფილა. პირიქით, თავის მთავარ საქმედ მან ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება აქცია (მათე 9:35; ლუკა 4:43; 8:1). ეს ის სამეფოა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი სასწაულებრივად განკურნავს კაცობრიობას და მოსპობს ყოველგვარ ზიანს, რაც ცოდვამ და არასრულყოფილებამ მიაყენა საკაცობრიო ოჯახს. როგორ და როდის შეასრულებს ის ამას?
შორეული მომავლის წინასწარმეტყველებისას იესო ქრისტემ თავის მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველური ხილვა მისცა: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება“! (გამოცხადება 12:10). ყველა ფაქტი გვიჩვენებს, რომ 1914 წლიდან ღვთის დიდი მოწინააღმდეგე, სატანა, გადმოგდებულ იქნა დედამიწის მიდამოებში და ღვთის სამეფო რეალურად მოქმედებს! იესო მესიანური სამეფოს მეფედ დაინიშნა და ახლა მზად არის, დიდი ცვლილებები მოახდინოს დედამიწაზე.
უახლოეს მომავალში იესოს ზეციერი მთავრობა იმმართველებს ადამიანთა ახალ სამართლიან საზოგადოებაზე, ფაქტობრივად, ‘ახალ მიწაზე’ (2 პეტრე 3:13). როგორი პირობები იქნება მაშინ? აი, წამიერად დანახული წინასწარი სურათი: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა. . . მოსწმენდს [ღმერთი] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:1, 4).
შეგიძლია წარმოიდგინო, რა ცხოვრება იქნება, როცა კაცობრიობის სასწაულებრივი განკურნება რეალობად იქცევა? „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული“. დიახ, ღმერთი შეასრულებს იმას, რის გაკეთებასაც ვერასოდეს შეძლებენ რწმენით განმკურნებლები. „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“. მართლაც, „მოსწმენდს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:8; 33:24).
[სურათი 7 გვერდზე]
ღვთის სამეფოს მმართველობისას კაცობრიობა სასწაულებრივად განიკურნება.