თევზი
თევზები და წყლის სხვა ბინადარნი ღმერთმა მეხუთე შემოქმედებით დღეს შექმნა (დბ. 1:20—23). დასაბამიდან ღმერთმა ადამიანებს უბრძანა, რომ დაემორჩილებინათ წყლის ბინადარნი, თუმცა წარღვნამდე მათი ჭამის უფლება არ მიუცია (დბ. 1:28; 9:2, 3). ზოგიერთს „დაუჩლუნგდა გონება“ და ქმნილებებს დაუწყო თაყვანისცემა ნაცვლად იმისა, რომ ღვთის მითითებისამებრ ისინი დაემორჩილებინა (რმ. 1:20—23). მაგალითად, ბაბილონელები თაყვანს სცემდნენ წყლის ღვთაება ეას, რომელსაც სხეული ნაწილობრივ კაცის, ნაწილობრივ კი თევზისა ჰქონდა. სირიელთა ღვთაება ატარგატიდა თევზქალა იყო. ეგვიპტელები ზოგიერთ თევზს წმინდად მიიჩნევდნენ და მუმიებადაც კი აქცევდნენ. თავისთავად ცხადია, რომ ისრაელს ღვთის კანონით თევზის თაყვანისცემა ეკრძალებოდა (კნ. 4:15—18).
იესო ქრისტემ, „კაცის ძემ“ (მთ. 17:22), რომელსაც თევზებიც უნდა დაემორჩილებინა, გამოიყენა კიდეც ეს ძალაუფლება და მოციქულებს ორ შემთხვევაში ბადეები თევზით სასწაულებრივად აავსებინა (ფს. 8:4—8; ებ. 2:5—9; ლკ. 5:4—7; ინ. 21:6). იესომ ეს ძალაუფლება მაშინაც გამოიყენა, როცა ტაძრის გადასახადის გადახდა მოსთხოვეს. მან პეტრეს ასეთი მითითება მისცა: „მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“ (მთ. 17:24—27).
საკვები პროდუქტი. თევზი მაწიერი და ადვილად მოსანელებელი პროდუქტია. როგორც ჩანს, თევზი ეგვიპტელებისა და დამონებული ებრაელებისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტი იყო. ამაზე ისიც მოწმობს, რომ უდაბნოში ჭრელი ხალხიცა და ისრაელის ძეებიც ეგვიპტურ თევზს მისტიროდნენ (რც. 11:5). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მიერ ეგვიპტის წყლების სისხლად ქცევა და ნილოსში თევზის გაწყვეტა ეგვიპტის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იყო (გმ. 7:20, 21).
აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგაც ისრაელებისთვის თევზი ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტად ითვლებოდა. იერუსალიმის ერთ კარიბჭეს „თევზის კარიბჭეს“ უწოდებდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ მასთან ახლოს თევზის ბაზარი მდებარეობდა (2მტ. 33:14). მოგვიანებით ნეემია წერდა, რომ ტვიროსელები იერუსალიმში შაბათობითაც კი მიდიოდნენ თევზის გასაყიდად (ნემ. 13:16).
თევზს ძირითადად წვავდნენ ან ამარილებდნენ და ახმობდნენ და პურთან ერთად შეექცეოდნენ. როგორც ჩანს, იესომ სწორედ დამარილებული და ხმელი თევზით დააპურა სასწაულებრივად ჯერ 5 000, მოგვიანებით კი 4 000 კაცი, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს (მთ. 14:17—21; 15:34—38). აღდგომის შემდეგ იესომ შემწვარი თევზი შეჭამა მოციქულებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მოჩვენება არ იყო. სხვა დროს იესომ მოწაფეებს საუზმედ ნაკვერჩხალზე შემწვარი თევზი და პური დაახვედრა (ლკ. 24:36—43; ინ. 21:9—12).
ისრაელში გავრცელებული თევზები. პალესტინის მდინარეები და ტბები, თუ არ ჩავთვლით მკვდარ ზღვას, მდიდარია თევზით. იქ ვხვდებით კაპარჭინებს, კობრებსა და ქორჭილებს. იქ ბინადრობს იშვიათი სახეობის თევზიც Chromis simonis. ამ სახეობის მამლები პირში იგროვებენ დაახლოებით 200 კვერცხს და გამოჩეკის შემდეგაც ლიფსიტებს რამდენიმე კვირა პირით ატარებენ.
თევზის ზოგი სახეობა მკვდარ ზღვასთან ახლოს მდებარე მლაშე წყაროებშიც ბინადრობს, მაგრამ თავად მკვდარი ზღვის წყალში ვერ ძლებს. ამის მიზეზად მკვდარ ზღვაში მაგნიუმქლორიდის მაღალ შემცველობას ასახელებენ. იორდანეს სწრაფ დინებას, განსაკუთრებით ადიდების პერიოდში, ბევრი თევზი მიაქვს მკვდარ ზღვაში, სადაც გაბრუებული თევზები მტაცებელი ფრინველების მსხვერპლი ხდებიან; სანაპიროზე გამორიყულ მკვდარ თევზებს კი ლეშიჭამია ფრინველები ჭამენ. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში სრულიად განსხვავებული სურათი იხილა — იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე წყალმა მკვდარი ზღვის წყალი განკურნა, რამაც მეთევზეობისთვის კარგი პირობები შექმნა (ეზკ. 47:1, 8—10).
წმინდა და უწმინდური თევზები. ბრძენი მეფე სოლომონი კარგად ერკვეოდა ბუნებისმეტყველებაში და შესაბამისად თევზების შესახებაც ბევრი რამ იცოდა (1მფ. 4:33). მიუხედავად ამისა, თევზის რომელიმე სახეობის სახელი მთელ ბიბლიაში ერთხელაც არ გვხვდება. მაგრამ კანონი განასხვავებდა წყლის წმინდა და უწმინდურ ბინადრებს. მხოლოდ ფარფლიანი და ქერცლიანი თევზი იყო წმინდა და საჭმელად ვარგისი. უწმინდურად ითვლებოდა ლოქო, გველთევზა, სალამურა, სკაროსი, ზვიგენი და კიბოსებრნი, რომელთაგან ბევრი კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლებში პოულობს საზრდოს და გახრწნილი ნარჩენებით იკვებება. ისინი ხშირად ტიფისა და პარატიფის გამომწვევი ბაქტერიის მატარებლები არიან (ლვ. 11:9—12). ამიტომაც ისრაელი მეთევზეები კარგ თევზს საჭმელად უვარგისი თევზისგან აცალკევებდნენ, რაზეც იესომაც გაამახვილა ყურადღება ბადეზე მოყვანილ მაგალითში (მთ. 13:47, 48).
თევზი, რომელმაც იონა გადაყლაპა. მართალია, თვით ღვთის ძემ დაადასტურა, რომ იონა ნამდვილად გადაყლაპა „დიდმა თევზმა“, მაგრამ ხშირად სწორედ ეს შემთხვევა მოჰყავთ წმინდა წერილების სანდოობის ეჭვქვეშ დასაყენებლად (მთ. 12:40). ბიბლია მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ „იეჰოვამ დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“, თევზის სახეობას კი არ გვიკონკრეტებს (იონ. 1:17). მაგრამ ფაქტია, რომ ზღვის ზოგიერთ ბინადარს შეუძლია ადამიანის გადაყლაპვა, მაგალითად თეთრ ზვიგენსა და კაშალოტს (იხ. უოლკერის Mammals of the World, გადამუშავებულია რ. ნოვაკისა და ჯ. პარადისოს მიერ, 1983, ტ. II, გვ. 901; Australian Zoological Handbook, The Fishes of Australia, გ. პ. უიტლი, სიდნეი, 1940, ნაწილი 1—The Sharks, გვ. 125).
გადატანითი მნიშვნელობით. ადამიანები ბიბლიაში ზოგჯერ თევზებთან არიან შედარებული. შემკრებმა მათზე თქვა, რომ ისინი „უბედური დროის მახეში“ ისე ებმებიან, როგორც თევზები ბადეში (ეკ. 9:12). იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა, ადამიანთა მებადურები ყოფილიყვნენ. მან მართლები კარგ თევზებს შეადარა, ბოროტები კი — უვარგის და გადასაყრელ თევზებს (მრ. 1:17; მთ. 13:47—50; იხ. ნადირობა და თევზაობა).