საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 5/1 გვ. 8-13
  • „ეს უნდა მოხდეს“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ეს უნდა მოხდეს“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • წინასწარმეტყველების ტრაგიკული შესრულება ახლოს არის
  • ის თაობა იხილავდა
  • ამ წინასწარმეტყველებას სხვა შესრულებაც უნდა ჰქონოდა
  • სამსჯავრო წინ არის!
  • გადარჩები თუ არა ღვთის მოქმედებისას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ‘რა იქნება შენი თანდასწრების. . . ნიშანი?’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ‘ბოროტი მოდგმისგან’ ხსნა
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-11
  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 5/1 გვ. 8-13

„ეს უნდა მოხდეს“

„მიუგო იესომ მათ პასუხად: . . . ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული“ (მათე 24:4–6).

1. რა საკითხმა უნდა დაგაინტერესოთ?

თქვენ, რა თქმა უნდა, გაინტერესებთ როგორი ცხოვრება და მომავალი გექნებათ. მაშინ ისიც უნდა გაინტერესებდეთ, რამაც 1877 წელს ჩ. ტ. რასელის ყურადღება მიიპყრო და რაც მოგვიანებით მის მიერ დაფუძნებულმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით — „უფლის მეორედ მოსვლა — რისთვის და როგორ?“. ამ 64-გვერდიან ბუკლეტში ლაპარაკია იესოს დაბრუნებაზე, ანუ მის მოსვლაზე (იოანე 14:3). ერთხელ, როდესაც იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა, მოციქულები მას ამ დაბრუნების შესახებ შეეკითხნენ: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).

2. რატომ არსებობს მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი იესოს წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?

2 იცით რა უპასუხა მათ იესომ და გესმით მისი პასუხის მნიშვნელობა? ეს სიტყვები მოცემულია სამ სახარებაში. პროფესორი დ. ა. კარსონი ამბობს: „ბიბლიაში რამდენიმე თავმა თუ გამოიწვია სპეციალისტებს შორის იმხელა აზრთა სხვაობა, რამხელაც მათეს 24-ე თავმა და მისმა პარალელურმა მუხლებმა — მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებიდან“. შემდეგ მას მოჰყავს საკუთარი მოსაზრება, რომელიც კიდევ ერთი განსხვავებული ადამიანური შეხედულებაა. მრავალი ასეთი თვალსაზრისი, რომელთა გამოთქმაც გასული საუკუნიდან დაიწყეს, მხოლოდ ურწმუნოებას ირეკლავდა. ამბობდნენ, რომ იესოს არასოდეს უთქვამს ის, რასაც სახარებებში ვკითხულობთ; რომ იესოს იგავები მოგვიანებით დამახინჯებულ იქნა; ან რომ მისი წინასწარმეტყველება არ შესრულებულა; ეს არის შეხედულებები, რომლებზეც აშკარად ბიბლიის კრიტიკოსები ახდენდნენ გავლენას. ერთ-ერთი ბიბლეისტი იქამდეც კი მივიდა, რომ მარკოზის სახარებას „ბუდისტური ფილოსოფიის — მაჰაიანას საფუძველზე“ აშუქებდა.

3. როგორ უდგებიან იეჰოვას მოწმეები იესოს წინასწარმეტყველებას?

3 ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, რომ ბიბლია — იესოს მიერ სიკვდილამდე სამი დღით ადრე ზეთისხილის მთაზე ოთხი მოციქულისთვის ნათქვამის ჩათვლით — უტყუარი და სანდოა. ჩ. ტ. რასელის დროიდან მოყოლებული, ღვთის ხალხმა თანდათანობით უფრო მეტი რამ გაიგო იესოს ამ წინასწარმეტყველების შესახებ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი „საგუშაგო კოშკმა“ კიდევ უფრო მოჰფინა შუქი ამ წინასწარმეტყველებას. გახსოვთ ეს ინფორმაცია და მოახდინა მან თქვენს ცხოვრებაზე გავლენა?a მოდი კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის.

წინასწარმეტყველების ტრაგიკული შესრულება ახლოს არის

4. რატომ ჰკითხეს მოციქულებმა იესოს მომავლის შესახებ?

4 მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესო მესია იყო. ამიტომ, როდესაც მისი სიკვდილის, აღდგენისა და დაბრუნების შესახებ მოისმინეს, შეიძლება გაუკვირდათ: „თუ იესო მოკვდება და, ფაქტიურად, აღარ იარსებებს, როგორღა გააკეთებს მესიის შესასრულებელ ბრწყინვალე საქმეებს?“ უფრო მეტიც, იესომ იერუსალიმისა და ტაძრის აღსასრულიც იწინასწარმეტყველა. მოციქულებს ალბათ აინტერესებდათ: „როდის და როგორ მოხდება ეს?“ და ამიტომ იესოს ჰკითხეს: „როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ (მარკოზი 13:4; მათე 16:21, 27, 28; 23:37—24:2).

5. როგორ შესრულდა მოწაფეებისთვის იესოს ნათქვამი პირველ საუკუნეში?

5 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ომები, შიმშილობა, ეპიდემიები, მიწისძვრები, ქრისტიანებისადმი ზიზღი და მათი დევნა, ცრუ მესიების გამოჩენა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საყოველთაოდ ქადაგება. შემდეგ კი დადგებოდა აღსასრული (მათე 24:4–14; მარკოზი 13:5–13; ლუკა 21:8–19). იესომ ეს სიტყვები ახ. წ. 33 წლის დასაწყისში თქვა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მის ფხიზელ მოწაფეებს შეეძლოთ შეენიშნათ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების გრანდიოზული შესრულება. დიახ, ისტორია ადასტურებს, რომ იმ დროს აღსრულდა იესოს მიერ მოცემული ნიშანი, რომელსაც ახ. წ. 66—70 წლებში რომაელების მიერ იუდეველთა სისტემის განადგურება მოჰყვა. როგორ მოხდა ყოველივე ეს?

6. რა მოხდა რომაელებსა და იუდეველებს შორის ახ. წ. 66 წელს?

6 ახ. წ. 66 წელს, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში იუდეველი ზელოტები ციხე-სიმაგრეში, იერუსალიმის ტაძრის მახლობლად, თავს დაესხნენ რომაელ ჯარისკაცებს, რამაც მთელ ქვეყანაში ძალადობის გაჩაღებას შეუწყო ხელი. წიგნში „იუდეველთა ისტორია“ პროფესორი ჰაინრიხ გრეტსი ყვება: „ცესტიუს გალუსი, სირიის მმართველი, რომლის მოვალეობა იყო, დაეცვა რომის ჯარების ღირსება . . . მშვიდად ვეღარ უყურებდა ამ აჯანყების გავრცელებას, რაღაც უნდა ეღონა მის შესაჩერებლად. გალუსმა თავი მოუყარა თავის მხედრობას, მეზობელმა მმართველებმა კი ნებაყოფლობით შეაშველეს თავიანთი ჯარები“ და ამ 30 000-იანმა ჯარმა იერუსალიმი ალყაში მოაქცია. ხანმოკლე შებრძოლების შემდეგ იუდეველებმა უკან დაიხიეს და ტაძრის მახლობლად მდებარე კედლებთან გამაგრდნენ. „მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რომაელები კედლებს უტევდნენ, მაგრამ იუდეველთა წინააღმდეგობამ ისინი უკუაქცია. რომაელებმა მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლეს ტაძრის წინ მდებარე, ჩრდილოეთ კედლისთვის ძირის გამოთხრა“.

7. რატომ შეიძლებოდა იესოს მოწაფეებს იუდეველების უმრავლესობისგან განსხვავებული რეაქცია ჰქონოდათ?

7 წარმოიდგინეთ, როგორ დაიბნეოდნენ იუდეველები, რადგან უკვე დიდი ხანია მიჩვეულები იყვნენ, რომ ღმერთი იცავდა მათ და მათს წმინდა ქალაქს. იესოს მოწაფეები კი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ იერუსალიმს უბედურება დაატყდებოდა თავს. „დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში“ — წინასწარმეტყველებდა იესო (ლუკა 19:43, 44). მაგრამ ნიშნავდა თუ არა ეს გარდაუვალ სიკვდილს ახ. წ. 66 წელს იერუსალიმში მყოფი ქრისტიანებისთვის?

8. რა უბედურება იწინასწარმეტყველა იესომ და ვინ იყვნენ ის „რჩეულები“, რომელთა გამოც ის დღეები შემოკლდებოდა?

8 ზეთისხილის მთაზე იესომ მოციქულების მიერ დასმულ კითხვას შემდეგი წინასწარმეტყველებით უპასუხა: „იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია“ (მარკოზი 13:19, 20; მათე 24:21, 22). ფაქტობრივად, დღეები შემოკლდებოდა და „რჩეულები“ გადარჩებოდნენ. ვინ იყვნენ ეს რჩეულები? ეჭვგარეშეა, არა აჯანყებული იუდეველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს, მაგრამ მის ძეს არ ღებულობდნენ (იოანე 19:1–7; საქმეები 2:22, 23, 36). იმ დროს რჩეულთა შორის ის იუდეველები და არაიუდეველები იყვნენ, რომლებიც იესოსადმი, როგორც მესიისა და მხსნელისადმი, რწმენას ავლენდნენ. ღმერთმა ასეთები აირჩია და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალ სულიერ ერად, „ღვთის ისრაელად“ ჩამოაყალიბა (გალატელთა 6:16; ლუკა 18:7; საქმეები 10:34–45; 1 პეტრე 2:9).

9, 10. როგორ „შემოკლდა“ რომაელების შემოტევის დღეები და რა შედეგი მოჰყვა ამას?

9 „შეამოკლა“ ღმერთმა ის დღეები და გადარჩნენ იერუსალიმში მყოფი ცხებული რჩეულები? პროფესორი გრეტსი ვარაუდობს, რომ „[ცესტიუს გალუსმა] მიზანშეწონილად არ ჩათვალა თავზეხელაღებულ, თავგამოდებულ მეომრებთან ბრძოლის გაგრძელება და ხანგრძლივი ბრძოლების გაჩაღება წელიწადის იმ დროისთვის, როდესაც მალე დაიწყებოდა შემოდგომის წვიმები . . . რასაც შეიძლება ჯარის უზრუნველყოფა დაებრკოლებინა. ამიტომ ალბათ იფიქრა, რომ უკან დაბრუნება უფრო გონივრული იქნებოდა“. ცესტიუს გალუსი ასე ფიქრობდა თუ სხვაგვარად, ფაქტი ის არის, რომ რომაელთა ჯარები ქალაქს გაეცალნენ, უკან დადევნებულმა იუდეველებმა კი მათ ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს.

10 რომაელთა ჯარების უკან დახევამ, რაც ძალიან საოცარი იყო, „ხორციელს“ — იერუსალიმში საფრთხეში მყოფ იესოს მოწაფეებს — გადარჩენის საშუალება მისცა. მატიანე ამბობს, რომ ქრისტიანებმა ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და თავს უშველეს. რა დიდებულად გამოვლინდა იმ შემთხვევაში ღვთის მიერ მომავლის წინასწარ განჭვრეტისა და თავისი თაყვანისმცემლების გადარჩენის უნარი! მაგრამ რა მოუვიდათ იერუსალიმსა და იუდეაში დარჩენილ ურწმუნო ებრაელებს?

ის თაობა იხილავდა

11. რა თქვა იესომ „ამ მოდგმასთან“ დაკავშირებით?

11 მრავალ იუდეველს ეგონა, რომ მათი თაყვანისმცემლობის სისტემა, რომელშიც ცენტრალური ადგილი ტაძარს ეჭირა, დიდხანს იარსებებდა, მაგრამ იესომ თქვა: „ლეღვისაგან ისწავლეთ. . : როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“ (მათე 24:32–35).

12, 13. როგორ გაიგებდნენ მოწაფეები იესოს სიტყვებს „ეს მოდგმა“?

12 ახ. წ. 66 წლამდე ქრისტიანები იხილავდნენ შედგენილი ნიშნის მომასწავებელი მრავალი ნაწილის შესრულებას — ომებს, შიმშილობას და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საყოველთაოდ ქადაგებასაც კი (საქმეები 11:28; კოლასელთა 1:23). როდისღა დადგებოდა აღსასრული? რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „არ გადავა ეს მოდგმა [ბერძნულად „გენეა]“? ქრისტე მის თანამედროვე მოწინააღმდეგე იუდეველებს — რელიგიურ წინამძღოლთა ჩათვლით — ხშირად „ბოროტ და მრუშ მოდგმას“ უწოდებდა (მათე 11:16; 12:39, 45; 16:4; 17:17; 23:36). ასე რომ, როცა ზეთისხილის მთაზე კვლავ „მოდგმაზე“ ლაპარაკობდა, მას ცხადია მხედველობაში არ ჰყოლია მთელი ისტორიის განმავლობაში მცხოვრები იუდეველები; არც თავისი მიმდევრები, თუმცა ისინი „რჩეული მოდგმის“ წარმომადგენლები იყვნენ (1 პეტრე 2:9). იესოს არც ის უთქვამს, რომ „ეს მოდგმა“ დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხებოდა.

13 იესოს მხედველობაში ჰყავდა ის მოწინააღმდეგე იუდეველები, რომლებიც მის მიერ მიცემული ნიშნის შესრულებას იხილავდნენ. ლუკას 21:32-ში მოხსენიებული „მოდგმის“ შესახებ პროფესორი ჯოელ ბ. გრინი წერდა: «მესამე სახარებაში „ეს მოდგმა“ (და მასთან დაკავშირებული ფრაზები) ყოველთვის იმ კატეგორიის ადამიანთა მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც ღვთის განზრახვის წინააღმდეგ მიდიოდნენ . . . [ის მიუთითებდა] ადამიანებზე, რომლებიც ღვთის განზრახვას ჯიუტად ზურგს აქცევდნენ»b.

14. რა მოუვიდა იმ „მოდგმას“, და როგორი, სრულიად განსხვავებული შედეგით დასრულდა ომი ქრისტიანებისთვის?

14 იუდეველ მოწინააღმდეგეთა ბოროტი მოდგმა, რომელიც იხილავდა ნიშნის შესრულებას, შეესრწრებოდა ამ აღსასრულს (მათე 24:6, 13, 14). და ეს ასეც მოხდა! ახ. წ. 70 წელს რომაელები დაბრუნდნენ, ამჯერად იმპერატორ ვესპასიანეს ძის, ტიტუსის, მეთაურობით. ენით აუწერელი იყო იმ იუდეველთა ტანჯვა, რომლებიც ისევ ქალაქში მომწყვდეულები აღმოჩნდნენc. ამ ამბების თვითმხილველი იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, რომ რომაელების მიერ ქალაქის დანგრევისას დაახლოებით 1 100 000 დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 000 ტყვედ წაასხეს, რომელთა უმრავლესობა მალე შიმშილისგან ან რომის არენებზე დაიღუპა. მართლაც ახ. წ. 66—70 წლების გასაჭირი იერუსალიმისა და იუდეველთა სისტემისთვის უდიდესი იყო. მსგავსი რამ იქ არასოდეს მომხდარა, და არც მოხდებოდა. სრულიად განსხვავებულად დასრულდა ეს ომი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც ყურად იღეს იესოს წინასწარმეტყველური გაფრთხილება და ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარების უკან დახევის შემდეგ იერუსალიმიდან გაიქცნენ. ახ. წ. 70 წელს ცხებული ქრისტიანები ანუ „რჩეულები გადარჩნენ“ (მათე 24:16, 22).

ამ წინასწარმეტყველებას სხვა შესრულებაც უნდა ჰქონოდა

15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს წინასწარმეტყველება ახ. წ. 70 წლის შემდეგ გლობალური მასშტაბით შესრულდებოდა?

15 ეს წინასწარმეტყველება ამით ბოლომდე არ შესრულებულა. ადრე იესომ აღნიშნა, რომ ქალაქის გაპარტახების შემდეგ იეჰოვას სახელით მოვიდოდა (მათე 23:38, 39; 24:2). ზეთისხილის მთაზე ქადაგებისას კი თავის წინასწარმეტყველებაში ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა. მან თქვა, რომ „დიდი გასაჭირის“ შემდეგ გამოჩნდებოდნენ ცრუ ქრისტეები და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იერუსალიმი წარმართთა მიერ იქნებოდა გათელილი (მათე 24:21, 23–28; ლუკა 21:24). ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ მოსალოდნელი იყო ამ წინასწარმეტყველების გლობალური მასშტაბით შესრულება? ფაქტები ამ კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. თუ გამოცხადების 6:2–8-ს (რომელიც იერუსალიმში ახ. წ. 70 წელს მომხდარი დიდი გასაჭირის შემდეგ დაიწერა) მათეს 24:6–8-სა და ლუკას 21:10, 11-თან შევადარებთ, დავინახავთ, რომ წინ უფრო დიდი ომები, საკვების მეტი უკმარისობა და ეპიდემიები იყო მოსალოდნელი. ასე რომ, იესოს სიტყვების უფრო დიდი შესრულება 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებით დაიწყო.

16–18. რას ველოდებით მომავალში?

16 უკვე ათეული წლებია იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, რომ დღეს ამ ნიშნის შესრულება „დიდი გასაჭირის“ ჯერ კიდევ მომავალში ყოფნის დამადასტურებელია. დღევანდელი ბოროტი „მოდგმა“ დაინახავს ამ გასაჭირს. როგორც ჩანს, კვლავ იქნება რაღაც საწყისი ფაზა (ყველა ცრუ რელიგიის წინააღმდეგ გამოსვლა), რაც ძალიან ემსგავსება ახ. წ. 66 წელს გალუსის შეტევას, რითაც იერუსალიმში გასაჭირი დაიწყოd. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, რომლის ხანგრძლივობაც არ არის ცნობილი, დადგება აღსასრული — მსოფლიო მასშტაბის განადგურება, რომელიც ახ. წ. 70 წელს მომხდარი განადგურების ანალოგიური იქნება.

17 მომავალ გასაჭირზე ლაპარაკისას იესომ აღნიშნა: „მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ [ცრუ რელიგიის განადგურების შემდგომ] მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით (მათე 24:29, 30).

18 ამგვარად, იესომ თვითონვე აღნიშნა, რომ „გასაჭირის იმ დღეების შემდგომ“ გარკვეული ციური მოვლენები მოხდებოდა (შეადარეთ იოველი 3:1–5; 4:15). ეს ისე შეაძრწუნებს და თავზარს დასცემს ურჩ კაცობრიობას, რომ ‘მოთქმას მოჰყვებიან‘. მრავალს „გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით“. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანების საქმე სხვაგვარად წარიმართება. ისინი ‘თავებს ასწევენ, რადგან მოახლოებული იქნება მათი ხსნა’ (ლუკა 21:25, 26, 28).

სამსჯავრო წინ არის!

19. რის საფუძველზე შეგვიძლია დავადგინოთ, როდის შესრულდება იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?

19 ყურადღება მიაქციეთ, რომ მათეს 24:29–31-ში შემდეგი წინასწარმეტყველებაა მოცემული: 1) ძე კაცისა მოდის; 2) დიდებით მოდის; 3) თან ახლავს ანგელოზები და 4) დედამიწის ყველა ტომი იხილავს მას. იესო ყოველივე ამას ცხვრებისა და თხების შესახებ იგავშიც იმეორებს (მათე 25:31–46). ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ იგავში ლაპარაკია დიდი გასაჭირის დაწყების შემდგომ პერიოდზე, როდესაც იესო თავის ანგელოზებთან ერთად მოვა და მოსამართლის ტახტზე დაჯდება (იოანე 5:22; საქმეები 17:31; შეადარეთ მესამე მეფეთა 7:7; დანიელი 7:10, 13, 14, 22, 26; მათე 19:28). ვინ გასამართლდება და რა შედეგით? იგავში ნაჩვენებია, რომ იესო ყოველ ერს მიაპყრობს ყურადღებას, თითქოს ისინი მისი ციური ტახტის წინ იყვნენ თავმოყრილი.

20, 21. ა) რა მოუვათ იესოს იგავში მოყვანილ ცხვრებს? ბ) რა მომავალი ელით თხებს?

20 ცხვრისმაგვარ ადამიანებს იესო თავის მარჯვნივ იყენებს, რაც მის კეთილგანწყობაზე მიუთითებს. რატომ? ამ ხალხმა ხელიდან არ გაუშვა მისი ძმებისადმი — ქრისტეს ზეციერ სამეფოში მასთან ერთად თანამმართველი ცხებული ქრისტიანებისადმი — სიკეთის გამოვლენის შესაძლებლობა (დანიელი 7:27; ებრაელთა 2:9–3:1). იგავის თანახმად, მილიონობით ცხვრისმაგვარმა ქრისტიანმა სცნო იესოს სულიერი ძმები და მხარს უჭერს მათ. შედეგად, ამ „უამრავ ხალხს“, ბიბლიის საფუძველზე, „დიდი გასაჭირიდან“ გადარჩენისა და ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოში, სამოთხეში, მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9, 14; 21:3, 4; იოანე 10:16).

21 თხების საქმე კი სულ სხვაგვარად წარიმართება. მათეს 24:30-ის თანახმად, ისინი იესოს მოსვლისას ‘მოთქმას მოჰყვებიან’ და არა უმიზეზოდ, რადგან სამეფოს შესახებ ცნობის უარმყოფელებისა და იესოს მოწაფეების მოწინაღმდეგეების სახელი შეიქმნეს და ღვთის სამეფოს ამჯობინეს წუთისოფელი, რომელიც გადადის (მათე 10:16–18; 1 იოანე 2:15–17). თავად იესო ადგენს — და არა დედამიწაზე მცხოვრები მისი მოწაფეები — თხების ვინაობას, რომლებიც ქრისტეს სიტყვების თანახმად, ‘საუკუნოდ მოიკვეთებიან’ (მათე 25:46, აქ).

22. იესოს წინასწარმეტყველების კიდევ რა ნაწილი მოითხოვს ჩვენს ყურადღებას?

22 ნამდვილად აღმაფრთოვანებელია მათეს 24-ე და 25-ე თავებში მოცემული წინასწარმეტყველებების უფრო ღრმა გაგება. მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებაში არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს — ეს არის ‘წმიდა ადგილზე მდგომი გატიალების სიბილწე’. იესო მოწაფეებს მოუწოდებდა, გონიერება გამოევლინათ ამ საკითხთან დაკავშირებით და მზად ყოფილიყვნენ მოქმედებისთვის (მათე 24:15, 16). რა არის „გატიალების სიბილწე“? როდის დგება წმინდა ადგილზე? როგორ ეხება ყოველივე ეს ჩვენს დღევანდელ და მომავალ ცხოვრებას? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

[სქოლიოები]

a იხილეთ 1994 წლის 1 აგვისტოს, br-10, მე-5, მე-6 და 1996 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები.

b ინგლისელი სწავლული ჯ. რ. ბიზლი-მერი აღნიშნავს: «მთარგმნელებისთვის ფრაზა „ეს მოდგმა“ არავითარ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს მაშინ, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულზე „გენეა“ ნიშნავდა დაბადებას, შთამომავლობას, და აქედან გამომდინარე მოდგმას . . . [ბერძნულ „სეპტუაგინტაში“] ის ხშირად გამოიყენებოდა ებრაული სიტყვის „დორ“- ის სათარგმნად, რომელიც ნიშნავდა ადამიანის ასაკს, კაცობრიობის ასაკს ან მოდგმას თაობის გაგებით . . . იესოს სიტყვებში ეს გამოთქმა ორგვარი მნიშვნელობით გვხვდება: პირველი — ის ყოველთვის მიუთითებს თავის თანამედროვე ხალხზე, და მეორე — ყოველთვის უარყოფითი დატვირთვით იყენებს».

c წიგნში „იუდეველთა ისტორია“ პროფესორი გრეტსი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ რომაელები დღეში 500 ტყვეს აკრავდნენ ძელზე. სხვა იუდეველ ტყვეებს ხელებს ჰკვეთდნენ და ქალაქში აბრუნებდნენ. რა მდომარეობა იყო იქ? „ფულმა ფასი დაკარგა. პურის ყიდვა შეუძლებელი იყო. მამაკაცები ქუჩებში აქოთებული და გაფუჭებული საზრდოსთვის, ერთი მუჭა ნამჯისთვის, ტყავის ნაგლეჯისა თუ ძაღლებისთვის გადაგდებული გუჯაბისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ . . . ზაფხულის თაკარა სიცხეში დაუმარხავი გვამების მომრავლებამ გადამდები დაავადებების გავრცელება გამოიწვია, შედეგად კი ზოგი დაავადებისგან, ზოგი შიმშილისგან, და ზოგიც მახვილისგან დაიხოცა“.

d მომავალი გასაჭირის ეს მხარე განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

◻ როგორ შესრულდა მათეს 24:4–14 პირველ საუკუნეში?

◻ დედამიწაზე მოციქულების ცხოვრების პერიოდში როგორ შემოკლდნენ დღეები, და მათეს 21:21, 22-ის წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ გადარჩა „ხორციელი“?

◻ რა ახასიათებს მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „მოდგმას“?

◻ საიდან ვიცით, რომ ზეთისხილის მთაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას სხვა, უფრო ფართო მასშტაბის შესრულება ექნებოდა?

◻ როდის და როგორ შესრულდება იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?

[სურათი 12 გვერდზე]

რომში, ტიტუსის თაღზე, გამოსახულია იერუსალიმის დანგრევისას გატაცებული ნადავლი.

[საავტორო უფლება]

Soprintendenza Archeologica di Roma

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება