საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 74-გვ. 82
  • „ბოლო დღეები“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ბოლო დღეები“
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ვინმე გეუბნება. . .
  • ახლოსაა ‘წუთისოფლის აღსასრული’!
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • მიაქცევ თუ არა ყურადღებას ღმერთის გაფრთხილებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 74-გვ. 82

„ბოლო დღეები“

განმარტება: ბიბლიაში ფრაზა „ბოლო დღეები“ მიუთითებს დროის მონაკვეთზე, რომელიც წინ უსწრებს ღვთის განაჩენის აღსრულებას და გარკვეული წყობის, სისტემის განადგურებას. იუდეველთა თეოკრატიულ წყობილებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იერუსალიმის ტაძარი და იქ არსებული თაყვანისმცემლობა იყო, ბოლო დღეები დაუდგა ახ. წ. 70 წლის წინა პერიოდში. მაშინდელი მოვლენები იმის მაჩვენებელი იყო, თუ რა მოხდებოდა მსოფლიო მასშტაბითა და უფრო დიდი სიმძაფრით, ვიდრე ქვეყნიერებაზე ღვთის განაჩენი აღსრულდებოდა. ამ ბოროტი წყობილების ანუ ქვეყნიერების ბოლო დღეები დაიწყო 1914 წელს.

რა ამტკიცებს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო ამ მნიშვნელოვანი პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენები. მასში მოცემული „ნიშანი“ ბევრი თავისებურებისგან შედგება. ამიტომ ეს „ნიშანი“ მხოლოდ მაშინ შესრულდებოდა, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვალნათლივ გამოვლინდებოდა მისი ყველა თავისებურება. ეს თავისებურებები მოცემულია მათეს 24-ე და 25-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებში, 2 ტიმოთეს 3:1—5-ში, 2 პეტრეს 3:3, 4-სა და გამოცხადების 6:1—8-ში. მაგალითისთვის შევეხოთ „ნიშნის“ რამდენიმე თავისებურებას.

„ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათ. 24:7).

ათასობით წელია, რაც ომები სიცოცხლეს უმწარებს ადამიანებს. ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნებს შორის მიმდინარე ომები ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ეს არ ყოფილა მხოლოდ ორი ქვეყნის დაპირისპირება. პირველად ისტორიაში, ომში ჩაება მსოფლიოს ყველა გავლენიანი სახელმწიფო. საბრძოლო მოქმედებებისთვის მობილიზებული იყო არა მარტო სამხედრო ძალები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც. ვარაუდობენ, რომ პირველი მსოფლიო ომი უშუალოდ შეეხო მსოფლიო მოსახლეობის 93 პროცენტს (ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 1914 წელს ისტორიაში, იხილეთ 79-ე და მე-80 გვერდებზე).

გამოცხადების 6:4-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ‘მშვიდობა წაღებული იქნებოდა დედამიწიდან’. 1914 წლიდან მსოფლიოში ბოლო არ უჩანს არეულობებს. 1939—1945 წლებში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი. 1982 წელს ყოფილმა ადმირალმა ლა როსკმა აღნიშნა, რომ 1945 წლიდან მოყოლებული 270 ომი მოხდა. გასულ საუკუნეში ომებს 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი პუბლიკაციის მონაცემებით, მხოლოდ 1982 წელს სამხედრო ოპერაციებში ამა თუ იმ სახით 100 მილიონი ადამიანი იყო ჩაბმული („World Military and Social Expenditures“).

უფრო უარესი რამ უნდა მოხდეს ამ წინასწარმეტყველების შესასრულებლად? დღეს ათიათასობით ბირთვული იარაღის ამოქმედება ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. წამყვანი მეცნიერები ამბობენ, რომ სახელმწიფოების მარაგში არსებული ბირთვული იარაღის მცირე ნაწილიც კი საკმარისია ცივილიზებული მსოფლიოს და, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის გასანადგურებლად. მაგრამ ასეთ აღსასრულს ბიბლია არ წინასწარმეტყველებს.

„იქნება საკვების უკმარისობა . . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათ. 24:7).

ისტორიის განმავლობაში შიმშილობის არაერთი შემთხვევა იყო. რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ XX საუკუნეში? მსოფლიო ომებს ევროპასა და აზიაში დიდი შიმშილობა მოჰყვა. გვალვების შედეგად აფრიკაში უამრავი ადამიანი შიმშილობდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 1980 წლის მიწურულს 450 მილიონი ადამიანი შიმშილობდა, დაახლოებით მილიარდს კი არ ჰქონდა საკმარისი საკვები. შიმშილობის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 40—50 მილიონი ადამიანი იღუპება.

თუ შიმშილობები ადრეც იყო, რით განსხვავდება თანამედროვე მდგომარეობა? დღეს ხალხი შიმშილობს იმის მიუხედავად, რომ საკვები ყველასათვის არის სამყოფი. ზოგ ქვეყანაში საკვები საკმარისზე მეტია და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით სწრაფად შეიძლება მისი ტრანსპორტირება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება სახელმწიფო პოლიტიკისა და კომერციული ინტერესების გამო. ქვეყნებს, რომლებშიც მილიონები შიმშილობენ, საუკეთესო საკვები პროდუქტები საექსპორტოდ გააქვთ იქ, სადაც ისედაც უხვად არის საკვები. დღეს ეს გლობალური პრობლემაა და კონკრეტული ტერიტორიით არ შემოიფარგლება. 1981 წელს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმზი“ წერდა: „ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ და მთელ მსოფლიოში საკვებზე მოთხოვნილების ზრდამ კვების პროდუქტებზე ფასების აწევა განაპირობა. ეს კი უღარიბეს ქვეყნებს კიდევ უფრო ურთულებს საჭირო პროდუქტების იმპორტირებას“. ბევრ ქვეყანაში თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის პირობებშიც ვერ ხერხდება საკვები პროდუქტების მოყვანისა და წარმოების ზრდა იმ დონემდე, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებები. ექსპერტები შექმნილი მდგომარეობიდან რეალურ გამოსავალს ვერ ხედავენ.

„იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკ. 21:11).

ძლიერი მიწისძვრები წარსულშიც ხდებოდა. თანამედროვე მგრძნობიარე ტექნიკური საშუალებებით მეცნიერები წელიწადში მილიონზე მეტ ბიძგს აფიქსირებენ. თუმცა სპეციალური აპარატურა სულაც არ არის საჭირო, როცა დიდი მიწისძვრა ხდება.

ნამდვილად გაიზარდა ძლიერი მიწისძვრების რიცხვი 1914 წლიდან? ბულდერის გეოფიზიკურ მონაცემთა ეროვნული ცენტრის (კოლორადოს შტატი, აშშ) მონაცემებისა და სხვა ავტორიტეტული წყაროების საფუძველზე 1984 წელს შეადგინეს ცხრილი. მასში შეიტანეს მიწისძვრები, რომელთა სიმძლავრეც რიხტერის სკალით 7,5 ბალი და უფრო მეტი იყო, რომლებსაც თან სდევდა ხუთი მილიონი და უფრო მეტი დოლარის ზარალი, ან რომლებმაც შეიწირა 100 და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ 1914 წლამდე 2 000 წლის განმავლობაში 856 ასეთი მიწისძვრა მოხდა. 1914 წლიდან კი, სულ რაღაც 69 წელიწადში, 605 ასეთი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა 2 000 წელთან შედარებით 1914 წლიდან წელიწადში საშუალოდ 20-ჯერ მეტი მიწისძვრა ხდება.

„ეპიდემიები . . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკ. 21:11).

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ესპანურმა გრიპმა, როგორც ამბობენ, მთელ მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო ისტორიაში. მედიცინის წინსვლის მიუხედავად, ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, მალარია, ონქოცერკოზი და შაგასის დაავადება.

‘უკანონობის გამრავლება და ხალხში სიყვარულის განელება’ (მათ. 24:11, 12).

ერთმა ცნობილმა კრიმინოლოგმა თქვა: „როცა მსოფლიოში არსებულ დამნაშავეობას აკვირდები, აშკარად თვალში გხვდება მისი გავრცელების მასშტაბები და სისწრაფე. და თუ არსებობს გამონაკლისი ტერიტორიები, მალე შეიძლება ისინიც წალეკოს დამნაშავეობამ“ („The Growth of Crime“, ნიუ-იორკი, 1977, სერ ლეონ რაჟინოვიჩი, ჯოან კინგი, გვ. 4, 5). დამნაშავეობის ზრდა აშკარაა. ამის თქმის საფუძველს მხოლოდ ის არ გვაძლევს, რომ ხალხი დღეს უკეთესად არის ინფორმირებული. მართალია, დამნაშავეობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ასე გავრცელებული არასოდეს ყოფილა. ასაკოვანი ადამიანები თავად არიან ამის მომსწრენი.

ნაწინასწარმეტყველები უკანონობა ღვთის კანონების უგულებელყოფასაც გულისხმობს. ხალხი საკუთარ „მე“-ზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ღმერთზე. ამის შედეგად სწრაფად მატულობს განქორწინებათა რიცხვი, ხალხისთვის მისაღები გახდა სიძვა, მრუშობა და ჰომოსექსუალიზმი, ყოველწლიურად ათობით მილიონი აბორტი კეთდება. ასეთი უკანონობა (მათეს 24:11, 12-ში) დაკავშირებულია ცრუწინასწარმეტყველებთან, რომლებიც ღვთის სიტყვაზე წინ საკუთარ იდეებს აყენებენ და ზეგავლენას ახდენენ ხალხზე. ბიბლიის რჩევების ნაცვლად მათი ფილოსოფიური შეხედულებების გათვალისწინება ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში სიყვარულის განელებას (1 იოან. 4:8). წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5.

„იქნება საზარელი მოვლენები“ (ლუკ. 21:11).

„თუ ცალკეულ გრძნობებზე ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ცხოვრებაზე ყველაზე მეტად შიში ახდენს გავლენას“ („U.S. News & World Report“, 11 ოქტომბერი, 1965, გვ. 144). „კაცობრიობა შიშით ასე არასდროს ყოფილა მოცული“, — ნათქვამი იყო ერთ გერმანულ ჟურნალში („Hörzu“, 20 ივნისი, 1980, გვ. 22).

მას განაპირობებს ბევრი ფაქტორი: ძალადობა, უმუშევრობა, საგარეო ვალებით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობა, გარემოს დაბინძურება, ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბირთვული განადგურების საფრთხე.

‘ქრისტეს მიმდევრებს შეიძულებდა ყველა ხალხი მისი სახელის გამო’ (მათ. 24:9).

ჭეშმარიტ ქრისტიანებს ‘იესო ქრისტეს სახელის გამო’ დევნიან, რადგან იეჰოვას მიერ დანიშნული მეფის ერთგულნი არიან, ყველა სხვა მმართველზე მეტად ქრისტეს ემორჩილებიან, მხარს უჭერენ მის სამეფოს და არ ერევიან ქვეყნიერების პოლიტიკაში. თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის დევნა არ არის უცხო.

„სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14).

ეს სასიხარულო ცნობა ეხება ღვთის სამეფოს, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. ღვთის სამეფო უკვე დამყარდა ზეცაში და მალე ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას. მისი მმართველობის დროს ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. დღეს სასიხარულო ცნობის ქადაგება 200-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ცნობა დედამიწის უშორეს ადგილებსაც სწვდება. იეჰოვას მოწმეები ამ საქმეს ყოველწლიურად ასობით მილიონ საათს უძღვნიან. ისინი კვლავ და კვლავ აკითხავენ ხალხს, რათა ყველას მიეცეს სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა.

რაზე მიუთითებს „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული ეს მოვლენები?

ლუკ. 21:31, 32: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო [ანუ დრო, როცა ის გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას და თვითონ უხელმძღვანელებს დედამიწას]. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (ნაწინასწარმეტყველები მოვლენები სრულდება 1914 წლიდან. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს დრო ახლოსაა).

რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები, რომ „ბოლო დღეები“ 1914 წლიდან დაიწყო?

1914 წლის გამოთვლა ბიბლიის წინასწარმეტყველებების საფუძველზე ხდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები 166—168 („თარიღები“). ამ თარიღის სისწორეს ისიც ადასტურებს, რომ 1914 წლიდან ზუსტად სრულდება „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული ნაწინასწარმეტყველები მოვლენები. ამას ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც ამტკიცებს.

რა შეფასებას აძლევენ ისტორიკოსები 1914 წელს?

«როცა წარსულს ვუყურებთ, ნათლად ვხედავთ, რომ I მსოფლიო ომის დაწყებით შევაბიჯეთ — ბრიტანელი ისტორიკოსის არნოლდ ტოინბის სიტყვებით თუ ვიტყვით — მეოცე საუკუნის „მღელვარების პერიოდში“, რომელსაც მსოფლიო დღემდე ვერასგზით აღწევს თავს. საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი ყველა არეულობა, პირდაპირ თუ ირიბად, 1914 წელს უკავშირდება» („The Fall of the Dynasties: The Collapse of the Old Order“, ნიუ-იორკი, 1963, ედმონდ ტეილორი, გვ. 16).

„ჩემი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც II მსოფლიო ომს მოვესწარით, ამ კონფლიქტს ყოველთვის თანამედროვეობის უდიდეს გარდატეხად ჩავთვლით . . . ჩვენ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ, რომ ამ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანი ცვლილებები I მსოფლიო ომს მოჰყვა. მაშინ სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა საუკუნეების მანძილზე აგებული პოლიტიკური თუ სოციალური სისტემების დანგრევას. იმან კი, რაც ამ ნგრევას გადაურჩა, სამუდამოდ იცვალა სახე. სწორედ I-მა მსოფლიო ომმა შეურყია საფუძველი საუკუნოვან იდეებს . . . II მსოფლიო ომმა კიდევ უფრო დააჩქარა და გააძლიერა ეს პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ II მსოფლიო ომი I მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლა იყო“ („The Age of Uncertainty“, ბოსტონი, 1977, ჯონ გალბრეითი, გვ. 133).

„უკვე ნახევარმა საუკუნემ განვლო, მაგრამ ჭრილობა, რომელიც [1914 წელს დაწყებულმა] პირველმა მსოფლიო ომმა ხალხის ხორცსა და სულს დააჩნია, ჯერაც მოუშუშებელია . . . ფიზიკური თუ მორალური თვალსაზრისით ეს არნახული განსაცდელი იყო. ქვეყნების მართვის სისტემები და საზღვრები, კანონები, შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო ურთიერთობები, ხალხის მსოფმხედველობა, ოჯახური ცხოვრება, ადამიანთა მდგომარეობა და ურთიერთობა — ანუ მთლიანად საზოგადოება — ძირფესვიანად შეიცვალა . . . კაცობრიობამ დღემდე ვერ აღიდგინა წონასწორობა, რომელიც მაშინ საბოლოოდ დაკარგა“ (ეს სიტყვები შარლ დე გოლმა წარმოთქვა 1968 წელს, „Le Monde“, 12 ნოემბერი, 1968, გვ. 9).

გადაურჩება ვინმე ამ ქვეყნიერების აღსასრულს?

დიახ, გადაურჩება, რადგან ქვეყნიერება არ განადგურდება ბირთვული ომის შედეგად და ყველა განურჩევლად არ დაიღუპება. ქვეყნიერების აღსასრული დადგება „დიდი გასაჭირის“ დროს, რომლის კულმინაციაც იქნება ომი „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14, 16). ამ ომში არც დედამიწა განადგურდება და არც ყველა ადამიანი.

მათ. 24:21, 22: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (აქედან გამომდინარე, „ხორციელთაგან“ ანუ ადამიანთაგან ზოგიერთი გადარჩება).

იგავ. 2:21, 22: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.

ფსალმ. 37:29, 34: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე. იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“.

რატომ ითმენს ღმერთი ამდენ ხანს და არ ანადგურებს ბოროტებს?

2 პეტ. 3:9: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“.

მარ. 13:10: „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“.

მათ. 25:31, 32, 46: „როცა მოვა კაცის ძე [იესო ქრისტე] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. და ესენი [ვინც ქრისტეს სულიერ ძმებს მის წარმომადგენლებად არ მიიჩნევს] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“.

იხილეთ აგრეთვე გვერდები 84, 85, 308, 309.

თუ ვინმე გეუბნება. . .

„ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და დამნაშავეობა ყოველთვის იყო“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „გასაგებია, რატომ ფიქრობთ ასე. ჩვენ დავიბადეთ მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად ხდება ასეთი მოვლენები. მაგრამ ისტორიკოსების თქმით, ჩვენი ეპოქა საკმაოდ განსხვავდება წინა საუკუნეებისგან“ (წაუკითხე 79-ე გვერდზე მოცემული ციტატები).

ან შეგიძლია უთხრა: „ისტორიის მანძილზე სხვადასხვა პერიოდში ნამდვილად იყო ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და დამნაშავეობა. მაგრამ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენა ერთი პერიოდისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: «მას არ უთქვამს, რომ მხოლოდ ერთი მოვლენით უნდა მივმხვდარიყავით „ბოლო დღეების“ დადგომას. ამის მაჩვენებელი იქნებოდა ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენის შესრულება, თანაც მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ეს მოვლენები უნდა დაწყებულიყო წლიდან, რომლის განსაზღვრაც ბიბლიის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი» (იხილე გვერდები 74—79, აგრეთვე გვერდები 166—168).

„რა იცით, რომ მომავალი თაობების დროს უფრო ზუსტად არ შესრულდება ეს წინასწარმეტყველებები?“

შეგიძლია ასე უპასუხო: «საინტერესო კითხვაა. იცით, რატომ ვამბობთ, რომ ნამდვილად „ბოლო დღეებია“? მაგალითად, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ომები ერებსა და სამეფოებს შორის. თუ იმაზე უარესი უნდა მოხდეს, ვიდრე დღეს ვხედავთ, მაშინ უძლიერეს სახელმწიფოებს შორის უნდა დაიწყოს ომი. ასეთ ომს მხოლოდ ერთეულები თუ გადაურჩებიან, ღვთის განზრახვით კი ბევრი ადამიანი უნდა გადარჩეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა».

ან შეგიძლია უთხრა: „ნაწინასწარმეტყველები მოვლენები შეიძლება შევადაროთ თითის ანაბეჭდებს. არ არსებობს ორი ერთნაირი ანაბეჭდი. 1914 წლიდან განვითარებული მოვლენები ზუსტად ემთხვევა ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს. ზუსტად ასეთი დრო მომავალში აღარ გამეორდება“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „დღეს უკვე სრულდება ყველაფერი, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო“. 2) „ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ნოეს დროს მცხოვრებ ადამიანებს დავემსგავსოთ“ (მათეს 24:37—39).

„ჩვენ ვერ მოვესწრებით აღსასრულს“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „მაგრამ ალბათ გჯერათ, რომ ადრე თუ გვიან ღმერთი მიიღებს ზომებს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ცხადია, რომ ღვთის დახმარების გარეშე, ვერ გავიგებთ, როდის მოხდება ეს. იესომ პირდაპირ თქვა, რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის იმ დღესა და საათზე. მაგრამ მან დაწვრილებით აღწერა, თუ რა უნდა მომხდარიყო აღსასრულის წინა პერიოდში“. 2) „რაც მან თქვა, ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება“ (თუ შესაძლებელია, განიხილე წინა გვერდებზე მოცემული მასალა და გაესაუბრე ნაწინასწარმეტყველები „ნიშნის“ ზოგიერთ თავისებურებაზე).

„ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობ; რაც იქნება, იქნება“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „ძალიან კარგია, რომ მეტისმეტად არ განიცდით, თუ რა მოხდება მომავალში. მაგრამ ყველა ვცდილობთ ცხოვრების დაგეგმვას როგორც ჩვენს, ისე ჩვენი ახლობლების საკეთილდღეოდ. გონივრულია, თუ ამ დროს რეალურ სიტუაციას ვითვალისწინებთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება. ამიტომ ისე უნდა დავგეგმოთ ცხოვრება, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი მომავალი“ (იგავ. 1:33; 2 პეტ. 3:13).

„მე ცუდზე არ ვფიქრობ, ოპტიმისტი ვარ“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „იესომ თქვა, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ მის მიმდევრებს ნამდვილად ექნებოდათ ოპტიმიზმის მიზეზი“ (ლუკ. 21:31). შემდეგ შეგიძლია უთხრა: „მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ მათ თვალი უნდა დაეხუჭათ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. მათი ოპტიმიზმის საფუძველი იქნებოდა ამ მოვლენების მნიშვნელობისა და იმის ცოდნა, თუ რით დამთავრდებოდა ყოველივე“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება