თავი 4
იესო მოდის, რათა გაამხნეოს
1. ვის მიმართავს იოანე და ვის უნდა აინტერესებდეს ეს ცნობა დღეს?
რაზეც ახლა ვისაუბრებთ, განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეს კრებებად გაერთიანებულ ღვთის ხალხს. ჩვენ გავარჩევთ რამდენიმე განსაკუთრებით აქტუალურ ცნობას, რადგან „დანიშნული დრო“ ახლოსაა (გამოცხადება 1:3). მათი გათვალისწინება ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. ჩვენ ვკითხულობთ: «იოანე — შვიდ კრებას აზიაში: წყალობა და მშვიდობა თქვენ მისგან, „ვინც არის, იყო და მოდის“, და შვიდი სულისგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესგან» (გამოცხადება 1:4, 5ა).
2. ა) რას აღნიშნავს რიცხვი შვიდი? ბ) უფლის დღის დადგომიდან მოყოლებული ვის ეხება შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები?
2 იოანე „შვიდ კრებას“ მიმართავს, რომელთა სახელებსაც მოგვიანებით შევიტყობთ. რიცხვი შვიდი ხშირად მეორდება „გამოცხადებაში“ და სისავსის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია ღმერთსა და მის ცხებულთა კრებაზე. ცხებულთა შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები დღესაც ეხება ღვთის ხალხს, რადგან უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში იზრდება კრებების რიცხვი და ათობით ათასს აღწევს (გამოცხადება 1:10). იოანეს ცნობა მართლაც მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებისთვის და მათთვის, ვინც ღვთის ცნობას უსმენს.
3. ა) როგორც იოანეს მისალმებიდან ჩანს, ვისგან მომდინარეობს „წყალობა და მშვიდობა“? ბ) პავლე მოციქულის რომელ სიტყვებს მოგვაგონებს იოანეს მისალმება?
3 „წყალობა და მშვიდობა“ ყველას გვსიამოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვესმის, ვისგან მომდინარეობს. უზენაესი უფალი, მარადცოცხალი ღმერთი იეჰოვა, „მარადიულობის მეფე“ ერთსაც გვაძლევს და მეორესაც (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 90:2). მუხლში „შვიდი სულიც“ მოიხსენიება, რაც წმინდა სულის, ღვთის ძალის მოქმედების სისრულის სიმბოლოა. წმინდა სული ცოდნას სძენს და აკურთხებს ყველას, ვინც გულისყურით ეკიდება წინასწარმეტყველებას. იესო ქრისტესაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვისზეც მოგვიანებით იოანემ დაწერა: „ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1:14). იოანეს მისალმება მოგვაგონებს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლითაც კორინთელებისთვის მიწერილი მეორე წერილი დაასრულა: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და წმინდა სულთან მოზიარეობა იყოს ყველა თქვენგანთან“ (2 კორინთელები 13:13, 14). გვსურს, რომ ჩვენც, ჭეშმარიტების მოყვარულთაც გვეხებოდეს ეს სიტყვები (ფსალმუნი 119:97).
„ერთგული მოწმე“
4. როგორ აღწერს იოანე იესო ქრისტეს, და რატომ შეეფერება მისი სიტყვები იესოს მდგომარეობას?
4 იეჰოვას შემდეგ მთელ სამყაროში ყველაზე დიდებული პიროვნება იესოა. ეს იოანემაც დაადასტურა, როცა ის აღწერა, როგორც « „ერთგული მოწმე“, „მკვდართაგან პირმშო“ და „დედამიწის მეფეთა მთავარი“ » (გამოცხადება 1:5ბ). იესოს მთვარესავით ურყევი მდგომარეობა უკავია ზეცაში. ღვთის ძე ყველაზე დიდებული მოწმეა იმისა, რომ იეჰოვაა ღმერთი (ფსალმუნი 89:37). სანამ შეეწირებოდა, იესომ ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება, მკვდრეთით აღდგა და პირველი დაუბრუნდა უკვდავ სულიერ სიცოცხლეს (კოლოსელები 1:18). ამჟამად ის იეჰოვას წინაშეა, ყველა მიწიერ მეფეზე აღმატებულია და მიცემული აქვს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ (მათე 28:18; ფსალმუნი 89:27; 1 ტიმოთე 6:15). 1914 წელს ის გამეფდა და დაიწყო მმართველობა დედამიწის ერებს შორის (ფსალმუნი 2:6—9).
5. ა) როგორ გამოხატავს მადლიერებას იოანე უფალ იესო ქრისტეს მიმართ? ბ) ვისთვის გაიღო იესომ მსხვერპლად თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე, და რა განსაკუთრებულ კურთხევას იღებენ ცხებული ქრისტიანები?
5 იოანე კვლავ მადლიერებით მოიხსენიებს უფალ იესო ქრისტეს: „მას, ვისაც ვუყვარვართ და ვინც საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან, და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გაგვხადა, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად. ამინ“ (გამოცხადება 1:5გ, 6). იესომ თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაიღო, რათა თავისი მორწმუნეებისთვის სრულყოფილი სიცოცხლე დაებრუნებინა. მათ რიცხვს შეიძლება, თქვენც მიეკუთვნებოდეთ, ძვირფასო მკითხველო! (იოანე 3:16). იესოს მსხვერპლს განსაკუთრებული კურთხევები იოანეს მსგავსი ცხებული ქრისტიანებისთვის მოაქვს. ისინი მართლებად ცხადდებიან იესოს გაღებული გამოსასყიდით. ღვთის სულით შობილი მცირე სამწყსოს წევრები იესოს მსგავსად უარს ამბობენ დედამიწაზე ცხოვრების იმედზე და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს სამეფოში მეფეებად და მღვდლებად მსახურებას მოელიან (ლუკა 12:32; რომაელები 8:18; 1 პეტრე 2:5; გამოცხადება 20:6). მათ მართლაც დიდებული მომავალი ელით! გასაკვირი არ არის, ასე დარწმუნებით რატომ თქვა იოანემ, რომ დიდება და ძლევამოსილება იესოს ეკუთვნოდა!
„ღრუბლებით მოდის“
6. ა) რას გულისხმობს იოანე სიტყვებში იესო „ღრუბლებით მოდის“, და იესოს რომელი წინასწარმეტყველება გაახსენდებოდა მაშინ იოანეს? ბ) როგორ „მოდის“ იესო და ვის დაატყდება თავს დიდი მწუხარება დედამიწაზე?
6 იოანე აღფრთოვანებით განაგრძობს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა — და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი. ამინ“ (გამოცხადება 1:7). ამ დროს იოანეს უეჭველად გაახსენდებოდა იესოს მიერ ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება ქვეყნიერების აღსასრულზე. იესომ იწინასწარმეტყველა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მათე 24:3, 30). იესო იმ გაგებით „მოვა“, რომ სისრულეში მოიყვანს იეჰოვას მიერ ერებისთვის გამოტანილ განაჩენს. დედამიწაზე უეცარი ცვლილებები მოხდება, და რადგან „დედამიწის ყველა ტომი“ უგულებელყოფს იესოს მეფობას, მათ თავს დაატყდებათ „ყოვლისშემძლე ღვთის რისხვა“ (გამოცხადება 19:11—21; ფსალმუნი 2:2, 3, 8, 9).
7. როგორ „დაინახავს“ იესოს „ყოველი თვალი“, მათ შორის ურჩების თვალიც?
7 მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ უთხრა მათ: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“ (იოანე 14:19). მაშ, როგორ „დაინახავს მას ყოველი თვალი“? იესოს მტრები ვერ იხილავენ მას ფიზიკურად, რადგან, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, ზეცად ამაღლების შემდეგ იესო „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში“ და „კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ მას (1 ტიმოთე 6:16). როგორც ჩანს, სიტყვაში „დაინახავს“ იოანე მიხვედრას გულისხმობს, ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ ღვთის უხილავ თვისებებს მისი შემოქმედების წყალობით (რომაელები 1:20). იესოს ‘მოსვლა ღრუბლებით’ ისევე უხილავი იქნება თვალისთვის, როგორც მზე ღრუბლებს მიღმა. დღისით ღრუბლიან ამინდშიც კი არ გვეპარება ეჭვი, რომ მზე ანათებს, რადგან დღეა და ნათელია. ასევე, უფალი იესო თვალისთვის უხილავია, მაგრამ ის „გამოჩნდება“ „აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, . . ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას. . . [იესოს] შესახებ“. მათაც მოუწევთ მისი „დანახვა“ (2 თესალონიკელები 1:6—8; 2:8).
8. ა) ვინ განგმირა იესო ახ. წ. 33 წელს და ვინ არიან დღეს მისი „განმგმირავები“? ბ) როგორ „განგმირავენ“ იესოს, თუკი ის დედამიწაზე აღარ ცხოვრობს?
8 იესოს ისინიც „დაინახავენ“, „ვინც ის განგმირა“. ვინ შეიძლება იყვნენ ისინი? ახ. წ. 33 წელს, როდესაც იესო სიკვდილით დასაჯეს, რომაელმა ჯარისკაცებმა პირდაპირი მნიშვნელობით განგმირეს იგი. ამ მკვლელობაში ბრალი იუდეველებსაც მიუძღოდათ, რაც პეტრეს მიერ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვებიდან ჩანს: „იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“ (საქმეები 2:5—11, 36; შეადარეთ ზაქარიას 12:10; იოანეს 19:37). ის რომაელები და იუდეველები თითქმის 2 000 წელია, რაც დაიხოცნენ. ასე რომ, ფრაზაში „ვინც ის განგმირა“ უნდა იგულისხმებოდნენ ის ერები და ხალხები, რომლებიც დღეს ისეთივე სიძულვილს ავლენენ, როგორიც იესოს ბოძზე გამკვრელებმა გამოავლინეს. მართალია, იესო დედამიწაზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ როცა მოწინააღმდეგეები გაცხარებით დევნიან იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც იესოს შესახებ მოწმობენ ან მხარს უჭერენ მათდამი ასეთ მოპყრობას, შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავად იესოს „განმგმირავები“ არიან (მათე 25:33, 41—46).
„ალფა და ომეგა“
9. ა) ვინ ლაპარაკობს ზეციდან და რამდენჯერ ისმის მისი ხმა „გამოცხადებაში“? ბ) რას გულისხმობს იეჰოვა, როდესაც საკუთარ თავს ალფას და ომეგას და ყოვლისშემძლეს უწოდებს?
9 აი, ახლა კი სასწაული ხდება! თვით უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს. წინასწარმეტყველური ხილვების ახსნამდე მართლაც ღმერთს უნდა ელაპარაკა, რადგან ის არის ჩვენი დიდებული მოძღვარი და სწორედ მისგანაა მთელი „გამოცხადება“ (ესაია 30:20). ჩვენი ღმერთი აცხადებს: „მე ვარ ალფა და ომეგა. . . ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“ (გამოცხადება 1:8). ეს პირველი განაცხადია იმ სამიდან, როდესაც „გამოცხადებაში“ იეჰოვა ზეციდან ლაპარაკობს (იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 21:5—8; 22:12—15). I საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები იყო. ის ფაქტი, რომ იეჰოვა თავის თავს ალფას და ომეგას უწოდებს, იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი. ის ერთხელ და სამუდამოდ ნათელყოფს, თუ ვინ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ღმერთი, და ისიც ცხადი გახდება, რომ მხოლოდ ის არის ყოვლისშემძლე და უზენაესი მმართველი (შეადარეთ ესაიას 46:10; 55:10, 11).
10. ა) რას ამბობს იოანე საკუთარ თავზე და სად იყო ის დაპატიმრებული? ბ) როგორც ჩანს, ვისი დახმარებით გადაეცა კრებებს იოანეს მიერ დაწერილი გრაგნილი? გ) ხშირად როგორ მიეწოდება ჩვენს დროში სულიერი საზრდო ღვთის ხალხს?
10 იოანე, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ იეჰოვა საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ღვთის სხვა მონებს მიმართავს: „მე, იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესოს გასაჭირში, სამეფოსა და მოთმინებაში, კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხადება 1:9). პატმოსზე სასიხარულო ცნობისთვის დაპატიმრებული მოხუცი იოანე, რომელიც თავის ძმებთან ერთად იტანდა გასაჭირს და მტკიცედ სწამდა, რომ მომავალ სამეფოში თვითონაც იმეფებდა, ახლა „გამოცხადების“ პირველ ხილვას ხედავს. მას უეჭველად გაამხნევებდა ეს ხილვები, ისევე როგორც დღეს იოანეს კლასს ამხნევებს მათი შესრულება. ჩვენ არ ვიცით, როგორ მიაწვდინა იოანემ კრებებს „გამოცხადების“ გრაგნილი, რადგან იმ დროს ის დაპატიმრებული იყო (გამოცხადება 1:11; 22:18, 19). ამაში, როგორც ჩანს, მას დაეხმარნენ იეჰოვას ანგელოზები, რომლებიც დღესაც ხშირად იცავენ იეჰოვას იმ ერთგულ მოწმეებს, რომელთა საქმიანობაც აკრძალული და შეზღუდულია, რათა მათ დროულად მიაწოდონ სულიერი საზრდო ჭეშმარიტებას მოწყურებულ ძმებს (ფსალმუნი 34:6, 7).
11. იოანეს მსგავსად რა პატივი ხვდა წილად იოანეს კლასს?
11 იოანე ალბათ დიდად აფასებდა იმას, რომ იეჰოვა მისი მეშვეობით მიმართავდა კრებებს! იოანეს კლასიც დიდად აფასებს ღვთის სახლეულობისთვის სულიერი საზრდოს დროულად მიწოდების შესაძლებლობას (მათე 24:45). კარგი იქნება, თუ თქვენც იქნებით მათ შორის, ვისაც ეს სულიერი საზრდო აძლიერებს, რათა მარადიული სიცოცხლის დიდებული ჯილდო მიიღოთ! (იგავები 3:13—18; იოანე 17:3).
[ჩარჩო 21 გვერდზე]
სულიერი საზრდო ძნელბედობის ჟამს
ბოლო დღეებში, როდესაც იეჰოვას მოწმეებს დიდი დევნა და გასაჭირი დაატყდათ თავს, მათ სულიერი საზრდო სჭირდებოდათ მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად. ისინი თითქმის არასდროს დარჩენილან სულიერი საზრდოს გარეშე, რაც ხშირად იეჰოვას დიდებული ძალის წყალობით იყო შესაძლებელი.
მაგალითად, ჰიტლერის რეჟიმის დროს გერმანიაში მოწმეები მიმეოგრაფით ამრავლებდნენ ნაცისტური მთავრობის მიერ ოფიციალურად აკრძალულ „საგუშაგო კოშკის“ ასლებს და შემდეგ ავრცელებდნენ. ერთხელ ჰამბურგში გესტაპომ გაჩხრიკა სახლი, სადაც ასეთ ასლებს ამზადებდნენ. სახლი პატარა იყო და საგულდაგულოდ ვერაფერს დამალავდი. საბეჭდი მანქანა ჭურჭლის კარადაში იდო, უშველებელი მიმეოგრაფი კი სარდაფში, კარტოფილის ყუთში ინახებოდა, ხოლო ყუთის უკან ჟურნალებით სავსე ჩემოდანი იდო. მათი პოვნა რთული არ იყო. მაგრამ რა მოხდა? ოფიცერმა ისე გამოაღო კარადის კარი, რომ საბეჭდი მანქანა არ დაუნახავს. სახლის პატრონი ყვება: «სამი ოფიცერი შუა სარდაფში იდგა, ზუსტად იმ ყუთის გვერდზე, რომლის უკანაც „საგუშაგო კოშკის“ ჟურნალებით სავსე ჩემოდანი იდო, მაგრამ ვერაფერი შეამჩნიეს, თითქოს დაბრმავდნენო». ღვთის ხელმძღვანელობის წყალობით, ძნელბედობის ჟამს იმ სახლიდან კვლავ ნაწილდებოდა სულიერი საზრდო.
1960-იან წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ნიგერიასა და ბიაფრას პროვინციას შორის. ბიაფრა გარესამყაროს მხოლოდ აეროდრომის საშუალებით უკავშირდებოდა, რადგან მას გარს აკრავს ნიგერიის ტერიტორია. ასე რომ, ბიაფრელი მოწმეებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. 1968 წელს ბიაფრას მთავრობამ ერთი მოქალაქე ევროპაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, მეორე კი — პროვინციის აეროდრომის თანამშრომლად. ორივენი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მხოლოდ მათი წყალობით უკავშირდებოდა ბიაფრა გარესამყაროს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს იეჰოვას წყალობით ხდებოდა. ისინი თავიანთი ნებით მიდიოდნენ რისკზე და სულიერი საზრდო ომიანობის პერიოდში ყოველთვის შეჰქონდათ ბიაფრაში. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „შეუძლებელი იქნებოდა, ეს ადამიანის ძალით მომხდარიყო“.
[ცხრილი 19 გვერდზე]
სიმბოლური რიცხვები წიგნ „გამოცხადებაში“
რიცხვი სიმბოლური მნიშვნელობა
2 რაღაცის საფუძვლიანი მტკიცების სიმბოლო (გამოცხადება 11:3, 4;
შეადარეთ მეორე კანონის 17:6).
3 ხაზგასმის, აგრეთვე გარკვეული ინტენსივობის სიმბოლო
4 ყოვლისმომცველობის ან კვადრატისთვის დამახასიათებელი
სიმეტრიის სიმბოლო (გამოცხადება 4:6; 7:1, 2; 9:14; 20:8; 21:16).
6 არასრულყოფილების სიმბოლო, იმის სიმბოლო, რაც ნორმის
ფარგლებს სცილდება, რაც შემზარავია (გამოცხადება 13:18;
შეადარეთ 2 სამუელის 21:20).
7 სისრულის სიმბოლო, რაც აჩვენებს, რომ ღმერთს ბოლომდე მიჰყავს
თავისი განზრახვები და სრულად აკონტროლებს სატანის
განზრახვებსაც (გამოცხადება 1:4, 12, 16; 4:5; 5:1, 6; 10:3, 4; 12:3).
10 ფიზიკური, მიწიერი სისავსის სიმბოლო (გამოცხადება 2:10; 12:3;
13:1; 17:3, 12, 16).
12 ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის ორგანიზაციის სიმბოლო
24 იეჰოვას ორგანიზაციის მასშტაბურობის (გაორმაგების) სიმბოლო
„გამოცხადებაში“ ნახსენები ზოგიერთი რიცხვი პირდაპირი
მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რასაც ხშირად კონტექსტი
განსაზღვრავს (იხილეთ გამოცხადების 7:4, 9; 11:2, 3; 12:6, 14;
17:3, 9—11; 20:3—5).