მკითხველთა შეკითხვები
„სასწავლო სტატიების“ მე-11 ბროშურა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რაც იესომ თქვა ‘ამ მოდგმაზე’ მათეს 24:34-ის თანახმად. ნიშნავს ეს რაღაც ეჭვის არსებობას იმასთან დაკავშირებით, დამყარდა თუ არა ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს?
„სასწავლო სტატიებში“ მოცემულ განხილვას არავითარი ცვლილება არ შეუტანია 1914 წელთან დაკავშირებულ ჩვენს ძირითად სწავლებაში. იესო სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების აღმნიშვნელ ნიშანზე ლაპარაკობდა. საკმაო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ნიშანი სრულდება 1914 წლიდან. ფაქტები ომებთან, შიმშილთან, ეპიდემიებთან, მიწისძვრებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ 1914 წლიდან იესო მოქმედებს, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროიდან ამ სისტემის აღსასრულის ხანაში ვართ.
მაშ, რას ჰფენდა ნათელს „სასწავლო სტატიები“? მასში ძირითადი იყო ის, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენა იესომ სიტყვა „მოდგმა“ მათეს 24:34-ში. ამ ნაწილში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“. რა იგულისხმა იესომ ‘მოდგმაში’, როგორც თავის, ასევე ჩვენს დღეებთან დაკავშირებით?
მრავალი მუხლი ადასტურებს, რომ სიტყვა ‘მოდგმას’ იესო არ იყენებდა რაღაც პატარა ან გამორჩეულ ჯგუფთან — მხოლოდ იუდეველ წინამძღოლებთან ან მხოლოდ თავის ურყევად ერთგულ მოწაფეებთან — დაკავშირებით. მან ეს სიტყვა უფრო იმისთვის გამოიყენა, რომ მსჯავრი დაედო მის უარმყოფელ იუდეველთა მასებისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, მრავალმა შეძლო ის, რისკენაც პეტრე მოუწოდებდა ხალხს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე — მოენანიებინათ და ‘ეხსნათ თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან’ (საქმეები 2:40).
ნათელია, რომ ამის თქმისას პეტრე ზუსტად არ მიუთითებდა რაღაც გარკვეულ ასაკსა თუ დროის ხანგრძლივობაზე და სიტყვა ‘მოდგმას’ არც რამე დადგენილ თარიღს უკავშირებდა. მას არ უთქვამს, რომ ხალხს თავი უნდა ეხსნა მოდგმისგან, რომელიც ზუსტად იმ წელს დაიბადა, რომელ წელსაც იესო, ან მოდგმისგან, რომელიც ახ. წ. 29 წელს დაიბადა. პეტრე ლაპარაკობდა იმდროინდელ ურწმუნო იუდეველებზე — ზოგი, შესაძლებელია, უფრო ახალგაზრდა იყო, სხვები კი უფრო ხანდაზმულები — რომლებსაც შეეძლოთ იესოს სწავლების მიღება, რომლებმაც ნახეს ან მოისმინეს მისი სასწაულების შესახებ და არ აღიარეს ის მესიად.
როგორც ჩანს, პეტრეს ასე ესმოდა სიტყვა „მოდგმა“, რომელიც იესომ მასთან და სამ სხვა მოციქულთან ერთად ყოფნისას გამოიყენა ზეთისხილის მთაზე. იესოს წინასწარმეტყველური განაცხადის თანახმად, იმდროინდელი იუდეველები — ძირითადად, იესოს თანამედროვეები — გადაიტანდნენ იუდეველთა სისტემის აღსასრულის მოახლოების მაჩვენებელ ომებს, მიწისძვრებს, შიმშილსა და სხვა დამამტკიცებელ ფაქტორებს, ან მოისმენდნენ მათზე. ფაქტობრივად, ის მოდგმა არ გადასულა აღსასრულის მოსვლამდე, ახ. წ. 70 წლამდე (მათე 24:3–14, 34).
უნდა ვაღიაროთ, რომ იესოს სიტყვები ყოველთვის არ გვესმოდა ასეთი აზრით. არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია, სურდეს აღსასრულის მოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა. გავიხსენოთ, რომ თვით მოციქულებიც კი უფრო მეტ სიზუსტეებს ელოდნენ, როცა იკითხეს: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ (საქმეები 1:6).
ღვთის ახლანდელი მსახურები მსგავსი გულწრფელი განზრახვებით ცდილობდნენ, ‘მოდგმის’ შესახებ იესოს ნათქვამიდან დაედგინათ 1914 წლიდან გამოთვლილი რაღაც გარკვეული დრო. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ მოდგმამ, რომლის წარმომადგენელი ხალხიც საკმაო ასაკის უნდა ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომისა და სხვა მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად, შეიძლება იარსებოს 70 ან 80 წელი; ასე რომ, შეგვიძლია დაახლოებით გამოვთვალოთ, რამდენად ახლოსაა აღსასრული.
მაგრამ, როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ეთანხმებოდა ასეთი აზროვნება იესოს მიერ მოცემულ შემდეგ რჩევას? მან თქვა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. . . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:36–42).
ამგვარად, ‘ამ მოდგმის’ შესახებ „სასწავლო სტატიებში“ ახლახანს გამოქვეყნებულ ინფორმაციას ცვლილება არ შეუტანია ჩვენს გაგებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 1914 წელს. მაგრამ მან უფრო ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იყენებდა იესო ტერმინ ‘მოდგმას’, და დაგვეხმარა, დავინახოთ, რომ მის მიერ ამ ტერმინის გამოყენება არანაირ საფუძველს არ იძლეოდა გამოსაანგარიშებლად — გამოსათვლელად 1914 წლიდან — თუ რამდენად ახლოს ვართ აღსასრულთან.