-
„მოვიდეს შენი სამეფო“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
15, 16. ვინ იგულისხმა იესომ „ამ თაობაში“?
15 მაშ, როდისღა მოვა ღვთის სამეფო? იესოს ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი უთქვამს (მათ. 24:36), სამაგიეროდ, ისეთი რამ თქვა, რაც გვარწმუნებს, რომ სამეფო ძალიან მალე მოვა. იესომ აღნიშნა, რომ სამეფო მას შემდეგ მოვიდოდა, რაც „ეს თაობა“ წინასწარმეტყველების შესრულებას საკუთარი თვალით იხილავდა (წაიკითხეთ მათეს 24:32—34). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: ვინ იგულისხმება „ამ თაობაში“? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იესოს სიტყვებს უნდა ჩავუღრმავდეთ.
16 „ეს თაობა“. იესო „ამ თაობაში“ იმ ადამიანებს არ გულისხმობდა, რომლებიც მისი მიმდევრები არ იყვნენ. გავიხსენოთ, რომ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები იესომ თავის რამდენიმე მოციქულს უთხრა, რომლებიც მასთან „სხვებისგან განცალკევებით“ მივიდნენ (მათ. 24:3). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევიდან მალე მოციქულებზე წმინდა სული გადავიდა. გასათვალისწინებელია კონტექსტიც. ვიდრე იესო „ამ თაობას“ ახსენებდა, თქვა: „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“. წინასწარმეტყველების შესრულებას იესოს ცხებული მიმდევრები იხილავდნენ და არა სხვები. სწორედ ისინი ჩასწვდებოდნენ მის მნიშვნელობას და მიხვდებოდნენ, რომ იესო კარზე იყო მომდგარი. ასე რომ, როცა იესომ „ეს თაობა“ ახსენა, მხედველობაში თავისი ცხებული მიმდევრები ჰყავდა.
17. რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“?
17 „არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. როგორ შესრულდება ეს სიტყვები? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“. „თაობაში“ ხშირად დროის კონკრეტულ მონაკვეთში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოიაზრებენ. შესაბამისად, შეუძლებელია თაობამ უსასრულოდ იარსებოს (გამ. 1:6). „ეს ყველაფერი“ მოიცავს ყველა იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც უნდა შესრულებულიყო იესოს მოსვლის პერიოდში — 1914 წელს დაწყებული და „დიდ გასაჭირში“ დამთავრებული (მათ. 24:21).
18, 19. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“ და რა დასკვნამდე მივდივართ?
18 როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“? ამ თაობაში შედის დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მცხოვრები ცხებულთა ორი ჯგუფი. მათგან პირველს მიეკუთვნებიან ის ცხებულები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ დაიწყო 1914 წლიდან ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულება, ხოლო მეორეს — ცხებულები, რომლებიც პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს მოესწრნენ. ცხებულთა მეორე ჯგუფიდან ზოგი საკუთარი თვალით იხილავს „დიდი გასაჭირის“ დადგომას. ეს ორი ჯგუფი ერთ თაობას ქმნის, რადგან ერთმანეთს მოესწრნენ.c
19 მაშ, რა დასკვნამდე მივდივართ? ფაქტია, იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი აშკარად ჩანს მთელ დედამიწაზე. გარდა ამისა, ცხებულებს, რომლებიც „ამ თაობას“ მიეკუთვნებიან და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ასაკი ემატებათ, თუმცა ზოგი მათგანი „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას ცოცხალი იქნება. მაშასადამე, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ძალიან მალე ღვთის სამეფო მართლაც მოვა და თავის ძალაუფლებას მთელ დედამიწაზე განავრცობს. რა ამაღელვებელი იქნება საკუთარი თვალით იმის ხილვა, თუ როგორ იქცევა რეალობად იესოს ლოცვის ნიმუშში მოცემული სიტყვები: „მოვიდეს შენი სამეფო“!
-