ბედნიერება
ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შეფარდებითი ემოციური მდგრადობით, კმაყოფილების გრძნობით, სიხარულის ინტენსიური განცდითა და მისი შენარჩუნების ბუნებრივი სურვილით. ეს არ არის უბრალოდ სიამოვნების შეგრძნება, რომელიც აღმოცენდება მოულოდნელი მასტიმულირებელი ფაქტორით.
ბედნიერების აღმნიშვნელი ებრაული სიტყვაა ʼეშერ (ფს. 40:4). მისი ზმნური ფორმა ʼაშარ „ბედნიერად წოდებას“ ნიშნავს (დბ. 30:13). ორივე ებრაული სიტყვა ადამიანებთან მიმართებით გამოიყენება და ხშირად დადებითი მოქმედების შედეგად განცდილ ემოციას გამოხატავს, მაგალითად, საწყლისათვის ყურადღების მიქცევის ან იეჰოვას მოშიშობის შედეგად გამოწვეულ გრძნობას (ფს. 41:1; 112:1). ბედნიერების აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვაა მაკარიოს.
ზემოხსენებული დედნისეული სიტყვები ქართულ ბიბლიებში უმეტესად ნეტარებად ითარგმნა. იესო ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას აღწერილი ბედნიერება „ცხრა ნეტარების“ სახელით არის ცნობილი. ნეტარებაც და ბედნიერებაც სინონიმებად მიიჩნევა, თუმცა ამ ორ სიტყვას შორის არის მცირედი განსხვავება, სახელდობრ, „ნეტარება“ მეტისმეტი სიამოვნებისა და განცხრომის აზრს გამოხატავს და, ამასთანავე, თანამედროვე ენაში მისი გამოყენება ცოტათი შეზღუდულია. აღნიშნული მიზეზების გამო „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ებრაული და ბერძნული დედნისეული სიტყვები ბედნიერებად გადმოიცა.
იეჰოვა და იესო ქრისტე. იეჰოვას ბედნიერი ღმერთი ეწოდება, მის ძეს, იესო ქრისტეს კი — ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე (1ტმ. 1:11; 6:15). მიუხედავად იმისა, რომ ცაში თუ დედამიწაზე ბოროტებამ იჩინა თავი და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების კანონიერება ეჭვქვეშ დადგა (იხ. იეჰოვა), იეჰოვა დარწმუნებულია, რომ ყველა მისი განზრახვა შესრულდება; ის არ დაუშვებს ისეთ რამეს, რაც მისი განზრახვის შესრულებას შეუშლის ხელს (ეს. 46:10, 11; 55:10, 11). იეჰოვა სულგრძელად ითმენს ყველაფერს, რისი შეცვლაც ხელეწიფება, რადგან მას აქვს კონკრეტული მიზანი. აქედან გამომდინარე, ის ბედნიერია. პავლე მოციქული წერდა: „ღმერთი, რომელსაც სურს, აჩვენოს თავისი რისხვა და აუწყოს თავისი ძლიერება, დიდი სულგრძელობით უთმენდა დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭელს, რათა ეჩვენებინა თავისი დიდების სიმდიდრე წყალობის ჭურჭელზე, რომელიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად“ (რმ. 9:22—24).
ფსალმუნმომღერალი წერდა: „მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება. გაიხარებს იეჰოვა თავისი ნამოქმედარით“ (ფს. 104:31). იეჰოვა ყველაზე გულუხვია. თავისი ქმნილებების უმადურობის მიუხედავად ის არ იცვლება და კვლავაც გულუხვობას, წყალობასა და სიყვარულს ავლენს. „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის, რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). მისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც სრულ ნდობას უცხადებს მამას და ყოველთვის მის მოსაწონად იქცევა, ბედნიერია (ინ. 8:29). იესოს შინაგანი სიხარული მაშინაც არ დაუკარგავს, როცა იტანჯებოდა (ებ. 12:2; შდრ. მთ. 5:10—12).
რა არის ნამდვილი ბედნიერების საფუძველი?
იმ ბედნიერებას, რომელსაც ბიბლია აღგვითქვამს, ადამიანი მხოლოდ ღმერთთან კარგი ურთიერთობით, ღვთის სიყვარულითა და მისი ერთგულებით ეზიარება. ჭეშმარიტი ბედნიერება იეჰოვას მორჩილების გარეშე წარმოუდგენელია. ბედნიერება ღვთისგან მომდინარე კურთხევებზეა დამოკიდებული, რადგან ყოველი კარგი ძღვენი და სრულყოფილი საბოძვარი მისგანაა.
ბედნიერება სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე არ არის დამოკიდებული. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (სქ. 20:35). მას, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს და, ამგვარად, გაცემით გამოწვეულ ბედნიერებას განიცდის, ღმერთი ჰპირდება: „იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე“ (ფს. 41:1, 2). ადამიანს ნამდვილ ბედნიერებას იეჰოვასგან მომდინარე ცოდნა, სიბრძნე და შეგონება ანიჭებს (იგ. 2:6; 3:13, 18; ფს. 94:12). ბედნიერი ადამიანი იეჰოვაზეა მინდობილი (იგ. 16:20), მისი კანონით ხარობს და ემორჩილება მას (ფს. 1:1, 2; 112:1), იცავს სამართალს (ფს. 106:3) და ღვთის შიში აქვს (ფს. 128:1).
ბედნიერი ერი. ბედნიერება იმ ხალხის ან ერის ხვედრია, რომლის ღმერთიც იეჰოვაა და რომელიც ემორჩილება მის კანონებს (ფს. 33:12; 144:15). დავითის სამართლიანი მმართველობის დროს და მაშინ, როცა მისი ვაჟი, სოლომონი ერთგულად იცავდა იეჰოვას კანონს, ისრაელები უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრობდნენ, „ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ“ (1მფ. 4:20, 25; 10:8; 2მტ. 9:7). ეს აშკარად მეტყველებს სამართლიანი მმართველობის სასიკეთო შედეგებზე (შდრ. იგ. 29:2, 18). პირველ საუკუნეში პატრიოტ ებრაელებს ეგონათ, რომ ისინი, როგორც აბრაამისა და იაკობის შთამომავლები, იყვნენ „ბედნიერი ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“ (ფს. 33:12). იესომ დაანახვა მათ, თუ რა იყო საჭირო მთელი ერის ბედნიერებისთვის და პირდაპირ უთხრა, რომ წაერთმეოდათ ღვთის სამეფო და მიეცემოდა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებდა (მთ. 21:43). მოგვიანებით მოციქულმა პეტრემ ერად მოიხსენია ქრისტესთან ერთობაში მყოფი სულითცხებულები: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1პტ. 2:9).
ქრისტეს აზრი ბედნიერებაზე. იესომ მთაზე ქადაგება ბედნიერების ცხრა მიზეზის ჩამოთვლით დაიწყო. მან დაასახელა ის თვისებები, რაც ადამიანს ღვთის თვალში მოსაწონს ხდის და ზეციერი სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს (მთ. 5:1—12). აღსანიშნავია, რომ ამ ბედნიერებათაგან არც ერთი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელსაყრელ დროსა და შემთხვევაზე ან სიკეთის კეთებაზე. ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებულია სულიერობაზე, ღვთის თაყვანისცემასა და ღვთის განზრახვების შესრულებაზე. მაგალითად, იესომ თქვა: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი ...“ (კს). უფრო გასაგებად ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მთ. 5:3). იესომ დასძინა: „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ“ (მთ. 5:4). ფაქტია, იესოს მხედველობაში არ ჰყავდა ნებისმიერი მიზეზით მგლოვიარენი. ის გულისხმობდა მათ, ვინც გლოვობს თავის სავალალო სულიერ მდგომარეობას, ცოდვილ ბუნებას და ადამიანთა ცოდვიანობით გამოწვეულ სამწუხარო შედეგებს; სიმართლეს მოწყურებულ და მოშიებულ ამ ადამიანებზე იესომ თქვა: „ისინი გაძღებიან“ ანუ ღმერთი აკურთხებს და დააკმაყოფილებს მათ სულიერ მოთხოვნილებებს (შდრ. 2კრ. 7:10; ეს. 61:1—3; ეზკ. 9:4).
წიგნ „გამოცხადებაში“ იესო ქრისტემ ანგელოზის მეშვეობით გააცხადა ბედნიერების შვიდი მიზეზი (გმც. 1:3; 14:13; 16:15; 19:9; 20:6; 22:7, 14). წიგნის დასაწყისში შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს“ (გმც. 1:3). დასასრულ ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი, რათა სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში [ახალ იერუსალიმში] შევიდნენ“ (გმც. 22:14).
იეჰოვათი გახარება. მაშასადამე, ნამდვილ ბედნიერებას ეზიარება ღვთის „წმინდა ერი“ (1პტ. 2:9) და ის, ვინც ამ ერთან ერთად მთელი გულით ემსახურება და ემორჩილება იეჰოვას. ფსალმუნმომღერალი წერდა: „გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო, და მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს“ (ფს. 97:12). მოციქულმა პავლემ მსგავსი აზრი გაიმეორა ქრისტიანული კრებისთვის მიწერილ თავის ერთ-ერთი წერილში: „ყოველთვის იხარეთ უფალში. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფლ. 4:4). ასე რომ, ნამდვილ ბედნიერებას ადამიანს ვერც სიმდიდრე მოუტანს, ვერც სიბრძნე, ვერც თავისი მიღწევები და ვერც ძალაუფლება. ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას გაცნობაზეა დამოკიდებული, რასაც ღვთის სიტყვებიც ადასტურებს: „ბრძენი ნუ იტრაბახებს თავისი სიბრძნით, ძლიერი ნუ იტრაბახებს თავისი ძალით და მდიდარი ნუ იტრაბახებს თავისი სიმდიდრით. თუ იტრაბახებს, მხოლოდ იმით იტრაბახოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას ჩემ შესახებ და რომ მიცნობს, იცის, რომ მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:23, 24).