ლიტურგია (წირვა)
განმარტება: „ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელშიც ხდება წმიდა ევქარისტიის საიდუმლოება“ („რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი“, ნ. აჭარაძე, თბილისი, 2001, გვ. 166). „ევქარისტია არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გადაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი“ („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006, გვ. 244). მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ამგვარად სრულდება ის, რაც იესო ქრისტემ „საიდუმლო სერობის“ დროს დააწესა. კათოლიკურ ეკლესიაში ლიტურგიას შეესაბამება მესა.
ნამდვილად გარდაიქმნება პური და ღვინო იესოს ხორცად და სისხლად?
„[ზიარების საიდუმლოს დროს] სრულდება დიდი და კაცის გონებისთვის მიუწდომელი საიდუმლო, პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად . . . ქრისტე იმყოფება ამ საიდუმლოში, არა მარტო ხორცით და სისხლით, არამედ მთელის არსებით, როგორც ღმერთი სრული და კაცი სრული . . . მიმღებელი შეცვლილ სისხლისა და ხორცის მცირე ნაწილისა მიიღებს მთელს ქრისტეს“ („საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, 1989, გვ. 163, 164). უჭერს ბიბლია მხარს ამ მრწამსს?
რას გულისხმობდა იესო სიტყვებში „ეს არის ჩემი ხორცი“ და „ეს არის ჩემი სისხლი“?
მათ. 26:26—29, სსგ: „როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. და აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად. ხოლო გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამის ჩემის სასუფეველში“.
ფრაზები „ეს არის ჩემი ხორცი“ და „ეს არის ჩემი სისხლი“ აქ-ში შემდეგნაირადაა გადმოცემული: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“ და „ეს ჩემს სისხლს ნიშნავს“. მსგავსად გადმოსცემს ამ ფრაზებს სხვა ენებზე შესრულებული ზოგიერთი თარგმანიც. ასეთი თარგმანი ეთანხმება კონტექსტს, კერძოდ კი 29-ე მუხლს: „აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან“ (სსგ). იესოს სიტყვების თანახმად, სასმისში „ვაზის ნაყოფი“ იყო. ეს მან მას შემდეგ აღნიშნა, რაც თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი“.
სწორად რომ გავიგოთ ფრაზები „ეს არის ჩემი ხორცი“ და „ეს არის ჩემი სისხლი“, ბიბლიაში გამოყენებული სხვა მსგავსი ფრაზებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, იესომ თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა“, „მე ვარ კარი ცხვართა“, „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი“ (იოან. 8:12; 10:7; 15:1, სსგ). ამ შემთხვევებში იესო ნამდვილად არ გულისხმობდა სასწაულებრივ გარდაქმნას.
1 კორინთელების 11:25-ში (სსგ) „საიდუმლო სერობაზე“ საუბრისას მოციქულმა პავლემ იგივე აზრები ოდნავ განსხვავებული სიტყვებით გადმოსცა. იესოს სიტყვები — „ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა“ — მან შემდეგნაირად გადმოსცა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში“. ეს სიტყვები იმას არ ნიშნავდა, რომ სასმისი სასწაულებრივად გადაიქცა ახალ აღთქმად. ის, რაც სასმისში ესხა, იყო სიმბოლო იესოს სისხლისა, რომლის საფუძველზეც ძალაში შევიდა ახალი აღთქმა ანუ შეთანხმება.
რას გულისხმობდა იესო იოანეს 6:53—57-ში?
„უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს, და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი, და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში. და როგორც მომავლინა მე ცოცხალმა მამამ, და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით“ (იოან. 6:53—57, სსგ).
ნიშნავდა ეს იმას, რომ მათ პირდაპირი გაგებით იესოს ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი დაელიათ? თუ იესო ამას გულისხმობდა, გამოდის, რომ ის სხვებს ღვთის კანონის დარღვევისკენ მოუწოდებდა. მოსეს კანონით ღმერთმა ისრაელებს სისხლის ჭამა აუკრძალა (ლევ. 17:10—12). იესო ამას არ იგულისხმებდა, რადგან მკაცრად გმობდა მოსეს კანონის ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევას (მათ. 5:17—19). იესოს მოწაფეებს სიმბოლური გაგებით უნდა ეჭამათ მისი ხორცი და ესვათ მისი სისხლი, ანუ უნდა ერწმუნათ, რომ მის მიერ გაღებულ მსხვერპლს ექნებოდა მათი გამოსყიდვის ძალა (შეადარეთ იოანეს 3:16; 4:14; 6:35, 40).
რა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს — მისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა თუ რიტუალების შესრულება მისი მსხვერპლის კვლავ და კვლავ შესაწირად?
«ევქარისტიის მსხვერპლი . . . არის შეწირვა ჩვენი გამომსყიდველის მიერ ერთხელ ჯვარზე სამსხვერპლოდ ატანილი სისხლისა და ხორცისა, რომელიც არის „მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული“» („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006, გვ. 252, კურსივი ჩვენია).
«ქართული სახელწოდება ლიტურგიისა „წირვა“ — გამოხატავს მის შინაარსს — უსისხლო მსხვერპლის შეწირვას ღმრთისათვის» („მართლმადიდებლური კატეხიზმო“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 75).
იესომ თქვა: „ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად“ (ლუკ. 22:19; 1 კორ. 11:24, სსგ). ბსგ-სა და ბთი-ში ლუკას 22:19-ში ვკითხულობთ: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“. იესოს არ უთქვამს, რომ იმით, რაც „საიდუმლო სერობაზე“ გააკეთა, საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად; არც ის უთქვამს, რომ მის მოწაფეებს კვლავ და კვლავ უნდა შეეწირათ მისი მსხვერპლი.
ებრ. 9:25—28, სსგ: „არა იმიტომ, რომ მრავალგზის შეეწირა თავისი თავი, როგორც [იუდეველთა] მღვდელმთავარი შედის საწმიდეში ყოველწლიურად სხვისი სისხლით. ასე რომ არა, მრავალგზის უნდა ვნებულიყო ქვეყნის დასაბამიდან. ხოლო აწ ერთხელ . . . თავისი მსხვერპლით ცოდვათა გასაქარწყლებლად გამოჩნდა. და როგორც კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი, და შემდეგ სამსჯავრო, ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი მრავალთათვის“ (კურსივი ჩვენია).
უნდა დავიჯეროთ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ „გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლოა“?
ბიბლია მოიხსენიებს ღვთიურ ანუ წმინდა საიდუმლოებებს. მაგრამ ისინი შეესაბამება ბიბლიაში ნათლად გადმოცემულ ჭეშმარიტებას. მათ, ვინც ღვთის სიტყვაზე წინ ტრადიციებს აყენებდა, იესომ უთხრა: „თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: მიახლოვდება ეს ხალხი თავისი ენით, და მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს“ (მათ. 15:7—9, სსგ).
გულისხმობდა იესო თავის სიტყვებში იმას, რომ მისი სიკვდილი ყოველდღე ან ყოველ კვირას უნდა გაეხსენებინათ?
„არ შეიძლება იყო ეკლესიის წევრი და საკვირაო ევქარისტიაში რეგულარულად არ მონაწილეობდე“ („მართლმადიდებლური კატეხიზმო“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 74). მსგავსად ამისა, კათოლიკეებს ზიარება მოეთხოვებათ ყოველკვირა და ყოველი დღესასწაულის დროს. ერთ წიგნში კი ვკითხულობთ: „კარგია, თუ მორწმუნეები ხშირად, თუნდაც ყოველდღე, მონაწილეობენ მესაში და ეზიარებიან“ („A Catholic Catechism for Adults, Abridged Edition“, ჰანტინგტონი, 1979, გვ. 281).
ქრისტეს სიკვდილის გახსენებაა ნაგულისხმები ყველა მუხლში, სადაც „პურის გატეხვაა“ მოხსენიებული? (საქ. 2:42, 46; 20:7, სსგ). იესო „საიდუმლო სერობამდეც“ ტეხავდა პურს, როცა ხალხს აპურებდა (მარ. 6:41; 8:6, სსგ). ჩვეულებრივ, ებრაელები პურს ტეხდნენ და ისე ჭამდნენ.
იესოს არ დაუკონკრეტებია, წელიწადში რამდენჯერ უნდა აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების დღე. მაგრამ მან ეს დააწესა იმ დღეს, როცა ებრაელები პასექს აღნიშნავდნენ. ქრისტეს მოწაფეებს პასექის აღნიშვნის ნაცვლად მისი სიკვდილი უნდა გაეხსენებინათ. პასექი წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს აღინიშნებოდა. წელიწადში ერთხელ იმართებოდა ებრაელთა სხვა დღესასწაულებიც — უფუარობის, კვირების (ორმოცდამეათე დღის), გამოსყიდვის დღისა და კარვობის (მოსავლის აღების) დღესასწაულები.
შესაძლებელია მიცვალებულთა დახმარება ლიტურგიის დროს წარმოთქმული ლოცვებით?
მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5, სსგ). „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკ. 18:4, სსგ) (იხილეთ აგრეთვე გვერდები 315—317, „სიკვდილი“).