ლაშქარი
შეიარაღებული და საბრძოლველად მომზადებული ადამიანების ერთობლიობა; ებრაული სიტყვა ცავაʼ, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ლაშქრის აღსანიშნავად, ძირითადად მიუთითებს შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარ ლაშქარზე (რც. 1:3), თუმცა ის შეიძლება გამოიყენებოდეს სულიერ ქმნილებებთან (1მფ. 22:19) და ფიზიკურ ციურ სხეულებთან (კნ. 4:19). ებრაული სიტყვა ხაჲილ, რომელიც, როგორც ჩანს, მომდინარეობს ფუძიდან „გატანა“ (იობ. 20:21), გამოიყენება ჯარის აღსანიშნავად (2სმ. 8:9; 1მტ. 20:1). ის აგრეთვე ნიშნავს უნარიანს, მაცოცხლებელ ძალას, სიმარჯვესა და სიმდიდრეს (1მტ. 9:13; კნ. 33:11; იგ. 31:29; ეს. 8:4; ეზკ. 28:4) ებრაული სიტყვა გედუდ ნიშნავს მოთარეშეებს ან რაზმებს (2სმ. 22:30; 2მტ. 25:9). ბიბლიაში ჯარის აღსანიშნავად გამოყენებული ოთხი ბერძნული სიტყვიდან სამი (სტრატია, სტრატევმა, სტრატოპედონ) მომდინარეობს ფუძიდან სტრატოს, რაც საბრძოლველად განლაგებული ჯარისგან განსხვავებით დაბანაკებულ ჯარზე მიუთითებს. დაბანაკებულ ჯარად მართებულად ითარგმნა კომპოზიტი სიტყვა სტრატოპედონ, რომლის ბოლო ნაწილი პედონ ნიშნავს მიწას ან დედამიწას (ლკ. 21:20). ბერძნული სიტყვა პარემბოლე (პარა გვერდით და ბალლო სროლა) სიტყვასიტყვით ნიშნავს ჯარისკაცების საბრძოლველად დარაზმვას. ის შეიძლება ითარგმნოს ჯარად, ყაზარმად ან ბანაკად (ებ. 11:34; სქ. 21:34; გმც. 20:9).
ქრისტიანობამდელ პერიოდში იეჰოვას მსახურები აწარმოებდნენ შეიარაღებულ ბრძოლებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ელამელმა ქედარლაომერმა და მისმა მოკავშირეებმა ტყვედ წაასხეს აბრაამის ძმისშვილი ლოტი და მისი ოჯახი, აბრაამმა შეკრიბა „ძლიერი კაცები, თავის სახლეულობაში დაბადებული სამას თვრამეტი მონა“ და მეზობელ მოკავშირეებთან ერთად დაახლოებით 200 კმ-ის მანძილზე სდია მათ ჩრდ.-ჩრდ.-აღმ-ით დანამდე. შემდეგ დაყო თავისი ჯარი და თავს დაესხა ღამით ქედარლაომერის ხალხს. ამ სტრატეგიას ბიბლიურ დროში ხშირად მიმართავდნენ (დბ. 14:13—16).
ისრაელთა ლაშქარი. 400-ზე მეტი წლის შემდეგ ისრაელმა ერმა სასწრაფოდ დატოვა ეგვიპტე. ისინი კარგად ორგანიზებულ რაზმებად, შესაძლოა, ხუთ ნაწილად დაყოფილი (მოწინავე რაზმი, ზურგის რაზმი, მთავარი ძალები და ორი ფლანგი) გამოვიდნენ იქიდან (გმ. 6:26; 13:18). მათ დაედევნა ეგვიპტელთა ჯარი „ექვსასი რჩეული ეტლითა“ და ეგვიპტელთა დანარჩენი ეტლებით. როგორც წესი, ეტლში სამი კაცი იყო, ერთი ცხენებს მართავდა, ორი კი იბრძოდა. სავარაუდოდ, ეს ორი კაცი მშვილდოსნები იყვნენ, რადგან ეგვიპტელთა თავდასხმის ძირითადი იარაღი სწორედ მშვილდი იყო. მათთან ერთად გამოვიდნენ მხედრებიც (გმ. 14:7, 9, 17). იოსებ ფლავიუსის თანახმად („იუდეველთა სიძველენი“, წ. II, თ. 15, აბზ. 3), ებრაელებს დადევნებული ეგვიპტელთა ჯარი შედგებოდა 600 ეტლისგან, 50 000 მხედრისგან და მძიმედ შეიარაღებული 200 000 ქვეითისგან (იხ. მხლებელი).
ეგვიპტის დატოვებიდან მალევე ისრაელი, როგორც გათავისუფლებული ხალხი, პირველ შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაება. სინას მთის მახლობლად რეფიდიმში მათ ამალეკელები დაესხნენ თავს. მოსეს მითითებით იესო ნავეს ძემ სასწრაფოდ შეკრიბა მეომრები. ბრძოლა თითქმის მთელ დღეს გაგრძელდა. ბრძოლაში გამოუცდელობის მიუხედავად, ისრაელებმა იეჰოვას დახმარებით გაიმარჯვეს (გმ. 17:8—14).
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდა 20 წლიდან ზემოთ ლაშქარში გამსვლელი მამაკაცების აღრიცხვა. მათი რიცხვი 603 550 იყო (რც. 1:1—3, 45, 46). უდაბნოში ხეტიალის დასასრულს ჩატარებულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ მეომართა რიცხვი უმნიშვნელოდ იყო შემცირებული და 601 730-ს შეადგენდა (რც. 26:2, 51). მათ რიცხვში არ შედიოდნენ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ლევიანები, რომელთა აღრიცხვაც ცალკე მოხდა (რც. 1:47—49; 3:14—39; 26:57, 62).
სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. ლევის ტომის გარდა სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდა ყველა, ვინც 1) აიშენა სახლი, მაგრამ არ ჰქონდა ნაზეიმები, 2) ჩაყარა ვენახი, მაგრამ მოსავალი არ ჰქონდა აღებული, 3) დანიშნა ქალი, მაგრამ ჯერ არ ჰყავდა მოყვანილი, 4) ცოლი მოიყვანა (ერთი წელი თავისუფლდებოდა ლაშქრობიდან) და 5) მშიშარა და მხდალი იყო (კნ. 20:5—8; 24:5).
ლაშქარი ქანაანის დაპყრობის შემდეგ. ქანაანის ძირითადი ნაწილის დაპყრობისა და აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ მრავალრიცხოვანი მუდმივი ჯარის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. საზღვართან მომხდარ შეტაკებებში იქვე მცხოვრები ტომები თავიანთი ძალებით მონაწილეობდნენ. როცა რამდენიმე ტომიდან მებრძოლების შეკრების საჭიროება იქმნებოდა, იეჰოვა მსაჯულებს აღძრავდა, ჯარს გასძღოლოდნენ. ჯარის თავმოყრა სხვადასხვანაირად ხდებოდა: აყვირებდნენ საყვირებს ან გზავნიდნენ მაცნეებს ან ნიშნებს, რომლებიც მეომრებს საბრძოლველად აღძრავდა (რც. 10:9; მსჯ. 3:27; 6:35; 19:29; 1სმ. 11:7).
როგორც ჩანს, ბრძოლაში ყველა საკუთარი იარაღით გადიოდა (მახვილი, შუბი, ლახვარი, შურდული, მშვილდი, ისრები). მათ საკვებზეც თავად უნდა ეზრუნათ. ამიტომ იესემ საჭმელი გაუგზავნა თავის ვაჟებს, რომლებიც საულის ლაშქარში მსახურობდნენ (1სმ. 17:17, 18). თუმცა ერთ შემთხვევაში მოხალისეთა 10 პროცენტს დაევალა დანარჩენების საკვებით მომარაგება (მსჯ. 20:10).
ვინაიდან ისრაელის ლაშქართან იეჰოვა იყო, მეომრებისგან რიტუალური სიწმინდის დაცვა მოითხოვებოდა (კნ. 23:9—14). კანონის თანახმად, სქესობრივი კავშირის გამო ადამიანი მეორე დღემდე უწმინდურად ითვლებოდა, ამიტომ სამხედრო სამსახურში ყოფნისას დავითიცა და ურიაც თავს იკავებდნენ ამისგან (ლვ. 15:16—18; 1სმ. 21:1—6; 2სმ. 11:6—11). წარმართი მეომრები ხშირად აუპატიურებდნენ ქალებს დაპყრობილ ქალაქებში, თუმცა გამარჯვებული ისრაელები ასე არ იქცეოდნენ. ტყვე ქალებზე დაქორწინება მათ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეეძლოთ (კნ. 21:10—13).
ისრაელების გამარჯვებები, საბოლოო ჯამში, იეჰოვას დამსახურება იყო, თუმცა ლაშქარს გონივრულად მართვა სჭირდებოდა. ეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ლაშქრის მეთაურებს, ათასისთავებსა და ასისთავებს. ლაშქრობის დროს მღვდლებს ევალებოდათ, გაემხნევებინათ, განემტკიცებინათ და დაემოძღვრათ მეომრები (რც. 31:6, 14; კნ. 20:2—4, 9). მსაჯულების დროს ლაშქარს ბრძოლაში მიუძღოდა იეჰოვას მიერ დანიშნული მსაჯული. ის ადგენდა საბრძოლო სტრატეგიასა და ტაქტიკას, იყენებდა სხვადასხვა ხერხს, მაგალითად, ლაშქარს რამდენიმე ნაწილად ყოფდა (ჩვეულებრივ სამ ნაწილად), მოულოდნელად ესხმოდა მტერს, უსაფრდებოდა, პირდაპირ შეტევაზე გადადიოდა, იკავებდა მდინარის ფონებს და ა. შ. (იეს. 8:9—22; 10:9; 11:7; მსჯ. 3:28; 4:13, 14; 7:16; 9:43; 12:5).
მეფეების დროს. მსაჯულების დროს არსებული თეოკრატიული მმართველობით უკმაყოფილო ისრაელებმა „სხვა ერებივით“ მოინდომეს მეფე, რომელიც ბრძოლებში წაუძღვებოდა მათ (1სმ. 8:20). მაგრამ სამუელმა გააფრთხილა ისინი, რომ მეფე მარტო არ იბრძოლებდა. ის წაიყვანდა მათ ვაჟებს — ისინი მისი „მეეტლეები და მხედრები“ იქნებოდნენ, სხვები კი მისი ეტლების წინ ირბენდნენ (1სმ. 8:11, 12; იხ. მალემსრბოლელები). ლაშქრის მთავარსარდალი მეფე იყო, მის შემდეგ მეორე კაცი კი — მხედართმთავარი (1სმ. 14:50).
საულის ლაშქრის საბრძოლო შემადგენლობა მდგომარეობიდან გამომდინარე იცვლებოდა. ერთხელ მან 3 000 კაცი აირჩია, რომელთაგან 1 000 თავის ვაჟ იონათანს ჩააბარა (1სმ. 13:2), სხვა ბრძოლისთვის კი 330 000 მეომარს მოუყარა თავი (1სმ. 11:8). მაგრამ ფილისტიმელთა კარგად აღჭურვილ ჯარებთან შედარებით ისრაელთა ლაშქარი ცუდად იყო შეიარაღებული. მასორული ტექსტის თანახმად, მიქმაში ფილისტიმელებმა ისრაელის წინააღმდეგ „ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი მხედარი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი“ გამოიყვანეს, მაგრამ ბრძოლის დღეს ისრაელთაგან „არავის ეჭირა ხელში მახვილი და შუბი საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გარდა“ (1სმ. 13:5, 22).
დავითის მმართველობის დროს ისრაელის ლაშქარი რიცხობრივად გაიზარდა და მისი ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ხებრონში საულის ნაცვლად დავითის გასამეფებლად 300 000-ზე მეტი საომრად აღჭურვილი მეომარი მივიდა (1მტ. 12:23—38). დავითის ლაშქარში არაისრაელებიც მსახურობდნენ (2სმ. 15:18; 20:7).
ლაშქრის ძველ ორგანიზაციულ სტრუქტურაში დავითს ბევრი არაფერი შეუცვლია. მაგალითად, ლაშქრის მთავარსარდლად ისევ მეფე რჩებოდა; მას ჰყავდა საველე მეთაურები (იოაბი, აბნერი და ამასა), რომელთაც ექვემდებარებოდნენ ათასისთავები და ასისთავები (2სმ. 18:1; 1მფ. 2:32; 1მტ. 13:1; 18:15). თუმცა დავითმა სიახლეებიც დანერგა. წელიწადში თითო თვეს მონაცვლეობით ეწეოდა მსახურებას 24 000-კაციანი 12 ჯგუფი (მთლიანობაში 288 000 კაცი). ასე რომ, მეომარს წელიწადში მხოლოდ ერთ თვეს უწევდა მსახურება (1მტ. 27:1—15). ეს არ ნიშნავდა, რომ 24 000-ვე მეომარი ერთი ტომიდან იყო. ყველა ტომს ყოველთვე დადგენილი რაოდენობის მეომარი უნდა გაეშვა ლაშქარში.
ცხენოსანთა ლაშქარი და ეტლები. ბაბილონელებში, ასურელებსა და ეგვიპტელებში დიდად ფასობდა ეტლები და მოძრავი სასროლი მოედნები მათი სისწრაფისა და მოქნილობის გამო. ამიტომ ისინი სათანადოდ გახდა ამ წამყვანი მსოფლიო იმპერიების სამხედრო ძლიერების სიმბოლო. ისრაელის ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო მეთაურის, დავითის დროს ისრაელის ლაშქარი მხოლოდ მახვილებით, შუბებით, მშვილდებითა და შურდულებით შეიარაღებული ქვეითებისგან შედგებოდა. დავითს ალბათ ახსოვდა იეჰოვას რჩევა, რომ გამარჯვება ცხენების ყოლაზე არ იყო დამოკიდებული (კნ. 17:16; 20:1). მას არც ის დავიწყებია, რომ იეჰოვამ „ზღვაში ჩაყარა ფარაონის ეტლები და მისი ჯარი“ (გმ. 15:1, 4), გახსნა ცის კარიბჭეები და კიშონის ხევს წაალეკინა სისერას „დანებიანი ცხრაასი საომარი ეტლი“ მეომრებიანად (მსჯ. 4:3; 5:21).
ამიტომ იესო ნავეს ძის მსგავსად, რომელმაც მყესები გადაუჭრა ცხენებს და ცეცხლს მისცა საომარი ეტლები, დავითმაც მყესები გადაუჭრა ცობის მეფე ჰადადეზერისთვის წართმეულ ცხენებს. მან მხოლოდ ასი ცხენი დაიტოვა (იეს. 11:6—9; 2სმ. 8:4). დავითი თავის მტრებზე ამბობდა: „ზოგი ეტლებს ახსენებს, ზოგი — ცხენებს, ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელს ვახსენებთ“. მან აგრეთვე თქვა: „ხსნის იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი“ (ფს. 20:7; 33:17). ერთ იგავში კი ნათქვამია: „ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, ხსნა კი იეჰოვასგანაა“ (იგ. 21:31).
სოლომონის მმართველობამ ახალი თავი გახსნა ისრაელის სამხედრო ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდი საკმაოდ მშვიდობიანი იყო, ის მაინც ამრავლებდა ცხენებსა და ეტლებს (იხ. ეტლი). ცხენების დიდი ნაწილი სოლომონმა ეგვიპტეში იყიდა. ამ ახალი საჯარისო შენაერთების დასაბინავებლად მას მთელ სამეფოში არაერთი ქალაქის აშენება მოუწია (1მფ. 4:26; 9:19; 10:26, 29; 2მტ. 1:14—17). თუმცა ამ საქმეში სოლომონს იეჰოვას კურთხევა არასდროს ჰქონია. მისი სიკვდილისა და სამეფოს გაყოფის შემდეგ ისრაელის ლაშქარი დასუსტდა. მოგვიანებით ესაიამ დაწერა: „ვაი მათ, ვინც ეგვიპტეში ჩადის დახმარების სათხოვნელად და ცხენების იმედი აქვს, მრავალრიცხოვან საბრძოლო ეტლებზე და ძლიერ ცხენებზე ამყარებს იმედს და არ ენდობა ისრაელის წმინდას, არ ეძებს იეჰოვას“ (ეს. 31:1).
გაყოფილი სამეფოს დროს. სამეფოს გაყოფის შემდეგ იუდა და ისრაელი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გახდნენ (1მფ. 12:19, 21). რობოამის მემკვიდრეს, აბიას მხოლოდ 400 000-კაციანი ჯარი ჰყავდა, როცა იერობოამი 800 000 კაცით გამოვიდა მასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი სამეფოს ლაშქარში ორჯერ ნაკლები მეომარი იყო, მათ გამარჯვება მოიპოვეს, „რადგან იეჰოვაზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე იყვნენ მინდობილნი“. ამ ბრძოლაში ისრაელმა 500 000 კაცი დაკარგა (2მტ. 13:3—18).
ტომობრივი შუღლის გარდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებს წინააღმდეგობას უწევდნენ გარშემო მცხოვრები წარმართი ერებიც. ჩრდილოელ მეზობელთან, სირიასთან დაძაბული ურთიერთობის გამო ისრაელს მუდმივი ჯარის ყოლა მოუწია (2მფ. 13:4—7). წარმართი ხალხები იუდასაც არ აძლევდნენ მოსვენებას. ერთხელ იუდაში ეგვიპტე შეიჭრა და დიდძალი ნადავლი წაიღო (1მფ. 14:25—27). სხვა დროს იუდას წინააღმდეგ ეთიოპები გამოვიდნენ მილიონიანი ლაშქრითა და 300 ეტლით. მეფე ასას მხოლოდ 580 000 მეომარი ჰყავდა, მაგრამ, როცა „მოუხმო ასამ იეჰოვას, თავის ღმერთს“, „დაამარცხა იეჰოვამ ეთიოპები“ და მათგან არავინ გადარჩა ცოცხალი (2მტ. 14:8—13).
როცა მოაბელები, ამონელები და ამონიმები საბრძოლველად გამოვიდნენ იეჰოშაფატის წინააღმდეგ, იეჰოშაფატმა „გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა“, მიუხედავად იმისა, რომ 1 160 000-კაციანი ლაშქარი ჰყავდა. იეჰოვამ დაამშვიდა იგი და უთხრა: „თქვენი კი არა, ღვთისაა ბრძოლა“ (2მტ. 17:12—19; 20:1—3, 15). სამხედრო ისტორიაში ეს ბრძოლა იმით გახდა განსაკუთრებული, რომ მეომრებს წინ უძღოდა დახელოვნებული მგალობლების გუნდი, რომელიც მღეროდა: „ადიდეთ იეჰოვა!“. მტრის რიგები არეულობამ მოიცვა, ერთმანეთს დაერივნენ და დახოცეს (2მტ. 20:21—23).
რომაული ჯარი. ავგუსტუსის მმართველობის დროს რომაული ჯარი სავარაუდოდ 300 000 მეომრისგან შედგებოდა და ორგანიზაციით სრულიად განსხვავდებოდა წინამორბედ იმპერიათა ჯარებისგან. რომაული არმიის ძირითადი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ლეგიონი იყო. ეს იყო დამოუკიდებელი დიდი საჯარისო შენაერთი, ფაქტობრივად, სრულფასოვანი ჯარი და არა შედარებით მსხვილი სამხედრო ერთეულის სპეციალიზირებული ქვეგანაყოფი. ბრძოლის დროს ზოგჯერ რამდენიმე ლეგიონი თავის სამხედრო ძალასა და რესურსებს აერთიანებდა. ამ შემთხვევაში მათ საერთო სარდალი ჰყავდათ. ასე მოხდა ახ. წ. 70 წელს, როცა ოთხმა ლეგიონმა ტიტუსის მეთაურობით ალყაში მოაქცია იერუსალიმი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში თითოეული ლეგიონი დამოუკიდებელი მისიით მოქმედებდა. ლეგიონერთა დასახმარებლად იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები პროვინციელებისგან აკომპლექტებდნენ დამხმარე ჯარს (auxilia). ეს ჯარისკაცები, ძირითადად, მოხალისეები იყვნენ და მშობლიურ პროვინციებში მსახურობდნენ. დამხმარე ჯარები, რომლებსაც ლეგიონები უმაგრებდა ზურგს, სასაზღვრო ზონებში იყო განლაგებული. დამხმარე ჯარიდან დათხოვნის შემდეგ თავისი ვალდებულების ღირსეულად შემსრულებელ ჯარისკაცს რომის მოქალაქეობას ანიჭებდნენ.
სხვადასხვა დროს ლეგიონთა რაოდენობა დაახლოებით 25-დან 33-მდე მერყეობდა. ლეგიონერთა რაოდენობაც იცვლებოდა (4 000-დან 6 000-მდე). პირველ საუკუნეში ლეგიონი, ჩვეულებრივ, 6 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა. როგორც ჩანს, ბიბლიაში ამიტომაც გამოიყენება „ლეგიონი“ განუსაზღვრელი, დიდი რიცხვის აღსანიშნავად (მთ. 26:53; მრ. 5:9; ლკ. 8:30). თითოეულ ლეგიონს თავისი მეთაური ჰყავდა, რომელიც უშუალოდ იმპერატორს აბარებდა ანგარიშს. მას ექვემდებარებოდა 6 ტრიბუნი, რომლებსაც ქილიარქოსებს (აქ-ში „ათასისთავი“) უწოდებდნენ (მრ. 6:21; ინ. 18:12; სქ. 21:32—23:22; 25:23; იხ. ათასისთავი).
ლეგიონი 10 კოჰორტად ანუ რაზმად იყოფოდა. ბიბლიაშიც ვხვდებით ფრაზებს „იტალიური რაზმი“ და „ავგუსტუსის რაზმი“ (სქ. 10:1; 27:1; იხ. ავგუსტუსის რაზმი). ახ. წ. 44 წელს, როცა ჰეროდე აგრიპა გარდაიცვალა, კესარეაში 5 კოჰორტა იდგა. ლეგიონი კიდევ უფრო მცირე ქვეგანაყოფებად, 60 ცენტურიად იყო დაყოფილი. თითოეული დაახლოებით 100 კაცისგან შედგებოდა და მეთაურობას ცენტურიონი (აქ-ში „ასისთავი“) უწევდა. ცენტურიონთა საქმე ძალიან ფასობდა, რადგან მათ მოვალეობაში ჯარისკაცების გაწვრთნაც შედიოდა (მთ. 8:5—13; 27:54; სქ. 10:1; 21:32; 22:25, 26; 23:17, 23; 24:23; 27:1, 6, 11, 31, 43; იხ. ასისთავი). თითოეულ ლეგიონში 10 განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო პირიც მსახურობდა, რომლებიც მცველებისა და შიკრიკების, ზოგჯერ კი ჯალათების როლს ასრულებდნენ (მრ. 6:27).
რომაულ ლეგიონებს თავ-თავიანთი დროშები და სიმბოლოები ჰქონდათ, რომლებზეც არწივი ან სხვადასხვა ცხოველი იყო გამოსახული. მოგვიანებით ამ სიმბოლოებს იმპერატორის მცირე ზომის ქანდაკებებიც შეემატა. როგორც რელიგიური მნიშვნელობის მქონე ნივთებს, მათ წმინდად მიიჩნევდნენ, ეთაყვანებოდნენ და სიცოცხლის ფასადაც კი იცავდნენ. ამიტომაც აპროტესტებდნენ ებრაელები ამ ნივთების იერუსალიმში შეტანას.
ადრინდელი ქრისტიანების დროს. ადრინდელი ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის ჯარში — გინდ ლეგიონში, გინდ დამხმარე ჯარში — მსახურებაზე. ისინი თვლიდნენ, რომ სამხედრო სამსახური ქრისტიანულ მოძღვრებასთან ყოვლად შეუსაბამო იყო. ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე იუსტინე წამებული თავის ნაშრომში „დიალოგი ტრიფონ იუდეველთან“ (CX) წერდა: „ომი, ხოცვა-ჟლეტა და ყოველგვარი ბოროტება ერთ დროს ჩვენთვის ჩვეული რამ იყო, მაგრამ ახლა მთელ დედამიწაზე ყველამ შევცვალეთ საომარი იარაღი — მახვილები სახნისებად, შუბები კი მიწის დასამუშავებელ სხვა იარაღებად“ (The Ante-Nicene Fathers, ტ. I, გვ. 254). თავის ტრაქტატში „გვირგვინის შესახებ“ (XI) ტერტულიანე (დაახლ. ახ. წ. 200) მსჯელობს, „საერთოდ მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ომში მონაწილეობა“. ის წმინდა წერილების საფუძველზე ასკვნის, რომ სამხედრო სამსახური მიუღებელია, ბოლოს კი ამბობს: „ჩვენ გვეკრძალება სამხედრო სამსახური“ (The Ante-Nicene Fathers, 1957, ტ. III, გვ. 99, 100).
„ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის [ახ. წ. 121—180] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ (The Rise of Christianity, ე. უ. ბარნზი, 1947, გვ. 333). „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფაქტობრივად, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჩვ. წ. 60—165 წლებში ერთი ქრისტიანი მაინც ყოფილიყო ჯარისკაცი ... ყოველ შემთხვევაში მარკუს ავრელიუსის მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი ნათლობის შემდეგ არ გახდებოდა სამხედრო პირი“ (The Early Church and the World, ს. კადუ, 1955, გვ. 275, 276). „II საუკუნეში ქრისტიანებმა ... დაამტკიცეს, რომ სამხედრო სამსახური და ქრისტიანობა შეუთავსებელი იყო“ (A Short History of Rome, გ. ფერერო და კ. ბარბაგალო, 1919, გვ. 382). „ქრისტიანები თავიანთი ქმედებით რადიკალურად განსხვავდებოდნენ რომაელებისგან ... ქრისტე მშვიდობის მქადაგებელი იყო, ამიტომ ისინი უარს ამბობდნენ ჯარისკაცობაზე“ (Our World Through the Ages, ნ. პლატი და მ. ჯ. დრამონდი, 1961, გვ. 125). „პირველი ქრისტიანებისთვის ომში მონაწილეობა მიუღებელი იყო. ისინი მაშინაც კი არ მიდიოდნენ ჯარში, როცა იმპერიას ჯარისკაცები სჭირდებოდა“ (The New World’s Foundations in the Old, რ. და უ. უესტები, 1929, გვ. 131). „ქრისტიანები ... თავს არიდებდნენ სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურაში მსახურებას“ (The Great Events by Famous Historians, რ. ჯონსონის რედაქციით, 1905, ტ. III, გვ. 246). „[ქრისტიანები] უსიტყვო მორჩილების პრინციპებს ასწავლიდნენ, მაგრამ უარს ამბობდნენ სამოქალაქო ადმინისტრაციასა თუ იმპერიის სამხედრო თავდაცვის სისტემაში მუშაობაზე ... შეუძლებელი იყო, ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, მაგისტრატი ან მთავარი ისე, რომ უფრო წმინდა მოვალეობაზე არ ეთქვა უარი“ (The Decline and Fall of the Roman Empire, ედუარდ გიბონი, ტ. I, გვ. 416).
ზეციერი ლაშქარი. ზეციერ ლაშქარში ზოგჯერ ვარსკვლავები იგულისხმება, თუმცა უფრო ხშირად ის იმ უამრავ ძლევამოსილ სულიერ ქმნილებაზე (ანგელოზები) მიუთითებს, რომლებიც იეჰოვა ღმერთის უმაღლეს მეთაურობას ექვემდებარებიან (დბ. 2:1; ნემ. 9:6). ფრაზა „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ ებრაულ წერილებში 283-ჯერ გვხვდება (პირველად 1 სამუელის 1:3-ში), ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი მისი ბერძნული შესატყვისი ორჯერ არის გამოყენებული (რმ. 9:29; იაკ. 5:4; იხ. ლაშქართა ღმერთი იეჰოვა). ბიბლიაში მეომარ ანგელოზებთან გამოიყენება ისეთი სამხედრო ტერმინები, როგორებიცაა „ლეგიონი“, „საომარი ეტლი“, „მხედარი“ და ა. შ. (2მფ. 2:11, 12; 6:17; მთ. 26:53). იეჰოვას უხილავ ლაშქარს „ათობით ათასი საბრძოლო ეტლი აქვს, აურაცხელი ათასი“ (ფს. 68:17). ის უბადლოდ ძლიერი და უძლეველია. „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“, რომელსაც ხელში შიშველი მახვილი ეჭირა, იესო ნავეს ძეს ეჩვენა და იერიხონის ასაღებად მითითებები მისცა (იეს. 5:13—15). ზეციერი ლაშქრის ერთმა ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი დასცა (2მფ. 19:35). ზეცაში გამართული ომის დროს მიქაელმა თავის ანგელოზებთან ერთად დედამიწაზე გადმოყარა სატანა და მისი დემონები (გმც. 12:7—9, 12). ამასთან, როცა „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ წინ გაუძღვება „ზეციერ ლაშქარს“ და გაანადგურებს „მხეცს, დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებს“, მტრის რიგებიდან ვერავინ გადარჩება ცოცხალი (გმც. 19:14, 16, 19, 21). თუმცა ამავე დროს იეჰოვას ძლევამოსილი უხილავი ლაშქარი დედამიწაზე ღვთის ერთგულ მსახურებს დაიცავს (2მფ. 6:17; ფს. 34:7; 91:11; დნ. 6:22; მთ. 18:10; სქ. 12:7—10; ებ. 1:13, 14).
იხ. აგრეთვე იარაღი, საჭურველი; ჯარისკაცი; ომი.