თავი 3
იეჰოვას ქრისტიანი მოწმეები პირველ საუკუნეში
„იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იესოს ამ მითითების თანახმად, მისი მოწაფეები მოწმეები იქნებოდნენ. მაგრამ ვისი მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ ისინი? იესომ მათ უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები“. ნიშნავდა ეს იმას, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები არ იქნებოდნენ? ცხადია, არა!
იესოს მოწაფეებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად, რომელიც მანამდე არავის ჰქონია — ისინი იეჰოვას მოწმეებიც იქნებოდნენ და იესოსიც. იესოს პირველი მოწაფეები ერთგული იუდეველები იყვნენ, ამიტომ ისინი უკვე იყვნენ იეჰოვას მოწმეები (ეს. 43:10—12). მაგრამ ახლა მათ უნდა დაემოწმებინათ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა იესო მესიანური სამეფოს მეშვეობით იეჰოვას სახელის განწმენდაში. ამგვარად, ისინი იესოზე იმიტომ ამოწმებდნენ, რომ იეჰოვა განედიდებინათ (რომ. 16:25—27; ფილ. 2:9—11). ისინი ადასტურებდნენ, რომ იეჰოვა არ ცრუობდა, რადგან მან ქვეყნიერებას მოუვლინა მესია, ქრისტე, რის შესახებაც 4 000 წლის წინ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები!
იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს პირველ საუკუნეში უნიკალური პასუხისმგებლობა ეკისრათ, რაც დღესაც აკისრიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს.
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო გალილეაში მთაზე შეკრებილ მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა, რა პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). ვნახოთ, რას მოიცავდა ეს მნიშვნელოვანი დავალება.
„წადით“, — თქვა იესომ. სად უნდა წასულიყვნენ ისინი? ყველა ერის ხალხთან. ამ ახალი დავალების შესრულება განსაკუთრებით იუდეველი მორწმუნეებისთვის იყო რთული (შეადარეთ საქმეების 10:9—16, 28). დედამიწაზე იესოს მოსვლამდე ისრაელები უცხოტომელებს თბილად იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ისინი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით ინტერესდებოდნენ (1 მეფ. 8:41—43). თავისი მსახურების დასაწყისში იესომ მოციქულებს უთხრა, რომ მხოლოდ „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ ექადაგათ (მათ. 10:1, 6, 7). მაგრამ ახლა მათ მიიღეს ბრძანება, რომ ყველა ერის ხალხთან წასულიყვნენ. რა მიზნით?
„მოწაფეებად მოამზადეთ“, — დაავალა იესომ თავის მიმდევრებს. დიახ, მათ სხვები უნდა მოემზადებინათ მოწაფეებად. რა იგულისხმება ამაში? მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს და უბრალოდ მოსწავლე კი არ არის, არამედ გულითადი მიმდევარიც. მოწაფე იესოს ძალაუფლებას მხოლოდ გულში კი არ უნდა აღიარებდეს, არამედ ამას თავისი საქმეებით უნდა ამტკიცებდეს. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, „მოწაფედ“ (მათიტის) ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „მიუთითებს სიყვარულზე, რომელიც [მოწაფის] მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას“ (Theological Dictionary of the New Testament).
„ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა“, — დასძინა იესომ. ადამიანმა იესოსადმი სიყვარული რომ განივითაროს, უნდა ისწავლოს „ყველაფრის დაცვა“, რაც იესომ ბრძანა, მათ შორის „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება (მათ. 24:14). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას გახდეს იესოს მოწაფე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. და მხოლოდ ის მოინათლება, ვინც მიიღებს ქრისტეს სწავლებებს და მისი ნამდვილი მოწაფე გახდება.
„მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“, — დაარწმუნა იესომ თავისი მოწაფეები. იესოს სწავლებები ყოველთვის პრაქტიკულია და არასოდეს ძველდება. ამიტომ ქრისტიანებს დღემდე აქვთ დაკისრებული მოწაფეების მომზადების პასუხისმგებლობა.
ამგვარად, ქრისტეს მიმდევრებს მეტად საპასუხისმგებლო დავალება დაეკისრათ — ყველა ხალხში მოწაფეები უნდა მოემზადებინათ. მაგრამ ამ საქმის შესასრულებლად მათ იეჰოვას სახელისა და სამეფოს შესახებ უნდა დაემოწმებინათ, რადგან იესოც სწორედ ასე იქცეოდა (ლუკ. 4:43; იოან. 17:26). ვინც იღებდა ქრისტეს სწავლებებს და მისი მოწაფე ხდებოდა, შესაბამისად იეჰოვას ქრისტიანი მოწმეც ხდებოდა. იეჰოვას მოწმედ ყოფნა უკვე პირად არჩევანზე იყო დამოკიდებული და არა ისრაელ ერში დაბადებაზე. ვინც იეჰოვას მოწმე ხდებოდა, ამას იეჰოვას სიყვარულით აკეთებდა და გულწრფელად სურდა, მის უზენაეს ხელისუფლებას დამორჩილებოდა (1 იოან. 5:3).
მაგრამ პირნათლად შეასრულეს იეჰოვას პირველმა ქრისტიანმა მოწმეებმა დაკისრებული დავალება, ემსახურათ ღვთისა და ქრისტეს მოწმეებად და მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან?
„დედამიწის კიდით კიდემდე“
მოწაფეებისთვის დავალების მიცემის შემდეგ მალევე იესო ზეცაში დაბრუნდა მამასთან (საქ. 1:9—11). ათი დღის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო მოწაფეების მომზადების გრანდიოზული საქმიანობა. იმ დღეს იესოს მიერ დაპირებული წმინდა სული გადავიდა მოწაფეებზე, რასაც ისინი ელოდნენ კიდეც (საქ. 2:1—4; შეადარეთ ლუკას 24:49 და საქმეების 1:4, 5). ამან მოწაფეები ენთუზიაზმით აავსო და მათ მკვდრეთით აღმდგარ იესოსა და სამეფო ძალაუფლებით მის მოსვლაზე დაიწყეს ქადაგება.
იესოს მითითების თანახმად, პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ღვთისა და ქრისტეს შესახებ დამოწმება სწორედ რომ იერუსალიმში დაიწყეს (საქ. 1:8). პეტრე მოციქულმა ინიციატივა აიღო და ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მრავალი ქვეყნიდან ჩასულ ათასობით იუდეველს საფუძვლიანად დაუმოწმა (საქ. 2:5—11, 40). მალე მხოლოდ მორწმუნე მამაკაცების რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა (საქ. 4:4; 6:7). მოგვიანებით ფილიპემ „ღვთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელის შესახებ“ სამარიელებს აუწყა (საქ. 8:12).
მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი. ახ. წ. 36 წლიდან მოყოლებული, როცა წინადაუცვეთელმა უცხოტომელმა, კორნელიუსმა ქრისტიანობა მიიღო, სასიხარულო ცნობის გავრცელება სხვა ერებშიც დაიწყეს (საქმეები, თავი 10). ეს საქმე ძალიან სწრაფად წავიდა წინ, ამიტომ დაახლოებით ახ. წ. 60 წელს მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). ამგვარად, პირველი საუკუნის მიწურულს იესოს ერთგულ მიმდევრებს მოწაფეები ჰყავდათ მთელ რომის იმპერიაში — აზიაში, ევროპასა და აფრიკაში!
რამდენადაც იეჰოვას ქრისტიანმა მოწმეებმა პირველ საუკუნეში ძალიან მოკლე დროში ამდენის გაკეთება შეძლეს, ისმის კითხვა: იყვნენ ისინი ორგანიზებულნი? და თუ იყვნენ, როგორ?
ქრისტიანული კრების ორგანიზება
მოსეს დროიდან მოყოლებული, ისრაელ ერს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა — ის ღვთის კრებული იყო. ეს კრებული ანუ კრება ღვთისგან კარგად იყო ორგანიზებული, მას ხელმძღვანელობდნენ უხუცესები, თავკაცები, მსაჯულები და მთავრები (იეს. 23:1, 2). მაგრამ ისრაელმა ერმა დაკარგა ეს განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა იეჰოვას ძე უარყო (მათ. 21:42, 43; 23:37, 38; საქ. 4:24—28). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ისრაელის კრების ნაცვლად ღმერთმა ქრისტიანული კრება აირჩია.a როგორ იყო ქრისტიანული კრება ორგანიზებული?
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისთვის „მოციქულებისგან [უკვე] გამუდმებით სწავლობდნენ“ მოწაფეები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ სწავლების შედეგად მათ შორის თავიდანვე ერთიანობა იყო. პირველი დღიდანვე ისინი ერთად იკრიბებოდნენ და ერთსულოვანნი იყვნენ (საქ. 2:42, 46). მოწაფეების მომზადების საქმემ წინ წაიწია და მორწმუნეთა კრებები ჩამოყალიბდა ჯერ იერუსალიმში, შემდეგ კი სხვა ადგილებში (საქ. 8:1; 9:31; 11:19—21; 14:21—23). მათ ჩვევად ჰქონდათ ერთად შეკრება როგორც საზოგადოებრივ ადგილებში, ისე კერძო სახლებში (საქ. 19:8, 9; რომ. 16:3, 5; კოლ. 4:15).
რა იცავდა ადგილობრივ კრებებს, რომლებიც დღითი დღე იზრდებოდა, რომ პატარ-პატარა დამოუკიდებელ კრებებად არ დაყოფილიყო? მათ ერთი წინამძღოლი ჰყავდათ. დასაწყისიდანვე ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა კრების უფლად და თავად, რასაც ყველა კრება აღიარებდა (საქ. 2:34—36; ეფეს. 1:22). წმინდა სულისა და ანგელოზების მეშვეობით ქრისტე ზეციდან აქტიურად ხელმძღვანელობდა კრების საქმეებს დედამიწაზე. ამის უფლება მას იეჰოვამ მისცა (საქ. 2:33; შეადარეთ საქმეების 5:19, 20; 8:26; 1 პეტ. 3:22).
ქრისტიანული კრების ერთიანობას აგრეთვე ხელს უწყობდა ხელმძღვანელი საბჭო, რომლის მეშვეობითაც ქრისტე ხილულად ხელმძღვანელობდა კრებას. თავიდან ის შედგებოდა იესოს ერთგული მოციქულებისგან, მოგვიანებით კი ამ საბჭოში შედიოდნენ იერუსალიმის კრების უხუცესები, ასევე პავლე მოციქული, თუმცა ის იერუსალიმში არ ცხოვრობდა. თითოეული კრება აღიარებდა უხუცესებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭოს უფლებამოსილებას და როცა ორგანიზაციული ან სწავლებებთან დაკავშირებული რაიმე საკითხი წამოიჭრებოდა, ხელმძღვანელობას მისგან ელოდნენ (საქ. 2:42; 6:1—6; 8:14—17; 11:22; 15:1—31). შედეგად, „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5).
წმინდა სულის ხელმძღვანელობით ეს საბჭო ზედამხედველობას უწევდა უხუცესებისა და მათი დამხმარეების, მომსახურეების დანიშვნას, რათა მათ კრებებზე ეზრუნათ. უხუცესებად და მომსახურეებად დანიშვნისთვის ძმებს უნდა დაეკმაყოფილებინათ არა რაღაც ადგილობრივი ნორმები, არამედ ის მოთხოვნები, რაც აჩვენებდა, რომ ისინი სულიერად მოწიფულები იყვნენ. ეს მოთხოვნები ყველა კრებაზე ერთნაირად ვრცელდებოდა (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9; 1 პეტ. 5:1—3). უხუცესები ანუ ზედამხედველები უნდა მიჰყოლოდნენ წმინდა წერილებში ჩაწერილს და დამორჩილებოდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას (საქ. 20:28; ტიტ. 1:9). თავის მხრივ, კრებებიც უნდა დამორჩილებოდნენ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა ეკისრა (ებრ. 13:17). ამგვარად, ერთიანობა ნარჩუნდებოდა არა მხოლოდ ცალკეულ კრებებში, არამედ მთლიანად ქრისტიანულ კრებაში.
მართალია, ზოგიერთ მამაკაცს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ იეჰოვას პირველი საუკუნის ქრისტიანი მოწმეები სასულიერო და საერო პირებად არ იყვნენ დაყოფილნი. ისინი ყველანი ძმები იყვნენ და მათ ერთი წინამძღოლი, ქრისტე ჰყავდათ (მათ. 23:8, 10).
ისინი წმინდა ქცევითა და სიყვარულით გამოირჩეოდნენ
იეჰოვას პირველი საუკუნის მოწმეები მხოლოდ „ბაგეთა ნაყოფით“ არ ამოწმებდნენ (ებრ. 13:15). ისინი თავიანთი ცხოვრებით აჩვენებდნენ, რომ ქრისტეს მოწაფეები იყვნენ. პირველი ქრისტიანი მოწმეები არა მხოლოდ სიტყვით აუწყებდნენ თავიანთი რწმენის შესახებ, არამედ ამ რწმენის თანახმად ცვლიდნენ თავიანთი ცხოვრების წესს. მათ გაიხადეს ძველი პიროვნება მისი ცოდვილი საქმეებით და შეიმოსნენ ახალი პიროვნებით, რომელიც ღვთის ნებისამებრ არის შექმნილი (კოლ. 3:5—10). ისინი გულმართლები, პატიოსნები, შრომისმოყვარეები და სანდოები იყვნენ (ეფეს. 4:25, 28). ისინი ზნეობრივ სიწმინდეს იცავდნენ და მათთვის მიუღებელი იყო სექსუალური უზნეობა, ლოთობა და კერპთაყვანისმცემლობა (გალ. 5:19—21). სწორედ ამიტომ ეწოდა ქრისტიანობას „გზა“, ანუ ცხოვრების წესი — მორწმუნეები თავიანთ ცხოვრებას იესოსადმი რწმენაზე აგებდნენ და ერთგულად მიჰყვებოდნენ მის ნაკვალევს (საქ. 9:1, 2; 1 პეტ. 2:21, 22).
თუმცა ყველა თვისებაზე აღმატებული თვისება სიყვარულია. პირველი საუკუნის ქრისტიანები სიყვარულით ზრუნავდნენ თანამორწმუნეების საჭიროებებზე (რომ. 15:26; გალ. 2:10). მათ საკუთარ თავზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი (შეადარეთ ფილიპელების 2:25—30). ისინი მზად იყვნენ, ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან იესოც მათთვის მოკვდა! (იოან. 15:13; შეადარეთ ლუკას 6:40). ამიტომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). ქრისტემ უბრძანა თავის მიმდევრებს, რომ ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული ჰქონოდათ. ეს ბრძანება პირველი საუკუნის მოწაფეებმა მთელი გულით შეასრულეს (მათ. 28:20).
ისინი „ქვეყნიერების ნაწილი“ არ იყვნენ
თავიანთი პასუხისმგებლობა რომ შეესრულებინათ — მოემზადებინათ მოწაფეები და ღვთისა და იესოს შესახებ ექადაგათ — პირველ ქრისტიანებს არ უნდა დაეშვათ, რომ ქვეყნიერების საქმეებს ხელი შეეშალა მათთვის უმთავრესი დავალების შესრულებაში. მათ ამ მხრივაც იესოსთვის უნდა მიებაძათ, რომელმაც პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 18:36). თავის მოწაფეებსაც იესომ პირდაპირ უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოან. 15:19). იესოს მსგავსად პირველი ქრისტიანებიც ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი რჩებოდნენ; ისინი არ მონაწილეობდნენ პოლიტიკასა და ომებში (შეადარეთ იოანეს 6:15). გარდა ამისა, ისინი არც ამ ქვეყნიერების გზებით დადიოდნენ — არ ისწრაფოდნენ სიმდიდრის დაგროვებისა და უზომო სიამოვნებისკენ (ლუკ. 12:29—31; რომ. 12:2; 1 პეტ. 4:3, 4).
რამდენადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანები ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი იყვნენ, ისინი სხვებისგან აშკარად განსხვავდებოდნენ. ისტორიკოსი ე. ჯ. ჰარდი თავის წიგნში წერს: „ქრისტიანები უცხოები და პილიგრიმები იყვნენ ქვეყნიერებაში. მათი მოქალაქეობა ზეცაში იყო. სამეფო, რომელსაც ისინი ელოდნენ, ამ ქვეყნიერების ნაწილი არ იყო. ამიტომ თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ქრისტიანებს ნაკლებად აინტერესებდათ ქვეყნიერების საქმეები“ (Christianity and the Roman Government).
სიმართლისთვის დევნილნი
„მონა თავის ბატონზე დიდი არ არის, — გააფრთხილა იესომ თავისი მოწაფეები. — თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). წამების ბოძზე სიკვდილამდე იესოს სასტიკი დევნის ატანა მოუწია (მათ. 26:67; 27:26—31, 38—44). მისი გაფრთხილებისამებრ მალე მისი მოწაფეებიც შეხვდნენ დევნას (მათ. 10:22, 23).
პირველი ქრისტიანები დიდხანს არ დარჩენილან შეუმჩნევლები. ისინი მაღალზნეობრივ ნორმებს იცავდნენ და უმწიკვლოდ ცხოვრობდნენ. ყველა ხედავდა, რომ მოწაფეების მომზადების საქმეს ქრისტიანები მთელი გულით ეკიდებოდნენ. შედეგად, ათასობით ადამიანი ტოვებდა ცრუ რელიგიებს და ქრისტიანი ხდებოდა. ისინი უარს ამბობდნენ ქვეყნიერების საქმეებში მონაწილეობაზე და თაყვანს არ სცემდნენ იმპერატორს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მალევე გახდნენ ცრუ რელიგიური წინამძღოლებისა და შეცდომაში შეყვანილი პოლიტიკური მმართველების სამიზნე, რომლებიც სასტიკად დევნიდნენ მათ (საქ. 12:1—5; 13:45, 50; 14:1—7; 16:19—24). მაგრამ ამ მდევნელების უკან მთავარი მდევნელი, „ძველი გველი“, სატანა იდგა (გამოცხ. 12:9; შეადარეთ გამოცხადების 12:12, 17). სატანის მიზანი იყო, მოესპო ქრისტიანობა და მისი გაბედული მოწმეები.
მაგრამ ვერანაირმა დევნამ ვერ გააჩუმა იეჰოვას პირველი ქრისტიანი მოწმეები! მათ იესოს მეშვეობით ღვთისგან მიიღეს დავალება, რომ ექადაგათ, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ღმერთს უფრო დამორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს (საქ. 4:19, 20, 29; 5:27—32). ისინი ენდობოდნენ იეჰოვას ძალას და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი დააჯილდოებდა თავის ერთგულ მოწმეებს მოთმინებისთვის (მათ. 5:10; რომ. 8:35—39; 15:5).
ისტორია ადასტურებს, რომ რომის იმპერიის მმართველებმა დევნით ვერ შეაჩერეს პირველ საუკუნეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა, წერდა: „დღემდე [დაახლოებით ახ. წ. 93 წლამდე] არსებობენ ქრისტიანები, რომლებსაც ასე [იესოს] შემდეგ ეწოდათ“ (Jewish Antiquities, XVIII, 64 (iii, 3)).
პირველ საუკუნეში მცხოვრები იეჰოვას ქრისტიანი მოწმეების შესახებ ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ისინი ბევრი რამით გამოირჩეოდნენ: გაბედულად და ენთუზიაზმით ქადაგებდნენ ღვთისა და ქრისტეს შესახებ და ამზადებდნენ მოწაფეებს; კარგად იყვნენ ორგანიზებულნი; ერთმანეთს ძმებს უწოდებდნენ და არ იყოფოდნენ სასულიერო და საერო პირებად; იცავდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს და უყვარდათ ერთმანეთი; ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი იყვნენ და არ მიჰყვებოდნენ მისი ცხოვრების წესს; სიმართლისთვის იდევნებოდნენ.
მაგრამ პირველი საუკუნის მიწურულს ქრისტიანული კრების ერთიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.
[სქოლიო]
a ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებული სიტყვა „კრება“ ზოგჯერ ზოგადად ქრისტიანულ კრებაზე მიუთითებს (1 კორ. 12:28). ზოგჯერ კი ამ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს რომელიმე ქალაქში მცხოვრებ მორწმუნეთა ადგილობრივი ჯგუფი ან ის ჯგუფი, რომელიც ვინმეს სახლში იკრიბება (საქ. 8:1; რომ. 16:5).
[ჩანართი 26 გვერდზე]
ახალი მოწაფეები უბრალოდ მორწმუნეები კი არ უნდა გამხდარიყვნენ, არამედ ქრისტეს ერთგული მიმდევრებიც
[ჩანართი 27 გვერდზე]
იეჰოვას მოწმედ ყოფნა უკვე პირად არჩევანზე იყო დამოკიდებული და არა ისრაელ ერში დაბადებაზე
[ჩანართი 28 გვერდზე]
პირველი საუკუნის მიწურულს იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს უკვე აზიაში, ევროპასა და აფრიკაში ჰყავდათ მოწაფეები
[ჩანართი 29 გვერდზე]
პირველი საუკუნის ქრისტიანები არ იყვნენ დაყოფილნი სასულიერო და საერო პირებად
[ჩარჩო 27 გვერდზე]
ქრისტიანობა გულმოდგინე ქადაგების შედეგად გავრცელდა
ქადაგების სურვილით ანთებული იეჰოვას პირველი ქრისტიანი მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ეუწყებინათ. ედუარდ გიბონი თავის წიგნში აღნიშნავს: „ქრისტიანები იმდენად გულმოდგინენი იყვნენ, რომ [რომის] იმპერიის პროვინციების თითქმის ყველა ქალაქში გაიფანტნენ“ (The Decline and Fall of the Roman Empire). პროფესორი ჯ. ტომფსონი წერს: „ქრისტიანობა რომის იმპერიაში ძალიან სწრაფად გავრცელდა. როგორც ჩანს, ახ. წ. 100 წლისთვის ქრისტიანები ხმელთაშუა ზღვის გარშემო მდებარე თითქმის ყველა პროვინციაში იყვნენ“ (History of the Middle Ages).
[ჩარჩო 30 გვერდზე]
„ქრისტიანობის ტრიუმფი“
არაბიბლიური წყაროები ადასტურებს, რომ პირველი ქრისტიანები გამოირჩეოდნენ კარგი საქციელითა და სიყვარულით. ისტორიკოსი ჯონ ლორდი წერდა: „ქრისტიანობის ტრიუმფი ის იყო, რომ ვინც ქრისტიანულ სწავლებებს იღებდა, უკეთესობისკენ იცვლებოდა . . . ჩვენ არაერთი მტკიცება გვაქვს იმისა, რომ ისინი უმწიკვლოდ ცხოვრობდნენ, ზნეობრივ ნორმებს იცავდნენ, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ და ყველა ქრისტიანულ, დადებით თვისებას ავლენდნენ“ (The Old Roman World).
[სურათი 31 გვერდზე]
კრებებს ზედამხედველობდა ხელმძღვანელი საბჭო, მაგრამ ეს კრებებიც და საბჭოც თავის წინამძღოლად ქრისტეს აღიარებდნენ
[სურათი 32 გვერდზე]
პირველ ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ