ბიბლიის თვალსაზრისი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმეს აწყენინეთ?
ხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თანაქრისტიანი ცივად გექცევათ. არაფერს გეუბნებათ, თუმცა უღიმღამოდ გესალმებათ, ისიც მაშინ, თუ პირველი თქვენ მიესალმებით. უნდა მიხვიდეთ მასთან და გაარკვიოთ, რაშია საქმე?
„ეს მისი პრობლემაა, — შეიძლება თქვათ. — თუ ჩემზე ნაწყენია, კეთილი ინებოს და თვითონ დამელაპარაკოს“. სინამდვილეში, ბიბლია განაწყენებულ ადამიანს მოუწოდებს, პირველმა ისწრაფოს მშვიდობის აღდგენისკენ (შეადარეთ მათე 18:15—17). მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს მწყენინებელი? აკისრია მას რაიმე პასუხისმგებლობა?
მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ამ სიტყვებს მწყენინებლის გასაგონად ამბობს. რის გაკეთება მართებს მას მდგომარეობის გამოსასწორებლად? პასუხის მისაღებად, განვიხილოთ, თუ რას ნიშნავდა იესოს სიტყვები პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველებისთვის.
ძღვნის მიტანა სამსხვერპლოსთან
იესო ცოცხალ სურათს გვიხატავს: ერთი ღვთის მორწმუნე იუდეველი ყოველწლიურ დღესასწაულზე იერუსალიმში ადის და იეჰოვასთვის მსხვერპლშესაწირად ცხოველი მიჰყავს.a მსხვერპლშეწირვა ნამდვილად არ წარმოადგენდა უაზრო რიტუალს. ერთ წიგნში ახსნილია, თუ როგორ ხდებოდა ეს: „თავდაპირველად ადამიანი ირჩევდა მსუქან და უნაკლო ცხოველს, შემდეგ აკვირდებოდა, როგორ გულდასმით ხდებოდა მისი შემოწმება, ამის მერე ცხოველი რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ სამსხვერპლომდე მიჰყავდა მღვდლისთვის გადასაცემად, ის ცხოველს თავზე ხელს ადებდა და აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს ან უწმინდურებას (შეიძლება ცხოველი სხვა მიზნითაც შეეწირათ); ბოლოს კი მსხვერპლს ყელს გამოსჭრიდნენ — ეს ყველაფერი ან თუნდაც ის პერიოდი, სანამ იდგა და თავის რიგს ელოდა, იუდეველს შეახსენებდა, რომ მსხვერპლშეწირვა ერთობ მნიშვნელოვანი და მოწიწების მომგვრელი პროცესი იყო . . . ადამიანს, რომელსაც სწამდა, რომ მსხვერპლშეწირვის მთელი ეს რიტუალი ღვთისგან იყო დადგენილი, შეუძლებელი იყო, ისე მიეღო მასში მონაწილეობა, რომ . . . აღფრთოვანებული არ დარჩენილიყო“ (Judaism—Practice and Belief).
ამგვარად, მათეს 5:23, 24-ში მოყვანილი იესოს სიტყვები მსმენელს შეახსენებდა, რომ იუდეველი მორწმუნისთვის ამ რიტუალს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მასში მოწიწებას იწვევდა. ერთი ბიბლეისტი ამ სცენას ასე აღწერს: „მორწმუნე შევიდა ტაძარში; გაიარა რამდენიმე ეზო, მაგალითად, უცხოტომელთა ეზო, ქალთა ეზო, ისრაელთა ეზო. ამის მერე იწყებოდა მღვდელთა ეზო, რომელშიც მღვდლების გარდა არავის შეეძლო შესვლა. ღვთის თაყვანისმცემელი ეზოს ზღურბლთან დგება და ემზადება, რომ შესაწირავად გაღებული ცხოველი მღვდელს გადასცეს; ის [ცხოველს თავზე] ხელებს ადებს და ცოდვას აღიარებს“.
სწორედ ამ უაღრესად მნიშვნელოვან მომენტში ახსენდება მას, რომ მის „ძმას რაღაც აქვს მის წინააღმდეგ“. შესაძლოა, სინდისი კარნახობს ამას, ან ძმის დამოკიდებულებიდან ხვდება, რომ მას რაღაც ეწყინა. როგორ უნდა მოიქცეს ის?
„დატოვე შენი ძღვენი . . . და წადი“
„დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ [და] წადი“, — გვეუბნება იესო. კი, მაგრამ რატომ? განა იყო იმ მომენტში რამე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მსხვერპლშეწირვა? იესო გვიხსნის: „ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“. ასე რომ, ღვთის თაყვანისმცემელი შესაწირად მიყვანილ ცხოველს სამსხვერპლოსთან ტოვებს და უკან ბრუნდება განაწყენებული ძმის მოსაძებნად.
ვინაიდან დღესასწაულის დღეა, ნაწყენი ძმაც ეჭვგარეშეა იერუსალიმს მოზღვავებულ მომლოცველებს შორის იქნება. ვიწრო ქუჩებითა და მიჯრილი სახლებით გამორჩეულ ამ ქალაქში ისედაც ბევრი მოსახლე ცხოვრობდა, მაგრამ დღესასწაულის დროს იერუსალიმი ისე იყო გადაჭედილი სტუმრებით, რომ ნემსი არ ჩავარდებოდა.b
მაშინაც კი, თუ ერთი და იმავე ქალაქის მკვიდრნი ერთად იმგზავრებდნენ და ერთად დაბინავდებოდნენ, გადაჭედილ ქალაქში შესვლა და ნაცნობის მოძებნა ადვილი საქმე არ იქნებოდა. მაგალითად, კარვობის დღესასწაულზე სტუმრები მთელ ქალაქში თუ ქალაქის გარშემო გზებზე და ბაღებში შლიდნენ კარვებს (ლევიანები 23:34, 42, 43). მიუხედავად ამისა, იუდეველ კაცს მანამ უნდა ეძებნა მასზე განაწყენებული ძმა, სანამ არ იპოვიდა. მერე რა უნდა გაეკეთებინა?
„შენს ძმას შეურიგდი“, — გვეუბნება იესო. რაკიღა იუდეველი ამხელა ძალისხმევას ახმარდა განაწყენებული ძმის მოძებნას, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ის შერიგებისკენ ისწრაფოდა. ამის შემდეგ, როგორც იესო ამბობს, მას შეეძლო ტაძარში დაბრუნებულიყო და შეეწირა თავისი მსხვერპლი, რომელსაც ამჯერად უკვე მიიღებდა ღმერთი.
მათეს 5:23, 24-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: შერიგება ან მშვიდობის აღდგენა მსხვერპლშეწირვაზე მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ ვეპყრობით თანაქრისტიანებს, ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ახდენს გავლენას (1 იოანე 4:20).
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმეს აწყენინეთ?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენც აღმოჩნდებით სტატიის დასაწყისში აღწერილ სიტუაციაში, თანაც თუ ხვდებით, რომ თანაქრისტიანს აწყენინეთ?
გაითვალისწინეთ იესოს რჩევა. ნუ დაელოდებით მას, მიდით და პირველი თქვენ დაელაპარაკეთ. რა უნდა იყოს ამ დროს თქვენი მიზანი? უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ და ის ტყუილუბრალოდ გაბრაზდა? ნამდვილად არა! სინამდვილეში, პრობლემა შეიძლება სხვა რამ იყოს, ვიდრე უბრალოდ გაუგებრობა. იესომ გვითხრა: „შენს ძმას შეურიგდი“. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ თუ შესაძლებელია, მას წყენით მიყენებული ჭრილობა მოვუშუშოთ (რომაელები 14:19). საამისოდ, შესაძლოა იმის აღიარებაც მოგიწიოთ, რომ მას ჰქონდა გულისტკენის მიზეზი. შეიძლება ისიც კი ჰკითხოთ, რა შეიძლება გააკეთოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ხშირად, გულწრფელი მობოდიშებაც საკმარისია. თუმცა ზოგჯერ ადამიანს წყენის გასაქარწყლებლად დრო სჭირდება.
მაგრამ, რა უნდა გააკეთოთ, თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, განაწყენებულს არ სურს თქვენთან შერიგება? რომაელების 12:18-ში ვკითხულობთ: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან.“ დარწმუნებული იყავით, რომ თუ ყველაფერი გააკეთეთ მშვიდობის აღსადგენად, იეჰოვა მოიწონებს თქვენს თაყვანისმცემლობას.
[სქოლიოები]
a როგორც წესი, მსხვერპლშეწირვა ხდებოდა სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე — უფუარობის, კვირების და კარვობის (კანონი 16:16, 17).
b არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი პილიგრიმი სტუმრობდა იერუსალიმს დღესასწაულის დღეებში. პირველი საუკუნის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის მონაცემებით, დაახლოებით სამმა მილიონმა იუდეველმა მოიყარა თავი იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე, — აღნიშნულია ერთ წიგნში (The Jewish War, ტ. II, გვ. 280 [xiv, 3]; ტ. VI, გვ. 425 [ix, 3]).