ანდრია
[ბერძ. ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მამაკაცს; შესაძლოა ნიშნავს მამაკაცურს]
სიმონ-პეტრეს ძმა და იონას (იოანე) ვაჟი (მთ. 4:18; 16:17). მისი მშობლიური ქალაქი იყო ბეთსაიდა, თუმცა როცა იესომ მას და მის ძმა სიმონს „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა, ისინი კაპერნაუმში ერთად ცხოვრობდნენ (მრ. 1:16, 17, 21, 29; ინ. 1:44). ორივე ქალაქი გალილეის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა, სადაც ძმები იაკობსა და იოანესთან ერთად თევზაობდნენ (მთ. 4:18; მრ. 1:16; ლკ. 5:10).
ანდრია თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო (ინ. 1:35, 40). ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე ის ბეთანიაში, მდინარე იორდანის აღმოსავლეთით იმყოფებოდა, როცა იოანე ნათლისმცემელმა იესო „ღვთის კრავად“ წარუდგინა (ინ. 1:29). ის სხვა მოწაფესთან (სავარაუდოდ იოანესთან) ერთად სახლში გაჰყვა იესოს და მალევე დარწმუნდა, რომ მესია იპოვა, შემდეგ მოძებნა თავისი ძმა სიმონი და იესოსთან მიიყვანა (ინ. 1:36—41). ძმები მალევე დაუბრუნდნენ თევზჭერას. ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ, როცა იოანე ნათლისმცემელი დააპატიმრეს, იესომ ანდრიასა და სიმონს იაკობთან და იოანესთან ერთად მოუხმო და ადამიანთა მებადურობა შესთავაზა. ძმებმა მაშინვე მიატოვეს ბადეები და იესოს გაჰყვნენ (მთ. 4:18—20; მრ. 1:14, 16—20). მოგვიანებით ოთხივე იესოს მოციქული გახდა. აღსანიშნავია, რომ ანდრია მოციქულთა ჩამონათვალში ყოველთვის პირველ ოთხეულშია მოხსენიებული (მთ. 10:2; მრ. 3:18; ლკ. 6:14).
ამის შემდეგ ანდრია მხოლოდ გაკვრით მოიხსენიება. ის და ფილიპე ერთად დაელაპარაკნენ იესოს 5 000 კაცის დაპურებაზე. ანდრიამ იესოს აცნობა მათ ხელთ არსებული საკვების რაოდენობა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამდენ ხალხს ეს არ ეყოფოდა (ინ. 6:8, 9). ბოლო პასექის დროს, რომელიც იესომ მოწაფეებთან ერთად აღნიშნა, ფილიპე ანდრიასთან მივიდა რჩევის საკითხავად იესოს სანახავად მისული ბერძნების გამო, რის შემდეგაც ორივე დაელაპარაკა იესოს ამ საკითხზე (ინ. 12:20—22). ანდრია ერთ-ერთი იყო იმ ოთხს შორის, რომლებმაც იესოს ზეთისხილის მთაზე კითხვა დაუსვეს ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე (მრ. 13:3). ბოლოჯერ ანდრიას სახელი იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მოიხსენიება (სქ. 1:13).