სალომე
[სავარაუდოდ ნაწარმოებია ებრ. ფუძიდან, რაც ნიშნავს მშვიდობას].
1. მათეს 27:56-ის მარკოზის 15:40-თან შედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ სალომე ზებედეს ვაჟების, იესო ქრისტეს მოციქულების — იაკობისა და იოანეს — დედა იყო. მათეს 27:56-ში ნახსენებია ორი მარიამი — მაგდალელი მარიამი და იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, აგრეთვე, ზებედეს ძეების დედა, რომელიც იესოს ძელზე გაკვრას ესწრებოდა. მსგავსად ამისა, მარკოზის 15:40 იესოს ძელზე გაკვრის თვითმხილველებს შორის მოიხსენიებს ორ მარიამსა და მათთან მყოფ სალომეს.
მუხლების შედარების საფუძველზე იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ სალომე იესოს დედის, მარიამის ალალი და იყო. იოანეს 19:25 ასახელებს ორ მარიამს, მარიამ მაგდალელსა და კლოპას ცოლს (როგორც ცნობილია, ის იყო იაკობ მცირისა და იოსეს დედა). მუხლში ვკითხულობთ: „იესოს წამების ბოძთან იდგნენ დედამისი, [და] დეიდამისი“. თუ ამ მუხლშიც იმ სამი ადამიანის შესახებ არის ლაპარაკი [თუ არ ჩავთვლით იესოს დედას], ვისზეც მათე და მარკოზი წერდნენ, გამოდის, რომ სალომე იესოს დედის და იყო. მეორე მხრივ, მათეს 27:55-დან და მარკოზის 15:40, 41-დან ვიგებთ, რომ იესოს ძელზე გაკვრას სხვა უამრავი ქალი ესწრებოდა — ისინი, ვინც თან დაჰყვებოდნენ იესოს, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ერთ-ერთი მათგანი სალომე ყოფილიყო.
მათეს, მარკოზისა და ლუკას (8:3) ცნობით სალომე, როგორც იესოს ერთ-ერთი მოწაფე, იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს დაჰყვებოდნენ და თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ.
თუ სალომე ნამდვილად ზებედეს ვაჟების დედაა, ე. ი. ის იყო სწორედ ის ქალი, რომელმაც იესოს სთხოვა, თავისი ვაჟები მის სამეფოში მარჯვნივ და მარცხნივ დაესხა. მათეს სახარების მიხედვით, იესოს ზებედეს ვაჟების დედა მიმართავს თხოვნით, მარკოზის ცნობით კი — იაკობი და იოანე. როგორც ჩანს, იოანემ და იაკობმა დედას ათქმევინეს თავიანთი სურვილი, რადგან მათე გვაუწყებს, რომ ამის გაგონებაზე დანარჩენი მოწაფეები ორ ძმაზე (და არა დედაზე) აღშფოთდნენ (მთ. 20:20—24; მრ. 10:35—41).
იესოს სიკვდილიდან მესამე დღეს, დილით ადრე, სალომე იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც იესოს სამარხთან მივიდნენ ცხედრისთვის სურნელოვანი მცენარეებისგან დამზადებული ზეთის საცხებად. იქ მისულთ ლოდი გადაგორებული დახვდათ, შიგნით სამარხში კი ანგელოზი იჯდა, რომელმაც უთხრა მათ: „ის აღდგა, აქ აღარ არის. აი აქ ესვენა“ (მრ. 16:1—8).
2. ჰეროდე ფილიპეს ასული და ჰეროდიას ერთადერთი ქალიშვილი. ჰეროდე ანტიპამ სალომეს დედაზე, თავისი ნახევარძმის, ფილიპეს ცოლზე უკანონოდ იქორწინა. ახ. წ. 32 წლის პასექამდე ცოტა ხნით ადრე ანტიპამ ტიბერიადაში თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ვახშამი გამართა. მან დაპატიჟა თავისი გერი, სალომე და სთხოვა, ეცეკვა დიდებულების, ათასისთავებისა და გალილეის წარჩინებულების წინაშე. ჰეროდე ისეთი ნასიამოვნები დარჩა ცეკვით, რომ მზად იყო ყველაფერი მიეცა სალომესთვის, რასაც ითხოვდა, თუნდაც თავისი სამეფოს ნახევარი. ვერაგი დედის რჩევით სალომემ ანტიპას იოანე ნათლისმცემლის თავი მოსთხოვა. მეფე შეწუხდა, „მაგრამ ფიცისა და სტუმრების გამო ბრძანა, მიეტანათ. გაგზავნა ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის. მიიტანეს თავი ლანგრით და გადასცეს ქალიშვილს, მან კი დედას მიუტანა“ (მთ. 14:1—11; მრ. 6:17—28).
ბიბლია სალომეს სახელით არ მოიხსენიებს, სამაგიეროდ, მისი სახელი იოსებ ფლავიუსის ნაშრომებში გვხვდება. ფლავიუსის ნაშრომებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ის ცოლად გაჰყვა ჰეროდე ანტიპას ერთ-ერთ ნახევარძმას, გამგებელ ფილიპეს, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ სალომე ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილ არისტობულეს და მას სამი ვაჟი გაუჩინა.