-
ჰეროდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
„ჰეროდეს საფუარი“. ჰეროდე ანტიპას მმართველობის დროს იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“ (მრ. 8:15). ფარისევლებიცა და ჰეროდეს მომხრეებიც იესო ქრისტესა და მის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს მტრობდა, თუმცა ორივე საერთო მტრად თვლიდა ქრისტეს. ჰეროდეს მიმდევართა დაჯგუფება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე რელიგიური. ისინი ამბობდნენ, რომ მოსეს კანონის დამცველები იყვნენ, თუმცა ცუდს ვერაფერს ხედავდნენ იმაში, თუ იუდეველები თავიანთ მეფედ უცხოტომელს (ჰეროდეანელები იდუმეელები იყვნენ და არა იუდეველები) აღიარებდნენ. ჰეროდეს მიმდევრები უაღრესად ნაციონალისტურები იყვნენ. ისინი არც ებრაელი მეფეების თეოკრატიულ მმართველობას ცნობდნენ და არც რომის მმართველობას. მათ სურდათ, აღედგინათ ერთიანი ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჰეროდეს ერთ-ერთი შთამომავალი ჩაუდგებოდა.
მათი ნაციონალისტური სულისკვეთება, ანუ „საფუარი“, კარგად გამომჟღავნდა, როცა სიტყვაში გამოჭერის მიზნით მათ და ფარისევლებმა იესოს ჰკითხეს: „ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის? გადავიხადოთ თუ არა?“ (მრ. 12:13—15). იესომ მათ „ფარისევლები“ უწოდა და აგრძნობინა, რომ კარგად უწყოდა, რა იყო მათი „საფუარი“. თავისი პასუხით მან, ფაქტობრივად, განაიარაღა ისინი, რადგან ვეღარც ამბოხებაში დაადანაშაულებდნენ მას და ვეღარც ხალხს აუმხედრებდნენ (მთ. 22:15—22).
-
-
ჰეროდეს მომხრეებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჰეროდეს მომხრეები
სავარაუდოდ, რომის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილი ჰეროდეთა დინასტიის იუდეველი მომხრეები. დედამიწაზე იესო ქრისტეს მსახურებისას ამ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ჰეროდე ანტიპა იყო.
ისტორიული წყაროებიდან არაფერია ცნობილი ჰეროდეს მომხრეების შესახებ და ბიბლიაშიც ისინი მხოლოდ რამდენჯერმე არიან მოხსენიებულნი (მთ. 22:16; მრ. 3:6; 12:13). ზოგის აზრით, ისინი ჰეროდეს შინაურები, მის განკარგულებაში მყოფი ჯარისკაცები ან მისი კარისკაცები იყვნენ, თუმცა ბევრი არ იზიარებს ამ მოსაზრებას.
ჰეროდეს მომხრეებს პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მათი მოწინააღმდეგეები, ერთი მხრივ, ფარისევლები და იუდეველი ზელოტები იყვნენ, რომლებსაც იუდეველთა სამეფოს სრული გათავისუფლება სურდათ რომაელთა გავლენისგან, ხოლო მეორე მხრივ — რომის იმპერიისთვის იუდეის შეერთების მსურველნი. როგორც ჩანს, თავისუფალ მოაზროვნედ მიჩნეული და ლიბერალურად განწყობილი ზოგიერთი სადუკეველიც ჰეროდეს იდეოლოგიას ემხრობოდა. ამაზე მიანიშნებს იესოს სიტყვები საფუვრის შესახებ, რომელიც ჩაწერილია მათესა და მარკოზის სახარებებში. მათეს 16:6-ში ნათქვამია: „მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“, ხოლო მარკოზის 8:15-ში წერია: „უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. ამ მუხლის ბერძნულ ორიგინალში იესო ორჯერ მოიხსენიებს სიტყვა „საფუარს“, კერძოდ, „ფარისევლების საფუარს“ და „ჰეროდეს საფუარს“. სიტყვა „საფუვრის“ გამეორება ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ორი ჯგუფის დამახინჯებული სწავლებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ზოგიერთი ხელნაწერის, მაგალითად, ჩესტერ ბიტის პაპირუსის №1 (P45), ვაშინგტონისა (I) და კორიდეტის კოდექსების მიხედვით, მარკოზის 8:15-ში „ჰეროდეს“ ნაცვლად წერია „ჰეროდეს მომხრეები“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 2, გვ. 594; Our Bible and the Ancient Manuscripts, ფრედერიკ კენიონის რედაქციით, 1958, გვ. 215, 216).
აღსანიშნავია, რომ ჰეროდეს მომხრეები და ფარისევლები, რომლებიც ერთმანეთს ღიად უპირისპირდებოდნენ პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებების გამო, იესოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ამ მოწინააღმდეგე მხარეებმა, სულ მცირე, ორჯერ მოითათბირეს, როგორ მოეშორებინათ საერთო „მტერი“. პირველად ეს ახ. წ. 31 წელს გალილეაში იესოს ფართომასშტაბიანი მსახურების დროს პასექის აღნიშვნიდან მალევე მოხდა. როგორც კი დაინახეს, რომ იესომ შაბათს ხელგამხმარი კაცი განკურნა, „ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს მომხრეებთან დაიწყეს მსჯელობა, რათა მოეკლათ იგი“ (მრ. 3:1—6; მთ. 12:9—14).
იგივე განმეორდა დაახლოებით ორი წლის შემდეგაც, იესოს სიკვდილამდე სამი დღით ადრე, როდესაც ფარისეველთა მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები ერთობლივად შეეცადნენ იესოს გამოჭერას გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით. ამ მოსყიდულ კაცებს „თავი მართალ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ, რათა ის სიტყვაში გამოეჭირათ, მთავრობისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ“ (ლკ. 20:20). ვიდრე უშუალოდ გადასახადზე დაუსვამდნენ კითხვას, მათ პირფერულად შეაქეს იესო, რათა დაებნიათ იგი. მაგრამ იესო მიუხვდა მათ მზაკვრულ ჩანაფიქრს და უთხრა: „რატომ მცდით თვალთმაქცებო?“. შემდეგ ისეთი პასუხი გასცა, რომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლეს (მთ. 22:15—22; ლკ. 20:21—26).
-