იცოდით თუ არა?
თორმეტი მოციქულიდან იყო რომელიმე იესოს ნათესავი?
▪ ბიბლია ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს. მაგრამ ტრადიციებისა და ბიბლიის გარკვეული მონაკვეთების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 12 მოციქულიდან ზოგი შესაძლოა იესოს ნათესავი იყო.
სახარებებში მოხსენიებულია იმ ქალების სახელები, რომლებიც წამების ბოძზე იესოს სიკვდილს შეესწრნენ. იოანეს 19:25-ში ოთხი მათგანის სახელი გვხვდება: „იდგნენ დედამისი [მარიამი], დეიდამისი, კლოპას ცოლი მარიამი და მაგდალელი მარიამი“. ამ მუხლის მათესა და მარკოზის სახარებებში აღწერილ იმავე ეპიზოდთან შედარებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იესოს დეიდა სალომე იყო. როგორც ჩანს, სალომე ზებედეს ვაჟების დედა იყო (მათე 27:55, 56; მარკოზი 15:40). აქედან გამომდინარე, მისი ვაჟები, იაკობი და იოანე, იესოს დეიდაშვილები იყვნენ. სწორედ ამ მებადურ ძმებს მოუხმო იესომ, რომ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ (მათე 4:21, 22).
არაბიბლიური წყაროებიდან გამომდინარე კლოპა, ანუ ალფე, იოანეს 19:25-ში მოხსენებული ქალებიდან ერთ-ერთის ქმარი და იესოს მამობილის, იოსების ძმა იყო. თუ ეს ცნობები სარწმუნოა, მაშინ ალფეს ვაჟი იაკობი, 12 მოციქულიდან ერთ-ერთი, იესოს ბიძაშვილი იყო (მათე 10:3).
რა ნათესაური კავშირი იყო იესოსა და იოანე ნათლისმცემელს შორის?
▪ ლუკას 1:36-ის არაზუსტი თარგმანის გამო ზოგი ფიქრობს, რომ იოანეს დედა ელისაბედი და იესოს დედა მარიამი ახლო ნათესავები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ბევრი ასკვნის, რომ იოანე და იესოც ახლო ნათესავები იყვნენ.
სინამდვილეში, ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „სიგგენის“, კონკრეტულ ნათესაურ კავშირზე არ მიუთითებს. ამ სიტყვაში მხოლოდ ის იგულისხმება, რომ ეს ქალები ერთმანეთს დედის ან მამის მხრიდან ენათესავებოდნენ. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ამ სიტყვას იმდენად ფართო გაგება აქვს, რომ რთულია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა ნათესაური კავშირი არსებობდა მათ შორის“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible). მაშ, საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ იესო და იოანე ახლო ნათესავები იყვნენ? ერთ ენციკლოპედიაში წერია: „ყველა ინფორმაცია . . . მარიამის მშობლების შესახებ . . . მხოლოდ აპოკრიფული წიგნებიდან მოგვეპოვება“ (The Catholic Encyclopedia).
ასე რომ, იესო და იოანე ნათესავები იყვნენ, მაგრამ არა მაინცდამაინც ახლო ნათესავები.