საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 4/1 გვ. 10-15
  • წიგნი ყველასთვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წიგნი ყველასთვის
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნი
  • გადარჩენის შესახებ უნიკალური ჩანაწერები
  • კაცობრიობის „ცოცხალ“ ენებზე ამეტყველებული
  • ნდობის ღირსი
  • წიგნი, რომელიც „ცოცხალ“ ენებზე ლაპარაკობს
    წიგნი ყველასთვის
  • როგორ გადარჩა ეს წიგნი?
    წიგნი ყველასთვის
  • ნამდვილად ღმერთისგან არის თუ არა ბიბლია?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე
    გამოიღვიძეთ! — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 4/1 გვ. 10-15

წიგნი ყველასთვის

„ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

1. როგორ უპასუხა ერთმა პროფესორმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ბიბლიის შესახებ და რა გადაწყვიტა მან?

კვირას, შუადღისას, პროფესორი სახლში იყო და არავის ელოდებოდა. მაგრამ, ამ დროს მასთან ჩვენი ქრისტიანი და მივიდა და პროფესორმა მოუსმინა მას. დედამიწის დაბინძურებისა და მისი მომავლის შესახებ დის ნათქვამმა დააინტერესა პროფესორი. მაგრამ, როდესაც დამ მსჯელობისას ბიბლიას მიმართა, ის სკეპტიკურად განეწყო. დამ ჰკითხა, თუ რა შეხედულება ჰქონდა ბიბლიის შესახებ.

„ჭკვიანი ადამიანების მიერ დაწერილი შესანიშნავი წიგნია, — უპასუხა მან, — მაგრამ, ბიბლიაზე არც კი ღირს სერიოზული საუბარი“.

„ბიბლია თუ წაგიკითხავთ?“ — შეეკითხა და.

პროფესორი შეცბუნდა და მოუწია იმის აღიარება, რომ არ წაუკითხავს.

შემდეგ დამ ჰკითხა: „აბა, როგორ შეიძლება ასე დაჯერებულად ილაპარაკოთ წიგნზე, რომელიც არასოდეს წაგიკითხავთ?“

ჩვენი და მართალი იყო. პროფესორმა გადაწყვიტა, წაეკითხა ბიბლია და შემდეგ ჩამოეყალიბებინა გარკვეული აზრი მის შესახებ.

2, 3. რატომ არის მრავალი ადამიანისთვის ბიბლია უცნობი წიგნი და რა სირთულეს გვიქმნის ეს?

2 მხოლოდ ეს პროფესორი არ ფიქრობს ასე. მრავალს ბიბლიის შესახებ მყარი თვალსაზრისი აქვს, თუმცა არასდროს წაუკითხავს ის. მათ შეიძლება აქვთ ბიბლია. შეიძლება აღიარებენ კიდეც მის ლიტერატურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. მაგრამ ბევრისთვის ის მაინც უცნობი წიგნია. „ბიბლიის წასაკითხად დრო არ მაქვს“ — ამბობს ზოგი. სხვებს უკვირთ: „რა საერთო უნდა ჰქონდეს ასეთ უძველეს წიგნს ჩემს ცხოვრებასთან?“ ასეთი თვალსაზრისის გამო მართლაც სირთულეებს ვხვდებით. იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სწამთ, რომ ბიბლია „ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ როგორ შეგვიძლია ხალხსაც გავაგებინოთ, რომ მიუხედავად მათი რასის, ეროვნებისა და ეთნიკური წარმოშობის, ბიბლია უნდა გამოიკვლიონ?

3 განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ღირს მისი გამოკვლევა. ეს დაგვეხმარება მსახურებისას ადამიანებს გავაგებინოთ და შესაძლოა დავარწმუნოთ, რომ უნდა გაეცნონ ბიბლიაში ნათქვამს. ამავე დროს, ეს განხილვა ჩვენს რწმენას კიდევ უფრო გაზრდის, რომ ბიბლია, როგორც თვითონვე აცხადებს, ნამდვილად ‘ღვთის სიტყვაა’ (ებრაელთა 4:12).

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნი

4. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია?

4 უპირველეს ყოვლისა, ბიბლია იმ მიზეზის გამო უნდა გამოვიკვლიოთ, რომ ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, რომელიც ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნა. ბიბლიის პირველი გამოცემა, რომელიც საბეჭდ დაზგაზე დაიბეჭდა, იოჰან გუტენბერგის სტამბამ 500 წელზე მეტი ხნის წინ გამოსცა. ვარაუდობენ, რომ იმ დროიდან ბიბლიის მთლიანი თუ მისი ზოგიერთი ნაწილის ოთხი მილიარდი ეგზემპლარი დაიბეჭდა. 1996 წლისთვის ბიბლია მთლიანად თუ ნაწილობრივ ნათარგმნია 2 167 ენასა და დიალექტზეa. კაცობრიობის 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ბიბლიის წაკითხვა საკუთარ ენაზე, თუ მთლიანად არა, მისი რომელიმე ნაწილის მაინც. ვერც ერთი სხვა წიგნი — რელიგიური თუ არარელიგიური — ვერ შეედრება მას.

5. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ბიბლია მთელი მსოფლიოს ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს?

5 მხოლოდ სტატისტიკა ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მიუხედავად ამისა, უეჭველად, ყველანი მოველით, რომ ღვთივსულიერი ჩანაწერები მთელი მსოფლიოს ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბიბლია თვითონვე გვეუბნება, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ბიბლიამ, ყველა წიგნისგან განსხვავებით, გადალახა ეროვნული საზღვრები და რასობრივი თუ ეთნიკური ბარიერები. მართლაც, ბიბლია არის წიგნი ყველასთვის.

გადარჩენის შესახებ უნიკალური ჩანაწერები

6, 7. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ბიბლიის არც ერთი ორიგინალი აღარ არსებობს და რა კითხვას წამოჭრის ეს?

6 არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც ბიბლია ყურადღებას იმსახურებს. მან ბუნებრივსა და ადამიანის მიერ გამოწვეულ დაბრკოლებებს გაუძლო. ფაქტები, თუ დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, როგორ გადარჩა ის, მართლაც ღირსშესანიშნავია სხვა უძველეს ხელნაწერებთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს შორის.

7 ბიბლიის მწერლებმა, როგორც ჩანს, სიტყვები მელნით დაწერეს პაპირუსსა (ამზადებდნენ ეგვიპტური მცენარისგან იმავე სახელწოდებით) და პერგამენტზე (ამზადებდნენ ცხოველთა ტყავისგან)b მაგრამ, ასეთ საწერ მასალებს ბუნებრივი მტრები ჰყავდა. სწავლული ოსკარ პარეტი განმარტავს: „ორივე საწერ მასალას ერთნაირად უქმნის საფრთხეს სინესტე, ობი და სხვადასხვა მატლი. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქაღალდიც და ძლიერი ტყავიც კი ფუჭდება ღია ცის ქვეშ ან ნესტიან ოთახში“. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არც ერთი ორიგინალი აღარ არსებობს; ალბათ, ისინი დიდი ხნის წინ გაიხრწნა. მაგრამ, თუ ორიგინალები ბუნებრივმა მტრებმა გაანადგურეს, როგორ გადარჩა ბიბლია?

8. როგორ გადარჩა ბიბლიის ჩანაწერები საუკუნეების მანძილზე?

8 დაუყოვნებლივ, ორიგინალების დაწერის შემდეგ, დაიწყო ხელნაწერი ასლების დამზადება. სინამდვილეში, რჯულისა და საღვთო წერილის სხვა ნაწილების გადაწერა ძველ ისრაელში პროფესიად იქცა. მაგალითად, მღვდელი ეზრა აღწერილია, როგორც «მწიგნობარი [„რჯულის გადამწერი“, აქ], მოსეს რჯულში ჩახედული» (პირველი ეზრა 7:6, 11; შეადარე ფსალმუნი 44:2). მაგრამ ეს ასლებიც მალფუჭებადი იყო; ბოლოს ამ ეგზემპლარების სხვა ხელნაწერი ასლებით შეცვლა იყო საჭირო. ამ ასლების ხელახლა გადაწერის პროცესი მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. რამდენადაც ადამიანები არასრულყოფილები არიან, არსებითად ხომ არ შეცვალა ბიბლიური ტექსტი გადამწერების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა? აურაცხელი ფაქტი პასუხობს, რომ არა!

9. როგორ ცხადყოფს მასორეტების მაგალითი ბიბლიის გადამწერთა დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს?

9 გადამწერები არა მარტო თავისი საქმის კარგი მცოდნეები იყვნენ, არამედ მათ ასევე დიდი პატივისცემა ჰქონდათ იმ სიტყვებისადმი, რომლების ასლსაც აკეთებდნენ. ებრაული სიტყვა, რომელიც „გადამწერად“ და „მწიგნობრად“ ითარგმნება, დათვლასა და ჩაწერას ნიშნავს. გადამწერთა უდიდესი სიფრთხილე და სიზუსტე რომ დავინახოთ, განვიხილოთ მასორეტების, ებრაული წერილების გადამწერების მაგალითი, რომლებიც ახ. წ. მეექვსე—მეათე საუკუნეებში ცხოვრობდნენ. სწავლული ტომას ჰარტველ ჰორნის თანახმად, ისინი ითვლიდნენ, „რამდენჯერ ხვდებოდათ ებრაულ წერილებში [ებრაული] ანბანის ყოველი ასო“. დაფიქრდი, რას ნიშნავს ეს! ერთი ასოც რომ არ გამორჩენოდათ, ისინი არა მარტო გადაწერილ სიტყვებს ითვლიდნენ, არამედ ასოებსაც. ერთი სწავლულის თანახმად, მათ ებრაულ წერილებში 815 140 ცალკეული ასო ჰქონდათ დათვლილი! ასეთმა გულმოდგინებამ განაპირობა უმაღლესი ხარისხის სიზუსტე.

10. რა მტკიცება არსებობს, რომ ებრაული და ბერძნული ტექსტები, რომლებსაც თანამედროვე თარგმანები ეყრდნობა, თავდაპირველი მწერლების სიტყვებს ზუსტად გადმოსცემს?

10 ეს სინამდვილეში ძლიერი მტკიცებაა, რომ ებრაული და ბერძნული ტექსტები, რომლებსაც თანამედროვე თარგმანები ეყრდნობა, თავდაპირველი მწერლების სიტყვებს გასაოცარი სიზუსტით გადმოსცემენ. ამის დამამტკიცებელია ხელნაწერების არსებობა — მთლიანი ებრაული წერილების თუ მისი ნაწილების დაახლოებით 6 000 და ბერძნულ ენაზე შესრულებული ქრისტიანული წერილების დაახლოებით 5 000 ხელნაწერი. დღეს არსებული ათასობით მანუსკრიპტის საგულდაგულო შედარებითი ანალიზის საფუძველზე მკვლევარებს შეუძლიათ იპოვონ გადამწერთა ნებისმიერი შეცდომა და დაადგინონ ორიგინალის ტექსტი. ამგვარად, სწავლულს, უილიამ გრინს, შეეძლო ებრაული წერილების ტექსტების შესახებ ეთქვა: „შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ძველი დროის არც ერთი ნაწარმოები არ გადათარგმნილა ასე ზუსტად“. ასეთივე სანდო შეიძლება იყოს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც.

11. რატომ მოაღწია ბიბლიამ დღევანდელ დღემდე 1 პეტრეს 1:24, 25-დან გამომდინარე?

11 რა ადვილი შესაძლებელი იყო, ბიბლიას არ მოეღწია ჩვენამდე, ხელნაწერ ეგზემპლარებს რომ არ შეეცვალათ ძვირფასი ცნობის შემცველი ორიგინალები! მხოლოდ ერთადერთი მიზეზი არსებობს, რამაც გადაარჩინა ის — იეჰოვამ დაიცვა და შემოინახა თავისი სიტყვა. 1 პეტრეს 1:24, 25-ში ბიბლია თვითონვე ამბობს: „ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა. ღვთის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს“.

კაცობრიობის „ცოცხალ“ ენებზე ამეტყველებული

12. რა სირთულეს შეხვდა ბიბლია, საუკუნეების მანძილზე ხელნაწერი ასლების დამზადების გარდა?

12 საკმაოდ რთული იყო, რომ ბიბლია საუკუნეების მანძილზე ხელნაწერი ასლებით გადარჩენილიყო, მაგრამ ის სხვა წინააღმდეგობასაც შეხვდა — ბიბლია თანამედროვე ენებზე უნდა გადათარგმნილიყო. ის ადამიანთათვის გასაგებ ენაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ მათ გულებამდე მიაღწიოს. თუმცა, ბიბლიის თარგმნა, რომელიც 1 100-ზე მეტი თავისა და 31 000-ზე მეტი მუხლისგან შედგება, ადვილი ამოცანა არ არის. მიუხედავად ამისა, ერთგული მთარგმნელები საუკუნეების მანძილზე ამ საქმეს სიხარულით იღებდნენ საკუთარ თავზე და ნათელია, რომ დროდადრო ძნელად გადასალახავ სიძნელეებს ხვდებოდნენ.

13, 14. ა) რა დაბრკოლებას წააწყდა ბიბლიის მთარგმნელი რობერტ მოფატი აფრიკაში მე-19 საუკუნის დასაწყისში? ბ) როგორი რეაქცია ჰქონდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხს, როდესაც ლუკას სახარება მათს საკუთარ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა?

13 განვიხილოთ, მაგალითად, თუ როგორ ითარგმნა ბიბლია აფრიკის ენებზე. აფრიკაში 1800 წელს ათიოდე ენას თუ ჰქონდა დამწერლობა. ასობით სხვა სალაპარაკო ენისთვის კი წერითი სისტემა საერთოდ არ არსებობდა. ეს დიდი წინააღმდეგობა იყო, რომელსაც ბიბლიის მთარგმნელი რობერტ მოფატი შეხვდა. 1821 წელს, 25 წლის ასაკში, მოფატი, როგორც მისიონერი, სამხრეთ აფრიკაში წავიდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. მათი ენა რომ ესწავლა, რომელსაც დამწერლობა არ ჰქონდა, ის დაუახლოვდა ხალხს. მოფატმა სიძნელეების მიუხედავად, ყოველგვარი სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის გარეშე ბოლოს კარგად აითვისა ენა, რომლისთვისაც დამწერლობა შეიმუშავა და ჩუანა ხალხიდან ზოგიერთს კითხვა ასწავლა. ჩუანა ხალხში რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, 1829 წელს, მან ლუკას სახარების თარგმნა დაასრულა. მოგვიანებით მან თქვა: «მე გავიცანი პიროვნებები, რომლებმაც წმ. ლუკას სახარების შესაძენად ასობით კილომეტრი გამოიარეს. . . მე ვუყურებდი მათ, როცა წმ. ლუკას სახარების ნაწილებს იღებდნენ, როგორ ტიროდნენ, როგორ იხუტებდნენ გულში და მადლიერების ცრემლებს ღვრიდნენ, სანამ რამდენიმე მათგანს არ ვეტყოდი: „ცრემლებით თქვენს წიგნებს გააფუჭებთ“ ». მოფატმა ერთი აფრიკელი მამაკაცის შესახებაც გვიამბო, რომელმაც დაინახა, რომ უამრავი ხალხი კითხულობდა ლუკას სახარებას და დაინტერესდა მისით. „ეს ღვთის სიტყვაა,“ — უპასუხეს მათ. „ნუთუ ეს ლაპარაკობს?“ — ჰკითხა გაკვირვებულმა. „დიახ, ლაპარაკობს და თანაც გულამდე აღწევს,“ — იყო პასუხი.

14 მოფატის მსგავსი ერთგული მთარგმნელების საშუალებით მრავალ აფრიკელს პირველად მიეცა წერის შესაძლებლობა. თუმცა მთარგმნელებმა აფრიკელ ხალხს უფრო ძვირფასი რამ აჩუქეს — ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე. უფრო მეტიც, მოფატმა ჩუანა ხალხს ღვთის სახელი გააცნო და ის მთელ თავის თარგმანში გამოიყენაc. ამგვარად, ჩუანა ხალხი ბიბლიას „იეჰოვას ბაგედ“ მოიხსენიებს.

15. რატომ არის ბიბლია „ცოცხალი“ დღეს?

15 მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში სხვა მთარგმნელები მსგავს სიძნელეებს შეხვდნენ. ზოგმა სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდო, რომ ბიბლია გადაეთარგმნა. მხოლოდ დაფიქრდი, ბიბლია რომ მარტო ძველ ებრაულსა და ბერძნულ ენებზე დარჩენილიყო, ის დიდი ხნის „მკვდარი“ იქნებოდა, რამეთუ ის ენები დროთა განმავლობაში ხალხმა დაივიწყა და დედამიწის მრავალ მხარეში არასდროს სცოდნიათ. მიუხედავად ამისა, ბიბლია ცოცხალია, ყველა წიგნისგან განსხვავებით, ის მთელი მსოფლიოს ყველა ხალხს მათს საკუთარ ენაზე ელაპარაკება. შედეგად, მისი ცნობა ‘მოქმედებს კიდეც [მის] მორწმუნეებში’ (1 თესალონიკელთა 2:13). „იერუსალიმური ბიბლია“ ამ მუხლის სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ის თქვენში ისევ მოქმედი ძალაა, მორწმუნეებო“.

ნდობის ღირსი

16, 17. ა) რა მტკიცება უნდა არსებობდეს, რომ ვენდოთ ბიბლიას? ბ) მოიყვანე ბიბლიის მწერლის, მოსეს, გულახდილობის ერთ-ერთი მაგალითი.

16 „შეიძლება სინამდვილეში ვენდოთ ბიბლიას?“ — ზოგს შესაძლოა გაუკვირდეს. „ნუთუ ის მოიხსენიებს ადამიანებს, რომლებიც მართლა ცხოვრობდნენ; ადგილებს, რომლებიც მართლა არსებობდა და მოვლენებს, რომლებიც სინამდვილეში მოხდა?“ მას რომ ვენდოთ, უნდა არსებობდეს მტკიცება, რომ ბიბლიას სიზუსტის მოყვარული, პატიოსანი მწერლები წერდნენ. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რისთვისაც ბიბლია უნდა გამოვიკვლიოთ, რადგან არსებობს საფუძვლიანი მტკიცება, რომ ის ზუსტი და სანდოა.

17 გულწრფელი მწერლები არა მარტო წარმატებებს წერდნენ, არამედ — წარუმატებლობებსაც, არა მარტო ძლიერ მხარეებს, არამედ — სისუსტეებსაც. სასიამოვნოა, რომ ბიბლიის მწერლები გულახდილობას ავლენდნენ. მაგალითისთვის, განვიხილოთ მოსეს გულწრფელობა. მან გულახდილად გვაუწყა თავისი ენაბრგვნილობა, რის გამოც, თავისივე თვალსაზრისით, ისრაელის წინამძღოლობისთვის შეუფერებელი იყო (გამოსვლა 4:10); სერიოზული შეცდომა, რამაც ხელი შეუშალა, რომ აღთქმულ მიწაზე შესულიყო (რიცხვნი 20:9–12; 27:12–14); თავისი ძმის, აარონის, შეცდომა, რომელიც ოქროს ხბოს კერპის ჩამოსხმაში ურჩ ისრაელებს შეუერთდა (გამოსვლა 32:1–6); თავისი დის, მირიამის, დაუმორჩილებლობა და მისი დამამცირებელი სასჯელი (რიცხვნი 12:1–3, 10); ძმისშვილების, ნადაბისა და აბიჰუს, მკრეხელობა (ლევიანნი 10:1, 2); ღვთის ხალხის განუწყვეტელი ჩივილი და დრტვინვა (გამოსვლა 14:11, 12; რიცხვნი 14:1–10). ნუთუ ასეთი გულახდილი ცნობები ჭეშმარიტების მიმართ გულწრფელ ინტერესზე არ მიუთითებს? თუ ბიბლიის მწერლები მზად იყვნენ, მოეხსენიებინათ არასასიამოვნო ინფორმაცია საყვარელი ადამიანების, თავიანთი ხალხისა და თვით საკუთარი თავის შესახებ, განა ეს საფუძვლიანი მიზეზი არ არის, ვენდოთ მათ მიერ დაწერილს?

18. რა ამტკიცებს, რომ ბიბლიის მწერლების მიერ დაწერილი სარწმუნოა?

18 ბიბლიის მწერალთა აზრების შეთანხმებულობა ასევე ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაწერილი სარწმუნოა. მართლაც აღსანიშნავია, რომ 1 600-ზე მეტი წლის მანძილზე 40 პიროვნების მიერ დაწერილი სიტყვები წვრილმანებშიც კი შეთანხმებულია. მაგრამ ეს ჰარმონია არ ყოფილა წინასწარგანზრახული, რაც გამოიწვევდა ეჭვს, რომ ეს საიდუმლო შეთანხმების შედეგია. პირიქით, ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა წვრილმანებში დამთხვევები ყოველგვარი წინასწარ განზრახვის გარეშე მოხდა; ხშირად აშკარაა, რომ ეს შემთხვევითი იყო.

19. როგორ ცხადყოფს იესოს შეპყრობასთან დაკავშირებული სახარების ცნობები შეთანხმებულობას, რომელიც წინასწარ განუზრახველია?

19 მაგალითად, განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც იესოს შეპყრობის ღამეს მოხდა. სახარების ოთხივე მწერალმა ჩაწერა, რომ ერთ-ერთმა მოწაფემ მახვილი იშიშვლა, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მაგრამ მხოლოდ ლუკა მოიხსენიებს, რომ იესო „შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი“ (ლუკა 22:51). განა ამას არ უნდა მოველოდეთ მწერლისგან, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „საყვარელი მკურნალი“? (კოლასელთა 4:14). იოანე გვაცნობებს, რომ იქ მყოფ მოწაფეთაგან პეტრეს ჰქონდა მახვილი, რაც გასაკვირი არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ის ფიცხი და იმპულსური პიროვნება იყო (იოანე 18:10; შეადარე მათე 16:22, 23 და იოანე 21:7, 8). იოანე სხვა, ერთი შეხედვით, არასაჭირო წვრილმანსაც იხსენიებს: „მონას მალქოზი ერქვა“. რატომ ასახელებს ამ მამაკაცს მხოლოდ იოანე? ეს შეიძლება ავხსნათ უმნიშვნელო ფაქტით, რომელიც მხოლოდ იოანეს ცნობაშია მოცემული: იოანე „მღვდელმთავრის ნაცნობი იყო“. მას აგრეთვე მღვდელმთავრის მთელი სახლეულობა იცნობდა; მსახურები იცნობდნენ მას, ის კი — მსახურებსd (იოანე 18:10, 15, 16). ამიტომ მართლაც ბუნებრივია, რომ იოანეს შეეძლო მოეხსენიებინა დაზარალებული მამაკაცის სახელი იმ დროს, როცა სხვა სახარებების მწერლებს ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ის მამაკაცი მათთვის უცნობი იყო. ამ წვრილმანებში შეთანხმებულობა აღსანიშნავი, თუმცა აშკარად წინასწარ განუზრახველია. მსგავსი მაგალითები მთელ ბიბლიაში მრავლად გვხვდება.

20. რისი ცოდნაა აუცილებელი გულმართალი ადამიანებისთვის ბიბლიის შესახებ?

20 მაშ, შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას? რა თქმა უნდა! ბიბლიის მწერალთა გულწრფელობა და ბიბლიის შეთანხმებულობა მას ჭეშმარიტების ბეჭედს ასვამს. გულმართალი ადამიანებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ შეუძლიათ ენდონ ბიბლიას, რამეთუ ის იეჰოვას, ‘ჭეშმარიტების ღვთის’, მიერ შთაგონებული სიტყვაა (ფსალმუნი 30:6). შემდგომი მიზეზები, თუ რატომ არის ბიბლია წიგნი ყველასთვის, განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.

[სქოლიოები]

a დაფუძნებულია „ბიბლიის გაერთიანებული საზოგადოებების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე.

b რომში თავისი მეორე პატიმრობის დროს, პავლემ სთხოვა ტიმოთეს, რომ ‘წიგნები და მეტადრე პერგამენტები’ წამოეღო მისთვის (2 ტიმოთე 4:13). შესაძლებელია, პავლე ებრაული წერილების ზოგიერთ ნაწილს სთხოვდა, რათა პატიმრობისას შეესწავლა ისინი. ფრაზას „მეტადრე პერგამენტები“ შეუძლია დაგვანახოს, რომ ის პაპირუსსაც და პერგამენტსაც გულისხმობდა.

c მოფატმა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა 1838 წელს დაამთავრა. ებრაული წერილები კი თავისი კოლეგის დახმარებით 1857 წლისთვის გადათარგმნა.

d მღვდელმთავართან და მის ოჯახთან იოანეს ახლობლობა შემდგომ კიდევ ჩანს იოანეს ცნობაში. როდესაც მღვდელმთავრის სხვა მონა ამოიცნობს პეტრეს, როგორც იესოს მოწაფეს, იოანე გვიხსნის, რომ ეს მონა ‘იმის ნათესავი იყო, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა’ (იოანე 18:26).

როგორ უპასუხებდი?

◻ რატომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი წიგნი უნდა იყოს?

◻ რა მტკიცება არსებობს, რომ ბიბლია ზუსტად არის შემონახული?

◻ რა სიძნელეებს შეხვდნენ ბიბლიის მთარგმნელები?

◻ რა ამტკიცებს, რომ ბიბლიის ჩანაწერები სარწმუნოა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება