ნიკოდემე
[ხალხის დამპყრობელი]
ფარისეველი და ისრაელი ხალხის მასწავლებელი, იუდეველთა მმართველი (იგულისხმება სინედრიონის წევრი); მოიხსენიება მხოლოდ იოანეს სახარებაში. ნიკოდემეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იერუსალიმში იესოს მიერ ახ. წ. 30 წელს, პასექის დროს მოხდენილმა ნიშნებმა. ერთხელ ღამით ის იესოს ეწვია და უთხრა, რომ სწამდა ღვთისგან მისი მოვლინება (შესაძლოა მან იუდეველთა შიშით არჩია იესოსთან ღამით მისვლა). სწორედ ნიკოდემე იყო ის, ვისაც იესომ უთხრა, რომ ღვთის სამეფოს სანახავად „ხელახლა შობა“ იყო საჭირო, ზეცაში არავინ ასულა და, რომ ადამიანებისადმი ღვთის სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როცა ღმერთმა თავისი ძე დედამიწაზე გამოგზავნა. იესო ნიკოდემეს რწმენის აუცილებლობაზეც ელაპარაკა (ინ. 2:23; 3:1—21).
დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის შემდეგ კარვობის დღესასწაულზე ფარისევლებმა იესოს შესაპყრობად მცველები გაგზავნეს. როცა მცველები ხელცარიელები დაბრუნდნენ და იესოზე კარგად ილაპარაკეს, ფარისევლებმა მათი ნათქვამი აბუჩად აიგდეს. ამ დროს ნიკოდემემ ხმა აღიმაღლა: „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“. ამის მოსმენაზე იქ მყოფებმა მასხრად აიგდეს ის (ინ. 7:45—52). იესოს სიკვდილის შემდეგ ნიკოდემე და ხალხის მოშიში მოწაფე, იოსებ არიმათეელი, იესოს ცხედართან მივიდნენ. ნიკოდემემ ძვირადღირებული შესაწირავი — შეხვეული სმირნა და ალოე (დაახლ. 30 კგ) — მიიტანა, რათა იესოს ცხედარი დასაკრძალავად მოემზადებინათ (ინ. 19:38—40). გადმოცემის თანახმად, ნიკოდემე მოგვიანებით იესოს მოწაფე გახდა, გაძევებულ იქნა სინედრიონიდან და იერუსალიმიდან და მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა. თუმცა წმინდა წერილები არაფერს ამბობს ამის შესახებ.