პეტრე
[კლდის ნატეხი]
ბიბლიაში იესო ქრისტეს ეს მოციქული ხუთნაირად არის მოხსენიებული: პეტრედ წოდებული სიმონი, სიმონი (ბერძ., ნაწარმოებია ებრაული სიტყვის ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მოსმენას), პეტრე (ბერძ. სახელი, რომლითაც ბიბლიაში მხოლოდ ის მოიხსენიება), მისი არამეული შესატყვისი კეფა (სავარაუდოდ, ენათესავება იობის 30:6-სა და იერემიას 4:29-ში გამოყენებულ ებრ. სიტყვას ქეფიმ [კლდეები]) და სიმონ-პეტრე (სქ. 15:14; მთ. 10:2; 16:16; ინ. 1:42).
პეტრე იყო იოანეს (იონას) ვაჟი (მთ. 16:17; ინ. 1:42). თავიდან ის ბეთსაიდაში ცხოვრობდა (ინ. 1:44), მოგვიანებით კი — კაპერნაუმში (ლკ. 4:31, 38). ორივე ქალაქი გალილეის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობდა. პეტრე და მისი ძმა ანდრია მეთევზეობას მისდევდნენ, როგორც ჩანს, ზებედეს ძეებთან, იაკობთან და იოანესთან ერთად, რადგან ისინი „სიმონთან ერთად შრომობდნენ“ (ლკ. 5:7, 10; მთ. 4:18—22; მრ. 1:16—21). ასე რომ, პეტრე მარტო არ საქმიანობდა. მართალია, იუდეველი წინამძღოლების აზრით პეტრე და იოანე „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ იყვნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უვიცები იყვნენ და გაუნათლებლები. ბერძნული სიტყვა აგრამმატოსს (გაუნათლებელი) შესახებ ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ ებრაელს ამ სიტყვის მნიშნველობა ასე ესმოდა: „ადამიანი, რომელსაც წმინდა წერილები რაბინთა სკოლაში არ უსწავლია“ (Hastings’ Dictionary of the Bible, 1905, ტ. III, გვ. 757; შდრ. ინ. 7:14, 15; სქ. 4:13).
პეტრე დაქორწინებული იყო. თავისი მსახურების უფრო გვიანდელ პერიოდში, როგორც ჩანს, სხვა მოციქულების მსგავსად, ცოლი მასაც თან ახლდა მისიონერულ მსახურებაში (თუმცა შესაძლოა არა ყოველთვის) (1კრ. 9:5). მისი სიდედრი მასთან ცხოვრობდა სახლში, რომელიც მის ძმას, ანდრიასაც ეკუთვნოდა (მრ. 1:29—31).
იესოსთან ერთად მსახურება. პეტრე იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო. იესოს ის ანდრიამ წარუდგინა, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო (ინ. 1:35—42). მაშინ იესომ მას კეფა (პეტრე) უწოდა (ინ. 1:42; მრ. 3:16). როგორც ჩანს, ეს სახელი წინასწარმეტყველური მნიშვნელობისა იყო. იესოს, რომელმაც შეძლო ნათანაელში უზაკველობის დანახვა, არც პეტრეს ბუნების ამოცნობა გაუჭირდებოდა. პეტრე ნამდვილად კლდესავით მტკიცე აღმოჩნდა, რადგან იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის თანამორწმუნეების ბურჯი გახდა (ინ. 1:47, 48; 2:25; ლკ. 22:32).
მოგვიანებით იესომ გალილეაში პეტრეს, მის ძმა ანდრიასა და მათ ამხანაგებს — იაკობსა და იოანეს — მოუხმო და მის მიმდევრებად და ადამიანთა მებადურებად გახდომა შესთავაზა (ინ. 1:35—42; მთ. 4:18—22; მრ. 1:16—18). მანამდე ცოტა ხნით ადრე იესო პეტრეს ნავში ავიდა, რომ იქიდან ნაპირზე შეკრებილი უამრავი ხალხისთვის ექადაგა. ქადაგების დასრულების შემდეგ იესომ სასწაულებრივად დააჭერინა ნავზე მყოფთ თევზი, რის დანახვაზეც პეტრე მას მუხლებში ჩაუვარდა, თუმცა თავიდან ეჭვი ეპარებოდა, დაიჭერდა თუ არა რამეს. პეტრემ და მისმა სამმა ამხანაგმა თავი დაანებეს თევზაობას და იესოს მიმდევრები გახდნენ (ლკ. 5:1—11). ერთი წლის შემდეგ სხვა თერთმეტთან ერთად პეტრეც არჩეულ იქნა მოციქულად ანუ წარგზავნილად (მრ. 3:13—19).
მოციქულთაგან იესომ საგანგებოდ შეარჩია პეტრე, იაკობი და იოანე, რათა რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევის დროს მის გვერდით ყოფილიყვნენ, მაგალითად: გარდასახვის (მთ. 17:1, 2; მრ. 9:2; ლკ. 9:28, 29) და იაიროსის ქალიშვილის აღდგენის დროს (მრ. 5:22—24, 35—42), აგრეთვე, როცა იესოს გეთსემანეს ბაღში მძიმე წუთები ედგა (მთ. 26:36—46; მრ. 14:32—42). ამ სამმა და მათთან ერთად ანდრიამ გამოჰკითხეს იესო იერუსალიმის განადგურების, მომავალში მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ (მრ. 13:1—3; მთ. 24:3). მოციქულთა ჩამონათვალში პეტრე თავის ძმასთან, ანდრიასთან ერთად მოიხსენიება, თუმცა იესოს სიკვდილამდე, მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ის უფრო ხშირად იოანეს გვერდით გვხვდება (ლკ. 22:8; ინ. 13:24; 20:2; 21:7; სქ. 3:1; 8:14; შდრ. სქ. 1:13; გლ. 2:9). უცნობია, ეს მათი სიახლოვითა და მეგობრობით იყო განპირობებული, თუ იესოსგან მიღებული ერთობლივი დავალებით (შდრ. მრ. 6:7).
სახარებებში პეტრე უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე სხვა რომელიმე მოციქული. იგი აშკარად თამამი და გაბედული იყო და დაუდგრომელი ხასიათი ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის სხვებს ასწრებდა სიტყვის თქმას და ინიციატივას იღებდა მაშინაც, როცა სხვები დუმდნენ. მისი კითხვები იესოს აღძრავდა, რომ განემარტა და დაწვრილებით აეხსნა თავის მიერ მოყვანილი მაგალითები (მთ. 15:15; 18:21; 19:27—29; ლკ. 12:41; ინ. 13:36—38; შდრ. მრ. 11:21—25). ზოგჯერ ის იმპულსურად, დაუფიქრებლად ამბობდა რამეს. იესოს გარდასახვის დროს მხოლოდ პეტრემ ჩათვალა აზრის გამოთქმა საჭიროდ (მრ. 9:1—6; ლკ. 9:33). გრძნობამორეულმა პეტრემ წამოიძახა: „რა კარგია, აქ რომ ვართ“ და სამი კარვის დადგმა შესთავაზა იესოს. როგორც ჩანს, მას სურდა, რომ ეს ხილვა არ დასრულებულიყო (რადგან მოსე და ელია უკვე შორდებოდნენ იესოს). ბოლო პასექზე პეტრემ ჯერ მტკიცედ უთხრა იესოს უარი ფეხების დაბანაზე, იესოს შენიშვნის შემდეგ კი არათუ ფეხების, ხელებისა და თავის დაბანვაზეც იყო თანახმა (ინ. 13:5—10). როგორც ვხედავთ, პეტრეს ხშირი რეპლიკები მისი აქტიური ბუნებითა და ემოციურობით იყო განპირობებული. მართალია, ზოგჯერ პეტრეს საუბარი მის სისუსტეებს ააშკარავებდა, მაგრამ მისი გამონათქვამები ფასეული რომ არ ყოფილიყო, ბიბლიაში არ ჩაიწერებოდა.
როცა იესოს სიტყვების გამო ბევრი მოწაფე დაბრკოლდა და მიატოვა ის, პეტრემ მოციქულების სახელით განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ დარჩენილიყვნენ უფალთან, „ღვთის წმინდასთან“, რომელსაც „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ ჰქონდა (ინ. 6:66—69). როცა მოციქულებმა იესოს უთხრეს, თუ რას ფიქრობდა ზოგადად ხალხი მასზე, კვლავ პეტრემ გამოხატა იმის მტკიცე რწმენა, რომ იესო იყო „ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“, რისთვისაც იესომ მას ბედნიერი უწოდა (მთ. 16:13—17).
ვინაიდან პეტრე პირველობდა სიტყვაში, შესაბამისად, ყველაზე ხშირად ის იღებდა შენიშვნებს. ერთხელ, როცა იესომ თავისი ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ იწინასწარმეტყველა, იესოს გულშემატკივრობით აღძრულმა პეტრემ თავს უფლება მისცა, იესო გვერდზე გაეხმო და მისი გაკიცხვა დაეწყო. იესომ ზურგი აქცია პეტრეს და მოწინააღმდეგე ანუ სატანა უწოდა იმის გამო, რომ ადამიანური მსჯელობით წინასწარმეტყველებაში ჩაწერილ ღვთის განზრახვას უპირისპირდებოდა (მთ. 16:21—23). აღსანიშნავია, რომ ამ დროს იესომ სხვა მოწაფეებსაც გადახედა, რაც, სავარაუდოდ, იმის მიმანიშნებელი იყო, რომ პეტრეს აზრს ისინიც იზიარებდნენ (მრ. 8:32, 33). ერთხელ, როცა პეტრემ გადასახადთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე იესოს პასუხი დაასწრო, იესომ რბილად მიახვედრა, რომ რაღაცის თქმამდე კარგად უნდა დაფიქრებულიყო (მთ. 17:24—27). პეტრემ განაცხადა, რომ ის არასდროს დაბრკოლდებოდა, თუნდაც სხვა მოციქულები დაბრკოლებულიყვნენ, და რომ მზად იყო, იესოს საპყრობილეშიც გაჰყოლოდა და მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. პეტრემ ამ სიტყვებით მეტისმეტი თავდაჯერებულობა გამოავლინა და სხვა მოციქულებს თავი გადაამეტა. მართალია, სხვა მოციქულებიც იმავეს ამბობდნენ, მაგრამ ეს აზრი პირველად პეტრემ გამოთქვა, თანაც დაჟინებით ამტკიცებდა ამას. მაშინ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე თავის უფალს სამჯერ უარყოფდა (მთ. 26:31—35; მრ. 14:30, 31; ლკ. 22:33, 34).
პეტრე მხოლოდ სიტყვაში კი არ პირველობდა, არამედ საქმეშიც. ის გაბედულად მოქმედებდა და თავისი უფლის მიმართ ძლიერ სიყვარულს ავლენდა. დილაადრიან, როცა იესო უკაცრიელ ადგილას წავიდა სალოცავად, სიმონმა თავისთან მყოფნი შეყარა და გაცხარებით დაუწყო მას ძებნა (მრ. 1:35—37). სწორედ პეტრემ სთხოვა იესოს, მასთან მისასვლელად მღელვარე ზღვაზე გავლა ებრძანებინა. მან წყალზე გაიარა კიდეც, ვიდრე არ დაეჭვდა და ჩაძირვა არ დაიწყო (მთ. 14:25—32).
იესოს მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს პეტრეს იაკობთან და იოანესთან ერთად წილად ხვდა პატივი, გეთსემანეს ბაღში იესოს გვერდით ყოფილიყო. როცა იესო სალოცავად განმარტოვდა, დაღლილ-დადარდიანებულ პეტრეს, სხვა მოციქულების მსგავსად, ჩაეძინა. ვინაიდან პეტრე დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ იესოს არ მიატოვებდა, იესომ განსაკუთრებით პეტრეს გასაგონად თქვა: „ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად?“ (მთ. 26:36—45; ლკ. 22:39—46). პეტრემ არ ილოცა და შედეგიც იწვნია.
იესოს შესაპყრობად მისული ბრბოს დანახვაზე მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს, გაეწიათ თუ არა მისთვის წინააღმდეგობა. პეტრე პასუხს არ დალოდებია, ისე ჩამოათალა მახვილით ყური ბრბოდან ერთ-ერთს (არ არის გამორიცხული, რომ პეტრეს უფრო სერიოზული ჭრილობის მიყენება სურდა მისთვის). ამის გამო იესომ ის გაკიცხა (მთ. 26:51, 52; ლკ. 22:49—51; ინ. 18:10, 11). სხვა მოწაფეების მსგავსად პეტრემაც მიატოვა იესო, თუმცა შემდეგ შორიახლოს გაჰყვა მის შემპყრობლებს. ის, როგორც ჩანს, ორ ცეცხლს შუა იყო: ერთი მხრივ, საკუთარი სიცოცხლე ადარდებდა, მეორე მხრივ — იესოს ბედი (მთ. 26:57, 58).
პეტრემ ერთ-ერთი მოწაფის დახმარებით, რომელიც, როგორც ჩანს, მასთან ერთად მივიდა მღვდელმთავრის სახლთან, მღვდელმთავრის ეზოში შეაღწია (ინ. 18:15, 16). ის ბნელ კუთხეში კი არ მიყუჟულა, არამედ ხალხში გაერია და ცეცხლთან თბებოდა. ცეცხლის შუქზე მასში იესოს მიმდევარი ამოიცნეს. მათი ეჭვები მისმა გალილეურმა კილომაც გაამყარა. პეტრემ სამჯერ იუარა, რომ იცნობდა იესოს, ბოლოს თავისი სიტყვების დასამტკიცებლად წყევლასა და ფიცილსაც მოჰყვა. ამ დროს მამალმა მეორეჯერ იყივლა. მაშინ იესო „მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“. პეტრე გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა (მთ. 26:69—75; მრ. 14:66—72; ლკ. 22:54—62; ინ. 18:17, 18; იხ. მამლის ყივილი; ფიცი). თუმცა იესოს მიერ პეტრესთვის წარმოთქმული ლოცვა უპასუხოდ არ დარჩენილა და პეტრეს რწმენა არ გამოლევია (ლკ. 22:31, 32).
იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მის სამარხთან მისულ ქალებს ანგელოზმა უთხრა, იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავი „მისი მოწაფეებისა და პეტრესთვის“ ეცნობებინათ (მრ. 16:1—7; მთ. 28:1—10). მაგდალელმა მარიამმა ეს ამბავი პეტრეს და იოანეს აცნობა. ისინი სამარხისკენ გაიქცნენ. იოანემ პეტრეს გაასწრო, თუმცა სამარხთან შეჩერდა და მხოლოდ გარედან შეიხედა. პეტრე კი პირდაპირ შიგნით შევიდა, რის შემდეგაც იოანეც მას შეჰყვა (ინ. 20:1—8). ვიდრე ერთად შეკრებილ მოწაფეებს გამოეცხადებოდა, იესო ჯერ პეტრეს ეჩვენა. ამ ფაქტმა და მანამდე ანგელოზის მიერ პეტრეს სახელით მოხსენიებამ, ალბათ, დაარწმუნა მომნანიებელი მოციქული, რომ თავისი უფლის სამჯერ უარყოფის მიუხედავად, სამუდამოდ არ დაუკარგავს იგი (ლკ. 24:34; 1კრ. 15:5).
ვიდრე იესო გალილეის ზღვასთან (ტიბერიადის ზღვა) გამოეცხადებოდა მოწაფეებს, დაუდგრომელმა პეტრემ განაცხადა, რომ სათევზაოდ მიდიოდა. მას სხვებმაც აუბეს მხარი. მოგვიანებით, როცა იოანემ პეტრეს უთხრა, რომ ნაპირზე იესო იდგა, პეტრე მაშინვე ზღვაში გადაეშვა და ნაპირისკენ გაცურა, ნავი კი სხვებს შეატოვა. როცა იესომ თევზი ითხოვა, პეტრემ თევზით სავსე ბადე ნაპირზე გამოათრია (ინ. 21:1—13). სწორედ ამ შემთხვევისას ჰკითხა იესომ პეტრეს სამჯერ (მანამდე პეტრემ სამჯერ უარყო თავისი უფალი), უყვარდა თუ არა ის და თავისი „ბატკნების“ დამწყემსვა დაავალა. იესომ პეტრეს ისიც უწინასწარმეტყველა, როგორ მოკვდებოდა. ამ დროს პეტრემ იოანე დაინახა და იესოს ჰკითხა: „უფალო, რას გააკეთებს ეს კაცი?“. იესომ ამჯერადაც შეუსწორა პეტრეს თვალსაზრისი და დაანახვა, რომ მას უნდა გაჰყოლოდა და ნაკლებად ეფიქრა იმაზე, რას გააკეთებდნენ სხვები (ინ. 21:15—22).
შემდგომი მსახურება. მართალია, პეტრე მეტისმეტი თავდაჯერებულობის გამო შიშის მახეში გაება, მაგრამ „შემობრუნდა“ (შდრ. იგ. 29:25), რის შემდეგაც მას იესოს მოწოდებისამებრ ძმები უნდა განემტკიცებინა (ლკ. 22:32) და ქრისტეს სამწყსო დაემწყემსა (ინ. 21:15—17). ამიტომ, იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ პეტრე წამყვან როლს ასრულებდა მოწაფეთა შორის. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე პეტრემ წამოჭრა მოღალატე იუდას ნაცვლად სხვა მოციქულის არჩევის საკითხი და თავისი შემოთავაზება წმინდა წერილებით დაასაბუთა. შეკრებილებმა მხარი დაუჭირეს მის წინადადებას (სქ. 1:15—26). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ წმინდა სულის ხელმძღვანელობით კვლავ მოციქულთა სახელით ილაპარაკა და იესოს მიერ მიცემული პირველი „გასაღები“ გამოიყენა — გზა გაუხსნა იუდეველებს, რომ სამეფოს წარმომადგენლები გამხდარიყვნენ (სქ. 2:1—41; იხ. გასაღები).
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდგომ პეტრე კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებაში. იესოს პირველ მოციქულთაგან „საქმეებში“ მხოლოდ პეტრე და იოანე მოიხსენიებიან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაკვრითაა ნახსენები „იაკობის, იოანეს ძმის“ სიკვდილი. იაკობიც იესოსთან ყველაზე დაახლოებული სამი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო (სქ. 12:2). პეტრე იმითაც არის ცნობილი, რომ სასწაულებს ახდენდა (სქ. 3:1—26; 5:12—16; შდრ. გლ. 2:8). წმინდა სულის დახმარებით მან გაბედულად ისაუბრა იუდეველი წინამძღოლების წინაშე, რომლებმაც ის იოანესთან ერთად დააპატიმრეს (სქ. 4:1—21), ხოლო მეორედ დაპატიმრებისას, მან მოციქულების სახელით მიმართა სინედრიონს და მტკიცედ განაცხადა, რომ ღვთის მოწინააღმდეგე ადამიანებზე მეტად ღმერთს დაემორჩილებოდნენ როგორც მმართველს (სქ. 5:17—31). ალბათ, პეტრე ძალიან ბედნიერი იყო, რომ იმ ღამისგან განსხვავებით, როცა იესო უარყო, ახლა სრულიად განსხვავებულად მოიქცა და მმართველებისგან ცემაც კი აიტანა (სქ. 5:40—42). მეორედ დაპატიმრებამდე პეტრემ ღვთის სულის შთაგონებით თვალთმაქცობაში ამხილა ანანია და საფირა და ღვთის განაჩენი განუცხადა მათ (სქ. 5:1—11).
სტეფანეს მოწამებრივი სიკვდილიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, როცა ფილიპემ (მახარობელი) სამარიაში ბევრი გააქრისტიანა და მონათლა, პეტრე და იოანე იქ გაემგზავრნენ, რათა წმინდა სული ახალმოქცეულებსაც მიეღოთ. პეტრემ იქ სამეფოს მეორე „გასაღები“ გამოიყენა. იერუსალიმში რომ ბრუნდებოდნენ, პეტრე და იოანე გზად სამარიელთა სოფლებში „სასიხარულო ცნობას აუწყებდნენ“ (სქ. 8:5—25). როგორც ჩანს, ამის შემდეგ პეტრე კვლავ მისიონერობას შეუდგა. მან ლიდაში რვა წელი ლოგინს მიჯაჭვული კაცი, ენეა განკურნა და იოპეში ქურციკი აღადგინა მკვდრეთით (სქ. 9:32—43). იოპედან პეტრე სამეფოს მესამე „გასაღების“ გამოსაყენებლად სულმა კესარეაში წაიყვანა, სადაც მან კორნელიუსს, მის ნათესავებსა და მეგობრებს უქადაგა, რის შედეგადაც ისინი პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელი მორწმუნეები გახდნენ, რომლებიც წმინდა სულს ეზიარნენ და სამეფოს მემკვიდრეების სტატუსი მიიღეს. იერუსალიმში დაბრუნებულ პეტრეს თავის დაცვა მოუწია მათ წინაშე, ვინც მომხდარის გამო განსჯიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პეტრემ საფუძვლიანი მტკიცებულებები მოუყვანა მათ იმის დასტურად, რომ ღვთის ნებით მოქმედებდა, ისინი დაშოშმინდნენ (სქ. 10:1—11:18; შდრ. მთ. 16:19).
როგორც ჩანს, იმავე წელს (ახ. წ. 36) გაქრისტიანებული პავლე, როგორც მოციქული, პირველად ჩავიდა იერუსალიმში. ის „კეფას [პეტრე] სანახავად“ მივიდა და 15 დღეს დარჩა მასთან. იერუსალიმში ის იაკობსაც (იესოს ნახევარძმა) შეხვდა, თუმცა პირველ მოციქულთაგან მხოლოდ პეტრე ნახა (გლ. 1:18, 19; იხ. მოციქული (კრების მოციქულები)).
არსებული ცნობების თანახმად, ახ. წ. 44 წელს ჰეროდე აგრიპა I-მა მოციქული იაკობი მოაკვლევინა და, როცა დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა, პეტრე დააპატიმრა (სქ. 12:1—4). კრება „მხურვალედ ლოცულობდა“ პეტრესთვის და იეჰოვას ანგელოზმა იხსნა იგი ციხიდან და მოსალოდნელი სიკვდილისგან. პეტრემ მარკოზად წოდებულ იოანეს სახლში შეკრებილთ თავისი სასწაულებრივი გათავისუფლების ამბავს მოუყვა და იქ მყოფთ სთხოვა, რომ ეს ყველაფერი იაკობისა და ძმებისთვის შეეტყობინებინათ. „ამის შემდეგ [პეტრე] სხვაგან წავიდა“ (სქ. 12:5—17; შდრ. ინ. 7:1; 11:53, 54).
პეტრეს კიდევ ერთხელ ვხვდებით წიგნ „საქმეებში“, კერძოდ, იმ ეპიზოდში, როცა მოციქულები და უხუცესები იერუსალიმში იკრიბებიან (სავარაუდოდ ახ. წ. 49 წ.) უცხოტომელ ქრისტიანთა წინადაცვეთის საკითხის განსახილველად. ხანგრძლივი დავის შემდეგ პეტრე წამოდგა და დაამოწმა იმის შესახებ, თუ როგორ მოექცა ღმერთი უცხოტომელ მორწმუნეებს. „ამაზე მთელი ხალხი დადუმდა“, რაც პეტრეს არგუმენტების სიძლიერესა და მის ავტორიტეტზე მეტყველებს. პეტრე, პავლესა და ბარნაბას მსგავსად, რომლებიც მის შემდეგ გამოვიდნენ სიტყვით, თავად იყო იმის მოწმე, რაზეც საუბრობდა (სქ. 15:1—29). როგორც ჩანს, პავლეს ეს შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როცა პეტრე, იაკობი და იოანე „გამოჩენილ კაცებად“, კრების „ბურჯებად“ მოიხსენია (გლ. 2:1, 2, 6—9).
მართალია, პეტრე პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ მთლიანობაში მის შესახებ არსებული ცნობები იმაზე მეტყველებს, რომ ის სხვა მოციქულებზე არ უპირატესობდა, ანუ განსაკუთრებული უფლებამოსილებითა თუ ტიტულით არ გამოირჩეოდა. მაგალითად, როცა სამარიაში ფილიპეს მსახურება ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოციქულებმა, როგორც ჩანს, ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ პეტრე და იოანე იქ გაეგზავნათ (სქ. 8:14). პეტრე მუდმივად არ იმყოფებოდა იერუსალიმში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობისთვის მისი იქ ყოფნა გადამწყვეტი არ იყო (სქ. 8:25; 9:32; 12:17; იხ. აგრეთვე უხუცესი; ზედამხედველი). ის აქტიურად მსახურობდა სირიის ანტიოქიაში პავლეს იქ ყოფნის დროს. პავლემ პეტრე (კეფა) „ყველას თანდასწრებით“ გაკიცხა იმის გამო, რომ იერუსალიმიდან იაკობის მიერ წარგზავნილი ებრაელი ქრისტიანების თანდასწრებით შერცხვა უცხოტომელ ქრისტიანებთან ერთად ჭამა და მათგან ჩამოშორება დაიწყო (გლ. 2:11—14).
დამატებითი ინფორმაცია ქრისტიანულ კრებაში პეტრეს სტატუსის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში კლდე. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პეტრე რომში იმყოფებოდა და იქაურ კრებას ედგა სათავეში, მეტად არასანდო გადმოცემებს ეფუძნება და ბიბლიით არ დასტურდება. ამ მოსაზრების, აგრეთვე, პეტრეს ბაბილონში ცხოვრებისა და იქ თავისი ორი წერილის დაწერის შესახებ ინფორმაცია, იხილეთ სტატიაში პეტრეს წერილები.