საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იოანეს სახარება“
  • იოანეს სახარება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იოანეს სახარება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 43 — იოანე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იოანე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იოანეს სახარება“

იოანეს სახარება

იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების შესახებ მონათხრობებიდან მეოთხე, რომელიც ბოლოს დაიწერა.

დამწერი. მართალია, წიგნში დამწერის სახელი მოხსენიებული არ არის, მაგრამ თითქმის ყველა აღიარებს, რომ ის მოციქულმა იოანემ დაწერა. თავიდან მის ავტორობას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა, გარდა მეორე საუკუნეში მცხოვრები პატარა ჯგუფის წევრებისა, რომლებიც წიგნში ჩაწერილ სწავლებებს არასარწმუნოდ მიიჩნევდნენ, თუმცა იოანეს ავტორობის საწინააღმდეგო სხვა მტკიცებები არ გააჩნდათ. ბოლო საუკუნეებში კრიტიკული მეცნიერების გამოჩენის შემდეგ იოანეს ავტორობა კვლავ ეჭვქვეშ დადგა.

თავად წიგნი შეიცავს უამრავ და სხვადასხვაგვარ მტკიცებას, რომ მისი დამწერი არის ზებედეს ვაჟი მოციქული იოანე. ამ მტკიცებებთან შედარებით საპირისპირო არგუმენტები ძალიან სუსტია. ქვემოთ მოყვანილია სულ რამდენიმე მტკიცება, თუმცა დაკვირვებულ მკითხველს შეუძლია გაცილებით მეტი აღმოაჩინოს.

1) როგორც ჩანს, წიგნის დამწერი ებრაელი იყო, რადგან კარგად იცოდა იუდეველთა შეხედულებები (ინ. 1:21; 6:14; 7:40; 12:34).

2) ის იყო პალესტინის მკვიდრი, რაზეც ქვეყნის გეოგრაფიის კარგი ცოდნა მიუთითებს. წიგნში მოხსენიებულ ადგილებთან დაკავშირებული ინფორმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ თავად იყო ნამყოფი ამ ადგილებში. მაგალითად, ის საუბრობს ორ ბეთანიაზე, რომელთაგან ერთი „იორდანეს გაღმა“ მდებარეობდა (ინ. 1:28), მეორე კი „ახლოს იყო იერუსალიმთან“ (11:18). ის წერდა, რომ, სადაც ქრისტე ბოძზე გააკრეს, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი (19:41), რომ იესომ მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა „საგანძურში,.. როცა ტაძარში ასწავლიდა“ (8:20) და „ზამთარი იდგა“, როცა „იესო ტაძარში დადიოდა, სოლომონის კოლონადაში“ (10:22, 23).

3) თავად დამწერის სიტყვები და არაერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ დამწერი მოვლენების თვითმხილველი იყო. თხრობის დროს ის სახელებით მოიხსენიებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც თქვეს ან გააკეთეს (ინ. 1:40; 6:5, 7; 12:21; 14:5, 8, 22; 18:10), აკონკრეტებს ამა თუ იმ მოვლენის დროს (ინ. 4:6, 52; 6:16; 13:30; 18:28; 19:14; 20:1; 21:4), ზუსტად ასახელებს წლებს, რიცხვებსა და საზომ ერთეულებს, რასაც ძალიან ბუნებრივად აკეთებს (1:35; 2:6; 4:18; 5:5; 6:9, 19; 19:23; 21:8, 11).

4) დამწერი მოციქული იყო. მხოლოდ მოციქულს შეეძლო იესოს მსახურების დროს მომხდარი მრავალი მოვლენის თვითმხილველი გამხდარიყო. აგრეთვე იესოს აზროვნების, გრძნობებისა და ამა თუ იმ მოქმედების მიზეზების ღრმა ცოდნა ცხადყოფს, რომ ის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც იესოს ახლდნენ მსახურების განმავლობაში. მაგალითად, ის ამბობს, რომ იესომ ფილიპეს გამოსაცდელი კითხვა დაუსვა, „თვითონ კი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა“ (ინ. 6:5, 6); „იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ... დრტვინავდნენ“ (6:61); „იესომ იცოდა, რაც მოელოდა“ (18:4); მან „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“ (11:33; შდრ. 13:21; 2:24; 4:1, 2; 6:15; 7:1). დამწერისთვის აგრეთვე ცნობილი იყო მოციქულთა ფიქრები და შთაბეჭდილებები. ზოგჯერ ისინი არასწორად ფიქრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით სწორ დასკვნამდე მიდიოდნენ (2:21, 22; 11:13; 12:16; 13:28; 20:9; 21:4).

5) გარდა ამისა, დამწერზე ნათქვამია, რომ ის იყო „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა“ (ინ. 21:20, 24). როგორც ჩანს, ის იმ სამ ახლობელ მოციქულს შორის იყო, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევის დროს იესოსთან იყვნენ, მაგალითად, მისი გარდასახვის დროს (მრ. 9:2) და გეთსემანეს ბაღში, როცა ძალიან დამწუხრებული იყო (მთ. 26:36, 37). ამ სამ მოციქულთაგან იაკობი დამწერი ვერ იქნებოდა, რადგან დაახლ. ახ. წ. 44 წელს ის ჰეროდე აგრიპა I-მა მოაკვლევინა. არაფერი მიუთითებს, რომ ეს სახარება ამ თარიღამდე დაიწერა. პეტრეც ვერ დაწერდა, რადგან წიგნში იმ მოწაფესთან ერთად მოიხსენიება, „რომელიც იესოს უყვარდა“ (ინ. 21:20, 21).

კანონიკურობა. იოანეს სახარება ადრინდელმა ქრისტიანულმა კრებამ კანონიკურად მიიჩნია. ის შეტანილია თითქმის ყველა უძველეს კატალოგში და მისი კანონიკურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. იგნატი ანტიოქიელის (დაახლ. ახ. წ. 110) წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ აზრები მას იოანეს სახარებიდან მოჰყავდა; იმავეს თქმა შეიძლება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მცხოვრებ იუსტინე წამებულზე. ის შესულია ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველაზე მნიშვნელოვან კოდექსებში, როგორიცაა სინური, ვატიკანური, ალექსანდრიის, ეფრემის, ბეზის, ვაშინგტონის (I) და კორიდეთის კოდექსები, აგრეთვე ყველა უძველეს თარგმანში. ამ სახარების ფრაგმენტი, იოანეს მე-18 თავის ნაწილი, შესულია ჯონ რაილენდსის პაპირუს 457-ში (P52), რომელიც ახ. წ. მეორე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. აგრეთვე მონაკვეთები მე-10 და მე-11 თავებიდან შესულია ჩესტერ ბიტის პაპირუს №1-ში (P45), წიგნის დიდი ნაწილი კი — მესამე საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ბოდმერის პაპირუს №2-ში (P66).

სად და როდის დაიწერა. მიიჩნევენ, რომ იოანე კუნძულ პატმოსზე გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ ეფესოში ან მის მახლობლად, პატმოსიდან დაახლ. 100 კმ-ის დაშორებით ცხოვრობდა, როცა დაახლ. ახ. წ. 98 წელს თავისი სახარება დაწერა. რომის იმპერატორმა ნერვამ (ახ. წ. 96—98) გაათავისუფლა ბევრი, ვინც წინამორბედმა იმპერატორმა, დომიციანემ თავისი მმართველობის მიწურულს გადაასახლა. შესაძლოა, იოანეც მათ შორის იყო. გამოცხადებაში, რომელიც იოანეს პატმოსზე ჰქონდა, მას ებრძანა, რომ ეფესოს კრებისთვისაც მიეწერა.

იოანე ღრმად მოხუცებული, დაახლ. 90-100 წლისა იყო, როცა თავისი სახარება დაწერა. მას უეჭველად წაკითხული ექნებოდა იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების შესახებ სამი სახარება, აგრეთვე მოციქულთა საქმეები და პავლეს, პეტრეს, იაკობისა და იუდას წერილები. მას ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა, როგორ გაცხადდა სრულად ქრისტიანული სწავლებები და რა შედეგები მოჰყვა ყველა ერისთვის მათ ქადაგებას. მან აგრეთვე იხილა, როგორ დაიწყო გამოვლინება „უკანონობის კაცმა“ (2თს. 2:3). ის იყო იესოს არაერთი წინასწარმეტყველების შესრულების მომსწრე, რომელთაგან აღსანიშნავია იერუსალიმის განადგურება და იუდეველთა სისტემის აღსასრული.

მიზანი. წმინდა სულით შთაგონებულმა იოანემ საგულდაგულოდ შეარჩია მოვლენები, რომლებსაც თავის სახარებაში დაწერდა. მან თქვა: „იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა ... სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს“ (ინ. 20:30; 21:25).

აქედან გამომდინარე, იოანემ აღნიშნა ღვთისგან შთაგონებული სახარების დაწერის მიზანი, რომელშიც თითქმის არ გაუმეორებია მანამდე სხვების მიერ აღწერილი მოვლენები. მან თქვა: „ესენი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით“ (ინ. 20:31).

იოანემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი დაწერილი სიმართლე იყო და მას სინამდვილეში ჰქონდა ადგილი (ინ. 1:14; 21:24). მისმა სახარებამ მნიშვნელოვნად შეავსო ბიბლიის კანონი, როგორც იესო ქრისტეს უკანასკნელი ცოცხალი მოციქულის, მოვლენების თვითმხილველის მოწმობამ.

ფართოდ გავრცელებული. იოანეს სახარება ბიბლიის წიგნებიდან ყველაზე გავრცელებული წიგნია. სრულ ბიბლიაში დაბეჭდილი იოანეს სახარების გარდა, ის ცალკე წიგნად ათასობით ეგზემპლარი დაიბეჭდა და გავრცელდა.

რამდენად ღირებულია. როგორც გამოცხადების წიგნში, სადაც იესო ქრისტე საკუთარ თავზე ამბობს, რომ „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ იყო (გმც. 3:14), ისე თავის სახარებაში იოანე წერს, რომ იესო „დასაწყისში ღმერთთან იყო“ და „ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა“ (ინ. 1:1—3). სახარებაში ის ყურადღებას ამახვილებს ღვთის მხოლოდშობილი ძის მამასთან ახლო ურთიერთობაზე და არაერთხელ ციტირებს იესოს სიტყვებს, რომლებიდანაც ეს სიახლოვე ჩანს. წიგნიდან კარგად ჩანს მამა-შვილის ურთიერთობა, ძის მორჩილება და ძის მიერ იეჰოვასადმი, თავისი ღვთისადმი თაყვანისცემა (ინ. 20:17). ამ სიახლოვის წყალობით ძეს შეეძლო ისე წარმოეჩინა მამა, როგორც არასდროს არავის, მათ შორის ძველად მცხოვრებ ღვთის მსახურებს. იოანე აღნიშნავს, რამდენად თბილი გრძნობები აქვს მამას როგორც ძის, ისე მათ მიმართ, ვინც ძისადმი რწმენის გამო ღვთის ძეები ხდებიან.

სახარებიდან ჩანს, რომ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით აკურთხებს კაცობრიობას და ღმერთთან დასაახლოებლად ის ერთადერთი გზაა. იესოს მეშვეობით გამოჩნდა წყალობა და ჭეშმარიტება (ინ. 1:17). ის არის „ღვთის კრავი“ (1:29), „ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (3:18), „ნეფე“ (3:29), „ჭეშმარიტი პური ზეციდან“ (6:32), „ღვთის პური“ (6:33), „სიცოცხლის პური“ (6:35, 51), „ქვეყნიერების სინათლე“ (8:12), „კაცის ძე“ (9:35), ფარეხის „კარი“ (10:9), „კარგი მწყემსი“ (10:11), „აღდგომა და სიცოცხლე“ (11:25), „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (14:6) და „ჭეშმარიტი ვაზი“ (15:1).

წიგნში ხაზგასმულია, რომ იესო ქრისტე არის მეფე (ინ. 1:49; 12:13; 18:33) და მოსამართლე (5:27) და მას ღვთისგან მკვდრების აღდგენის ძალაუფლება აქვს მიცემული (5:28, 29; 11:25). იოანე გვიმჟღავნებს, რა როლს ასრულებს ქრისტე წმინდა სულის, როგორც დამხმარის გამოგზავნაში, რომელიც შეახსენებდათ მოწაფეებს ნასწავლს, დაამოწმებდა იესოს შესახებ და ასწავლიდა მათ (14:26; 15:26; 16:14, 15). მაგრამ იოანე არ აძლევს მკითხველს იმის დავიწყების საშუალებას, რომ წმინდა სული სინამდვილეში იყო ღვთის სული, ღვთისგან მომდინარე და მისი ნებით გაგზავნილი. იესომ ცხადყო, რომ მოწაფეები წმინდა სულს ზემოხსენებული მიზნით ვერ მიიღებდნენ, თუ ის მამასთან არ ავიდოდა, რომელიც მასზე დიდი იყო (16:7; 14:28). შემდეგ ისინი მასზე დიდ საქმეებს გააკეთებდნენ, რადგან ქრისტე კვლავ მამასთან იქნებოდა და ყველაფერს, რასაც მოწაფეები მისი სახელით ითხოვდნენ, შეასრულებდა მამის განსადიდებლად (14:12—14).

იესო ქრისტეს იოანე კაცობრიობის გამომსყიდველად წარმოგვიჩენს (ინ. 3:16; 15:13). წოდება „კაცის ძე“ შეგვახსენებს, რომ ხორცში მოვლენილი იესო ადამიანთა უახლოესი ნათესავი გახდა და, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამომსყიდველი და სისხლის ამღები (ლვ. 25:25; რც. 35:19). ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ქვეყნიერების მმართველს არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა მასზე; მან გაიმარჯვა ქვეყნიერებაზე, შედეგად, ქვეყნიერება გასამართლდა და მალე მისი მმართველი გარეთ განიდევნებოდა (ინ. 12:31; 14:30). ის მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, რომ მის მსგავსად შეენარჩუნებინათ ღვთისადმი ერთგულება და უმწიკვლობა და ქვეყნიერების მძლეველები გამხდარიყვნენ (ინ. 16:33). ეს ეთანხმება იოანეს გამოცხადებას, რომელშიც ქრისტე ხაზს უსვამს ქვეყნიერების დაძლევის აუცილებლობას და მასთან ერთობაში მყოფთ უხვ ზეციერ ჯილდოს ჰპირდება (გმც. 2:7, 11, 17, 26; 3:5, 12, 21).

იოანეს 7:53—8:11 — ჩამატებული ფრაგმენტი. ეს 12 მუხლი, როგორც ჩანს, იოანეს სახარების დედნისეულ ტექსტში იყო ჩამატებული. იგი არ გვხვდება სინურ კოდექსსა და ვატიკანურ ხელნაწერ №1209-ში, თუმცა გვხვდება მეხუთე საუკუნით დათარიღებულ ბეზის კოდექსსა და უფრო გვიანდელ ბერძნულ ხელნაწერებში. ადრინდელი თარგმანების უმეტესობაში ის არ მოიპოვება. ეს ფრაგმენტი იოანეს სახარებას აშკარად არ მიეკუთვნება. ბერძნულ ხელნაწერთა ერთ ჯგუფში ეს მონაკვეთი მოქცეულია იოანეს სახარების ბოლოში, ზოგში კი — ლუკას 21:38-ის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ეს ფრაგმენტი მოგვიანებით ჩაემატა და ღვთივშთაგონებით არ დაწერილა.

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები იოანედან

ეს არის იესოს ცხოვრების შესახებ მოციქული იოანეს მონათხრობი. წიგნში ხაზი ესმება იმ აზრს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და მისი მეშვეობით შესაძლებელია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება.

დაიწერა დაახლ. ახ. წ. 98 წელს, იესოს სიკვდილიდან 65 წლისა და მესამე სახარების დაწერიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

სიტყვა გახდა ხორცი და აღიარებულ იქნა ღვთის კრავად, ღვთის ძედ და ქრისტედ (1:1—51)

სიტყვა, რომელიც დასაწყისში ღმერთთან იყო, ადამიანებთან მკვიდრობს, თუმცა თავისიანები უარს ამბობენ მასზე; ვინც მას იღებს, ღვთის შვილად გახდომის უფლება ეძლევა.

იოანე ნათლისმცემელი ამოწმებს, რომ იესო არის ღვთის ძე და ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი.

ანდრია და სხვები რწმუნდებიან, რომ იესო არის ქრისტე.

იესოს სასწაულები და ქადაგება მოწმობს, რომ ის არის ქრისტე, ვისი მეშვეობითაც შესაძლებელია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება (2:1—6:71)

კანაში იესო წყალს ღვინოდ აქცევს.

ის ეუბნება ნიკოდემეს, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, რომ ღვთის ერთგულებს მარადიული სიცოცხლე ჰქონდეთ.

ელაპარაკება სამარიელ ქალს მარადიული სიცოცხლის მომცემ სიმბოლურ წყალზე და უმჟღავნებს, რომ ქრისტეა.

სასწაულებრივად კურნავს ხალხს. როცა შაბათ დღეს კურნავს, იუდეველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მისი მოკვლა სურთ.

აცხადებს, რომ მისი მორწმუნეები მარადიულად იცხოვრებენ, და წინასწარმეტყველებს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას.

სასწაულებრივად აპურებს დაახლ. 5 000 კაცს. ხალხს მისი გამეფება სურს, მაგრამ ის ტოვებს იქაურობას. ხალხი უკან მიჰყვება. იესო ეუბნება მათ, რომ ის არის პური ზეციდან და, თუ მათ მარადიული სიცოცხლე სურთ, უნდა ჭამონ მისი ხორცი და დალიონ მისი სისხლი.

ღვთის ძისადმი მტრობა ძლიერდება (7:1—12:50)

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი მღვდლები და ფარისევლები მის შეპყრობას ცდილობენ, იესო გაბედულად ქადაგებს ტაძარში.

ამბობს, რომ ის არის ქვეყნიერების სინათლე და ჭეშმარიტებას შეუძლია გაათავისუფლოს მსმენელები, მათ კი მისი ჩაქოლვა სურთ.

შაბათ დღეს კურნავს დაბადებიდან უსინათლო კაცს, რის გამოც ფარისევლები ცოფებს ჰყრიან.

ამბობს, რომ კარგი მწყემსია, რომლის ხმასაც მისი ცხვარი უსმენს. იუდეველები კვლავ ცდილობენ მის ჩაქოლვას.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი შიშის ზარს სცემს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ, რომ იესოც მოკლან და ლაზარეც.

იესო ჩოჩორზე მჯდომი შედის იერუსალიმში. ფარისევლების გარდა, ყველა ესალმება როგორც მეფეს.

უკანასკნელი პასექი, იესო ემშვიდობება მოწაფეებს და რჩევებს აძლევს (13:1—17:26)

იესო ფეხებს ჰბანს მოციქულებს, რათა თავმდაბლობა ასწავლოს და აძლევს ახალ მცნებას, ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მან შეიყვარა ისინი.

საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და იძლევა დაპირებას, რომ წასვლის შემდეგ მოწაფეებს წმინდა სულს გამოუგზავნის.

ნაყოფი რომ გამოიღონ, მოწაფეები მასთან, ჭეშმარიტ ვაზთან ერთობაში უნდა დარჩნენ, თუმცა დევნილები იქნებიან.

იესო ლოცულობს თავისი მიმდევრებისთვის და ეუბნება მამას, რომ დაასრულა დავალებული საქმე და ადამიანებს მისი სახელი გამოუცხადა.

იესოს აპატიმრებენ, იუდეველები უარყოფენ და ძელზე აკრავენ (18:1—19:42)

გეთსემანეს ბაღში იესოს აპატიმრებენ. ის მიჰყავთ ჯერ ანასთან, შემდეგ — კაიაფასთან, ბოლოს კი — პილატესთან.

ეუბნება პილატეს, რომ მისი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის.

პილატე ამაოდ ცდილობს მის გათავისუფლებას. ძელზე გაკრული იესო კვდება.

იოსებ არიმათეელი და ნიკოდემე მარხავენ მას.

დასასრულ, იესოს მკვდრეთით აღდგომის ფაქტებით იოანე ამტკიცებს, რომ ის ქრისტეა (20:1—21:25)

იესო ეცხადება მაგდალელ მარიამს, შემდეგ დანარჩენ მოწაფეებს, მათ შორის თომას.

გალილეაში ის ახდენს ბოლო სასწაულს — მოწაფეები იჭერენ დიდი რაოდენობით თევზს. ის პეტრეს აძლევს მითითებას: „აძოვე ჩემი ბატკნები“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება