დამოწმება ‘ყველა ხალხისთვის’
„ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად. და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
1. რატომ უნდა გაეოცებინა მათეს 24:14-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს მისი მიმდევრები?
როგორც ჩანს, ზემოთ მოყვანილმა იესოს სიტყვებმა, გააოცა მისი იუდეველი მოწაფეები! თვით იმაზე ფიქრიც, რომ წმინდა ებრაელებს „არაწმინდა“, არაებრაელ ‘წარმართებთან’ ელაპარაკათ, იუდევლებისთვის უცხო და საზიზღარიც კი იყოa. კეთილსინდისიერი იუდეველი არც იფიქრებდა არაიუდეველის სახლში შესვლაზე! იესოს იუდეველ მოწაფეებს ჯერ კიდევ ბევრი უნდა ესწავლათ მისი პიროვნების, სიყვარულისა და დავალების შესახებ. მათ, ასევე, ბევრი უნდა შეეცნოთ იეჰოვას მიუკერძოებლობის შესახებ (საქმე 10:28, 34, 35, 45).
2. ა) რამდენად გავრცელდა მოწმეების მსახურება? ბ) რომელი სამი ძირითადი ფაქტორი ეხმარება მოწმეების წინსვლას?
2 იეჰოვას მოწმეებმა აუწყეს კეთილი ცნობა ხალხებს, მათ შორის დღევანდელ ისრაელსაც და დღეს ქადაგებენ უფრო მეტ ხალხებში, ვიდრე ოდესმე უწინ. ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში ოთხნახევარ მილიონზე მეტი მოწმე დაახლოებით 230 ქვეყანაში ქადაგებდა. დაინტერესებულ ადამიანებთან მათ ჩაატარეს ბიბლიის დაახლოებით ოთხ ნახევარი მილიონი საშინაო შესწავლა. ყოველივე ეს ხდება მოწმეების მიმართ წინასწარაკვიატებული აზრის მიუხედავად, რომელიც ხშირად დაფუძნებულია იმაზე, რომ ადამიანები არ იცნობენ მათ სწავლებებსა და განზრახვებს. როგორც ადრე მცხოვრები ქრისტიანების შესახებ, ასევე მოწმეებზე შეიძლება ითქვას: „ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრების [სექტის, აქ] შესახებ ყველგან დაობენ“ (საქმე 28:22). მაშინ, რას მივაწეროთ მათი წარმატებული მსახურება? არსებობს, სულ ცოტა, სამი ფაქტორი, რომელიც ეხმარება მათ წინსვლას: ისინი მიჰყვებიან იეჰოვას სულის ხელმძღვანელობას, ბაძავენ ქრისტეს პრაქტიკულ მეთოდებს და იყენებენ სათანადო საშუალებებს ინფორმაციის ეფექტური შეტყობინებისთვის.
იეჰოვას სული და კეთილი ცნობა
3. რატომ არ შეგვიძლია დავიკვეხნოთ იმით, რაც შესრულებულია?
3 იკვეხნიან კი იეჰოვას მოწმეები თავიანთი წარმატებებით, რომლებსაც, თითქოს, რაღაც განსაკუთრებული უნარით მიაღწიეს? არა, რადგან ამ შემთხვევაში მართებულია იესოს სიტყვები: „როცა შეასრულებთ ყველაფერს თქვენდამი ნაბრძანებს, ამბობთ: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“. პირადი ვითარების მიუხედავად როგორც მიძღვნილმა, მონათლულმა ქრისტიანებმა, იეჰოვას მოწმეებმა ნებაყოფლობით მიიღეს იეჰოვასადმი მსახურების პასუხისმგებლობა. ზოგიერთისთვის ეს სრული დროით მსახურებაა და ეს ადამიანები მსახურობენ, როგორც მისიონერები ან მოხალისეები საზოგადოების ფილიალებსა და ტიპოგრაფიებში, სადაც იბეჭდება ქრისტიანული პუბლიკაციები. სხვებს კი ასეთი ქრისტიანული მზადყოფნა აღძრავს, რომ წავიდნენ რელიგიური ორგანიზაციის ობიექტების მშენებლობებზე, გახდნენ სრული დროით მქადაგებელი-პიონერები ან კეთილი ცნობის ჩვეულებრივი მქადაგებლები ადგილობრივ კრებებში. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია სამართლიანად დაიკვეხნოს თავისი მოვალეობის შესრულებით — იმით, „რაც უნდა გაგვეკეთებინა“ (ლუკა 17:10; 1 კორინთელთა 9:16).
4. როგორ შეუძლიათ მოწმეებს გადალახონ ქრისტიანული მსახურებისადმი ყველგან არსებული წინააღმდეგობა?
4 ნებისმიერი ჩვენი წარმატება, შეიძლება მიეწეროს იეჰოვას სულს, ანუ მოქმედ ძალას. დღეს, ისევე, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველის დღეებში, მართებულად შეიძლება ითქვას: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი“. ამიტომ, მოწმეების მქადაგებლური საქმიანობისადმი ყველგან არსებული წინააღმდეგობის გადალახვა მათ შეუძლიათ არა ადამიანური ძალისხმევით, არამედ იეჰოვას ხელმძღვანელობითა და დაცვით (ზაქარია 4:6).
5. რა წვლილი შეაქვს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში იეჰოვას?
5 მათ შესახებ, ვინც ეხმაურება სამეფოს ცნობას, იესომ თქვა: „წინასწარმეტყველებს უწერიათ: და ყველა განსწავლულ იქნება ღმერთის მიერ. ყოველი, რომელიც ისმენს, მამისაგან და სწავლობს, ჩემთან მოდის. . . ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მას მიცემული“ (იოანე 6:45, 65). იეჰოვას შეუძლია წაიკითხოს ის, რაც დევს გულსა და გონებაში და იცნობს მათ, ვინც გამოეხმაურება მის სიყვარულს, თუმცა ეს ადამიანები, შესაძლოა, ჯერ არ იცნობენ მას. ამ განსაკუთრებული სამსახურის ხელმძღვანელობისთვის ის, ასევე, თავის ანგელოზებს იყენებს. აი, რატომ იხილა იოანემ თავის ხილვაში ანგელოზების მონაწილეობა და დაწერა: „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა; მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ახარებდეს დედამიწის მცხოვრებთ და ყოველ ერს და ტომს, და ენასა და ხალხს“ (გამოცხადება 14:6).
სულიერი მოთხოვნილებების შეგნება
6. როგორი ძირითადი პოზიცია ესაჭიროება ადამიანს, რომელიც ეხმაურება კეთილ ცნობას?
6 იესომ ახსენა კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც იეჰოვა ადამიანს აძლევს კეთილი ცნობის მიღების შესაძლებლობას: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი [ვისაც შეგნებული აქვს სულიერი მოთხოვნილებები, აქ], ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“ (მათე 5:3). თვითკმაყოფილი ადამიანი ან ის, ვინც არ ეძებს ჭეშმარიტებას, არ ისურვებს სულიერი მოთხოვნილებების შეგნებას. ის ფიქრობს მხოლოდ მატერიალური, ხორციელი საქმეების შესახებ. თვითკმაყოფილება ზღუდე ხდება. ამიტომ, როცა კარდაკარ ქადაგების დროს გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ამ ცნობას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის სხვადასხვა მიზეზი, რომელიც, შესაძლოა, იწვევს ადამიანების რეაქციას.
7. რატომ არ ეხმაურება მრავალი ადამიანი ჭეშმარიტებას?
7 მრავალი უარს ამბობს მოსმენაზე, რადგან ჯიუტად მიჰყვება მემკვიდრეობით მიღებულ რელიგიას და არ სურს ლაპარაკში მონაწილეობა. სხვებს იზიდავს რელიგია, რომელიც მათ პიროვნებას შეესაბამება — ზოგს მოსწონს მისტიციზმი, ზოგი რეაგირებს ემოციურობაზე, სხვას კი თავის ეკლესიაში მისვლისას უმთავრესად საზოგადოებრივი საკითხები აინტერესებს. დღეს მრავალმა აირჩია ცხოვრების სტილი, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის ნორმებს. შესაძლოა, ისინი უზნეო ცხოვრებას ატარებენ და ამიტომ ამბობენ: „მე არ მაინტერესებს“. სხვა ადამიანები კი, რომლებიც პრეტენზიით აცხადებენ, რომ განათლებულები და ნასწავლები არიან, უარყოფენ ბიბლიას, თავიანთი აზრით, როგორც ძალიან მარტივს (1 კორინთელთა 6:9–11; 2 კორინთელთა 4:3, 4).
8. რატომ არ უნდა შეასუსტოს ჩვენი გულმოდგინება სხვების მხრიდან ჭეშმარიტების უარყოფამ? (იოანე 15:18-20).
8 ნუთუ უნდა შეასუსტოს ჩვენი რწმენა და სიცოცხლის გადამრჩენ მსახურებაში გულმოდგინება იმ ფაქტმა, რომ უმრავლესობა უარყოფს ჭეშმარიტებას? ჩვენ გვანუგეშებს პავლეს მიერ რომაელთა მიმართ დაწერილი სიტყვები: „თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღმერთის რწმენას? არავითარ შემთხვევაში! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენს სიტყვებში, გაიმარჯვო შენი გასამართლებისას“ (რომაელთა 3:3, 4).
9, 10. რა მტკიცება არსებობს, რომ მრავალ ქვეყანაში გადალახეს წინააღმდეგობა?
9 ჩვენ შეგვიძლია გავმხნევდეთ მსოფლიოს იმ ქვეყნების მრავალი მაგალითით სადაც ხალხი, როგორც ჩანს, არ იყო გულისხმიერი, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ საწინააღმდეგო მოხდა. იეჰოვამ და მისმა ანგელოზებმა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნებში მოიძებნებოდნენ გულკეთილი ადამიანები, მაგრამ იეჰოვას მოწმეები მტკიცენი და მომთმენნი უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ მსახურებაში. ავიღოთ, მაგალითად, რამდენიმე ქვეყანა, სადაც 50 წლის წინ კათოლიციზმი დაუძლეველი დაბრკოლება იყო — არგენტინა, ბრაზილია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კოლუმბია, მექსიკა და პორტუგალია. რამდენიმე ხნის წინ, 1943 წელს, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 126 000 მოწმე იყო, რომელთაგან 72 000 ამერიკაში ცხოვრობდა. უვიცობა და ცრურწმენა მოწმეების წინააღმდეგ ჰგავდა მტკიცე კედელს, რომლის დანგრევა შეუძლებელი იყო. მაგრამ, დღეს ამ ქვეყნებში ქადაგებამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია. იმავეს თქმა შეიძლება მრავალი ყოფილი კომუნისტური ქვეყნების შესახებ. ამის ნათელ მტკიცებას წარმოადგენს 1993 წელს კიევში (უკრაინა) ჩატარებულ კონგრესზე 7 402 ადამიანის მონათვლა.
10 რა მეთოდებს იყენებენ მოწმეები თავიანთი მოყვასისთვის კეთილი ცნობის შესატყობინებლად? მიმართავენ კი ისინი მატერიალურ სატყუარას, რომ ახალმოქცეულთა გული მოიგონ, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ? მიდიან კი ისინი მხოლოდ ღარიბ და გაუნათლებელ ადამიანებთან, როგორც ამას სხვები აცხადებენ?
წარმატებული მეთოდები კეთილი ცნობის გადასაცემად
11. რომელი შესანიშნავი მაგალითი დატოვა იესომ თავისი მსახურებით? (იხილე იოანე 4:6–26).
11 იესომ და მისმა მოწაფეებმა დატოვეს მაგალითი, რომელსაც მოწმეები დღემდე მიჰყვებიან თავიანთ მოღვაწეობაში, რათა გახადონ მოწაფეებად ადამიანები. იესო მიდიოდა ყველგან, სადაც იყვნენ ადამიანები — მდიდრები თუ ღარიბები — სახლებში, საზოგადოებრივ ადგილებში, სანაპირო და მთიან მხარეებში და სინაგოგებშიც კი (მათე 5:1, 2; 8:14; მარკოზი 1:16; ლუკა 4:15).
12, 13. ა) როგორი ნიმუში დაადგინა პავლემ ქრისტიანებისთვის? ბ) როგორ მიჰყვებიან იეჰოვას მოწმეები პავლეს მაგალითს?
12 თავის მსახურებასთან დაკავშირებით მოციქულ პავლეს სამართლიანად შეეძლო ეთქვა: „თქვენ იცით, რომ პირველი დღიდანვე, როდესაც აზიაში მოვედი, ყოველ ჟამს თქვენთან ვიყავი; ვემსახურებოდი უფალს. . . რომ არაფერი გამომიტოვებია სასარგებლო, რომელიც თქვენთვის არ მექადაგებინოს და რაც თქვენთვის არ მესწავლებინოს სახალხოდ და სახლებში“ (საქმე 20:18–20).
13 იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან მთელ მსოფლიოში იმით, რომ მიჰყვებიან მოციქულების მაგალითს — მსახურობენ კარდაკარ. ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიის მეშვეობით ჩაატარონ ძვირი, ზედაპირული და გულგრილი მსახურება, მოწმეები მიდიან ადამიანებთან, მდიდრებთან და ღარიბებთან, და პირისპირ ელაპარაკებიან. მათ სურთ, ილაპარაკონ ღმერთისა და მისი სიტყვის შესახებb. ისინი არ ცდილობენ თავიანთ რწმენაზე ადამიანების მოქცევას მატერიალური სამოწყალოების გამოყენებით. ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმსჯელონ, უჩვენებენ, რომ კაცობრიობის პრობლემების ნამდვილად გადამჭრელი მხოლოდ ღმერთის სამეფოს მმართველობაა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის პირობებს დედამიწაზე (ესაია 65:17, 21–25; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1–4).
14. ა) როგორ ჩაუყარეს მყარი საძირკველი მისიონერებმა და პიონერებმა? ბ) რას ვსწავლობთ იაპონიაში მყოფი იეჰოვას მოწმეების მაგალითიდან?
14 მრავალ ქვეყანაში თავდაპირველად მისიონერებმა და პიონერებმა იმუშავეს, რომ სამქადაგებლო მოღვაწეობა რაც შეიძლება მეტ ტერიტორიებში გატარებულიყო. მათ ჩაუყარეს საძირკველი და შემდეგ საქმიანობას ადგილობრივი მოწმეები გაუძღვნენ. ამიტომ, სამქადაგებლო საქმიანობისა და კარგი ორგანიზებისთვის არ იყო საჭირო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოწმეების დიდი რიცხვი. ამის შესანიშნავი მაგალითი არის იაპონია. ათას ცხრაას ორმოციანი წლების ბოლოს უმთავრესად ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ბრიტანეთიდან იაპონიაში ჩავიდნენ მისიონერები; ყოველმა მათგანმა შეისწავლა ენა, გარკვეულწილად შეეგუა ომისშემდგომი პერიოდის პრიმიტიულ პირობებს და დაიწყო დამოწმება კარდაკარ. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იაპონიაში მოწმეებს უკრძალავდნენ მოღვაწეობას და დევნიდნენ. ამიტომ მისიონერებმა აქტიური იაპონელი მოწმეების მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი რიცხვი აღმოაჩინეს. მაგრამ დღეს 3 000-ზე მეტ კრებაში მათი რიცხვი 187 000-სს აღემატება! რაში მდგომარეობდა იმ წარმატებების საიდუმლო, რომელსაც თავიდან მიაღწიეს? ერთმა მისიონერმა, რომელმაც 25 წელზე მეტი იმსახურა იმ ტერიტორიაზე, თქვა: „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გვესწავლა საუბარი ადამიანებთან. რადგან ვიცოდით მათი ენა, ჩვენ შეგვეძლო მათთან შერწყმა, მათთვის გაგება და მათი ცხოვრების წესის დაფასება. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ გვიყვარს იაპონელები. ჩვენ თავმდაბლურად ვცდილობდით, გავმხდარიყავით ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი, რასაკვირველია, ჩვენი ქრისტიანული ღირსებების დათმობის გარეშე“.
ქრისტიანული ქცევაც ამოწმებს
15. როგორ ავლენენ მოწმეები ქრისტიანულ ქცევას?
15 მაგრამ ადამიანებს არა მხოლოდ ბიბლიური ცნობა იზიდავს. ისინი, ასევე, ადამიანების საქციელშიც ხედავენ ქრისტიანობას. ისინი აკვირდებიან მოწმეების სიყვარულს, თანხმობასა და ერთიანობას ისეთ მძიმე სიტუაციებშიც კი, როგორიცაა სამოქალაქო ომები, ეთნიკური კონფლიქტები და ეროვნული მტრობა. მოწმეები, ყველა კონფლიქტში ინარჩუნებენ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის ნათელ პოზიციას და ასრულებენ იესოს სიტყვებს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ; რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35).
16. რომელი მაგალითი გვიჩვენებს საქმით გამოხატულ ქრისტიანულ სიყვარულს?
16 მოყვასისადმი სიყვარული იყო გამოხატული ერთი ხნიერი მამაკაცის მიმართ, რომელმაც ადგილობრივ გაზეთში დაწერა „მისტერ და მისის კეთილი ადამიანების“ შესახებ. ის ჰყვებოდა, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მეზობლებმა მის მიმართ დიდი თანაგრძნობა გამოავლინეს. ის წერდა: «მისი სიკვდილის შემდეგ. . . ისინი მართლაც ყოჩაღად მოიქცნენ. იმ დროიდან მათ „მიშვილეს“. . . ასრულებდნენ ყველანაირ სამუშაოს და 74 წლის პენსიონერს მეხმარებოდნენ პრობლემების გადაწყვეტაში. უფრო მეტად არაჩვეულებრივი ის არის, რომ ისინი შავები არიან, მე კი თეთრი. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან, მე კი ყოფილი კათოლიკე».
17. როგორ ქცევას უნდა მოვერიდოთ?
17 ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ დამოწმების ბევრი საშუალება არსებობს, რომელთა შორის არის ჩვენი ყოველდღიური ქცევა. სინამდვილეში, თუ ჩვენი ქცევა არაქრისტიანული იქნებოდა, ჩვენი მსახურება იქნებოდა ფარისევლური და უნაყოფო. ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ მათი მსგავსი, რომლებიც იესომ აღწერა: „ყოველივე, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მათე 22:37–39; 23:3).
მონის კლასის მიერ ეფექტური საშუალებების მომარაგება
18. როგორ გვაძლევს შესაძლებლობას ბიბლიური ლიტერატურა, რომ დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს?
18 კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ყველა ერისთვის კეთილი ცნობის ქადაგებაში წარმოადგენს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ გამოსადეგი ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა. ჩვენ გვაქვს წიგნები, ბროშურები, ტრაქტატები და ჟურნალები, რომელთაც თითქმის ყველა გულწრფელი მკითხველის დაკმაყოფილება შეუძლია. მუსულმანის, ინდუსის, ბუდისტის, დაოსისტის ან იუდეველის შეხვედრისას ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნი „კაცობრიობა ღმერთის ძიებაში“ (ინგლ.) ან სხვადასხვაგვარი ტრაქტატები და ბუკლეტები იმისათვის, რომ დავიწყოთ საუბარი და, შესაძლოა, ბიბლიის შესწავლა. თუ ევოლუციონისტი გვეკითხება შემოქმედების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციით თუ შემოქმედებით?“ (რუს.). თუ ახალგაზრდა ადამიანი სვამს კითხვას: „რა არის სიცოცხლის აზრი?“ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა ასეთივე სათაურით „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ თუ ადამიანი გულდამძიმებულია პირადი პრობლემებით, შესაძლოა გულგატეხილობის, დაღლილობის, გაუპატიურებისა და გაყრის გამო, ჩვენ გვაქვს ჟურნალები, რომლებიც პრაქტიკულად განიხილავენ ამ საკითხებს. ნამდვილად, ერთგული მონის კლასი, რომელზეც იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ‘დროულად მისცემდა საზრდოს’, ასრულებს თავის ფუნქციას (მათე 24:45–47).
19, 20. როგორ დაჩქარდა სამეფოს საქმე ალბანეთში?
19 მაგრამ, რათა ცნობამ ყველა ერს მიაღწიოს, აუცილებელია, რომ ლიტერატურა მრავალ ენაზე გამოქვეყნდეს. როგორ ხერხდება ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა 200-ზე მეტ ენაზე? ერთ-ერთი მაგალითის, ალბანეთის, მოკლე განხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ ეხმარებოდა ერთგული და გონიერი მონის კლასი კეთილი ცნობის ქადაგებას, მიუხედავად სიძნელეებისა და იმისა, რომ დღეს არ არსებობს მეერგასე დღე, რომელიც მყისვე ენებზე ალაპარაკების შესაძლებლობას იძლევა (საქმე 2:1–11).
20 მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, ალბანეთი ითვლებოდა ერთადერთ, ნამდვილად ათეისტურ, კომუნისტურ ქვეყანად. ჟურნალმა „ნეიშენელ ჯეოგრეფიკ“ 1980 წელს განაცხადა: «ალბანეთი კრძალავს [რელიგიას], რადგან 1967 წელს საჯაროდ გამოაცხადა, რომ წარმოადგენს „პირველ ათეისტურ სახელმწიფოს მთელ მსოფლიოში“. . . ალბანეთის ახალმა თაობამ იცის მხოლოდ ათეიზმი». დღეს კომუნიზმი დამხობილია, ალბანელები, რომლებიც აღიარებენ თავიანთ სულიერ მოთხოვნილებებს ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეების ქადაგებას. პატარა მთარგმნელობითი განყოფილება შეიქმნა 1992 წელს ტირანაში და შედგება ახალგაზრდა მოწმეებისგან, რომლებმაც იციან იტალიური და ინგლისური ენები. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა გამოცდილმა ძმებმა ასწავლეს მათ პორტატიული კომპიუტერების გამოყენება, რომ შეეყვანათ ტექსტი ალბანურ ენაზე. მათ დაიწყეს ტრაქტატებისა და ჟურნალის „საგუშაგო კოშკის“ თარგმნით. რადგან ემატებათ გამოცდილება, ისინი მუშაობენ სხვა მნიშვნელოვანი ბიბლიური პუბლიკაციების თარგმანზე. დღეს, ამ პატარა ქვეყანაში (მოსახლეობით 3 262 000 ადამიანი) არის დაახლოებით 200 აქტიური მოწმე და 1994 წელს გახსენების საღამოს დაესწრო 1 984 ადამიანი.
ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია
21. როგორ პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ?
21 მსოფლიო მოვლენები უახლოვდება აპოგეას. დანაშაულობისა და ძალადობის ზრდა, სამოქალაქო ომებში სისხლის ღვრა და გაუპატიურება, მიშვებული ზნეობის ბატონობა და მისი შედეგები, როგორიცაა სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, უპატივცემლობა კანონიერი ხელისუფლებისადმი, ყოველივე ამასთან ერთად, ქვეყნიერება, როგორც ჩანს, ხდება ანარქიული და დაუმორჩილებელი. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც დაბადებაში აღწერილი წარღვნისწინა პერიოდის პარალელურია: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა“ (დაბადება 6:5, 6; მათე 24:37–39).
22. რომელი ქრისტიანული პასუხისმგებლობა აკისრია იეჰოვას ყველა მოწმეს?
22 იეჰოვა მოიქცევა ისევე, როგორც ნოეს დღეებში. მაგრამ თავისი სამართლიანობითა და სიყვარულით, მას სურს, რომ პირველად ყველა ერს ექადაგოს კეთილი ცნობა და გაფრთხილება (მარკოზი 13:10). ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არიან პასუხისმგებელნი, იპოვონ ისინი, ვინც ღმერთის მშვიდობის ღირსია და მისი მშვიდობის გზები ასწავლონ მათ. მალე, ღმერთის მიერ დანიშნულ დროს, ქადაგების დავალება წარმატებით დასრულდება. „და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 10:12, 13; 24:14; 28:19, 20).
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაციისთვის არაებრაელების შესახებ, იხილე სტატია „Nations“ წიგნში Insight on the Scriptures, ტომი II, გვერდები 472–474, გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ.
b ქრისტიანულ მსახურებაში გამოსაყენებელი პრაქტიკული რჩევები შეგიძლია იხილო 1984 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) გვერდი 15, სტატიაში “How to Become Effective Ministers” და, ასევე, 21-ე გვერდზე სტატიაში “Effective Ministry Leading to More Disciples”.
გახსოვს თუ არა შენ?
□ რა წარმატებებს მიაღწიეს დღეს იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ მსახურებაში?
□ რატომ უარყოფს მრავალი ადამიანი ქრისტიანულ ცნობას?
□ მოციქულების მაგალითით, ქადაგების რომელ მეთოდს იყენებენ მოწმეები?
□ რა საშუალებები გვაქვს ეფექტური მსახურებისთვის?
□ რა უნდა აკეთოს ყოველმა ჩვენგანმა მარკოზის 13:10-ის თანახმად?
[ჩარჩო 19 გვერდზე]
ქვეყანა მოწმეები, რომლებიც 1993 წელს
მოღვაწეობდნენ 1943 წელს
არგენტინა 374 102043
ბრაზილია 430 366297
ესპანეთი მოღვაწეობის შესახებ მონაცემები არ არის 97595
ვენესუელა მოღვაწეობის შესახებ მონაცემები არ არის 64081
ირლანდია 150? 4224
იტალია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
მონაცემები არ არის 201440
კოლუმბია ?? 60854
მექსიკა 1565 380201
პერუ მოღვაწეობის შესახებ მონაცემები არ არის 45363
პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
მონაცემები არ არის 113551
პორტუგალია მოღვაწეობის შესახებ მონაცემები არ არის 41842
საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
მონაცემები არ არის 122254
ურუგვაი 22 9144
ფილიპინები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
მონაცემები არ არის 116576
ჩილე 72 44668
[სურათი 27-ე გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების რიცხვი იზრდება მრავალ კათოლიკურ ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, ესპანეთი.
[სურათები 31-ე გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები მოღვაწეობენ მსოფლიოს ყველა ხალხში.