რას გვასწავლის იესოს სასწაულები
«მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. . . იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: „ღვინო აღარა აქვთ“». ამ შემთხვევამ ნიადაგი მოამზადა იესოს პირველი სასწაულისთვის (იოანე 2:1–3).
ნუთუ ასეთი პრობლემა არ იყო ძალიან უმნიშვნელო და ჩვეულებრივი, რომ იესოს ყურადღება მიეპყრო? ბიბლიის ერთ-ერთი სწავლული განმარტავს: „სტუმართმოყვარეობა აღმოსავლურ ქვეყნებში წმინდა მოვალეობა იყო. . . ნამდვილი სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებით კი საქორწილო ზეიმის დროს, დიდ სიუხვეს მოითხოვდა. თუ ქორწილში მარაგი [გამოილეოდა], ოჯახსა და ახალგაზრდა წყვილს არასდროს მოსცილდებოდა სირცხვილი“.
ამიტომ დაიწყო იესომ მოქმედება. მან შენიშნა „ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის“. იუდეველთა შორის მიღებული იყო სადილის წინ დაბანის რიტუალი, ამიტომ დამსწრეთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი. „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები“, — უბრძანა იესომ მათ, ვინც სტუმრებს ემსახურებოდა. იესო არ იყო ‘სუფრის გამრიგე’, მაგრამ ის გაბედულად და ავტორიტეტულად ლაპარაკობდა. ცნობა გვატყობინებს: ‘როდესაც სუფრის გამრიგემ გემო უნახა წყალს, ის ღვინოდ იყო ქცეული’ (იოანე 2:6–9; მარკოზი 7:3).
შეიძლება უცნაურად ჩანდეს, რომ ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიც ქორწილია, იესოს პირველი სასწაულის ადგილი იქნებოდა, მაგრამ ეს შემთხვევა ბევრად უფრო მეტს გვიჩვენებს იესოს შესახებ. ის დაუქორწინებელი მამაკაცი იყო და მომდევნო შემთხვევებში მან განიხილა დაუქორწინებლობის უპირატესობები თავის მოწაფეებთან (მათე 19:12). მაგრამ ქორწილზე მისი დასწრება ცხადყოფდა, რომ ის არ იყო დაქორწინების მოწინააღმდეგე. ის გაწონასწორებული იყო და მხარს უჭერდა ქორწინებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ის ღმერთის თვალში დიდად პატივსაცემი იყო (შეადარე ებრაელთა 13:4).
იესო არ იყო მკაცრი ასკეტი, როგორსაც მოგვიანებით საეკლესიო მხატვრები აღწერდნენ. მას ნამდვილად უხაროდა ხალხში ყოფნა და არ იყო ურთიერთობის მოძულე (შეადარე ლუკა 5:29). ასე რომ, იესოს მოქმედებები ნიმუშად იქცა მისი მოწაფეებისთვის. იესომ პირადად აჩვენა, რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ზედმეტად სერიოზულები ან დაღვრემილები — თითქოს პატიოსნება სევდას ნიშნავდეს. პირიქით, მოგვიანებით ქრისტიანებს ებრძანათ: „მარადის იხარეთ უფალში“ (ფილიპელთა 4:4). დღეს ქრისტიანები ზრუნავენ, რომ გონივრულ ფარგლებში მოაწყონ გასართობი ღონისძიებები. ღმერთისადმი მსახურებაში ისინი სიხარულს ხედავენ, მაგრამ იესოს მაგალითის მიყოლით, ზოგჯერ ნახულობენ დროს, რომ ისიამოვნონ ერთმანეთთან ურთიერთობით საზოგადოებრივ ადგილებში.
ასევე, განვიხილოთ იესოს თანაგრძნობა. ის არ იყო ვალდებული, მოეხდინა სასწაულები. ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა წინასწარმეტყველება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა. როგორც ჩანს, იესო, უბრალოდ, აღძრა დედამისის მზრუნველობამ და ახლად დაქორწინებული წყვილის გაჭირვებულმა მდგომარეობამ. ის წუხდა მათ გრძნობებზე და სურდა უხერხულობიდან მათი გამოყვანა. ნუთუ ეს არ გარწმუნებს, რომ პირადად შენ და შენი ყოველდღიური პრობლემებიც კი, ნამდვილად აინტერესებს ქრისტეს? (შეადარე ებრაელთა 4:14–16).
რადგან თითო ჭურჭელში წყლის „ორი ან სამი საწყაული ჩადიოდა“, იესოს სასწაული ეხებოდა ღვინის დიდ რაოდენობას — შესაძლოა 390 ლიტრს! (იოანე 2:6). რატომ იყო საჭირო ასე დიდი რაოდენობა? იესო არ უწყობდა ხელს ლოთობას, რასაც ღმერთი კიცხავს (ეფესელთა 5:18). პირიქით, ის ღვთაებრივ ხელგაშლილობას ავლენდა. რადგან ღვინო საყოველთაოდ მიღებული სასმელი იყო, დანარჩენის გამოყენება სხვა შემთხვევებში შეიძლებოდა (შეადარე მათე 14:14–20; 15:32–37).
ადრინდელი ქრისტიანები ბაძავდნენ იესოს ხელგაშლილობის მაგალითს (შეადარე საქმეები 4:34, 35). ამის მსგავსად, დღეს იეჰოვას ხალხიც მოწოდებულია, ‘მისცეს’ (ლუკა 6:38). მაგრამ იესოს პირველ სასწაულს, წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც აქვს. ის მიუთითებს მომავალზე, როცა ღმერთი ხელგაშლილად გამართავს „ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით“, რითაც სრულიად გააუქმებს შიმშილს (ესაია 25:6).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ფიზიკურ განკურნებასთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ, რომლებიც იესომ მოახდინა? რისი სწავლა შეგვიძლია მათგან?
სიკეთის გაკეთება შაბათს
„ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“. ამ სიტყვებით მიმართა იესომ მამაკაცს, რომელიც 38 წლის განმავლობაში მძიმედ დაავადებული იყო. სახარების ცნობა აგრძელებს: „[მამაკაცი] მაშინვე გაჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა“. საოცარია, მაგრამ ყველას არ მოეწონა მდგომარეობის ამგვარად შეცვლა. ცნობაში ნათქვამია: „იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა“ (იოანე 5:1–9, 16).
შაბათი დღე განკუთვნილი იყო ყველას დასვენებისა და სიხარულისთვის (გამოსვლა 20:8–11). მაგრამ იესოს დღეებში ის რთულად დახლართულ, ადამიანთა მიერ მოგონილ დამამძიმებელ კანონებად იქცა. სწავლულმა ალფრედ ედერშაიმმა დაწერა, რომ თალმუდის მეტისმეტად გრძელ ნაწილებში, რომლებიც შაბათის კანონს ეხება „ეს საკითხები სრული სერიოზულობით არის განხილული, როგორც რელიგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, მაგრამ რთულია იმის წარმოდგენა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი სრული სერიოზულობით გაითვალისწინებდა მათ“ („იესო მესიის სიცოცხლე და დღეები“ [The Life and Times of Jesus the Messiah]). ხშირად, ადამიანთა გრძნობების უწყალო უგულებელყოფით, რაბინები საბედისწერო მნიშვნელობას ანიჭებდნენ უმნიშვნელო, თვითნებურ წესებს, რომლებიც იუდეველთა ცხოვრების ფაქტიურად ყოველ მხარეს აკონტროლებდა. შაბათის შესახებ ერთ-ერთი კანონი აწესებდა: „თუ ნაგებობა ჩამოინგრევა და დაეცემა ადამიანს და საეჭვოა, არის თუ არა იქ ადამიანი ან ცოცხალია თუ მკვდარი, ან წარმართია თუ ებრაელი, შეუძლიათ მოაშორონ ნანგრევები. თუ ცოცხალს ნახავენ მას, ჯერ კიდევ შეუძლიათ ნანგრევების მოშორება; მაგრამ თუ მკვდარია, იქვე დატოვონ“ (ტრაქტატი იომა 8:7, „მიშნა“ [The Mishnah], ჰერბერტ დანბის თარგმანი).
როგორ მიიჩნევდა იესო კანონებისადმი ასეთ წვრილმანობას? როცა გააკრიტიკეს შაბათ დღეს განკურნების გამო, მან თქვა: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“ (იოანე 5:17). ამის შესრულებაში იესო არ იღებდა ფულს, რათა გამდიდრებულიყო. პირიქით, ის ღმერთის ნებას ასრულებდა. ლევიანების მსგავსად, რომლებისთვისაც დაშვებული იყო შაბათობით წმინდა მსახურების გაგრძელება, იესოსაც, როგორც მესიას, სამართლიანად შეეძლო ღმერთის რჯულის შეუბღალავად, ღმერთის მიერ მიცემული მოვალეობების შესრულება (მათე 12:5).
ასევე, შაბათობით იესოს მიერ მკურნალობამ ამხილა იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც ‘ზედმეტად მართლები’, რომლებიც სასტიკი და გაუწონასწორებელი აზროვნების იყვნენ (ეკლესიასტე 7:16). უეჭველია, ღმერთის ნება არ შეიცავდა, რომ კვირის განსაზღვრულ დღეებში კეთილი საქმეები შეზღუდულიყო; ღმერთს არც უფიქრია, რომ კანონის დაცვისას შაბათი დღე გამოუყენებელი ყოფილიყო. მარკოზის 2:27-ში იესომ თქვა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის“. იესოს უყვარდა ადამიანები და არა თვითნებური წესები.
ამრიგად, დღეს ქრისტიანები კარგს აკეთებენ, თუ არ არიან მეტისმეტად მკაცრი აზროვნების ან წესებზე გადაყოლილები. ხოლო ისინი, ვინც კრებაში უფლებით არიან აღჭურვილი, თავს იკავებენ სხვების დატვირთვისგან ადამიანთა მიერ შექმნილი ზომაგადასული წესებითა და მეთოდებით. ასევე, იესოს მაგალითი გვამხნევებს, ვეძებოთ შესაძლებლობები კეთილის გასაკეთებლად. მაგალითად, ქრისტიანი არასდროს დაეთანხმებოდა აზრს, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს გაუზიარებდა მხოლოდ მაშინ, როცა ოფიციალურად მიიღებდა მონაწილეობას კარდაკარ მსახურებაში ან, როცა საჯარო მოხსენებით გამოვიდოდა. მოციქული პეტრე ამბობს, რომ ქრისტიანი ‘მუდამ მზად უნდა იყოს, რომ სიმშვიდითა და მოწიწებით უპასუხოს ყველას, ვინც მისი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვს’ (1 პეტრე 3:15). კეთილის კეთება არ იზღუდება დროით.
თანაგრძნობის გაკვეთილი
სხვა, დიდმნიშვნელოვანი სასწაულის შესახებ ჩაწერილია ლუკას 7:11–17-ში. ცნობის თანახმად, „იესო წავიდა ქალაქს, რომელსაც ერქვა ნაინი. თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი“. დღევანდელი არაბეთის სოფელ ნეინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დღესაც შეიძლება დაკრძალვის ადგილების ნახვა. „ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა“ მის თვალწინ ხმაურიანი სანახაობა გადაიშალა. „აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან“. თავის წიგნში, „აღმოსავლური წეს-ჩვეულებები ბიბლიურ ქვეყნებში“ (Eastern Customs in Bible Lands), ჰ. ბ. ტრისტრამმა აღნიშნა, რომ ძველი დროიდან „დაკრძალვის ეს მეთოდი არ შეცვლილა“; შემდეგ დაუმატა: „მე ვიხილე კუბოს წინ მიმავალი ქალები, რომლებიც სპეციალურად დაქირავებულ მოტირალ ქალებს მიჰყავდათ. ისინი ხელებს შლიდნენ, თმებს იგლეჯდნენ, ხელების არაადამიანური ქნევით გამოხატავდნენ დარდს და მოთქმით ამბობდნენ მიცვალებულის სახელს“.
ასეთი უწესრიგობის შუაგულში მიდიოდა დანაღვლიანებული ქვრივი, რომლის სახის გამომეტყველებაც კი ტკივილს გამოხატავდა. ჰერბერტ ლოკიერის სიტყვების თანახმად, მეუღლის დაკარგვის შემდეგ ქვრივი შეჰყურებდა თავის ძეს, როგორც „თავისი სიბერის საყრდენსა და სიმარტოვის ნუგეშს — ოჯახის ბურჯსა და საყრდენს. ერთადერთი ძის დაკარგვით, დარჩენილი უკანასკნელი საყრდენი წაიქცა“ („ბიბლიის ყველა სასწაული“ [All the Miracles of the Bible]). როგორი რეაგირება ჰქონდა იესოს? ლუკას მჭევრმეტყველური სიტყვების თანახმად, «ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი“». გამოთქმა „შეეცოდა“ წარმოებულია ბერძნული სიტყვიდან, რომლის ზუსტი მნიშვნელობა არის „შიგნეულობა“. ეს ნიშნავს „იყო აღძრული შინაგანად“ („ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ [Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words]). დიახ, იესო მთელი არსებით იყო აღელვებული.
როგორც ჩანს, იმ დროს იესოს დედა ქვრივი იყო, ამიტომ, თავისი მამობილის, იოსების, სიკვდილის შემდეგ მან, ალბათ, იცოდა, თუ რა იყო მძიმე დანაკლისით გამოწვეული ტკივილი (შეადარე იოანე 19:25–27). ქვრივს არც დასჭირვებია იესოსადმი მუდარით მიმართვა. იესო თვითონ „მივიდა და შეეხო ცხედარს“ მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულის თანახმად, ვინც გვამს მიეკარებოდა უწმინდური გახდებოდა (რიცხვნი 19:11). თავისი სასწაულებრივი ძალების საშუალებით, იესოს შეეძლო უწმინდურების თვით მიზეზის მოშორება! «მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ! “ მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას».
თანაგრძნობის რამდენად ამაღელვებელი გაკვეთილია! ქრისტიანებმა არ უნდა მიბაძონ უსიყვარულო, ცივ დამოკიდებულებას, რომელიც თვალნათლივ ჩანს ამ ‘უკანასკნელი დღეების’ განმავლობაში (2 ტიმოთე 3:1–5). პირიქით, პეტრეს პირველი წერილის 3:8 მოგვიწოდებს: „ბოლოს, იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი [თანამგრძნობნი, აქ] “. როცა ჩვენს ახლობლებს ვინმე უკვდება ან სერიოზულად არის დაავადებული, ჩვენ არ შეგვიძლია აღვადგინოთ ან განვკურნოთ ის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ პრაქტიკული დახმარება და ნუგეში, შესაძლოა, უბრალოდ იმით, რომ ვიქნებით მათთან და ერთად ვიტირებთ (რომაელთა 12:15).
აღდგენის ეს ამაღელვებელი მოვლენა, რომელიც იესომ მოახდინა, ასევე მიუთითებს მომავალზე — იმ დროზე, როცა „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“! (იოანე 5:28, 29). მთელი დედამიწის ზურგზე, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ახლობლები პირადად იგრძნობენ იესოს თანაგრძნობას, როცა განსვენებული დედები, მამები, ბავშვები და მეგობრები დაბრუნდებიან სამარხებიდან!
რას გვასწავლის სასწაულები
ამრიგად, ნათელია, იესოს სასწაულები ძალის ამაღელვებელ გამოვლენაზე ბევრად უფრო მეტი იყო. მისი სასწაულები განადიდებდნენ ღმერთს და ქრისტიანებისთვის მაგალითის მიცემით მათაც აღძრავდნენ ‘ღმერთის განდიდებისკენ’ (რომაელთა 15:6). ისინი ამხნევებდნენ კეთილის კეთებისკენ, ხელგაშლილობისა და თანაგრძნობის გამოვლენისკენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასწაულები ემსახურებოდა იმ მძლავრი საქმეების პირველსახედ, რომლებიც უნდა შესრულდეს ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს.
დედამიწაზე ყოფნისას, იესო თავის მძლავრ საქმეებს, გეოგრაფიული თვალსაზრისით, შედარებით მცირე ტერიტორიაზე ასრულებდა (მათე 15:24). როგორც განდიდებული მეფის, მისი უფლებამოსილების სფერო გავრცელდება მთელ დედამიწაზე! (ფსალმუნი 71:8). მაგრამ წარსულში ის ადამიანები, რომლებიც მის მიერ განკურნებული და აღდგენილი იყვნენ, მაინც მოკვდნენ. მისი ზეციერი მეფობის დროს ცოდვა და სიკვდილი სრულიად ჩამოშორებული იქნება, რითაც გაიხსნება გზა მარადიული სიცოცხლისკენ (რომაელთა 6:23; გამოცხადება 21:3, 4). დიახ, იესოს სასწაულები მიუთითებს დიადი მომავლის შესაძლებლობაზე. იეჰოვას მოწმეებმა მილიონობით ადამიანს გაუწიეს დახმარება, რომ განევითარებინათ რეალური იმედი ამ მომავლის ნაწილად ყოფნის შესახებ. სანამ ის დრო დადგება, რამდენად სასწაულებრივი წინასწარ დატკბობა უზრუნველყვეს იესო ქრისტეს სასწაულებმა იმასთან დაკავშირებით, რაც ახლო მომავალში იქნება!
[სურათი მე-7 გვერდზე]
იესო წყალს ღვინოდ აქცევს.