საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • si გვ. 193-199
  • ბიბლიის წიგნი 43 — იოანე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლიის წიგნი 43 — იოანე
  • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შინაარსი
  • რატომ არის სასარგებლო
  • იოანეს სახარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „მისი ჟამი არ იყო მოსული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იცხოვრეთ იესოს სიყვარულით წარმოთქმული ლოცვის თანახმად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
si გვ. 193-199

ბიბლიის წიგნი 43 — იოანე

დამწერი: მოციქული იოანე

დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად

წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 98

მოიცავს პერიოდს: შესავლის შემდეგ, ახ. წ. 29—33

1. რას ვიგებთ წმინდა წერილებიდან იესოსა და იოანეს ურთიერთობის შესახებ?

უკვე 30 წელზე მეტი იყო, რაც მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველი საუკუნის ქრისტიანები ძალიან აფასებდნენ ღვთის წმინდა სულის შთაგონებით დაწერილ ამ ნაშრომებს. პირველი საუკუნის მიწურულისთვის შემცირდა მათი რიცხვი, ვისაც უშუალოდ ჰქონდა იესოსთან ურთიერთობა. შეიძლება ვინმეს ეფიქრა: დარჩა იესოს შესახებ კიდევ რამე სათქმელი? იყო ვინმე, ვინც გაიხსენებდა საინტერესო დეტალებს იესოს ცხოვრებიდან? დიახ. ახლა უკვე ხანში შესულ იოანეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან. როგორც ჩანს, ის იყო იოანე ნათლისმცემლის პირველ მოწაფეებს შორის, რომლებიც გაეცნენ „ღვთის კრავს“. იგი იმ ოთხ მოწაფეთაგანი იყო, რომელთაც იესომ სრული დროით მსახურება შესთავაზა (იოან. 1:35—39; მარ. 1:16—20). იოანეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან. სწორედ იოანე იყო „მოწაფე, რომელიც უყვარდა“ იესოს და რომელიც უკანასკნელი პასექის დროს „იესოს გვერდით“ იყო (იოან. 13:23; მათ. 17:1; მარ. 5:37; 14:33). ის საკუთარი თვალით უყურებდა იესოს სიკვდილით დასჯას. იესომ მას მიანდო დედაზე, მარიამზე ზრუნვა. იოანე იყო ის, ვინც „პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველი მივიდა“, რათა იესოს აღდგომაში დარწმუნებულიყო (იოან. 19:26, 27; 20:2—4).

2. რამ შეუწყო ხელი იმას, რომ იოანეს დაეწერა სახარება, და რა მიზნით დაიწერა ეს სახარება?

2 იოანეს თითქმის 70 წელი ჰქონდა გატარებული მსახურებაში. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც კუნძულ პატმოსზე პატიმრობაში ყოფნისას ხილვები ნახა და ბევრ რამეზე ფიქრის შესაძლებლობა ჰქონდა. ამიტომ ის კარგად იყო მომზადებული იმის დასაწერად, რასაც გულით ატარებდა წლების განმავლობაში. წმინდა სული დაეხმარა მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახსენებასა და დაწერაში, რათა მკითხველს ‘ერწმუნა, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით ჰქონოდა სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით’ (20:31).

3, 4. რა ამტკიცებს იმას, რომ ა) იოანეს სახარება კანონიკურია და ბ) ეს სახარება ნამდვილად იოანემ დაწერა?

3 მეორე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ქრისტიანები აღიარებდნენ, რომ იოანეს დაწერილი იყო მისი სახელით ცნობილი სახარება, და მას წმინდა წერილების კანონიკურ ნაწილად მიიჩნევდნენ. ამ ფაქტს ადასტურებენ კლემენტ ალექსანდრიელი, ირინეოსი, ტერტულიანე და ორიგენე, რომლებიც II საუკუნის მეორე ნახევარსა და III საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ. გარდა ამისა, უშუალოდ სახარების შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ ის იოანეს დაწერილია. ამ სახარების კითხვისას აშკარაა, რომ მისი დამწერი ებრაელი იყო და კარგად იცნობდა ებრაელთა ტრადიციებს და იმ ადგილებს, სადაც აღწერილი მოვლენები განვითარდა (2:6; 4:5; 5:2; 10:22, 23). სახარებიდან კარგად ჩანს, რომ ის იმ სამი მოციქულის რიცხვს მიეკუთვნებოდა (პეტრე, იაკობი და იოანე), რომლებიც თან ახლდნენ იესოს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ. 17:1; მარ. 5:37; 14:33). ამ სამიდან იაკობი (ზებედეს ძე) ვერ იქნებოდა დამწერი, რადგან ჰეროდე აგრიპამ ის „მახვილით მოკლა“ ახ. წ. 44 წელს — დიდი ხნით ადრე, ვიდრე ეს წიგნი დაიწერებოდა (საქ. 12:2). ვერც პეტრე იქნებოდა დამწერი, რადგან იოანეს 21:20—24-ში ის დამწერთან ერთად არის მოხსენიებული.

4 ამ დასკვნით მუხლებში დამწერს ეწოდება „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა“. ეს და მსგავსი ფრაზები სახარებაში რამდენიმე ადგილას გვხვდება, თუმცა მოციქული იოანე არსადაა მოხსენიებული. იესომ ამ მოწაფეზე თქვა: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემ მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?“ (იოან. 21:20, 22). აქედან გამომდინარე, ნაგულისხმევი მოწაფე პეტრესა და სხვა მოციქულებზე დიდხანს იცოცხლებდა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს მოციქული იოანე უნდა იყოს. საინტერესოა, რომ იესოს მოსვლასთან დაკავშირებული ხილვის ნახვის შემდეგ, იოანე „გამოცხადებას“ შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გამოცხ. 22:20).

5. როდის დაწერა იოანემ სახარება?

5 მიუხედავად იმისა, რომ სახარება კონკრეტულად არაფერს ამბობს ამის შესახებ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ იოანემ სახარება კუნძულ პატმოსიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა (გამოცხ. 1:9). რომის იმპერატორმა ნერვამ თავისი წინამორბედის, დომიციანეს, მმართველობის ბოლო წლებში გადასახლებულთაგან ბევრი დააბრუნა უკან ახ. წ. 96—98 წლებში. გადმოცემის თანახმად, სახარების დაწერიდან (დაახლ. ახ. წ. 98) მალევე იოანემ ეფესოში მშვიდად დაასრულა სიცოცხლე იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის მესამე წელს, ახ. წ. 100 წელს.

6. რა ამტკიცებს იმას, რომ იოანეს სახარება ეფესოში ან მის მახლობლად დაიწერა?

6 იმ აზრს, რომ იოანეს სახარება ეფესოში ან მის მახლობლად დაიწერა, ადასტურებს ისტორიკოსი ევსები კესარიელი (დაახლ. ახ. წ. 260—340) ირინეოსის სიტყვების ციტირებისას: „იოანემ, უფლის მოწაფემ, რომელიც მას მკერდზეც კი მიეყრდნო, თვითონაც დაწერა სახარება ეფესოში ცხოვრების დროს“a. იოანეს სახარებაში იესოს მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით უფრო მეტად გამოყენებულია ზოგადი სიტყვა — „იუდეველები“, და არა „ფარისევლები“, „უფროსი მღვდლები“ ან სხვა სიტყვები. ესეც ამტკიცებს იმას, რომ იოანეს სახარება პალესტინაში არ დაწერილა (იოან. 1:19; 12:9). გარდა ამისა, გალილეის ზღვა რომაული სახელწოდებითაც (ტიბერიადის ზღვა) არის მოხსენიებული (6:1; 21:1). არაებრაელებისთვის იოანეს დამატებითი განმარტებები აქვს დართული ებრაელთა დღესასწაულებთან დაკავშირებით (6:4; 7:2; 11:55). პატმოსი, იოანეს გადასახლების ადგილი, ახლოს იყო ეფესოსთან და, როგორც „გამოცხადების“ მე-2 და მე-3 თავებიდან ჩანს, მცირე აზიის სხვა კრებებთან ერთად იოანე კარგად იცნობდა ეფესოს კრებას.

7. რა ღირებულება აქვს რაილენდსის პაპირუსს?

7 იოანეს სახარების სანდოობას ადასტურებს XX საუკუნეში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ხელნაწერები. მათგან ერთ-ერთია ეგვიპტეში ნაპოვნი იოანეს სახარების ფრაგმენტი (რაილენდსის პაპირუსი 457 [P52]), რომელიც შეიცავს იოანეს 18:31—33, 37, 38-ს და ინახება ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკაში (მანჩესტერი, ინგლისი)b. იმასთან დაკავშირებით, რომ იოანეს სახარება პირველი საუკუნის მიწურულს დაიწერა, ფრედერიკ კენიონი თავის წიგნში აღნიშნავს: „მცირე მოცულობის მიუხედავად, ეს ფრაგმენტი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ამ სახარების ხელნაწერი დაახლოებით ახ. წ. 130—150 წლებში ხელიდან ხელში გადადიოდა სავარაუდოდ ეგვიპტეში, სადაც ის იქნა აღმოჩენილი. აქედან მისი შედგენის თარიღის დასადგენად მინიმალური დროც რომ გადავითვალოთ, იმდენად ახლოს მივალთ ამ სახარების დაწერის ტრადიციულ თარიღთან ანუ პირველი საუკუნის ბოლო ათწლეულთან, რომ ტრადიციული თარიღის სიზუსტე ეჭვს აღარ ბადებს“ (The Bible and Modern Scholarship, 1949, გვ. 21).

8. ა) რით არის ღირსშესანიშნავი იოანეს სახარების შესავალი? ბ) როგორ გვეხმარება ეს სახარება იმის დადგენაში, რომ იესოს მსახურება სამ-ნახევარი წელიწადი გაგრძელდა?

8 განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იოანეს სახარების შესავალი, რომლიდანაც ჩანს, რომ „სიტყვა“ „დასაწყისში ღმერთთან იყო“ და ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა (1:2). მამისა და ძის ურთიერთობაზე საუბრის შემდეგ იოანე ლამაზად აღწერს იესოს მსახურებას და ყურადღებას ამახვილებს უდიდეს სიყვარულზე, რომელიც ღვთის განზრახვით ყველაფერს აერთიანებს. სახარებაში აღწერილია ახ. წ. 29—33 წლებში იესოს ცხოვრება დედამიწაზე. აღსანიშნავია, რომ მასში მოხსენიებულია ოთხი პასექი, რომლებიც იესომ აღნიშნა თავისი მსახურების მანძილზე. ამრიგად, ის მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ ინფორმაციას გვაწვდის იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს მსახურება სამ-ნახევარი წელიწადი გაგრძელდა. სამ შემთხვევაში პასექი პირდაპირაა ნახსენები (2:13; 6:4; 12:1; 13:1). ერთგან კი „იუდეველთა დღესასწაულია“ მოხსენიებული. კონტექსტიდან ვხედავთ, რომ ცოტა ხნით ადრე იესომ თქვა: „მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ „იუდეველთა დღესასწაულში“ ნაგულისხმებია პასექი, რომელიც მკის დადგომას ემთხვეოდა (4:35; 5:1)c.

9. რატომ აქვს იოანეს სახარებას დიდი მნიშვნელობა ინფორმაციული თვალსაზრისით და აღწერს თუ არა იოანე ყველაფერს, რაც იესოს მსახურების დროს მოხდა?

9 იოანეს სახარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციული თვალსაზრისით. მასში მოცემული ინფორმაციის 92 პროცენტი არ გვხვდება დანარჩენ სამ სახარებაში. და მაინც, დასკვნისას იოანე ამბობს: „სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს“ (21:25).

შინაარსი

10. რას ამბობს იოანე „სიტყვაზე“?

10 შესავალი: იოანე გვაცნობს „სიტყვას“ (1:1—18). იოანე ძალიან მარტივად და გასაგებად გადმოგვცემს, რომ დასაწყისში „სიტყვა იყო ღმერთთან“, მისი მონაწილეობით გაჩნდა სიცოცხლე, ის გახდა „ადამიანთა სინათლე“ და იოანემ (ნათლისმცემელმა) დაამოწმა მის შესახებ (1:1, 4). სინათლე ქვეყნიერებაში იყო, მაგრამ ქვეყნიერება არ იცნობდა მას. ყველა, ვინც ის მიიღო, ღვთისგან იშვა და ღვთის შვილი გახდა. როგორც კანონი იყო მოცემული მოსეს მეშვეობით, ისე ‘წყალობა და ჭეშმარიტება გამოჩნდა იესო ქრისტეს მეშვეობით’ (1:17).

11. რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი იესოზე და რა რეაქცია აქვთ იოანეს მოწაფეებს?

11 „ღვთის კრავის“ წარდგენა (1:19—51). იოანე ნათლისმცემელი ამბობს, რომ თვითონ არ არის ქრისტე. ქრისტე მის შემდეგ უნდა მოვიდეს და მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არ არის. მეორე დღეს იესო მიდის იოანესთან. იოანე მას უწოდებს „ღვთის კრავს, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელს“ (1:27, 29). შემდეგ ის იესოს თავის ორ მოწაფეს აცნობს. ერთ-ერთ მათგანს, ანდრიას, თავისი ძმა, პეტრე, მიჰყავს იესოსთან. ფილიპე და ნათანაელიც იჯერებენ, რომ იესო არის ‘ღვთის ძე, ისრაელის მეფე’ (1:49).

12. ა) რომელია იესოს პირველი სასწაული? ბ) რას აკეთებს იესო მას შემდეგ, რაც პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ადის?

12 იესოს სასწაულები ამტკიცებს, რომ ის „ღვთის წმინდაა“ (2:1—6:71). იესო პირველ სასწაულს ახდენს გალილეის კანაში. ის ქორწილში წყალს ღვინოდ აქცევს. ასე ‘დაიწყო მან თავისი ნიშნების მოხდენა და მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი’ (2:11). იესო იერუსალიმში ადის პასექის დღესასწაულზე. ტაძარში ნახულობს ვაჭრებსა და ფულის გადამხურდავებლებს და შოლტით გარეთ ყრის. ამის დანახვაზე მოწაფეები ხვდებიან, რომ შესრულდა წინასწარმეტყველება: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“ (იოან. 2:17; ფსალმ. 69:9). იესო წინასწარმეტყველებს, რომ ტაძარი, ანუ მისი სხეული, დაინგრევა და სამ დღეში აღდგება.

13. ა) იესოს სიტყვების თანახმად, რა არის საჭირო სიცოცხლის მისაღებად? ბ) რას ამბობს იოანე ნათლისმცემელი თავის თავზე?

13 ნიკოდემე ღამით მიდის იესოსთან. მას სჯერა, რომ იესო ღვთისგან არის გამოგზავნილი. იესო ეუბნება, რომ ღვთის სამეფოში შესასვლელად ადამიანი წყლისა და სულისგან უნდა დაიბადოს. სიცოცხლისთვის საჭიროა იმის რწმენაც, რომ კაცის ძე ზეციდანაა ჩამოსული. „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). სიბნელით მოცულ ქვეყნიერებაში სინათლე მოვიდა. „ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის“, — ამბობს იესო. იოანე ნათლისმცემელი იგებს, რომ იესო იუდეაში მსახურობს და აცხადებს, რომ თვითონ არ არის ქრისტე. ‘ის ნეფის მეგობარია, უსმენს მის ხმას და განსაკუთრებულად უხარია’ (3:21, 29). იესო უნდა იზრდებოდეს, იოანე კი მცირდებოდეს.

14. რას უხსნის იესო სამარიელ ქალს და რა შედეგი მოჰყვება მის ქადაგებას?

14 იესო ისევ გალილეაში მიდის. „გზით დაქანცული“ იესო იაკობის წყაროსთან ჯდება ქალაქ სიქარში. მისი მოწაფეები კი საჭმლის საყიდლად მიდიან ქალაქში (4:6). შუადღეა, მეექვსე საათი. ერთი სამარიელი ქალი ჭასთან მიდის წყლის ამოსაღებად და იესო სთხოვს, რომ წყალი დაალევინოს. დაღლილობის მიუხედავად იესო მასთან ლაპარაკს იწყებს ნამდვილ წყალზე, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს აძლევს მათ, ვინც „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემს ღმერთს თაყვანს. უკან დაბრუნებული მოწაფეები საჭმელს სთავაზობენ იესოს, მაგრამ იგი ამბობს: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“. ის იქ 2 დღე რჩება, რათა ბევრმა სამარიელმა ირწმუნოს, რომ „ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“ (4:24, 34, 42). გალილეის კანაში ჩასვლისას იესო ადგილზე მიუსვლელად კურნავს მეფის მოხელის ვაჟს.

15. რაში სდებენ ბრალს იესოს იერუსალიმში და რას პასუხობს ის ბრალმდებლებს?

15 იესო კვლავ ადის იერუსალიმში იუდეველთა დღესასწაულზე. ის შაბათს კურნავს ერთ მამაკაცს, რის გამოც ბევრი აღშფოთებას გამოხატავს. იესო მათ ეუბნება: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (5:17). იუდეველი წინამძღოლები იესოს მკრეხელობაში სდებენ ბრალს, რადგან მათი აზრით ის არა მარტო შაბათს არღვევს, არამედ თავს ღმერთს უტოლებს. იესო ამბობს, რომ ძე თავისით არაფერს აკეთებს და მთლიანად მამაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ ანუ მკვდრეთით აღდგებიან. ურწმუნო მსმენელებს იესო ეუბნება: „როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?“ (5:28, 29, 44).

16. ა) რას ამბობს იესო საზრდოზე და სიცოცხლეზე? ბ) როგორ გამოხატავს პეტრე მოციქულთა საერთო აზრს?

16 იესო სასწაულებრივად აპურებს დაახლოებით 5 000 კაცს ხუთი პურითა და ორი პატარა თევზით. ხალხი ცდილობს მის გამეფებას, მაგრამ ის მთაზე ადის. მოგვიანებით იესო საყვედურობს მათ იმის გამო, რომ მას მიჰყვებიან ‘საზრდოსთვის, რომელიც ფუჭდება’. მათ უნდა იშრომონ ისეთი საზრდოსთვის, რომელიც „მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“. იესო აღნიშნავს, რომ საჭიროა სიცოცხლის პურის ჭამა, ანუ იმის რწმენა, რომ ის ღვთის ძეა. ის ამბობს: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ამ სიტყვების მოსმენაზე ბევრი მოწაფე უკმაყოფილებას გამოხატავს და ტოვებს მას. იესო 12 მოციქულს ეკითხება: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“. პეტრე პასუხობს: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (6:27, 53, 67—69). იესომ იცის, რომ იუდა გასცემს მას და ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი ცილისმწამებელია.

17. რა რეაქცია აქვს ხალხს იესოს სწავლებაზე კარვობის დღესასწაულის დროს?

17 „სინათლე“ სიბნელეში (7:1—12:50). იესო ფარულად ადის იერუსალიმში, შუა დღესასწაულზე ტაძარში მიდის და ასწავლის. ხალხი ბჭობს იმაზე, ნამდვილად ქრისტეა თუ არა ის. იესო მათ ეუბნება: „ჩემით არ მოვსულვარ. ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს . . . მან გამომგზავნა“. სხვა შემთხვევისას ის ხმამაღლა ამბობს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს“. მის შესაპყრობად გაგზავნილი მცველები ხელცარიელი ბრუნდებიან და მღვდლებს ეუბნებიან: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“. განრისხებული ფარისევლები ამბობენ, რომ არც ერთ მმართველს არ სწამს მისი და გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა (7:28, 29, 37, 46).

18. რაში ადანაშაულებენ იუდეველები იესოს და რას პასუხობს ის?

18 იესო ამბობს: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ“. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ცრუ მოწმეა, უკანონოდ არის დაბადებული, სამარიელია და დემონი ჰყავს. ამ ბრალდებებზე იესო პასუხობს: „თუ მე ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი“. ის ამბობს: „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“. ამის შემდეგ იუდეველები კიდევ ერთხელ ცდილობენ მის მოკვლას, მაგრამ ამაოდ (8:12, 54, 58). უკმაყოფილოები, დაკითხვას უწყობენ კაცს, რომელსაც იესომ თვალი აუხილა, და გარეთ აგდებენ.

19. ა) რას ამბობს იესო მამასთან თავის ურთიერთობაზე და თავის ცხვარზე? ბ) რას პასუხობს ის იუდეველებს, როცა ემუქრებიან?

19 იესო კვლავ ესაუბრება იუდეველებს, ამჯერად კარგ მწყემსზე, რომელიც თავის ცხვარს სახელით უხმობს და თავის სულს სწირავს, რათა ‘ცხვარს სიცოცხლე ჰქონდეს, თანაც უხვად’. ის ამბობს: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (10:10, 16). ის იუდეველებს ეუბნება, რომ მამას ვერავინ გამოსტაცებს ცხვარს ხელიდან და ის და მამა ერთნი არიან. ისინი ისევ ცდილობენ მის ჩაქოლვას. მკრეხელობაში დადანაშაულების შემდეგ იესო მათ შეახსენებს, რომ ფსალმუნებში ზოგიერთ ადამიანს „ღმერთი“ ეწოდება, იგი კი თავის თავს მხოლოდ ღვთის ძეს უწოდებს (ფსალმ. 82:6). ის მოუწოდებს მათ, რომ მის საქმეებს მაინც ერწმუნონ (იოან. 10:34).

20. ა) რა განსაცვიფრებელ სასწაულს ახდენს იესო? ბ) რა რეაქცია მოჰყვა ამას?

20 იესო იგებს, რომ იერუსალიმის მახლობლად მდებარე ბეთანიაში მარიამისა და მართას ძმა, ლაზარე, ავად არის. იესო მიდის იქ. ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარია. იესო განსაცვიფრებელ სასწაულს ახდენს — ლაზარეს სიცოცხლეს უბრუნებს! ამის შემდეგ ბევრი რწმენას ავლენს იესოს მიმართ. ეს ამბავი სინედრიონის საგანგებო შეკრების მიზეზი ხდება. მღვდელმთავარი კაიაფა წინასწარმეტყველურად ამბობს, რომ იესო ერისთვის უნდა მოკვდეს. უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იესო, რის გამოც ის დროებით გაერიდა იქაურობას.

21. ა) რა რეაქცია აქვთ ხალხს და ფარისევლებს იერუსალიმში იესოს შესვლის დროს? ბ) რა მაგალითი მოჰყავს იესოს თავის სიკვდილთან დაკავშირებით და რისკენ მოუწოდებს ის მსმენელებს?

21 პასექამდე ექვსი დღით ადრე იერუსალიმში მიმავალი იესო ბეთანიაში ჩერდება ლაზარეს ოჯახში. მეორე დღეს, 9 ნისანს, ის იერუსალიმში შედის ჩოჩორზე მჯდომი. ხალხი მას სიხარულით ეგებება, ფარისევლები კი ერთმანეთს ეუბნებიან: „ხედავთ, ვეღარაფერს ხდებით! მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“. ხორბლის მარცვლის მაგალითით იესო ამბობს, რომ უნდა მოკვდეს, რათა ნაყოფი გამოიღოს მარადიული სიცოცხლისთვის. ის სთხოვს მამას, რომ განადიდოს თავისი სახელი. ციდან გაისმის ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“. იესო მოუწოდებს მსმენელებს, მოერიდონ სიბნელეს და იარონ სინათლეში, რათა გახდნენ „სინათლის ძეები“. რადგან სიბნელე ახლოვდება, იესო ხალხს ხმამაღლა ეუბნება, რომ იწამონ ‘ქვეყნიერებაში მოსული სინათლე’ (12:19, 28, 36, 46).

22. რას ასწავლის თავისი მაგალითით იესო მოციქულებს საპასექო ვახშამზე და რა ახალ მცნებას აძლევს მათ?

22 ბოლო რჩევები ერთგული მოციქულებისთვის (13:1—16:33). იესო 12 მოციქულთან ერთადაა საპასექო ვახშამზე. ის დგება, მოსასხამს გვერდზე დებს, იღებს პირსახოცსა და ტაშტს და ფეხებს ჰბანს მოწაფეებს. პეტრე უარზეა, მაგრამ იესო ეუბნება, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. იესო ურჩევს მოწაფეებს, მიჰბაძონ მას და იყვნენ თავმდაბლები, რადგან „მონა არ არის თავის ბატონზე დიდი“. ის ლაპარაკობს გამცემზე და იუდას ეუბნება, რომ გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებს. იუდას წასვლის შემდეგ იესო გულთბილად ელაპარაკება დანარჩენებს. „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (13:16, 34, 35).

23. რას ეუბნება იესო მოციქულებს გასამხნევებლად?

23 იესო შესანიშნავი სიტყვებით ამხნევებს თავის მიმდევრებს ამ კრიტიკულ დროს. მათ უნდა ირწმუნონ ღმერთიც და იესოც. მამამისის სახლში ბევრი ადგილია და ის კვლავ მოვა მათ წასაყვანად. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“, — ამბობს იესო. მისი მიმდევრები რწმენით იმაზე მეტს გააკეთებენ, ვიდრე თვითონ აკეთებს. რაც არ უნდა ითხოვონ მისი სახელით, გააკეთებს, რათა განდიდდეს მამა. კიდევ ერთი გამამხნევებელი დაპირება ეხება სხვა დამხმარეს, „ჭეშმარიტების სულს“, რომელიც მათ ასწავლის და გაახსენებს ყველაფერს, რაც იესოს უთქვამს. მათ უნდა უხაროდეთ, რომ იესო მამასთან მიდის, „რადგან მამა [მასზე] დიდია“ (14:6, 17, 28).

24. რას ამბობს იესო იმის შესახებ, თუ რა ურთიერთობა არსებობს მოციქულებს, მასსა და მამას შორის?

24 იესო თავის თავს ადარებს „ჭეშმარიტ ვაზს“, მამას კი — მევენახეს. ის მოუწოდებს მოციქულებს, რომ დარჩნენ მასთან ერთობაში, და ეუბნება: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (15:8). მათი სიხარული სრული რომ იყოს, უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, ისე როგორც მან შეიყვარა ისინი. იესო მათ მეგობრებს უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს იმას, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მათთან. ქვეყნიერება შეიძულებს მათ, როგორც თავად ის შეიძულეს. მოწაფეებს მოუწევთ დევნის ატანა, მაგრამ იესო გაუგზავნის დამხმარეს, რათა დაუმოწმოს მასზე და წაუძღვეს მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ. მწუხარება სიხარულად ექცევათ, როცა ის კვლავ ნახავს მათ და სიხარულს ვერავინ წაართმევთ. იესო მიმართავს მათ: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“. ისინი დაიფანტებიან, მაგრამ იესო ამბობს: „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (16:27, 33).

25. ა) რას ეუბნება იესო ლოცვის დროს მამას? ბ) რას სთხოვს იესო მამას თავის თავზე, მოწაფეებზე და ყველაზე, ვინც ირწმუნებს მათი სიტყვით?

25 ლოცვა მოწაფეებისთვის (17:1—26). იესო ლოცვის დროს მამას ეუბნება: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“. მან დედამიწაზე დაასრულა დავალებული საქმე და ახლა სთხოვს მამას, განადიდოს იმ დიდებით, რომელიც ქვეყნიერების შექმნამდე მასთან ჰქონდა. მან მამის სახელი გამოუცხადა მოწაფეებს და ლოცულობს, რომ მამამ დაიცვას ისინი ‘თავისი სახელის გულისთვის‘. ის მამას სთხოვს, რომ ქვეყნიერებიდან კი არ წაიყვანოს ისინი, არამედ დაიცვას ბოროტისგან და განწმინდოს თავისი სიტყვის ჭეშმარიტებით. იესო ლოცულობს მათზეც, ვინც მისი მოწაფეების სიტყვით ირწმუნებს. ამის მიზანს იესო შემდეგი სიტყვებით ხსნის: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“. იესო სთხოვს მამას, რომ მასთან ერთად მათაც მიიღონ ზეციერი დიდება. მან ამცნო მოწაფეებს მამის სახელი, რათა ღვთის სიყვარული იყოს მათში (17:3, 11, 21).

26. რას მოგვითხრობს იოანე იესოს დაპატიმრებისა და გასამართლების შესახებ?

26 ქრისტეს გასამართლება და სიკვდილით დასჯა (18:1—19:42). იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის გაღმა გადის და ბაღში შედის. სწორედ აქ მოუძღვება ჯარისკაცთა რაზმს გამცემი იუდა. იესო მათ წინააღმდეგობას არ უწევს. პეტრე ცდილობს იესოს მახვილით დაცვას, მაგრამ იესო საყვედურობს მას: „განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ (18:11). შებოჭილი იესო მიჰყავთ ანასთან, მღვდელმთავარ კაიაფას სიმამრთან. იოანე და პეტრე მიჰყვებიან იესოს. იოანეს ნაცნობის დახმარებით ისინი შედიან მღვდელმთავრის ეზოში, სადაც პეტრე სამჯერ უარყოფს, რომ იცნობს იესოს. დაკითხვის შემდეგ ანა იესოს კაიაფას უგზავნის. ამის შემდეგ იესო მიჰყავთ რომაელ მმართველთან, პილატესთან. იუდეველები მისი სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

27. ა) რა კითხვებს სვამს პილატე მეფობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და რას პასუხობს იესო? ბ) ვის მეფობას ანიჭებენ უპირატესობას იუდეველები?

27 პილატე ეკითხება იესოს: „მეფე ხარ?“. იესო პასუხობს: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (18:37). პილატე ვერაფერში სდებს მას ბრალს და ხალხს მის გათავისუფლებას სთავაზობს იმ მოტივით, რომ პასექზე ერთი პატიმრის გათავისუფლება შეიძლება. მაგრამ იუდეველები ყაჩაღის, ბარაბას, გათავისუფლებას ითხოვენ. პილატე აშოლტვინებს იესოს და კიდევ ერთხელ ცდილობს მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები ყვირიან: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი . . . რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“. პილატე იესოს ეუბნება, რომ მისი ბოძზე გაკვრის უფლებამოსილება აქვს, მაგრამ იესო პასუხობს: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზემოდან რომ არ გქონდეს ნება მოცემული“. იუდეველები კვლავ გაჰყვირიან: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი . . . ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“. პილატე მას ბოძზე გასაკრავად გადასცემს (19: 6, 7, 11, 15).

28. რა ხდება გოლგოთაზე და რომელი წინასწარმეტყველებები სრულდება?

28 იესო მიჰყავთ „ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება“ და ორ კაცთან ერთად ბოძზე აკრავენ. ყველამ რომ წაიკითხოს, პილატე ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებზე აკეთებს წარწერას: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“ (19:17, 19). იესო დედაზე ზრუნვას იოანეს სთხოვს და მას შემდეგ, რაც ძმარს იგემებს, ამბობს: „შესრულდა!“. ის თავს ხრის და სულს განუტევებს (19:30). სრულდება წინასწარმეტყველებები: ჯარისკაცები მის სამოსელზე წილს ყრიან, წვივებს არ უმტვრევენ და ფერდში შუბს უყრიან (იოან. 19:24, 32—37; ფსალმ. 22:18; 34:20; 22:17; ზაქ. 12:10). იოსებ არიმათეელმა და ნიკოდემემ ცხედარი დასაკრძალავად მოამზადეს და დაასვენეს ახალ სამარხში, რომელიც იქვე ახლოს იყო.

29. ა) რას გადმოგვცემს იოანე იესოს გამოცხადებების შესახებ? ბ) რას ეუბნება იესო პეტრეს?

29 აღდგომის შემდეგ ქრისტე მოწაფეებს ეცხადება (20:1—21:25). იოანე ქრისტეს შესახებ თხრობას სასიამოვნო ამბებით ამთავრებს. მაგდალელ მარიამს სამარხი ცარიელი ხვდება, პეტრე და სხვა მოწაფე (იოანე) მირბიან სამარხთან და ადგილზე მხოლოდ სახვევები და ის ნაჭერი ხვდებათ, რომელიც იესოს თავზე ეფარა. მარიამს, რომელიც სამარხთან დგას, ელაპარაკება ორი ანგელოზი და შემდეგ, როგორც თვითონ ჰგონია, მებაღე. მარიამი მაშინღა სცნობს იესოს, როცა ის მას სახელით მიმართავს. შემდეგ იესო კარჩაკეტილში მყოფ მოწაფეებს ეცხადება და ეუბნება, რომ მიიღებენ ძალას წმინდა სულის მეშვეობით. თომა, რომელიც აქ არ იმყოფება, ვერ იჯერებს იესოს აღდგომას. რვა დღის შემდეგ იესო კვლავ ეცხადება მოწაფეებს და თომას რწმენას უმტკიცებს, რის შემდეგაც თომა ამბობს: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ (20:16, 28). რამდენიმე დღის შემდეგ იესო ეცხადება მოწაფეებს ტიბერიადის ზღვასთან, სასწაულებრივად აჭერინებს მათ თევზს და მათთან ერთად საუზმობს. ის სამჯერ ეკითხება პეტრეს: „გიყვარვარ?“. პეტრე სამივეჯერ დადებითად პასუხობს და იესო ეუბნება: „აძოვე ჩემი ბატკნები“, „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. შემდეგ ის წინასწარმეტყველებს, როგორი სიკვდილით განადიდებს პეტრე ღმერთს. პეტრე იოანეს შესახებ კითხვას უსვამს იესოს, რაზეც ასეთ პასუხს იღებს: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემ მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?“ (21:15—17, 22).

რატომ არის სასარგებლო

30. როგორ ამახვილებს იოანე ყურადღებას სიყვარულზე?

30 იოანეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა „სიტყვასთან“, რომელიც ქრისტედ მოგვევლინა, და მან ყოველივე უდიდესი გრძნობებით აღწერა. სწორედ ამიტომ იოანეს სახარება უფრო ახლოს გვაცნობს ღვთის ცხებულ ძეს. იოანე „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანი იყო. მართალია, იოანეს სახარება განსაკუთრებული სტილითა და ლექსიკით არ გამოირჩევა, მაგრამ მის მიერ დაწერილ სიტყვებს დიდი ძალა აქვს (საქ. 4:13). მისი სახარება არაჩვეულებრივად წარმოგვიდგენს მამასა და ძეს შორის არსებულ სიყვარულს, აგრეთვე იმ კურთხევებსა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობას, რაც მათთან ერთობას მოაქვს. იოანე სახარებების სხვა დამწერებზე მეტად იყენებს სიტყვა „სიყვარულს“ და მისგან ნაწარმოებ სხვა სიტყვებს.

31. ვის ურთიერთობას ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება იოანეს სახარებაში და რას ეუბნება იესო ლოცვაში მამას?

31 დასაწყისიდანვე საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ სიტყვასა და მამას. ღვთის განგებით „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით“ (იოან. 1:14). მთელ სახარებაში იესო ყურადღებას ამახვილებს მამისადმი უპირობო მორჩილებაზე, მისი ნების შესრულებაზე (4:34; 5:19, 30; 7:16; 10:29, 30; 11:41, 42; 12:27, 49, 50; 14:10). ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი შთამბეჭდავი ლოცვა, რომელშიც იესო მამას ეუბნება, რომ დაასრულა მისგან დაკისრებული საქმე. შემდეგ იესო დასძენს: „ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (17:5).

32. საიდან ჩანს, რომ იესოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თავის მოწაფეებთან და სიცოცხლის მიღება მხოლოდ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი?

32 რის თქმა შეიძლება მოწაფეებთან იესოს ურთიერთობაზე? იოანეს სახარებაში არაერთხელ მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ ღვთის კურთხევების მიღება იესოს მოწაფეებს და, საერთოდ, ყველა ადამიანს მხოლოდ იესოს მეშვეობით შეუძლიათ (14:13, 14; 15:16; 16:23, 24). მას ეწოდება „ღვთის კრავი“, „სიცოცხლის პური“, „ქვეყნიერების სინათლე“, „კარგი მწყემსი“, „აღდგომა და სიცოცხლე“, „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ და „ჭეშმარიტი ვაზი“ (1:29; 6:35; 8:12; 10:11; 11:25; 14:6; 15:1). სწორედ „ჭეშმარიტი ვაზის“ მაგალითთან აკავშირებს იესო შეუდარებელ ერთობას, რომელიც არსებობს არა მარტო მასსა და მის ჭეშმარიტ მიმდევრებს შორის, არამედ მამასთანაც. „ბევრი ნაყოფის“ გამოღებით მათ მამისთვის მოაქვთ დიდება. იესო გვირჩევს: „როგორც მამამ შემიყვარა და როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ასევე დარჩით ჩემს სიყვარულში“ (15:9).

33. რა მიზანი ჰქონდა იესოს მსახურებას?

33 ის მხურვალედ სთხოვს ლოცვაში იეჰოვას, რომ მისი მოწაფეები და ყველა, ‘ვინც მას ირწმუნებს მათი სიტყვით’, ერთობაში იყვნენ მამასთან და განიწმინდონ ჭეშმარიტებით. იესოს მსახურების მიზანი შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ლოცვის ბოლო სიტყვებში: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (17:20, 26).

34. რა რჩევა მისცა იესომ მოწაფეებს?

34 მართალია, იესო ტოვებდა მოწაფეებს ქვეყნიერებაში, მაგრამ ის მათ დაჰპირდა დამხმარეს, „ჭეშმარიტების სულს“. გარდა ამისა, მან დროული რჩევა მისცა მოწაფეებს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ქვეყნიერებასთან, როგორც „სინათლის ძეებს“ (14:16, 17; 3:19—21; 12:36). იესომ მათ მიმართა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. ამის საპირისპიროდ, სიბნელის ძეებს უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის . . . ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“. მაშ, მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ ყოველთვის ვიდგეთ ჭეშმარიტებაში და თაყვანი ვცეთ მამას „სულითა და ჭეშმარიტებით“. დაე, ძალები შეგვმატოს იესოს სიტყვებმა: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (8:31, 32, 44; 4:23; 16:33).

35. ა) რა თქვა იესომ ღვთის სამეფოზე? ბ) რისთვის ვართ მადლიერნი?

35 ყოველივე ეს ღვთის სამეფოსთანაც არის დაკავშირებული. პილატეს იესომ უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“. პილატეს მომდევნო შეკითხვას იესომ ასე უპასუხა: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (18:36, 37). ნამდვილად ბედნიერია ყველა, ვინც ისმენს ღვთისა და მისი ძის ხმას, და ‘ხელახლა იბადება’ ღვთის სამეფოში შესასვლელად. ბედნიერია „სხვა ცხვარი“, რომელიც ისმენს მეფისა და მწყემსის ხმას სიცოცხლის მისაღებად. ჩვენ ნამდვილად მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იოანემ დაწერა ეს სახარება, ‘რათა გვერწმუნა, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გვქონოდა სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით’ (3:3, 5; 10:16; 20:31).

[სქოლიოები]

a The Ecclesiastical History, ევსები კესარიელი, V, VIII, 4.

b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 323 (ინგლ.).

c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 57, 58 (ინგლ.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება