საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოწყალება“
  • მოწყალება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოწყალება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ღარიბი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დახმარება (გაჭირვებულთა)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქვრივი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საჩუქარი, ძღვენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოწყალება“

ᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐ

ეს არის ვინმეს მიმართ გაკეთებული სიკეთე მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მართალია, ებრაულ წერილებში სიტყვა მოწყალება (ზოგ თარგმანში წყალობა, ან ქველმოქმედება) არ არის გამოყენებული, მაგრამ ღვთის კანონში ჩაწერილი იყო კონკრეტული მითითებები, რომლებიც ავალდებულებდა ისრაელებს, სიკეთე გამოევლინათ ღარიბების მიმართ. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ხელმომჭირნეები. მათ ხელგაშლილობა უნდა გამოევლინათ გასაჭირში ჩაცვენილი მოძმისადმი (კნ. 15:7—10).

ღარიბებისადმი დამოკიდებულება ისრაელში. კანონი ისრაელებს ნებას რთავდა, შესულიყვნენ სხვის ვენახსა თუ ყანაში და იმდენი ეჭამათ, რამდენიც ესიამოვნებოდათ, ოღონდ სახლში არ უნდა წამოეღოთ (კნ. 23:24, 25). მოსავლის მომკის დროს ისრაელებს სრულად არ უნდა მოემკათ მინდვრის ნაპირები, არ უნდა აეკრიფათ დაცვენილი მარცვლეული, ზეთისხილი და ყურძენი, რათა მათით უცხოელებს და ქვრივ-ობლებს ესარგებლათ (ლვ. 19:9, 10; კნ. 24:19—21).

ყოველი მესამე წლის ბოლოს ისრაელებს უნდა აეღოთ იმ წლის მოსავლის მეათედი და შეენახათ თავიანთ ქალაქებში, რათა ეჭამათ ის ლევიანებს, უცხოელებს და ქვრივ-ობლებს (კნ. 14:28, 29; იხ. ᲛᲔᲐᲗᲔᲓᲘ).

ყოველ მეშვიდე და ორმოცდამეათე ანუ სადღესასწაულო წელს მიწას უნდა დაესვენა. ეს მიწის შაბათი, დასვენების წელიწადი უნდა ყოფილიყო. რაც მიწაზე თავისით მოვიდოდა, უნდა ეჭამათ ღარიბებს, ასევე მიწის მესაკუთრეებს, მათ მონებს, მხევლებსა და დაქირავებულ მუშებს. იმ წელს, როცა შაბათის წელი იყო, ისრაელები ზოგადად გადანახული მოსავლის მარაგით იკვებებოდნენ (გმ. 23:10, 11; ლვ. 25:1—7, 11, 12, 20—22).

პრინციპებს, საიდანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ისრაელებს ღარიბების მიმართ, ებრაული წერილების სხვა ადგილებშიც ვხვდებით (იობ. 31:16—22; ფს. 37:21; 112:9; იგ. 19:17; ეკ. 11:1, 2). ბიბლიაში ბედნიერი ეწოდება მას, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს. იეჰოვა ასეთ ადამიანს კურთხევას არ აკლებს (ფს. 41:1, 2; იგ. 22:9). ესაიას დღეებში ღმერთი ორგულ ისრაელებს მოუწოდებდა, პური გაეყოთ მშიერისთვის, შეეკედლებინათ უსახლკარო და შეემოსათ შიშველი, რითაც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ (ეს. 58:6, 7). ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ თქვა, როგორი იყო მართალი კაცი: „ის მშიერს აპურებს და შიშველს აცმევს“ (ეზკ. 18:7—9).

ფაქტობრივად, ისრაელებს შორის ღარიბი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ აკურთხებდა თავის ხალხს. ისრაელები თუ ღვთის კანონს დაემორჩილებოდნენ, მათ შორის ღარიბი არ იქნებოდა. თუმცა, არასრულყოფილებისა და ღვთის კანონისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ისრაელებს შორის ღარიბი ყოველთვის იქნებოდა (კნ. 15:4, 5, 11). როგორც ჩანს, ძველ ისრაელში მათხოვრობა იშვიათი მოვლენა იყო, ვინაიდან ერთ-ერთი უბედურება, რაც ბოროტებს თავს დაატყდებოდათ, ის იყო, რომ მათი ვაჟები მათხოვრებად იქცეოდნენ (ფს. 109:10; შდრ. ფს. 37:25; იხ. ᲦᲐᲠᲘᲑᲘ).

არასწორი შეხედულება გაცემაზე. დროთა განმავლობაში იუდეველებისთვის მოწყალების გაცემა მხოლოდ ღირსეული საქმე და საქებარი ჟესტი კი აღარ იყო, არამედ ის ცოდვის გადაფარვის საშუალებადაც იქცა. იგავების 11:4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „რისხვის დღეს სიმდიდრე კაცს ვერას არგებს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის“, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა თალმუდში გადმოცემული შემდეგი აზრის საფუძველზე: „წყალი აქრობს აბრიალებულ ცეცხლს; ასევე მოწყალების გაღება ფარავს ცოდვებს“ (The Jewish Encyclopedia, 1976, ტ. I, გვ. 435). როგორც ჩანს, იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას, ზოგი სხვების დასანახად და შთაბეჭდილების მოსახდენად გასცემდა მოწყალებას; ამიტომაც დაგმო იესომ ასეთი საქციელი მთაზე ქადაგებისას (მთ. 6:2—4).

ქრისტიანული მოწყალება. იესომ „მცირე სამწყსოს“ წევრები წაახალისა იმისკენ, რომ გაეყიდათ თავიანთი ქონება და გაჭირვებულებისთვის გაემართათ ხელი (ლკ. 12:32, 33). ახალგაზრდა, მდიდარ მმართველს მსგავსი რჩევის მიცემის შემდეგ იესომ უთხრა: „მერე მოდი და გამომყევი!“ (მთ. 19:16—22; ლკ. 18:18—23; იხ. აგრეთვე ინ. 13:29). იესომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოწყალება გულით უნდა გაეღოთ. ამგვარად, იესომ შესაძლოა მათ მიანიშნა გულის მდგომარეობაზე, რადგან ამის შემდეგ ეგრევე აღნიშნა, რომ სამართალი და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი იყო (ლკ. 11:39—42).

დახმარების ორგანიზება. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანულ კრებას დაახლოებით 3 000 სული, იუდეველები და პროზელიტები, შეემატა, რის შემდეგაც განუწყვეტლივ იზრდებოდა მათი რიცხვი. მალე ქრისტიანები უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან შეიქმნა მატერიალური სახსრების შეგროვების საჭიროება. შეგროვილი თანხით ეხმარებოდნენ დღესასწაულზე შორიდან ჩამოსულებს, რათა ისინი იმაზე მეტხანს დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, ვიდრე გეგმაში ჰქონდათ, და უფრო მეტი გაეგოთ ახალშეძენილი რწმენის შესახებ. ამიტომ, ვისაც რაიმე ქონება ჰქონდა, ყიდდა და ფული მოციქულებთან მიჰქონდა. ისინი კი ყველას საჭიროებისამებრ უნაწილებდნენ. „ვინც ირწმუნა, ყველანი ერთად იყვნენ და ყველაფერი საერთო ჰქონდათ“. თუმცა დახმარების ეს ღონისძიება ნებაყოფლობითი იყო, რაც კარგად ჩანს ანანიას მიმართ დასმული პეტრეს შეკითხვიდან: „შენი არ იყო ის მიწა, და ის ფულიც, იმ მიწაში რომ აიღე?!“ (სქ. 2:41—47; 4:4, 34, 35; 5:4).

დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, ასეთი დახმარების გაწევის საჭიროება შემცირდა, თუმცა კრებაში გაჭირვებულ ქვრივებს საკვებს ყოველთვის უნაწილებდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბერძნულენოვანმა იუდეველებმა ებრაულად მოლაპარაკე იუდეველების წინააღმდეგ ჩივილი დაიწყეს, რადგან მათ „საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები“. მდგომარეობის გამოსასწორებლად მოციქულებმა გადაწყვიტეს, შეერჩიათ შვიდი „წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე“ უნარიანი კაცი, რომლებსაც საკვების განაწილება დაევალებოდათ. შერჩეული ძმები მოციქულებთან მიიყვანეს. მოციქულებმა ილოცეს და მათ საკვების განაწილება მიანდეს. უდავოა, მათ საქმიანობაში შედიოდა ფინანსების განკარგვა, საკვების ყიდვა და საკვების განაწილებასთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება (სქ. 6:1—6). იმ დროისთვის, როდესაც პავლემ ტიმოთეს პირველი წერილი მისწერა, ქვრივებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა კვლავ ძალაში რჩებოდა, რაც ნათლად ჩანს იმ მითითებებიდან, რომლებიც პავლემ მისცა ტიმოთეს ქვრივების დახმარებასთან დაკავშირებით (1ტმ. 5:3—16).

ქვრივებზე ზრუნვის გარდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება სხვა გაჭირვებული თანამორწმუნეების საჭიროებებზეც ზრუნავდა. ამ შემთხვევაშიც, დახმარების ეს ღონისძიება ორგანიზებულად, კრებაში დანიშნული ძმების მეშვეობით ტარდებოდა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდებოდა (სქ. 11:28—30; რმ. 15:25—27; 1კრ. 16:1—3; 2კრ. 9:5, 7; იხ. ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ).

მატერიალურ დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები მოგვიწოდებს, ვიყოთ სტუმართმოყვარენი და გამზიარებლები. ამას გარდა, ქრისტიანების მოვალეობაა საკუთარ ოჯახზე ზრუნვა და გაჭირვებული ძმების დახმარება (რმ. 12:13; 1ტმ. 5:4, 8; იაკ. 2:15, 16; 1ინ. 3:17, 18). გულწრფელი ზრუნვა გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებზე ჭეშმარიტი რელიგიის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა (იაკ. 1:27; 2:1—4). ფაქტობრივად, როგორც იესომ თქვა, ის, ვინც სიკეთეს უკეთებს მის „უმცირეს ძმათაგან ერთ-ერთს“, „ცხვრად“ ჩაითვლება (მთ. 25:31—46). თუმცაღა, ქრისტიანებს მხოლოდ კაცთმოყვარეობა არ აღძრავთ გაცემისკენ — „ცხვარი“ ეხმარება ქრისტეს მიმდევრებს იმიტომ, რომ აღიარებს მათ მდგომარეობას (მთ. 10:40—42).

გამცემმა გაცემით გამოწვეული ბედნიერება რომ განიცადოს, უხალისოდ ან ნაძალადევად არ უნდა გასცეს. „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2კრ. 9:7; სქ. 20:35; 1პტ. 4:9). თუმცა, მარადიული სიცოცხლის მისაღებად მხოლოდ მოწყალების გაცემა არ კმარა. ამ მიზნის მისაღწევად იესო ქრისტემ სხვა რამეზე გააკეთა მთავარი აქცენტი (ინ. 17:3; 12:1—8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება