საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 7/15 გვ. 25-28
  • აგორა — ძველი ათენის გული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აგორა — ძველი ათენის გული
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ათენი იძენს მოედანს
  • ტაძრები, თაყვანისცემის ადგილები და მფარველი ღვთაებები
  • პანათენური გზა
  • „კერპებით სავსე“
  • ადმინისტრაციული ცენტრი
  • ატალეს სტოა
  • კულტურული მოღვაწეობის ადგილი
  • აგორა დღეს
  • ათენი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ეძებნათ ღმერთი . . . და ეპოვათ“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • კორინთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საბერძნეთი, ბერძნები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 7/15 გვ. 25-28

აგორა — ძველი ათენის გული

ათენის ინტელექტუალური საზოგადოება მღელვარებით იყო მოცული! ახალ იდეებს ყოველთვის საბერძნეთის ამ ქალაქის აგორაში, ანუ მოედანზე, აცხადებდნენ. მაგრამ ამჯერად ძალიან განსხვავებული რამ მოხდა. შევიდა თუ არა ერთი იუდეველი მამაკაცი ქალაქში, ეგონათ, „უცხო ღმერთებზე ქადაგებსო“. ის საოცარ რამეს უქადაგებდა იმათ, „ვისაც. . . ხვდებოდა“. „რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს“, — კითხულობდნენ ამაყი ეპიკურელები და სერიოზული გამომეტყველების მქონე სტოიკოსები. დიახ, ათენელების აგორა იყო ის ადგილი, სადაც მზისქვეშეთში არსებულ თითქმის ნებისმიერ საკითხზე საჯარო დისკუსიები იმართებოდა. მაგრამ უცხო ღმერთების გაცნობა ძალიან აღმაშფოთებელი იყო (საქმეები 17:17, 18).

როდესაც მოციქულმა პავლემ ათენის აგორაში პირველად დაიწყო ქადაგება, ათენელები ეჭვის თვალით შეხვდნენ. ის საუბრობდა იესო ქრისტესა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მაგრამ, ვინაიდან ათენს, როგორც ჩანს, მიუკერძოებელი კულტურა ჰქონდა, რა იყო ასეთი უჩვეულო აგორაში ახალი იდეების წარდგენაში?

ათენი იძენს მოედანს

სინამდვილეში, უჩვეულო თვითონ აგორა იყო. ათენის რელიგიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ის მთავარ როლს ასრულებდა. ათენის აგორა მდებარეობს აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით ოდნავ დამრეც ფერდობზე, რომელიც დაახლოებით 10 ჰექტარს მოიცავს. ჩანს, რომ ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში ათენის სახელმწიფო მოღვაწისა და კანონმდებლის, სოლონის, ცხოვრების დროს ეს ადგილი ქალაქის მოედანი გახდა. ათენში დემოკრატიის დამყარებამ, რომელმაც განსაკუთრებით გააუმჯობესა ქალაქური ცხოვრება, მომდევნო საუკუნის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოების გაჩაღებამდე მიიყვანა. ამან აგორას ახალი ძალა მისცა და უფრო დიდი როლი დააკისრა.

ბერძნული სიტყვა „აგორა“ წარმოიშვა ზმნიდან, რომელიც „შეკრებას“ ნიშნავს. აი, რატომ გამოიყენებოდა აგორა ქალაქში შეკრებების მთავარ ადგილად. აგორა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად იქცა. ეს იყო ვაჭრობისა და საქმიანობის ცენტრი, ქალაქის ადმინისტრაციისა და სამსჯავროსი, აგრეთვე ვაჭრობისა და საქმიანობის მთავარი ადგილი; ბერძნული დრამატურგიის თეატრალური წარმოდგენების, სპორტული შეჯიბრებებისა და მსჯელობისთვის შეხვედრის საყვარელი ადგილი.

გსურთ ათენის აგორაში ტაძრების, კოლონადების, ქანდაკებების, ძეგლებისა და საზოგადოებრივ ნაგებობათა ნანგრევების დათვალიერება? აგორას წარსული რომ შევისწავლოთ, დავტოვოთ ხმაურიანი და მოფუსფუსე ქალაქი და გავუყვეთ მოხრეშილ ბილიკებს, რომლებიც მდუმარე მარმარილოს ნანგრევებს, გამოთლილ ლოდებსა და ბალახმოდებულ, ჩამონგრეულ ჭიშკრებს შორის მიდის.

ტაძრები, თაყვანისცემის ადგილები და მფარველი ღვთაებები

დამთვალიერებლებს აოცებს ტაძრების, თაყვანისცემის ადგილებისა და სხვადასხვა ღვთაებისთვის მიძღვნილი საკურთხევლების სიმრავლე. ყოველივე ამან განაპირობა, რომ აგორა აკროპოლისის შემდეგ თაყვანისმცემლობის მეორე უდიდესი ცენტრი გახდა. კლასიკური ათენის ოქროს ხანაში რელიგია განაგებდა საზოგადეოებრივი ცხოვრების ყოველ მხარეს. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავდა, რომ სამთავრობო განყოფილებებისა და მმართველობითი მომსახურებების „მფარველ ღვთაებებად“ დანიშნულ სხვადასხვა ღვთაებას აგორაში მიეცათ ტაძრის საკურთხევლები.

ამ ნაგებობებიდან გამორჩეული იყო ჰეფესტოსის ტაძარი. ქალღმერთ ათენას კავშირი ჰქონდა ჰეფესტოსთან. აქ ამ ორივე ღვთაებას თაყვანს სცემდნენ, როგორც ხელოვნებისა და ოსტატობის მფარველ ღვთაებებს. ამ ტაძრის ირგვლივ ლითონის ნამუშევრებისა და თიხის ნაწარმის არქეოლოგიური აღმოჩენები მას აიგივებს ჰეფესტოსთან, ბერძნების სამჭედლო ხელოვნების ღმერთთან. ალბათ, ახ. წ. VII საუკუნეში ეს კარგად შემონახული ტაძარი წმინდა გიორგის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიად გადაკეთდა, თუმცა დღეს აღარ გამოიყენება ასეთად.

რა თქმა უნდა, აგორა საჭიროებდა თავის მფარველ ღვთაებას. ეს ღვთაება იყო აგორას ზევსი (აგორეოსი), რომელიც ორატორული ნიჭით დამაჯილდოებლად მიაჩნდათ და რომელსაც მიეძღვნა პენტალური მარმარილოს საკურთხეველი (შეადარეთ საქმეები 14:11, 12). ღმერთთა დედის სამსხვერპლოს ორივე მხარეს ჩამწკრივებული იყო გმირთა შთამბეჭდავი ძეგლები.

ცოტა მოშორებით ვხედავთ იონურ ტაძარს. გეოგრაფ პავსანიას აზრით, ეს მამამთავარ აპოლონის ტაძარია. რატომ? იმიტომ რომ, ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად ის იყო მამა იონისა, იონელთა ტომის დამაარსებელისა — ტომისა, რომელშიც ათენელებიც შედიოდნენa. ამ მხრივ, აპოლონი იყო სახელმწიფოს მმართველობითი წყობის, განსაკუთრებით კი ქალაქში არსებული სხვადასხვა საძმოს ერთ-ერთი მფარველი ღვთაება.

იქვე, ჩრდილოეთით, ვხედავთ იმ უფრო პატარა ტაძრის კირქვის ნანგრევებს, რომელიც აგებულია ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებში. აქ თაყვანს სცემდნენ ზევსსა და ათენა ფატრიოსს, გვაროვნული რელიგიური საძმოებისა მთავარ მფარველებს. ამ საძმოთა წევრობა ათენის მოქალაქეობის თითქმის აუცილებელი წინაპირობა იყო. იქვე ქუჩის მეორე მხარეს, ვხედავთ თორმეტი ღვთის საკურთხევლის ნანგრევებს.

ზევს ელეფთერიოსის სტოასთან ახლოს ისევ და ისევ მთავარი ბერძნული ღვთაება იყო განდიდებული, ამჯერად განთავისუფლებისა და ხსნის ღმერთი. კოლონადა ანუ სტოა ცნობილი სასეირნო ან შეხვედრების ადგილი იყო. ამბობენ, რომ ცნობილი ფილოსოფოსი სოკრატე ამ სტოაში ხვდებოდა თავის მეგობრებს, სადაც ისინი ისხდნენ, მასლაათობდენენ ან სეირნობდნენ. ამ სტოას მოსაწყობად გაღებული უამრავი ძღვენი და შეწირულობა ათენის დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ფარები, პირდაპირ კავშირშია მტრებისგან ქალაქის ხსნასა და თავისუფლების შენარჩუნებასთან.

პანათენური გზა

აგორას დიაგონალურად კვეთს ფართო მოხრეშილი გზა, რომელსაც პანათენური გზა ჰქვია. ეს სახელი და განსაკუთრებული ფორმა მან ათენის ეროვნული დღესასწაულიდან, პანათენეებიდან, მიიღო. დღესასწაულის განმავლობაში ამ გზის გავლით ქალღმერთ ათენას პირბადე მიჰქონდათ პროცესიის სახლიდან (ქალაქის ჭიშკრის გვერდით) აკროპოლისში. პართენონის ფრიზი გვეხმარება წარმოვიდგინოთ დღესასწაულის ზარ-ზეიმი და დიდებულება — ცხენოსნები, ეტლებით შეჯიბრება, სამსხვერპლო ცხვარ-ძროხა, ვაჟები და გოგონები, რომლებსაც შეწირვისთვის საჭირო ნივთები მიაქვთ. ამ პროცესს უყურებდნენ ათენის მოქალაქეები და მათი სტუმრები, რომელთა მოხერხებულობისთვისაც არქიტექტორებმა საკმაოდ იზრუნეს აგორას კონსტრუირებისას. მაგალითად, კოლონადები ტერასებითა და კიბეებით ოსტატურად იყო განლაგებული იმ გზის გაყოლებაზე, სადაც პროცესია მიმდინარეობდა. მათ ფასადებში გამოჭრილი უამრავი კიბე მრავალ მაყურებელს იტევდა.

„კერპებით სავსე“

ასე უამრავი ტაძრის, ქანდაკებისა და ძეგლის ხილვის შემდეგ არ არის გასაკვირი, რომ მოციქულ პავლეს „სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ“ (საქმეები 17:16). იმას, რაც პავლემ ნახა აგორაში შესვლისას, უნდა აეღელვებინა ის. ღმერთ ჰერმესის ითიფალური ქანდაკებები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათთვის საჭირო იყო მთლიანი გალერეა, რომელიც ჰერმესის სტოად არის ცნობილი. საღებავებით შესრულებული ჰერმესის სურათებზე ტანსაცმელი სვასტიკებითაა მოხატული, რომლებიც ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოებია. იქ იყო ნაყოფიერების ქალღმერთ ვენერას — რომანტიკული სიყვარულის ქალღმერთის — ქანდაკება, ასევე დიონისეს ქანდაკება, რომელიც ატარებს ითიფალურ ჯვრებს. აგორას „სიწმინდეს“ აღნიშნავდა სასაზღვრო ქვა წყალსატევით, რომელშიც „წმინდა“ წყალი იყო შემსვლელთა რიტუალური განწმენდისთვის.

მხედველობაში თუ მივიღებთ ასეთ ღრმად რელიგიურ ატმოსფეროს, ადვილად გავიგებთ, თუ რატომ იყო პავლეს მდგომარეობა უაღრესად სახიფათო. ის ეჭვმიტანილი იყო ‘უცხო ღმერთების ქადაგებაში’, იმ დროის კანონით კი „არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰყოლოდა პირადი და ახალი ღმერთები; და არც ჩუმად უნდა ეცათ თაყვანი უცხო ღმერთისთვის, თუ ისინი საქვეყნოდ არ იყვნენ აღიარებული“. გასაკვირი არაა, რომ მოციქული არეოპაგში წაიყვანეს დასაკითხად (საქმეები 17:18, 19).

ადმინისტრაციული ცენტრი

მრგვალ შენობაში, რომელსაც თოლოსს უწოდებდნენ, იყო ათენის მთავრობის მთავარი სამმართველო. ქალაქის ბევრი თავი ღამეს ამ შენობაში ატარებდა, ასე რომ, სახელმწიფო მოხელეებთან ყოველთვის შეიძლებოდა დაკავშირება. თოლოსში ინახებოდა ზომებისა და წონის დადგენილი ნორმები. ადმინისტრაციის სხვადასხვა განყოფილების შენობებიც ახლო მდებარეობდა. საბჭოს სხდომათა დარბაზს ეჭირა ტერასა, რომელიც თოლოსის ფერდობის ჩრდილო-დასავლეთით თანდათან ვიწროვდებოდა. იქ ხუთასთა საბჭოს წევრები ატარებდნენ შეხვედრებს, რომელთა დროსაც კომიტეტის საქმეს ასრულებდნენ და შეხვედრისთვის კანონმდებლობას ამზადებდნენ.

სხვა საინტერესო საზოგადოებრივი ნაგებობა იყო სამეფო სტოა. ათენის წარჩინებული არქონტი — ქალაქის სამი მთავარი მმართველიდან ერთ-ერთი — იჯდა აქ. ის ასრულებდა მრავალ ადმინისტრაციულ მოვალეობას, როგორც რელიგიურ, ასევე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ადვილად შესაძლებელია, რომ სოკრატეს აქ მოსთხოვეს წარდგენა, როცა უღმერთოებაში ედებოდა ბრალი. ათენის გვაროვნული კანონები ამოტვიფრული იყო სამეფო სტოას კედლებზე. ამავე შენობის წინ, ქვაზე, არქონტები ანუ მთავარი მმართველები ყოველ წელს დგებოდნენ ფიცის დასადებად.

ატალეს სტოა

აგორას შენობებიდან ყველაზე საუკეთესოდ შემონახული ატალეს სტოაა. როგორც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების რამდენიმე უფლისწული, ჭაბუკი ატალე, პერგამონის მეფე (ძვ. წ. მეორე საუკუნეში), ათენის სკოლებში სწავლობდა. მან ტახტზე ასვლისთანავე დიდებული საჩუქარი გაიღო, ქალაქს, სადაც განათლება მიიღო, ატალეს სტოა აუშენა.

ატალეს სტოას მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ დაცული და სასიამოვნო სასეირნო და სასაუბრო ადგილი იყო. მისი სართულები და ტერასა შესანიშნავ ადგილებს ქმნიდა, საიდანაც პროცესიის ყურება შეიძლებოდა ამასთანავე ის პოპულარული სასეირნო ადგილი იყო, რაც იმას უწყობდა ხელს, რომ წარმატებული სავაჭრო ცენტრი ყოფილიყო. სახელმწიფო, ალბათ, მაღაზიებს ვაჭრებზე აქირავებდა, ასე რომ, შენობა შემოსავლის წყაროც იყო.

რესტავრირებული ატალეს სტოა გეომეტრიული კონსტრუქციის შესანიშნავი მაგალითია. მისი საერთო თანაფარდობა — შესაბამისი მანძილები ზემოთა და ქვემოთა სვეტებს შორის, სინათლისა და ჩრდილის საინტერესო შეხამება, სამშენებლო მასალის სიმდიდრე და სილამაზე — მას უნიკალურს ხდის. მონოტონური რომ არ იყოს, გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, განსაკუთრებით კი სამი ტიპის სვეტის კაპიტელი: დორიული, იონური და ეგვიპტური.

კულტურული მოღვაწეობის ადგილი

ერთ-ერთი შენობა, რომელშიც ადგილი ჰქონდა მრავალ კულტურულ მოვლენას ათენში, იყო საკონცერტო დარბაზი. ეს იყო აგრიპა ვიფსანიუსის, რომის იმპერატორ, ავგუსტუსის სიძის, საჩუქარი. მისი წინა ნაწილი მოკირწყლული იყო მრავალგვარი მარმარილოთი. მაყურებელთა დარბაზი, რომელიც დაახლოებით 1 000 ადგილს იტევდა, 25 მეტრამდე სიგრძის იყო და თავდაპირველად გადახურული იყო სახურავით, რომელსაც შიდა ბურჯები არა ჰქონდა. ეს ძველ სამყაროში გადახურვის ერთ-ერთი გაბედული ექსპერიმენტი იყო! მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, რომლებსაც მაღალი ზნეობრივი ნორმები ჰქონდათ, იქ წარმოდგენილ გართობათა უმეტესობა შეიძლება მიუღებელი ყოფილიყო (ეფესელთა 5:3–5).

შესაძლებელია ძველ დროში ცნობისმოყვარე ადამიანები პანტენოსის ბიბლიოთეკაში მიდიოდნენ. მისი კედლები სავსე იყო უჯრებით, სადაც პაპირუსისა და პერგამენტის ხელნაწერების გრაგნილები ინახებოდა. ბიბლიოთეკის მთავარი ოთახი დასავლეთისკენ იყურება და სვეტების გაყოლებაზე შეიძლება კოლონადიანი შიდა ეზოს დანახვა, რომელიც შესანიშნავი ადგილი იყო სასეირნოდ, საკითხავად და საფიქრელად. ნაპოვნია წარწერა ბიბლიოთეკის ორი წესით: „წიგნის გატანა აკრძალულია“ და „[ბიბლიოთეკა] მუშაობს პირველიდან ექვს საათამდე“.

აგორა დღეს

ბოლო წლებში ამერიკის კლასიკურმა სკოლამ აგორა თითქმის სულ გადათხარა. აღმართული აკროპოლისის ჩრდილქვეშ მშვიდი დასვენება მას საყვარელ ადგილად ხდის ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ, გადახედონ ძველი ათენის ისტორიას.

ძველმანების ბაზარს, მონასტირაკის, მახლობლად — სულ რამდენიმე ნაბიჯზე აგორასა და აკროპოლისიდან კიდევ სხვა მომხიბვლელ სამყაროში შევდივართ. ის სტუმარს სთავაზობს საკვირველ, მაგრამ თვალწარმტაც ბერძნულ ფოლკლორსა და შუა აღმოსავლური ბაზრის საქმიანობასა და სიიაფეს. და, რა თქმა უნდა, სტუმრები ნახავენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სიხარულით ზუსტად იმას აკეთებენ, რაც მოციქულმა პავლემ გააკეთა 1 900 წელზე მეტი ხნის წინ — საჯაროდ უქადაგებენ სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ‘იმათ, ვისაც კი ხვდებიან’.

[სქოლიო]

a სახელწოდება იონელები წარმოიშვა იავანიდან, რომელიც იყო იაფეთის ძე და ნოეს შვილიშვილი (დაბადება 10:1, 2, 4, 5).

[ჩარჩო 28 გვერდზე]

ვაჭრობა ათენში

აგორა ათენის არა მარტო ინტელექტუალური და მოქალაქეობრივი გული იყო, არამედ ქალაქის მთავარი ბაზარიც. ათენი ცნობილი სავაჭრო ცენტრი გახდა როგორც ფულის ერთეულის სტაბილურობით, ასევე არქონტების კეთილსინდისიერებით, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ, თვალ-ყური ედევნებინათ, რომ საქმის გარიგება პატიოსნად და სამართლიანად შესრულებულიყო.

ათენიდან გაჰქონდათ ღვინო, ზეითუნის ზეთი, თაფლი, მარმარილო და ისეთი სამრეწველო პროდუქცია, როგორიცაა კერამიკა და დამუშავებული ლითონი. საზღვარგარეთიდან, უმთავრესად, ხორბალი შემოჰქონდათ. რადგან ატიკა (ათენის ირგვლივ მდებარე რეგიონი) არ აწარმოებდა საკმარის საქონელს თავისი მოსახლეობის გამოსაკვებად, ვაჭრობის წესები ძალიან მკაცრი იყო. პირეოსთან არსებულ ბაზარს (ათენის პორტი) ყოველთვის ჰქონდა საკმარისი ახალი საკვები ქალაქისა და ჯარის მოსამარაგებლად. ვაჭრებს არ ჰქონდათ უფლება, გადაენახათ მარაგი, რომ გაჭირვების დროს უფრო მაღალ ფასებში გაეყიდათ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება