ბიბლიის წიგნი 45 — რომაელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: კორინთი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 56
1. რას ეხება პავლე რომაელებისთვის მიწერილ წერილში?
„საქმეებიდან“ დავინახეთ, რომ ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი, პავლე, ქრისტეს გულმოდგინე მსახური და არაებრაელთა მოციქული გახდა. „რომაელებით“ ვიწყებთ ბიბლიის იმ 14 წიგნის განხილვას, რომლებიც წმინდა სულის შთაგონებით დაწერა ყოფილმა ფარისეველმა მას შემდეგ, რაც ღვთის ერთგული მსახური გახდა. როცა პავლემ რომაელებს მისწერა წერილი, მას დასრულებული ჰქონდა ორი მისიონერული მოგზაურობა და მესამე მოგზაურობაში იყო. ამ დროისთვის მას უკვე დაწერილი ჰქონდა ხუთი წერილი: პირველი და მეორე თესალონიკელები, გალატელები, პირველი და მეორე კორინთელები. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ბიბლიებში „რომაელები“ ყველაზე წინ არის და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ეს წერილი დაწვრილებით ეხება ებრაელთა და არაებრაელთა — ანუ იმ ორი ჯგუფის — თანასწორობას, რომლებთანაც პავლე ქადაგებდა. მასში განმარტებულია, რომ ღვთისა და მისი ხალხის ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი დადგა; ნაჩვენებია ისიც, თუ ებრაულ წერილებში როგორ იყო დიდი ხნით ადრე ნაწინასწარმეტყველები, რომ სასიხარულო ცნობა არაებრაელებსაც ეუწყებოდა.
2. ა) რა პრობლემებს ეხება პავლე „რომაელებში“? ბ) რა არის ამ წერილში ცალსახად აღნიშნული?
2 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ეს უძლიერესი წიგნი პავლემ ტერტიოსს დააწერინა. „რომაელები“ გამოირჩევა ძლიერი არგუმენტაციით და ებრაული წერილებიდან მოყვანილი ციტატების სიმრავლით. პავლე ხატოვანი ენით მსჯელობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ებრაელებისა და ბერძნებისგან შემდგარ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში წამოიჭრა. უპირატესობდნენ ებრაელები იმის გამო, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ? ჰქონდათ მოსეს კანონისგან გათავისუფლებულ მოწიფულ ქრისტიანებს იმ სუსტი ებრაელი თანამორწმუნეების დაბრკოლების უფლება, რომლებიც ჯერაც ძველ ჩვეულებებს მიჰყვებოდნენ? ამ წერილში პავლე ცალსახად აღნიშნავს, რომ იუდეველები და არაიუდეველები თანასწორნი იყვნენ ღვთის წინაშე, და მართლად აღიარების საფუძველი იყო არა მოსეს კანონი, არამედ იესო ქრისტესადმი გამოვლენილი რწმენა და ღვთის წყალობა. ამავდროულად, პავლეს წერილიდან ჩანს, რომ ღმერთი ქრისტიანებისგან მოითხოვს ხელისუფლებისადმი სათანადო მორჩილებას.
3. როგორ ჩაეყარა საფუძველი კრებას რომში და რით აიხსნება ის, რომ პავლე ამ კრებიდან ბევრს იცნობდა?
3 როგორ ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანულ კრებას რომში? რომში საკმაოდ ბევრი იუდეველი იყო, სულ მცირე, მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 63 წელს პომპეუსმა იერუსალიმი აიღო. საქმეების 2:10-ში პირდაპირ წერია, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე რომიდან იერუსალიმში ჩასული იყო ზოგიერთი იუდეველი. აქ მათ სასიხარულო ცნობა მოისმინეს. ვინც ქრისტიანობა მიიღო, იერუსალიმში დარჩა, რათა უფრო მეტი რამ გაეგოთ მოციქულთაგან. უდავოა, რომ ისინი მოგვიანებით უკან დაბრუნდებოდნენ, მას შემდეგ მაინც, როცა იერუსალიმში დევნა დაიწყო (საქ. 2:41—47; 8:1, 4). გარდა ამისა, იმ დროს ხალხი ბევრს მოგზაურობდა. შესაძლოა, პავლე ამიტომ იცნობდა ახლოს რომის კრების ბევრ წევრს. მათგან ზოგმა სასიხარულო ცნობა შეიძლება საბერძნეთში ან აზიაში მოისმინა პავლესგან.
4. ა) რას ვიგებთ „რომაელებიდან“ რომის კრების შესახებ? ბ) რაზე მეტყველებს ის, რომ აკვილა და პრისკილა რომში იყვნენ?
4 ამ კრების შესახებ სარწმუნო ინფორმაციას პირველად პავლეს წერილში ვხვდებით. მისი საშუალებით ვხედავთ, რომ ეს კრება შედგებოდა როგორც ებრაელი, ისე არაებრაელი ქრისტიანებისგან და ისინი სამაგალითო გულმოდგინებას ავლენდნენ. პავლე მათ ეუბნება: „მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ თქვენი რწმენის შესახებ“; „თქვენი მორჩილება ყველასთვის შესამჩნევი გახდა“ (რომ. 1:8; 16:19). II საუკუნეში სვეტონიუსი წერდა, რომ კლავდიუსის მმართველობის დროს (ახ. წ. 41—54) იუდეველები განდევნეს რომიდან, მაგრამ მოგვიანებით ისინი კვლავ დაბრუნდნენ რომში. ამაზე მეტყველებს ის, რომ აკვილა და პრისკილა რომში იყვნენ. ამ იუდეველ ცოლ-ქმარს პავლე კორინთში შეხვდა. კლავდიუსის ბრძანების შემდეგ მათ დატოვეს რომი, მაგრამ იმ დროისთვის, როცა პავლემ იქაურ კრებას წერილი მისწერა, ისინი ისევ რომში იყვნენ (საქ. 18:2; რომ. 16:3).
5. რა ამტკიცებს „რომაელების“ კანონიკურობას?
5 ამ წიგნის კანონიკურობა ეჭვს არ იწვევს. შესავალში ნათქვამია: „პავლე — იესო ქრისტეს მონა, მოციქულად მოწოდებული . . . გწერთ ყველას, ვინც რომში ხართ, ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად მოწოდებულებს“ (რომ. 1:1, 7). „რომაელები“ შედის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების იმ წიგნთა რიცხვში, რომლებიც ყველაზე ადრეა მოხსენიებული სხვა წყაროებში. პეტრე იმდენ მსგავს ფრაზას იყენებს თავის პირველ წერილში, რომელიც სავარაუდოდ 6—8 წლით გვიან დაიწერა, რომ მეცნიერების აზრით მას წაკითხული უნდა ჰქონოდა რომაელებისთვის მიწერილი წერილი. „რომაელებს“ ყოველთვის პავლეს წერილებს მიაკუთვნებდნენ და ამ წერილიდან ციტირებდნენ კლემენტი რომაელი, პოლიკარპე სმირნელი და იგნატი ანტიოქიელი, რომლებიც ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლოს და მეორე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ.
6. როგორ ადასტურებს უძველესი ხელნაწერები „რომაელების“ კანონიკურობას?
6 „რომაელები“, პავლეს სხვა რვა წერილთან ერთად, შესულია ჩესტერ ბიტის პაპირუსის (№2, P46) სახელწოდებით ცნობილ კოდექსში. ამ უძველესი კოდექსის შესახებ ფრედერიკ კენიონი წერდა: „ჩვენ ხელთ გვაქვს პავლეს წერილების თითქმის სრული კომპლექტი იმ ხელნაწერების სახით, რომლებიც სავარაუდოდ მესამე საუკუნის დასაწყისისთვის უნდა იყოს შესრულებული“a. ჩესტერ ბიტის პაპირუსები უფრო ძველია, ვიდრე კარგად ცნობილი სინური კოდექსი და ვატიკანის ხელნაწერი (№1209), რომლებიც ახ. წ. მეოთხე საუკუნით თარიღდება. „რომაელები“ ამ ხელნაწერებშიც გვხვდება.
7. სად და როდის დაიწერა „რომაელები“, და რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა?
7 როდის და სად დაიწერა „რომაელები“? ბიბლეისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს წერილი საბერძნეთში, როგორც ჩანს, კორინთში დაიწერა იმ დროს, როცა პავლე რამდენიმე თვით იმყოფებოდა ამ ქალაქში მესამე მისიონერული მოგზაურობის მიწურულს. თვითონ წიგნშიც ვპოულობთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს. პავლემ ეს წერილი ადგილობრივი კრების წევრის, გაიუსის, სახლში დაწერა. წერილში ის შუამდგომლობას უწევს ფებეს, კენქრეს კრების წევრს. კენქრე კორინთის ნავსადგურის როლს ასრულებდა. როგორც ჩანს, ეს წერილი რომში ფებემ წაიღო (რომ. 16:1, 23; 1 კორ. 1:14). რომაელების 15:23-ში პავლე წერს: „ახლა უკვე აღარ დამრჩა ამ მხარეში ისეთი ადგილი, სადაც არ მიქადაგია“ (შემდეგი მუხლიდან ჩანს, რომ ის მსახურების გაფართოების მიზნით ესპანეთში აპირებდა გამგზავრებას). ამის თქმის საფუძველი მას ექნებოდა თავისი მესამე მოგზაურობის დასასრულისთვის, ახ. წ. 56 წლის დასაწყისში.
შინაარსი
8. ა) რას ამბობს პავლე თავისი მსახურების მიზანზე? ბ) როგორ აჩვენებს ის, რომ ღვთის რისხვას იუდეველებიც იმსახურებენ და ბერძნებიც?
8 ღმერთი იუდეველებს არ აყენებს უცხოტომელებზე მაღლა (1:1—2:29). რას ეუბნება პავლე რომაელებს? დასაწყისში აღნიშნავს, რომ ის ქრისტემ აირჩია მოციქულად, რათა ყველა ხალხს ასწავლოს ‘რწმენით მორჩილება’. მას ძალიან სურს წმინდების ნახვა რომში, რათა გამხნევდნენ ერთმანეთთან ურთიერთობით. მას სურს აუწყოს მათ სასიხარულო ცნობა, რომელიც „ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“. როგორც დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი, „მართალი რწმენით იცოცხლებს“ (1:5, 12, 16, 17). ღვთის რისხვას იუდეველებიც იმსახურებენ და ბერძნებიც. ადამიანთა უღმერთობას გამართლება არა აქვს, რადგან ღვთის „უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან“ (1:20). ამის მიუხედავად, ხალხი ქმნილებებს ეთაყვანება. იუდეველებმა მკაცრად არ უნდა გაასამართლონ უცხოტომელები, რადგან თვითონაც ცოდვილები არიან. იუდეველებიც და უცხოტომელებიც თავიანთი საქმეებისამებრ გასამართლდებიან, რადგან ღმერთი მიუკერძოებელია. წინადაცვეთა გადამწყვეტი არ არის. „იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია“ (2:29).
9. ა) რა უპირატესობა აქვთ იუდეველებს, მაგრამ რომელი მუხლები მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, რომ ყველა ცოდვილია? ბ) რის საფუძველზე ხდება ადამიანის მართლად აღიარება და ვისი მაგალითით შეიძლება ამ აზრის დადასტურება?
9 მართლად აღიარება რწმენის საფუძველზე (3:1—4:25). „მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველს“? მათი დიდი უპირატესობა იმაშია, რომ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ. მაგრამ „იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან“ და ღვთის თვალში არავინ არის „მართალი“. ამ აზრის მხარდასაჭერად ებრაული წერილებიდან შვიდი ციტატაა მოყვანილი (რომ. 3:1, 9—18; ფსალმ. 14:1—3; 5:9; 140:3; 10:7; იგავ. 1:16; ეს. 59:7, 8; ფსალმ. 36:1). კანონი ააშკარავებს იმას, რომ ადამიანი ცოდვილია. „კანონით დადგენილი საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ იქნება აღიარებული მართლად“. მაგრამ ღვთის წყალობა და გამოსასყიდით გათავისუფლება იუდეველებსაც და ბერძნებსაც აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რწმენით იყვნენ „აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად“ (რომ. 3:20, 28). ამ აზრს პავლე განამტკიცებს აბრაამის მაგალითით, რომელიც რწმენის გამო ჩაითვალა მართლად და არა საქმეების ან წინადაცვეთის გამო. ამრიგად, აბრაამი გახდა არა მარტო იუდეველების, არამედ ‘ყველა მორწმუნის მამა’ (4:11).
10. ა) როგორ გამეფდა სიკვდილი? ბ) რა მოჰყვა ქრისტეს მორჩილებას, მაგრამ რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს ცოდვასთან დაკავშირებით?
10 ცოდვის მონობიდან მართლად აღიარებამდე (5:1—6:23). ერთი ადამიანის, ადამის, მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი. „ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (5:12). სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე. მას შემდეგ, რაც ებრაელებს მოსეს კანონი მიეცათ, ‘შეცოდებები გამრავლდა’ და სიკვდილი კვლავ მეფობდა. მაგრამ ღვთის წყალობა უფრო უხვად გამოვლინდა და ქრისტეს მორჩილებით მრავალი ხდება მართალი მარადიული სიცოცხლისთვის. და მაინც, ეს არ იძლევა ცოდვაში დარჩენის უფლებას. ქრისტეში მონათლულები უნდა დაიხოცონ ცოდვისთვის. მათ ძველი პიროვნება ბოძზე უნდა გააკრან, რათა ღვთისთვის იცოცხლონ. ცოდვა აღარ მეფობს მათზე. ისინი სიმართლეს ემონებიან სიწმინდისთვის. „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (6:23).
11. ა) რა მაგალითი მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, რომ ებრაელი ქრისტიანები კანონისგან გათავისუფლებულნი არიან? ბ) რა გახდა ცხადი კანონის მეშვეობით და რა ბრძოლა მიმდინარეობს თითოეულ ქრისტიანში?
11 კანონისთვის დახოცილნი ცოცხლდებიან სულით ქრისტესთან ერთობაში (7:1—8:39). პავლეს მოჰყავს გათხოვილი ქალის მაგალითი, რომელიც ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან; ქმრის სიკვდილის შემთხვევაში კი თავისუფლდება და შეუძლია სხვაზე გათხოვდეს. ამ მაგალითით პავლე განმარტავს, რომ ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით ებრაელი ქრისტიანები დაიხოცნენ კანონისთვის და გათავისუფლდნენ, რათა ქრისტესნი გამხდარიყვნენ და ნაყოფი გამოეღოთ ღვთისთვის. წმინდა კანონმა ცხადი გახადა ცოდვა, ცოდვამ კი სიკვდილი მოიტანა. ცოდვა ჩვენს ხორციელ სხეულებში მკვიდრობს და ებრძვის კარგის კეთების სურვილს. პავლე ამბობს: „რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ . . . ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს“ (7:19, 20).
12. როგორ ხდება ზოგი ქრისტეს თანამემკვიდრე და რა გაგებით არიან ისინი გამარჯვებულები?
12 რა დაიხსნის ადამიანს ამ მდგომარეობიდან? ღმერთს შეუძლია თავისი სულით გააცოცხლოს ყველა, ვინც ქრისტეს ეკუთვნის. ისინი განდიდდებიან, რადგანაც ღმერთი შვილებად იღებს მათ და მართლებად აცხადებს, რის შედეგადაც ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი ხდებიან. პავლე მათ ეუბნება: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?“. ვერავინ! ამიტომ ის ამბობს: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისით, ვინც შეგვიყვარა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (8:31, 35, 37—39).
13. ა) წინასწარმეტყველების თანახმად, ვის მიიჩნევს ღმერთი ნამდვილ ისრაელად, და რის საფუძველზე? ბ) რატომ უარყო ღმერთმა ხორციელი ისრაელი და რა არის საჭირო გადასარჩენად?
13 „ისრაელს“ გადაარჩენს რწმენა და ღვთის წყალობა (9:1—10:21). პავლე „დიდ მწუხარებას“ გამოთქვამს ისრაელ თანამოძმეთა მდგომარეობის გამო და აღნიშნავს, რომ წარმოშობით ისრაელთაგან ყველა არაა ნამდვილი ისრაელი. ღმერთს აქვს უფლება, თავისი სურვილით აირჩიოს, ვის იშვილებს და ვის — არა. როგორც მეთუნის მაგალითიდან და ფარაონისადმი ღვთის დამოკიდებულებიდან ჩანს, „ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“ (9:2, 6, 16). როგორც ოსიამ იწინასწარმეტყველა დიდი ხნით ადრე, ძეებად მოწოდებულნი არიან „არა მხოლოდ იუდეველთაგან, არამედ უცხოტომელთაგანაც“ (ოს. 2:23). ისრაელები ღმერთმა უარყო, რადგანაც ისინი ‘რწმენით კი არ ისწრაფოდნენ მისკენ, არამედ საქმეებით’ და მათ ფეხი წამოჰკრეს ქრისტეს, „დაბრკოლების ქვას“ (რომ. 9:24, 32, 33). მათ ჰქონდათ „ღვთისთვის მოშურნეობა . . . მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“. ქრისტე კანონის დასასრულია მათთვის, ვინც რწმენას ავლენს სიმართლის მისაღწევად. გადასარჩენად ადამიანმა სახალხოდ უნდა აღიაროს, რომ „იესო უფალია“ და ირწმუნოს, რომ „ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი“ (10:2, 9). მქადაგებლები იმისთვის არიან გაგზავნილნი, რომ გადასარჩენად ყველა ეროვნების ადამიანებს მიეცეთ მოსმენის, რწმენის გამოვლენისა და იეჰოვას სახელის მოხმობის შესაძლებლობა.
14. რას განმარტავს პავლე ზეთისხილის მაგალითით?
14 ზეთისხილის მაგალითი (11:1—36). წარმოშობით ისრაელთაგან ღმერთმა აირჩია ზოგი, რადგან მათ მიმართ წყალობა გამოავლინა. უმრავლესობის დაბრკოლებამ ‘ხსნა მოუტანა უცხოტომელებს’ (11:11). პავლე ხატოვნად ამბობს, რომ არაებრაელები დაემყნენ ზეთისხილის ხეს, რადგან ებრაელებმა რწმენა არ გამოავლინეს. მაგრამ არაებრაელებს არ უნდა უხაროდეთ ისრაელის უარყოფა. თუ ღმერთმა ბუნებრივი ტოტები არ დაინდო, არც ველურ ტოტებს ანუ უცხოტომელებს დაინდობს.
15. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცოცხალი მსხვერპლი შევწიროთ ღმერთს?
15 გონების განახლება; უმაღლესი ხელისუფალნი (12:1—13:14). პავლე ქრისტიანებს ურჩევს, წარუდგინონ ღმერთს თავიანთი სხეულები ცოცხალ მსხვერპლად, ‘აღარ იცხოვრონ ქვეყნიერების ყაიდაზე’, ‘განიახლონ გონება და გარდაიქმნან’. ისინი არ უნდა იყვნენ ქედმაღლები. ადამიანის სხეულის მსგავსად, ქრისტეს სხეულს ბევრი ნაწილი აქვს. მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ, მაგრამ ერთობაში არიან. ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. შურისძიება იეჰოვას მიანდეთ. სძლიეთ „ბოროტებას სიკეთით“ (12:2, 21).
16. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს უმაღლეს ხელისუფალთა და სხვა ადამიანთა მიმართ?
16 დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ. ისინი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. კარგი აკეთეთ და არავისი არაფერი გემართოთ ერთმანეთის სიყვარულის გარდა. ხსნა ახლოვდება, ამიტომ „მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით“ (13:12). იარეთ წესიერებით და არა ხორცის სურვილებით.
17. რა რჩევებს იძლევა პავლე სხვების გასამართლებასთან და სუსტების დახმარებასთან დაკავშირებით?
17 გულთბილად, მიუკერძოებლად მიიღეთ ერთმანეთი და ნუ გაასამართლებთ (14:1—15:33). ნუ გაასამართლებთ მათ, ვინც სუსტია რწმენაში, უარს ამბობს ზოგიერთ საკვებზე ან დღეებს იცავს. ნურც გაასამართლებთ ძმებს და ნურც დააბრკოლებთ ჭამა-სმით, რადგან ღმერთი გაასამართლებს ყველას. ისწრაფეთ მშვიდობისკენ და ატარეთ სხვების სისუსტეები.
18. ა) კიდევ რა ციტატები მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი არაებრაელებსაც იწონებს? ბ) როგორ ავლენს პავლე მადლიერებას ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობისთვის?
18 პავლე მოციქული წერს: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“. მას კიდევ ოთხი ციტატა მოჰყავს ებრაული წერილებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი ხნით ადრე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებში ღვთის დაპირებები არაიუდეველებსაც უკავშირდებოდა (რომ. 15:4, 9—12; ფსალმ. 18:49; კან. 32:43; ფსალმ. 117:1; ეს. 11:1, 10). ამიტომ პავლე ქრისტიანებს ურჩევს: „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად, ღვთის სადიდებლად“ (რომ. 15:7). ის მადლიერებას გამოხატავს იმისათვის, რომ ღმერთმა წყალობა გამოავლინა მის მიმართ, რათა ყოფილიყო „უცხოტომელებთან წარგზავნილი, ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში ჩაბმული“. პავლეს სურს, ყოველთვის ახალ ტერიტორიებზე იქადაგოს, ‘რათა სხვის მიერ ჩაყრილ საძირკველზე არ ააშენოს’. იერუსალიმში შესაწირავების წაღების შემდეგ ის გეგმავს უფრო შორეულ მოგზაურობას ესპანეთში და გზად რომში მცხოვრები სულიერი ძმების მონახულებას „ქრისტესგან სრული კურთხევის“ მისატანად (15:16, 20, 29).
19. ვის უთვლის პავლე მოკითხვას წერილის ბოლოს და რას ურჩევს მათ?
19 მოკითხვები (16:1—27). პავლე მოკითხვას უთვლის რომის კრების წევრებს, რომელთაგანაც 26-ს სახელით მოიხსენიებს. ის ურჩევს, რომ მოერიდონ მათ, ვინც უთანხმოებებს იწვევს, ‘ბრძენნი იყვნენ სიკეთისთვის და გულუბრყვილონი ბოროტებისთვის’. ყველაფერი ღვთის განდიდებას უნდა ემსახურებოდეს „იესო ქრისტეს მეშვეობით“ (16:19, 27).
რატომ არის სასარგებლო
20. ა) რა ლოგიკური არგუმენტებია მოყვანილი „რომაელებში“ ღვთის არსებობის დასამტკიცებლად? ბ) რა მაგალითი მოჰყავს პავლეს ღვთის სიმართლისა და გულმოწყალების საჩვენებლად, და რას აღნიშნავს ის შემდეგ?
20 ამ წიგნში მოყვანილია ლოგიკური არგუმენტები ღვთის არსებობის დასამტკიცებლად. მასში ნათქვამია: „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“. გარდა ამისა, მასში ყურადღება მახვილდება ღვთის სიმართლეზე, გულმოწყალებასა და წყალობაზე. ეს თვისებები კარგად ჩანს ზეთისხილის მაგალითიდან, რომელსაც ბუნებრივი ტოტები მოკვეთეს, რათა ველური ტოტები დაემყნოთ. ღვთის სიმკაცრესა და სიკეთეზე მსჯელობის შემდეგ პავლემ აღნიშნა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (1:20; 11:33).
21. როგორ ჰფენს „რომაელები“ უფრო მეტ ნათელს ღვთის წმინდა საიდუმლოს?
21 აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი „რომაელები“ უფრო მეტ ნათელს ჰფენს ღვთის წმინდა საიდუმლოს. ქრისტიანულ კრებაში აღარ არის განსხვავება იუდეველებსა და უცხოტომელებს შორის. ღმერთი ყველა ეროვნების ადამიანების მიმართ ავლენს წყალობას იესო ქრისტეს მეშვეობით. „ღმერთი მიუკერძოებელია . . . იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“. „არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რადგან უფალი ყველასთვის ერთია. ის გულუხვია ყველასთვის, ვინც მას უხმობს“. ისინი რწმენით არიან მართლებად აღიარებული და არა საქმეებით (2:11, 29; 10:12; 3:28).
22. რა პრაქტიკული რჩევებია ჩაწერილი „რომაელებში“ მათთან ურთიერთობაზე, ვინც არ მიეკუთვნება ქრისტიანულ კრებას?
22 რომაელი ქრისტიანებისთვის მიცემული პრაქტიკული რჩევები სასარგებლოა დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც, რომლებიც მსგავს პრობლემებს ხვდებიან ქვეყნიერებაში. პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს, ‘მშვიდობიანად იყვნენ ყველასთან’, მათთანაც კი, ვინც არ მიეკუთვნება ქრისტიანულ კრებას. ყოველი სული უნდა „დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“, რადგან ისინი ღვთისგან არიან დადგენილნი და საშიშნი არიან არა კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ცუდს აკეთებს. ქრისტიანები ემორჩილებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს არა მარტო დასჯის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც. ამიტომ ისინი იხდიან გადასახადებს, ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ‘ვისაც რა ეკუთვნის, იმას აძლევენ’. მათ არავისი არაფერი მართებთ, „გარდა ერთმანეთის სიყვარულისა“. სიყვარული კანონის შესრულებაა (12:17—21; 13:1—10).
23. როგორ ამახვილებს პავლე ყურადღებას სახალხოდ დამოწმებაზე და რა მაგალითი მოგვცა მან, როგორც მქადაგებელმა?
23 პავლე ყურადღებას ამახვილებს სახალხოდ დამოწმებაზეც. მართალია ადამიანს გულით უნდა სწამდეს სიმართლის მისაღწევად, მაგრამ გადასარჩენად აუცილებელია „სახალხოდ აღიარება“. „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. ადამიანებმა ღვთის სახელს რომ მოუხმონ, საჭიროა სასიხარულო ცნობის ქადაგება. ბედნიერებაა იმ მქადაგებელთა შორის ყოფნა, რომელთა ხმაც „მსოფლიოს კიდით კიდემდე“ გაისმის! (10:13, 15, 18). კარგი მქადაგებლები რომ ვიყოთ, პავლეს მსგავსად კარგად უნდა ვერკვეოდეთ წმინდა წერილებში. მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთში (10:11—21) პავლეს არაერთი ციტატა აქვს მოყვანილი ებრაული წერილებიდან (ეს. 28:16; იოელ. 2:32; ეს. 52:7; 53:1; ფსალმ. 19:4; კან. 32:21; ეს. 65:1, 2). მას ჰქონდა შემდეგი სიტყვების თქმის საფუძველი: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4).
24. რა რჩევას აძლევს ქრისტიანებს პავლე გულმოდგინებასთან და ჯანსაღ ურთიერთობასთან დაკავშირებით?
24 პავლე კარგ რჩევას აძლევს ქრისტიანული კრების წევრებს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეროვნების, რასის თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყველამ უნდა განიახლოს გონება, რათა ღმერთს შეუსრულოს წმინდა მსახურება მისი „კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ ნებისამებრ (11:17—22; 12:1, 2). მართლაც გონივრულ რჩევებს გვაძლევს პავლე რომაელების 12:3—16-ში! მისი რჩევები ეხება გულმოდგინებისა და თავმდაბლობის განვითარებას, აგრეთვე სათუთი გრძნობების გამოვლენას ქრისტიანულ კრებაში. ბოლო თავებში პავლე შეაგონებს ქრისტიანებს, ერიდონ მათ, ვინც უთანხმოებებს იწვევს. გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თანაქრისტიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა სიხარულს გვანიჭებს და ძალების აღდგენაში გვეხმარება (16:17—19; 15:7, 32).
25. ა) რას ამბობს პავლე ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით? ბ) რა მხრივ არის „რომაელების“ შესწავლა სასარგებლო?
25 ქრისტიანებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ერთმანეთთან ურთიერთობას. „ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული წმინდა სულში“ (14:17). სიმართლე, მშვიდობა და სიხარული განსაკუთრებით შეიმჩნევა ქრისტეს თანამემკვიდრეთა შორის, რომლებიც მასთან ერთად უნდა განდიდდნენ ზეციერ სამეფოში. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჰფენს უფრო მეტ ნათელს „რომაელები“ ედემის ბაღში სამეფოსთან დაკავშირებით წარმოთქმული დაპირების შესრულებას: „მშვიდობის მომცემი ღმერთი კი მალე შემუსრავს სატანას თქვენ ფეხქვეშ“ (რომ. 8:17; 16:20; დაბ. 3:15). ვინაიდან გვწამს ამ უდიდესი ჭეშმარიტების, დაე, ავივსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით, და ვიუხვოთ იმედში. ვისწრაფოთ იმისკენ, რომ გავიმარჯვოთ სამეფოს შთამომავალთან ერთად. ყოველთვის გვჯეროდეს, რომ ვერავინ, ვერც ზეცაში და ვერც დედამიწაზე, „ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომ. 8:39; 15:13).
[სქოლიო]
a Our Bible and the Ancient Manuscripts, 1958, გვ. 188.