საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 197-გვ. 201
  • იუდეველები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იუდეველები
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის ისრაელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოზე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ქრისტიანი მოწმეები ზეციერი მოქალაქეობით
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-10
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 197-გვ. 201

იუდეველები

განმარტება: ამ სიტყვაში გულისხმობდნენ ებრაელებს და მათ, ვინც იუდაიზმს იღებდა. ბიბლიის თანახმად, ზოგი ქრისტიანი სულიერი გაგებით არის იუდეველი და ისინი შეადგენენ „ღვთის ისრაელს“.

არის დღეს ებრაელი ხალხი ღვთის რჩეული ერი?

ბევრ ებრაელს სჯერა, რომ ეს ასეა. ერთ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „რჩეული ერი — ისრაელი ხალხის გავრცელებული სახელწოდება, რომელშიც ნაგულისხმევია ის აზრი, რომ უზენაეს ღმერთთან მათ აქვთ განსაკუთრებული და პრივილეგიური ურთიერთობა. ამ აზრს ყოველთვის უმთავრესი ადგილი ეკავა იუდეველთა ცნობიერებაში“ („Encyclopaedia Judaica“, იერუსალიმი, 1971, ტ. V, სვ. 498) (იხილეთ მეორე კანონის 7:6—8; გამოსვლის 19:5).

მსგავსი შეხედულება აქვს ბევრს ქრისტიანულ სამყაროშიც. ერთ გაზეთში აღნიშნული იყო: «ეკლესიის საუკუნოვანი სწავლების საპირისპიროდ, რომლის თანახმადაც ღმერთმა უარყო თავისი ხალხი და ახალი ისრაელით შეცვალა, ის [პოლ ვან ბიურენი, ფილადელფიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის თეოლოგი] ამბობს, რომ ეკლესიების დღევანდელი პოზიციით „ღმერთსა და იუდეველებს შორის დადებული შეთანხმება მარადიულია. ეს სიახლე მისაღები გახდა როგორც პროტესტანტებისთვის, ისე კათოლიკეებისთვის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს“» („Atlanta Journal and Constitution“, 22 იანვარი, 1983, გვ. 5-B). „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამი იყო: „კონსერვატიულად განწყობილი პროტესტანტები უდიდეს ინტერესს ავლენენ ისრაელის მიმართ და თვლიან, რომ ყველაფერი, რასაც ისრაელი აკეთებს, მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ღმერთი ისრაელის მხარესაა, — განაცხადა მეთოდისტმა ტიმოთი სმითმა, ჯონ ჰოპკინზის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორმა“. ქრისტიანულ სამყაროში ზოგი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ყველა ებრაელი მოიქცევა ქრისტიანობაზე და გადარჩება. ზოგი კი თვლის, რომ ღმერთსა და ისრაელს შორის განუყოფელი კავშირი არსებობს და ამიტომ მხოლოდ არაებრაელებს სჭირდებათ ღმერთთან შერიგება ქრისტეს მეშვეობით.

დავფიქრდეთ: ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს ღვთისგან ბოძებულ მიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უნდა აღედგინათ. ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც მათ მოჰკიდეს ხელი, იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის აღდგენა იყო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტაძარი აღარასდროს აღდგენილა მას შემდეგ, რაც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს. ამჟამად ტაძრის ადგილას მუსლიმანთა სამლოცველოა. ებრაელი ხალხი, რომელიც დღემდე მოსეს კანონს მიჰყვება, ღვთის რჩეული ერი რომ იყოს, განა არ იქნებოდა დღეს აღდგენილი ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ტაძარი?

მათ. 21:42, 43: «იესომ უთხრა მათ [იუდეველთა უფროს მღვდლებსა და უხუცესებს იერუსალიმში]: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა მთავარ ქვაკუთხედად იქცა; ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“? ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს».

მათ. 23:37, 38: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“.

იძლეოდა აბრაამთან დადებული შეთანხმება იმის გარანტიას, რომ იუდეველები ყოველთვის იქნებოდნენ ღვთის რჩეულები?

გალ. 3:27—29: „ყველა, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთი ხართ შემოსილი. არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში. და თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (ადამიანი აბრაამის შთამომავლად რომ ჩაითვალოს, ღვთის თვალსაზრისით აუცილებელი აღარაა, რომ ის წარმოშობით ებრაელი იყოს).

ირწმუნებს ქრისტეს ყველა იუდეველი გადასარჩენად?

რომ. 11:25, 26: «არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს წმინდა საიდუმლო, რათა გონიერები არ გეგონოთ საკუთარი თავი: ისრაელის ნაწილს მანამდე ექნება გული გაქვავებული, სანამ უცხოტომელთაგან სრული რიცხვი არ შეივსება. ასე [„და ასე“, სსგ, აფ, ბერძნულად „უტოს“] გადარჩება მთელი ისრაელი» (აღსანიშნავია, რომ „მთელი ისრაელის“ გადარჩენის პირობა ‘უცხოტომელთაგან შევსებაა’ და არა ყველა იუდეველის მოქცევა. ერთი ლექსიკონის თანახმად, „უტოს“ განიმარტება როგორც „ასე, ამგვარად, ასეთი სახით“ [„A Manual Greek Lexicon of the New Testament“, ჯ. ებოტ-სმითი, ედინბურგი, 1937, გვ. 329]).

სწორად რომ გავიგოთ რომაელების 11:25, 26, უნდა გავითვალისწინოთ ამავე წერილში ჩაწერილი სიტყვები: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“ (2:28, 29). „ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი“ (9:6).

უნდა ირწმუნონ იუდეველებმა იესო ქრისტე, თუ სურთ გადარჩენა?

ესაიას 53:1—12-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია მოკვდებოდა ‘მრავალთა ცოდვის სატარებლად და შემცოდველების საშუამდგომლოდ’. დანიელის 9:24—27-ში მესიის მოსვლა და სიკვდილი დაკავშირებული იყო ‘ცოდვისთვის ბოლოს მოღებასთან და დანაშაულის გამოსყიდვასთან’. ორივე მონაკვეთიდან ვხედავთ, რომ იუდეველებს სჭირდებოდათ შუამდგომლობა და მიტევება. მოიწონებდა მათ ღმერთი, თუ უარყოფდნენ მესიას, რომელიც მან გამოგზავნა?

საქ. 4:11, 12: «[წმინდა სულით აღძრულმა მოციქულმა პეტრემ იუდეველ მმართველებსა და უხუცესებს იერუსალიმში იესო ქრისტეს შესახებ უთხრა:] ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა“. სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (მართალია ისრაელ ერს აღარა აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ ცალკეულ ებრაელებს, ისევე როგორც სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, აქვთ გადარჩენის შესაძლებლობა მესიის, იესოს, წყალობით).

სრულდება დღეს ისრაელში მიმდინარე მოვლენებით ბიბლიური წინასწარმეტყველებები?

ეზეკ. 37:21, 22: «აი რას ამბობს . . . უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, გამომყავს ისრაელის ძეები იმ ხალხებიდან, რომლებთანაც წასული იყვნენ, შევკრებ მათ ყველა მხრიდან და მივიყვან თავიანთ მიწაზე; ერთ ხალხად ვაქცევ მათ იმ მიწაზე, ისრაელის მთებზე, და ერთი მეფე ეყოლებათ“» (დღეს ისრაელს არ ჰყავს მეფე დავითის სამეფო ხაზიდან. ისრაელი დღეს რესპუბლიკაა).

ეს. 2:2—4: «უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას. წავა მრავალი ხალხი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ . . . ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“» (დღევანდელ იერუსალიმში, სადაც ერთ დროს ტაძარი იდგა, არ არის „იაკობის ღვთის სახლი“. მის ადგილზე მუსლიმანთა სამლოცველოა. გარდა ამისა, არც ისრაელი და არც მისი მეზობელი ქვეყნები არ ცდილობენ „მახვილებისგან სახნისების“ გამოჭედვას. ისინი სამხედრო ძალაზე არიან დაიმედებულნი).

ეს. 35:1, 2: „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება; გაიფურჩქნება და სიხარულითა და მხიარული შეძახილით გაიხარებს. მიეცემა მას ლიბანის დიდება, ქარმელისა და შარონის სიდიადე. ხალხი იხილავს იეჰოვას დიდებას, ჩვენი ღვთის სიდიადეს“ (ისრაელში ბევრი რამ გაკეთდა ტყეების გასაშენებლად და ხელოვნური სარწყავი სისტემის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამ ყოველივეს ქვეყნის ხელმძღვანელები ღმერთს არ მიაწერენ. ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დავით ბენ-გურიონმა, განაცხადა: „ისრაელის მიზანია . . . უდაბნოს ათვისება და აყვავება მეცნიერებისა თუ ახალი მეთოდების წყალობით, და ქვეყნის გადაქცევა დემოკრატიის საყრდენად“).

ზაქ. 8:23: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (რომელი ღმერთია ნაგულისხმევი წინასწარმეტყველებაში? მისი სახელი ებრაულ ენაზე [יהוה, რომელიც, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „იეჰოვა“] ბიბლიის ამ წიგნში 130-ზე მეტჯერ გვხვდება. როცა დღეს ვინმე ამ სახელს ახსენებს, ასკვნიან სხვები, რომ ის ებრაელია? არა. საუკუნეების განმავლობაში ცრურწმენის გამო ებრაელები, მთლიანობაში, არ წარმოთქვამდნენ ღვთის სახელს. ამ წინასწარმეტყველების შესრულებად არ უნდა ჩაითვალოს მზარდი რელიგიური ინტერესი, რომელიც ისრაელთან არის დაკავშირებული).

როგორ უნდა ავხსნათ ის, რაც დღეს ისრაელში ხდება? ეს, უბრალოდ, მსოფლიოში განვითარებული იმ მოვლენების შედეგია, რომლებიც ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს უკავშირდება. მაგალითად, ბიბლია მოიხსენიებს ომებს, უკანონობას, სიყვარულის განელებასა და ფულის სიყვარულს (მათ. 24:7, 12; 2 ტიმ. 3:1—5).

ვისზე სრულდება ისრაელის აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები?

გალ. 6:15, 16: „არც წინადაცვეთაა რამე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ ახალი ქმნილება. მშვიდობა და გულმოწყალება მათ, ვინც ამ წესის შესაბამისად ივლის, დიახ, ღვთის ისრაელს“ (ამგვარად, „ღვთის ისრაელის“ წევრად რომ ვინმე ჩაითვალოს, აღარ არის საჭირო იმ მითითების შესრულება, რომელიც აბრაამს მიეცა წინადაცვეთასთან დაკავშირებით. როგორც გალატელების 3:26—29-დან ჩანს, ვინც „ქრისტესია“ და ღვთის სულით ცხებული ძეა, „ნამდვილად აბრაამის შთამომავალია“).

იერ. 31:31—34: „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელის სახლსა და იუდას სახლს . . . აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს ან თავის ძმას და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა! რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები“ (ეს ახალი შეთანხმება დაიდო არა ხორციელ ისრაელთან, არამედ იესო ქრისტეს ერთგულ მიმდევრებთან, რომლებსაც ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ. როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, იესომ მოწაფეებს სასმისით ღვინო გადააწოდა და უთხრა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“ [1 კორ. 11:25]).

გამოცხ. 7:4: „გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი, ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ (შემდეგ მუხლებში მოხსენიებულია „ლევის ტომი“ და „იოსების ტომი“. ისინი არ შედიოდნენ ისრაელის 12 ტომში. ამ მუხლში ნათქვამია, რომ ბეჭედდასმულნი „ყველა ტომიდან“ იქნებოდნენ, მაგრამ დანისა და ეფრემის ტომები არ არის მოხსენიებული [შეადარეთ რიცხვების 1:4—16]. აქ უნდა იგულისხმებოდეს ღვთის სულიერი ისრაელი, რომლის წევრებიც, გამოცხადების 14:1—3-დან გამომდინარე, ქრისტესთან ერთად იქნებიან ზეციერ სამეფოში).

ებრ. 12:22: „თქვენ კი მიუახლოვდით სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს; მიუახლოვდით უთვალავ ანგელოზს“ (ჭეშმარიტ ქრისტიანებს სწამთ, რომ ღვთის დაპირებები სრულდება არა მიწიერ, არამედ „ზეციერ იერუსალიმზე“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება