ქრისტიანული ოჯახი ეხმარება ხანდაზმულებს
„ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნი 70:9).
„გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხანდაზმულებს შორის დაახლოებით შვიდიდან ექვსს (86%) ოჯახში ცუდად ეპყრობიან“ — ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნელ“-ში (The Wall Street Journal). ჟურნალი „მოდერნ მეტუერიტი“ (Modern Maturity) იუწყებოდა: „მოხუცებისადმი ცუდად მოპყრობა არის [ოჯახურ ძალმომრეობებს შორის] უკანასკნელი ცნობა, რომელიც უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს და გამოდის ამერიკული გაზეთების ფურცლებზე“. დიახ, მრავალ კულტურაში ხანდაზმულები გახდნენ უხეში მოპყრობისა და აბუჩად აგდების მსხვერპლი. ახლა ნამდვილად ისეთი დროა, როცა ბევრნი არიან „თავმოყვარენი. . . უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი“ (2 ტიმოთე 3:1–3).
2 მაგრამ ძველ ისრაელში ხანდაზმულებს სხვაგვარად უნდა მოქცეოდნენ. კანონი იუწყებოდა: „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!“ ინსპირირებული ბრძნული იგავების წიგნი გვირჩევს: „გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“. ის გვიბრძანებს: „ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“. მოსეს კანონი ასწავლიდა პატივისცემასა და მზრუნველობას მოხუცებზე, განურჩევლად სქესისა. ნათელია, იეჰოვას სურს, რომ მოხუცებს პატივისცემით ეპყრობოდნენ (ლევიანნი 19:32; იგავნი 1:8; 23:22).
მოხუცებზე მზრუნველობა ბიბლიურ დროში
3 პატივისცემა უნდა გამოვლენილიყო არა მარტო სიტყვებით, არამედ თავაზიანი მოქმედებითაც. იოსებმა თავისი მოხუცი მამისადმი დიდი თანაგრძნობა გამოავლინა. მას სურდა, რომ იაკობი გამომგზავრებულიყო ქანაანიდან ეგვიპტეში, 300 კილომეტრის მანძილზე. ამიტომ „მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად“. როცა იაკობი გოშენში ჩავიდა, იოსები წავიდა მასთან შესახვედრად, „ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი“. იოსებმა მამისადმი ღრმა სიყვარული გამოავლინა. მოხუცებისადმი პატივისცემის რა შთამბეჭდავი მაგალითია! (დაბადება 45:23; 46:5, 29).
4 ხანდაზმულებისადმი ყურადღების გამოხატვის სხვა შესანიშნავი მისაბაძი ნიმუშია რუთი. მიუხედავად იმისა, რომ წარმართი იყო, მან არ მიატოვა თავისი მოხუცი, იუდეველი დედამთილი, ნაყომი. რუთმა დატოვა საკუთარი ხალხი და წავიდა რისკზე, დარჩენილიყო უქმროდ. როცა ნაყომი ძალას ატანდა დაბრუნებულიყო თავის ხალხში, რუთმა უპასუხა ბიბლიის ულამაზესი სიტყვებით: „ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია. სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა“ (რუთი 1:16, 17). რუთმა, ასევე, კარგი თვისება გამოავლინა, როცა ლევირატის წესის მიხედვით დაქორწინდა ხანდაზმულ ბოყაზზე (რუთი 2—4 თავები).
5 ადამიანებისადმი მოპყრობის ასეთივე მაგალითი დატოვა იესომ. ის იყო მომთმენი, თანამგრძნობი, გულკეთილი და გამომაცოცხლებელი. ის პირადად დაინტერესდა ღარიბი ადამიანით, რომელიც 38 წლის განმავლობაში ხეიბარი იყო და ვერ დადიოდა, და განკურნა. მან ყურადღება გამოავლინა ქვრივების მიმართ (ლუკა 7:11–15; იოანე 5:1–9). ტკივილებით აღსავსე სიკვდილის წინ, წამების ძელზე სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი, მან იზრუნა, უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ თავისი, შესაძლოა, 50 წელს გადაცილებული დედა. იესოსთან ურთიერთობა, მისი თვალთმაქცი მტრების გარდა, ყველასთვის გამომაცოცხლებელი იყო. ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მათე 9:36; 11:28, 29; იოანე 19:25–27).
ვინ იმსახურებს ყურადღებას?
6 რამდენადაც იეჰოვა ღმერთმა და მისმა ძემ, იესო ქრისტემ, მზრუნველობის ასეთი შესანიშნავი მაგალითი დატოვეს, აუცილებელია, ღმერთისადმი მიძღვნილმა ქრისტიანებმა მიბაძონ მათ მაგალითს. ჩვენს შორის არიან ხანდაზმული დები და ძმები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მძიმედ შრომობდნენ და სიძნელეებს იტანდნენ, და რომლებსაც სიცოცხლის შემოდგომა დაუდგათ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჩვენი მშობლები ან ბებიები და პაპები არიან. ვაფასებთ თუ არა მათ? ვართ თუ არა მათ მიმართ მზრუნველნი და შემწყნარებელნი? ან ნამდვილად ვაფასებთ მათ დიდ გამოცდილებასა და სიბრძნეს? მართალია, ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჩვენს მოთმინებას ცდის თავისი იდიოსინკრაზიითა და სისუსტეებით, რაც ხანდაზმულობის ასაკში იშვიათი არ არის. მაგრამ საკუთარ თავს დაუსვი კითხვა: „რამდენად განსხვავებული ვიქნებოდი მე, მათ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი?
7 ახლო აღმოსავლეთში არსებობს პატარა გოგონას მიერ მოხუცებისადმი თანაგრძნობის გაწევის გულში ჩამწვდომი ამბავი. ბებია სამზარეულოში საქმიანობდა, შემთხვევით ფაიფურის თეფში ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. ის გაღიზიანდა თავის მოუქნელობაზე; მისი გოგო კი გაბრაზდა. დაუძახა თავის პატარა გოგონას და მაღაზიაში გაგზავნა ბებიასთვის ხის თეფშის საყიდლად. გოგონა სახლში ორი ხის თეფშით დაბრუნდა. დედამ ჰკითხა: „რატომ იყიდე ორი თეფში?“ შვილმა გაუბედავად უპასუხა: „ერთი ბებიასთვის, მეორე კი შენთვის, როცა დაბერდები“. დიახ, ამქვეყნიერებაში ყველას მოგველის სიბერე. ნუთუ არ დავაფასებდით, რომ მოგვქცეოდნენ მოთმინებითა და სიკეთით? (ფსალმუნი 70:9).
8 არასდროს დაივიწყო, რომ მრავალმა ჩვენმა ხანდაზმულმა დამ და ძმამ ქრისტიანული ერთგულების დიდი გზა განვლო. მათ ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენი პატივისცემა და ყურადღება, თავაზიანი დახმარება და გამხნევება. სწორად ამბობდა ბრძენი ადამიანი: „დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება“. და ამ ჭაღარას პატივი უნდა ვცეთ. ამ ხანდაზმული მამაკაცებიდან თუ ქალებიდან ზოგიერთი ჯერაც მსახურობს, როგორც ერთგული პიონერი და მრავალი მამაკაცი აგრძელებს კრებაში უხუცესად მსახურებას; ზოგიერთი სამაგალითოდ შრომობს, როგორც მიმომსვლელი ზედამხედველი (იგავნი 16:31).
9 პავლე ტიმოთეს ურჩევდა: „ნუ შერისხავ მოხუცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ახალგაზრდებს — როგორც ძმებს, დედაბრებს — როგორც დედებს, ქალიშვილებს — როგორც დებს, მთელი სიწმინდით“ (1 ტიმოთე 5:1, 2). განსაკუთრებით მათ, რომლებიც უდიერი ქვეყნიერებიდან ახლახან შემოვიდნენ ქრისტიანულ კრებაში, გულთან ახლოს უნდა მიიტანონ პავლეს რჩევა, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე. ახალგაზრდებო, ნუ მიბაძავთ ცუდ დამოკიდებულებებს, რომელსაც, შესაძლოა, სკოლაში ხედავთ! არ განაწყენდეთ ხანდაზმული მოწმეების კარგ რჩევაზე (1 კორინთელთა 13:4–8; ებრაელთა 12:5, 6, 11). მაგრამ როდესაც ხანდაზმულებს ცუდი ჯანმრთელობის ან ფინანსური მდგომარეობის გამო სჭირდებათ დახმარება, უპირველესად, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
ოჯახის როლი ხანდაზმულებზე მზრუნველობაში
10 ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში პრობლემები წამოიჭრა ქვრივებზე მზრუნველობასთან დაკავშირებით. როგორ მიუთითა მოციქულმა პავლემ ასეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე? „პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილად ქვრივები არიან. ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, მათ უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ღმერთისათვის. ხოლო, ვინც არ იზრუნებს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:3, 4, 8).
11 საჭიროების შემთხვევაში, პირველად ოჯახის წევრები უნდა დაეხმარონ ხანდაზმულებსa. ასეთნაირად, მოზრდილ შვილებს შეუძლიათ დააფასონ წლების განმავლობაში მშობლების მიერ გამოვლენილი სიყვარული, შრომა და მზრუნველობა. ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. როცა ადამიანი ბერდება, ის ბუნებრივია ნელა დადის და ზოგიერთები ინვალიდებიც კი ხდებიან. სხვები შეიძლება გახდნენ ეგოისტები და მომთხოვნები, და ვერც კი გრძნობდნენ ამას. მაგრამ ნუთუ ბავშვობაში ჩვენც არ ვიყავით ეგოისტები და მომთხოვნები? გულითადად არ გვეხმარებოდნენ მშობლები? მათი მოხუცებულობის გამო ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ამიტომ, რა არის საჭირო? თანაგრძნობა და მოთმინება. (შეადარე 1 თესალონიკელთა 2:7, 8).
12 მოციქული პავლე იძლეოდა პრაქტიკულ რჩევას, როცა წერდა: „ამიტომ, როგორც ღმერთის რჩეულები, წმიდანები და საყვარლები, შეიმოსეთ მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვისმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ისევე თქვენც. და ყოველივე ამაზე მეტად — სიყვარულით, რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა“. თუ თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოვლენა გვევალება კრებაში, განა უფრო მეტად არ უნდა გამოვავლინოთ ის ოჯახში? (კოლასელთა 3:12–14).
13 ზოგჯერ ასეთი დახმარება შეიძლება საჭირო იყოს არა მხოლოდ მშობლების ან ბებიებისა და პაპების მიმართ, არამედ სხვა ხანდაზმული ნათესავების მიმართაც. ზოგიერთი მოხუცი, რომელსაც არა ჰყავს შვილი, მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა მისიონერულ, მიმომსვლელ და სხვა სრული დროით მსახურებას. ისინი თავიანთ ცხოვრებაში, ნამდვილად, პირველ ადგილზე აყენებდნენ სამეფოს ინტერესებს (მათე 6:33). ნუთუ მართებული არ იქნებოდა მათდამი მზრუნველობის გამოვლენა? ნამდვილად, ჩვენ გვაქვს იმის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ ზრუნავს საგუშაგო კოშკის საზოგადოება ბეთელის ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე. ბრუკლინში, ბეთელის მთავარ განყოფილებასა და საზოგადოების რამდენიმე ფილიალში ზოგიერთ ხანდაზმულ დასა და ძმაზე ყოველდღიურად ზრუნავენ სპეციალურად ამ საქმისთვის მომზადებული ბეთელის ოჯახის წევრები. ისინი სიხარულით ზრუნავენ ამ მოხუცებზე, როგორც საკუთარ მშობლებზე, ბებიებსა და პაპებზე. ამავე დროს, ისინი ბევრ რამეს სწავლობენ მათი გამოცდილებიდან (იგავნი 22:17).
კრების როლი მზრუნველობაში
14 დღეს მრავალ ქვეყანაში მოხუცებისთვის არის საპენსიო სისტემა, ასევე, მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებით. ქრისტიანებს, სადაც ამის უფლება აქვთ, სავსებით შეუძლიათ ისარგებლონ ამ შეღავათებით. მაგრამ პირველ საუკუნეში არ იყო ასეთი დახმარებები. ამიტომ ქრისტიანულმა კრებამ ხელმოკლე ქვრივების დასახმარებლად გადადგა დადებითი ნაბიჯი. პავლე იძლეოდა მითითებას: „ქვრივი არ უნდა იყოს ამორჩეული [კრებისგან დასახმარებლად] სამოც წლისაზე ნაკლები, ერთი ქმრის ნაცოლარი, ცნობილი კარგი საქმეებით, თუ მას გამოუზრდია შვილები, უმასპინძლებია მწირთათვის, ფეხები უბანია წმიდანებისათვის, დახმარებია გაჭირვებულებს და მიჰყოლია ყოველგვარ კეთილ საქმეს“. ამგვარად, პავლემ გვიჩვენა, რომ გარკვეული ვალდებულება მოხუცების დახმარებაში აქვს კრებასაც. სულიერად მოაზროვნე ქალებს, რომლებსაც არ ჰყავდათ მორწმუნე შვილები, შეეძლოთ მიეღოთ ასეთი დახმარება (1 ტიმოთე 5:9, 10).
15 იმ ქვეყნებში, სადაც მოხუცები ღებულობენ დახმარებას, ჩვეულებრივ, საჭიროა დოკუმენტაციის გაფორმება, რამაც შეიძლება დააბნიოს ისინი. ასეთ შემთხვევაში მართებულია კრების ზედამხედველმა მიიღოს ზომები დახმარებისთვის, რათა მოხუცებმა შეიტანონ განცხადება, მიიღონ ეს ან მსგავსი უკეთესი დახმარებაც კი. ზოგჯერ მდგომარეობის შეცვლის შედეგად შეიძლება გაიზარდოს პენსიაც. მაგრამ იმისათვის, რომ ზედამხედველებმა შეძლონ ორგანიზება გაუკეთონ ხანდაზმულებზე ზრუნვას, არსებობს სხვა მრავალი პრაქტიკული საშუალებაც. რომელია ზოგიერთი მათგანი?
16 სტუმართმოყვარეობა არის ჩვეულება, რომელიც ბიბლიური დროიდან მოდის. ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში უცხო პირების მიმართ დღემდე ავლენენ სტუმართმოყვარეობას, სულ მცირე, სთავაზობენ ჭიქა ჩაის ან ყავას. გასაკვირი არ არის, რომ პავლე წერდა: „მონაწილეობა მიიღეთ წმიდანთა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“ (რომაელთა 12:13). სტუმართმოყვარეობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა „ფი·ლო·ქსე·ნი΄ა“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „სიყვარულს (სინაზის გამოვლენას, სიკეთეს) უცხო პირის მიმართ“. თუ ქრისტიანმა სტუმართმოყვარეობა უნდა გამოავლინოს უცხოს მიმართ, უფრო მეტად არ უნდა გამოავლინოს ის თანამორწმუნის მიმართ? ხშირად სადილზე მიპატიჟება მოხუცი ადამიანისთვის ყოველდღიურ რეჟიმში სასიამოვნო ცვლილებაა. თუ გსურს, გაგიზიარონ სიბრძნე და გამოცდილება, მეგობრულ შეხვედრაზე მოიწვიე ხანდაზმულები (შეადარე ლუკა 14:12–14).
17 მოხუცების გასამხნევებლად მრავალი საშუალება არსებობს. თუ ვაყალიბებთ ჯგუფს მანქანით ერთად წასასვლელად სამეფო დარბაზში ან კონგრესზე არის იქ მოხუცი ადამიანი, რომელიც ისურვებდა ჩვენთან ერთად წამოსვლას? ნუ დაელოდები, რომ მათ გთხოვონ ამის შესახებ. თვითონ შესთავაზე შენთან წამოსვლა. სხვა პრაქტიკული დახმარებაა, იარო მათ საყიდლებზე. ან, თუ სურთ, შეგვიძლია თუ არა წავიყვანოთ ისინი ჩვენთან ერთად მაღაზიაში? მაგრამ იზრუნე ადგილზე, სადაც ისინი აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ დასვენებასა და ძალების მოკრებას. უეჭველია, საჭირო იქნება მოთმინება და სიკეთე, მაგრამ მოხუცი ადამიანის გულწრფელი მადლიერება შეიძლება დიდი ჯილდო იყოს (2 კორინთელთა 1:11).
კრების შესანიშნავი განძი
18 რამხელა კურთხევაა, ხედავდე ჭაღაროსნებს (ასევე, ასაკის გამო მელოტებს) კრებაში! ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლით აღსავსეობასა და სიმხნევესთან ერთად გვაქვს სიბრძნე და გამოცდილება — ნებისმიერი კრებისთვის ნამდვილი განძი. მათი ცოდნა გამომაცოცხლებელი წყლის მსგავსია, რომელიც ჭიდან უნდა ამოიღო. როგორც იგავნის 18:4-შია ნათქვამი: „კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი — მოჩუხჩუხე ნაკადული“. რამდენად გამამხნევებელია მოხუცებისთვის, გრძნობდნენ, რომ საჭირონი არიან და აფასებენ! (შეადარე ფსალმუნი 91:15).
19 ზოგიერთმა სრული დროით მსახურმა გადაწყვიტა, რომ მათთვის აუცილებელია, დატოვონ თავიანთი უპირატესობა, იმ მიზნით, რომ დაბრუნდნენ სახლში და იზრუნონ მოხუც, ავადმყოფ მშობლებზე. მათ მსხვერპლი გაიღეს იმათთვის, ვინც ადრე მათთვის გაიღო მსხვერპლი. ერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც ადრე მისიონერები იყვნენ და დღესაც სრული დროით მსახურები არიან, სახლში დაბრუნდა იმ მიზნით, რომ მოევლოთ მოხუცი მშობლებისთვის. ოც წელზე მეტია, რაც ისინი ამას აკეთებენ. ოთხი წლის წინ ამ მამაკაცის დედა მოათავსეს კერძო სანატორიუმში. ეს 60 წელს გადაცილებული კაცი ყოველდღე მიდის თავის 93 წლის დედასთან. ის ამბობს: „როგორ შემიძლია მისი მიტოვება? ის ხომ ჩემი დედაა!“ სხვა შემთხვევებში კრებამ და ასევე, ინდივიდუალურად დებმა და ძმებმა შესთავაზეს, რომ ისინი იზრუნებდნენ მოხუცებზე, რათა მათ შვილებს შესძლებოდათ თავიანთი დანიშნულების ადგილებზე დარჩენა. ასეთი უანგარო სიყვარულიც დიდ ქებას იმსახურებს. საჭიროა თითოეული მდგომარეობის კეთილსინდისიერად გადაწყვეტა, ვინაიდან არ შეიძლება მოხუცების უგულებელყოფა. აჩვენე, რომ შენ გიყვარს მოხუცი მშობლები (გამოსვლა 20:12; ეფესელთა 6:2, 3).
20 ნამდვილად, ჩვენი ხანდაზმული დები და ძმები კრების თუ ოჯახის სილამაზის გვირგვინია. იეჰოვამ თქვა: „შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ“. დაე, ჩვენც გამოვავლინოთ მსგავსი მოთმინება და მზრუნველობა მოხუცი დებისა და ძმების მიმართ ოჯახში (ესაია 46:4; იგავნი 16:31).
[სქოლიოები]
a უფრო დაწვრილებითი ცნობები, თუ როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს დაეხმარონ ხანდაზმულებს, იხილე „საგუშაგო კოშკში“, 1 ივნისი, 1987, 13–18 გვერდები (ინგლ.).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ მოხუცებზე მზრუნველობის რომელი ბიბლიური მაგალითები გვაქვს?
◻ როგორ უნდა მოვეპყრათ ხანდაზმულებს?
◻ როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს იზრუნონ თავიანთ საყვარელ ხანდაზმულ ახლობლებზე?
◻ რისი გაკეთება შეუძლია კრებას ხანდაზმულების დასახმარებლად?
◻ რატომ არიან მოხუცები კურთხევა თითოეული ჩვენგანისთვის?
[სასწავალო კითხვები]
1. როგორ ეპყრობიან ხანდაზმულებს მრავალ კულტურაში?
2. ებრაული წერილების თანახმად, როგორია იეჰოვას თვალსაზრისი ხანდაზმულებზე?
3. როგორ გამოავლინა იოსებმა თანაგრძნობა თავისი მოხუცი მამისადმი?
4. რატომ არის რუთის საქციელი მისაბაძი მაგალითი?
5. რა თვისებები გამოავლინა იესომ ხალხთან ურთიერთობისას?
6. ა) ვინ იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას? ბ) რა კითხვები შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს?
7. რა მაგალითი გვიჩვენებს მოხუცებისადმი თანაგრძნობის აუცილებლობას?
8, 9. ა) როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს შორის მყოფ მოხუცებს? ბ) რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანულ კრებაში ახალ შემოსულებს?
10, 11. ა) ბიბლიის თანახმად, ვინ უნდა აიღოს ინიციატივა მოხუცებზე მზრუნველობაში? ბ) რატომ არ არის ყოველთვის ადვილი ხანდაზმულებზე ზრუნვა?
12. რა თვისებებია საჭირო მოხუცებზე და ასევე, ქრისტიანული კრების თითოეულ წევრზე მზრუნველობისთვის?
13. ხანდაზმული მშობლების, ბებიებისა და პაპების გარდა, ვინ შეიძლება საჭიროებდეს დახმარებას?
14. რა დახმარებას უწევდნენ მოხუცებს ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში?
15. სოციალური უზრუნველყოფის მისაღებად, რატომ შეიძლება გახდეს საჭირო დახმარება?
16, 17. როგორ შეგვიძლია სხვადასხვა სახით გამოვავლინოთ კრებაში მყოფი მოხუცებისადმი სტუმართმოყვარეობა?
18. რატომ არიან მოხუცები კრებისთვის კურთხევა?
19. როგორ გაიღეს მსხვერპლი ზოგიერთებმა მოხუცი მშობლების გულისთვის?
20. ხანდაზმულებზე მზრუნველობის რა მაგალითი მოგვცა იეჰოვამ?