მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
კეთილგონიერი ქალი უბედურებას იცდენს
უკეთურ კაცზე დაქორწინებული გონიერი ქალი — ასეთი იყო აბიგაილისა და ნაბალის სიტუაცია. აბიგაილი „კეთილგონიერი. . . და ლამაზი შესახედავი“ იყო. მისგან განსხვავებით, ნაბალი იყო „უკმეხი და ავისმქმნელი“ (პირველი მეფეთა 25:3). იმან, რაც ამ შეუფერებელ წყვილს გადახდა, სამუდამოდ დაამკვიდრა მათი სახელები ბიბლიურ ისტორიაში. მოდი ვნახოთ, როგორ.
არაფრად ჩაგდებული კეთილგანწყობილება
ძველი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნე იდგა. დავითი ისრაელის მომავალ მეფედ იქნა ცხებული, მაგრამ, ნაცვლად მმართველობისა, ის გაქცევით შველოდა თავს. მმართველ მეფე საულს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომ დავითი იძულებული იყო, ლტოლვილივით ეცხოვრა. საბოლოოდ, მან და მისმა დაახლოებით 600-მა ამხანაგმა თავშესაფარი იპოვეს ფარანის უდაბნოში — იუდას სამხრეთით და სინაის უდაბნოს მიმართულებით (პირველი მეფეთა 23:13; 25:1).
იქ ყოფნის დროს ისინი გადაეყარნენ ერთი მამაკაცის, სახელად ნაბალის, მიერ დაქირავებულ მწყემსებს. ხალების ამ შეძლებულ შთამომავალს ჰყავდა 3 000 ცხვარი და 1 000 თხა და ის ცხვარს პარსავდა ქარმელში — ქალაქში, რომელიც ხებრონის სამხრეთით მდებარეობს, ფარანიდან კი, შესაძლებელია, სულ რაღაც 40 კილომეტრითაა დაშორებულიa. დავითი და მისი ხალხი დაეხმარნენ ნაბალის მწყემსებს უდაბნოში მოხეტიალე ქურდებისგან ფარის დაცვაში (პირველი მეფეთა 25:14–16).
ამასობაში ქარმელში ცხვრის პარსვა დაიწყო. ეს საზეიმო შემთხვევა იყო, როგორც მიწათმოქმედისთვის მოსავლის აღებაა. ეს იყო აგრეთვე ხელგაშლილობის დრო, როცა ცხვრის მფლობელები გასამრჯელოს აძლევდნენ თავიანთ მსახურებს. ამიტომ დავითი კადნიერი არ ყოფილა, როცა ათი მამაკაცი გაგზავნა ქალაქ ქარმელში ნაბალისთვის საჭმლის სათხოვნელად იმ სამსახურის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ გასწიეს მისი ფარის სასარგებლოდ (პირველი მეფეთა 25:4–9).
ნაბალის პასუხში გულუხვობის ნატამალიც კი არ ყოფილა. „ვინ არის დავითი?“ — დამცინავად მიუგო მან. შემდეგ მან დავითი და მისი ხალხი გადაკრული სიტყვით გაქცეულ მსახურებად მოიხსენია და იკითხა: „ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?“ ეს რომ გაიგო, დავითმა თავის ხალხს უთხრა: „ყველამ მახვილები შეიბით წელზე!“ დაახლოებით 400 კაცი საბრძოლველად გაემზადა (პირველი მეფეთა 25:10–13).
აბიგაილის კეთილგონიერება
ნაბალის შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი ცოლის, აბიგაილის, ყურამდე მივიდა. შესაძლებელია, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მას უნდა ეშუამდგომლა და ემოქმედა როგორც ნაბალის მშვიდობისმყოფელს. ყოველ შემთხვევაში, აბიგაილმა არ დააყოვნა. მან ნაბალისთვის უთქმელად მოაგროვა საკვები— ამაში შედიოდა ხუთი ცხვარი და სურსათ-სანოვაგის სიუხვე — და უდაბნოში დავითის შესახვედრად გავიდა (პირველი მეფეთა 25:18–20).
როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, მაშინვე მიწაზე დაემხო მის წინაშე. „ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, — შეეხვეწა მას. — აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან“. შემდეგ დასძინა: „[ნაბალთან დაკავშირებული სიტუაციის გამო] ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს“. ამგვარად, აბიგაილმა შეაკავა დავითი ნაჩქარევი მოქმედებისგან, რომელსაც ის მოგვიანებით ინანებდა (პირველი მეფეთა 25:23–31).
დავითმა მოუსმინა აბიგაილს. «კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე, — უთხრა მან მას. — რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც [„კედელთან მშარდავიც“, აქ] არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს»“b (პირველი მეფეთა 25:32–34).
გაკვეთილი ჩვენთვის
ეს ბიბლიური ცნობა გვიჩვენებს, რომ ღვთისმოსავი ქალისთვის არავითარ შემთხვევაში არ არის არასწორი, საკუთარ თავზე აიღოს მართებული ინიციატივა, თუკი ეს საჭიროა. აბიგაილი მეუღლის სურვილის წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ბიბლია არ კიცხავს მას ამისთვის. პირიქით, ის აქებს მას როგორც წინდახედულობისა და გონიერების მქონე ქალს. კრიზისულ ვითარებაში ინიციატივის გამოჩენით აბიგაილმა მრავალი სიცოცხლე იხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ცოლმა ღვთიური მორჩილება უნდა გამოავლინოს, მას სამართლიანად შეუძლია არ დაეთანხმოს ქმარს, როცა სწორი პრინციპები სასწორზე ძევს. რასაკვირველია, ის უნდა ცდილობდეს, შეინარჩუნოს ‘მშვიდი და წყნარი სული’, და არ უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად, უბრალოდ, ჯიბრით, სიამაყით ან ურჩობით (1 პეტრე 3:4, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). მაგრამ ღვთისმოსავი ცოლი თავს ვალდებულად არ უნდა თვლიდეს, რომ გააკეთოს ის, რაზეც იცის, რომ ძალიან არაკეთილგონივრულია ან თანხმობაში არ არის ბიბლიურ პრინციპებთან. ნამდვილად, ცნობა აბიგაილზე გვთავაზობს დამაჯერებელ არგუმენტს იმათ საწინააღმდეგოდ, ვინც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ბიბლია ქალებს, უბრალოდ, მონებად აღწერს.
ეს ცნობა აგრეთვე თავშეკავებას გვასწავლის. ზოგჯერ დავითი ამ თვისებას სრულიად ავლენდა. მაგალითად, მან უარი თქვა შურისმაძიებელი მეფე საულის მოკვლაზე, იმის მიუხედავადაც კი, რომ ამისთვის საკმაო შესაძლებლობა ჰქონდა, და მისი სიკვდილი მშვიდობას მოუტანდა (პირველი მეფეთა 24:3–8). ამის საპირისპიროდ, ნაბალის შეურაცხმყოფელი უარი დავითისთვის მოულოდნელი იყო და მან დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. ეს ნათელი გაფრთხილებაა ქრისტიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ‘არავის მიაგონ ბოროტის წილ ბოროტი’. ისინი ყველა სიტუაციაში უნდა მიჰყვნენ პავლეს მოწოდებას: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას“ (რომაელთა 12:17–19).
[სქოლიოები]
a ცნობილია, რომ ფარანის უდაბნო ჩრდილოეთით ბერშებამდეა გადაჭიმული. მიწის ეს ნაწილი საკმაოდ დიდ საძოვარს შეიცავდა.
b გამოთქმა „კედელთან მშარდავი“ იყო მამაკაცების აღმნიშვნელი, როგორც ჩანს, ზიზღის გამომხატველი ებრაული იდიომა (შეადარე მესამე მეფეთა 14:10).
[სურათი 15 გვერდზე]
აბიგაილს ძღვენი მიაქვს დავითთან.