მოწმეები ცრუ ღმერთების წინააღმდეგ
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე“ (ესაია 43:10).
ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? დღეს ამ უმნიშვნელოვანესი კითხვის წინაშე მთელი კაცობრიობა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეთაყვანება მრავალ ღმერთს, მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია გვიბოძოს სიცოცხლე და ბედნიერი მომავალი. მხოლოდ მის შესახებ შეიძლება ითქვას: „მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ ღმერთს აქვს სამართლიანი უფლება, რომ თაყვანი სცენ. როგორც ზეციერი გუნდი ამბობს წიგნში „გამოცხადება“: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11).
2 ედემის ბაღში სატანამ მოტყუებით ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უფლება, მისთვის ეცათ თაყვანი. გველის გამოყენებით მან ევას უთხრა, რომ თუ იეჰოვას კანონის წინააღმდეგ წავიდოდა და შეჭამდა იეჰოვას მიერ აკრძალული ხიდან ნაყოფს, თვითონვე გახდებოდა ღვთის მსგავსი. მან თქვა: „იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:5). ევამ დაუჯერა გველს და შეჭამა აკრძალული ნაყოფი.
3 რა თქმა უნდა, სატანამ იცრუა (იოანე 8:44). როცა ევამ შესცოდა, ის მხოლოდ იმით გახდა ‘ღვთის მსგავსი’, რომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გადაეწყვიტა, რა იყო სწორი და რა — არასწორი, და გააკეთა ისეთი რამ, რაზეც იეჰოვას გადაწყვეტილებისთვის უნდა მიემართა. სატანის ტყუილის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, ევა მოკვდა. ასე რომ, ერთადერთი პიროვნება, ვინც ნამდვილად ისარგებლა ევას ცოდვით, იყო სატანა. სინამდვილეში, როცა ევას იყოლიებდა, ცოდვა ჩაედინა, სატანის ფარული მიზანი იყო, რომ თვითონ გამხდარიყო ღმერთი. როდესაც ევამ შესცოდა, ის სატანის პირველი მიმდევარი გახდა ადამიანებიდან და მალე მას ადამიც შეუერთდა. მათი შვილებიდან უმრავლესობა არა მხოლოდ ‘ცოდვაში’ დაიბადა, არამედ ასევე სატანის ზეგავლენაში მოექცა და მოკლე ხანში წარმოიშვა მთელი ქვეყნიერება, რომელიც ჩამოშორდა ჭეშმარიტ ღმერთს (დაბადება 6:5; ფსალმუნი 50:7).
4 ის ქვეყნიერება წარღვნის დროს განადგურდა (2 პეტრე 3:6). წარღვნის შემდეგ წარმოიშვა იეჰოვასგან გაუცხოებული სხვა ქვეყნიერება და ეს ქვეყნიერება დღემდე არსებობს. ამის შესახებ ბიბლია ამბობს: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“ (1 იოანე 5:19). ღვთის კანონის არსისა და დიდი მნიშვნელობის წინააღმდეგ მოქმედებით ეს ქვეყნიერება ემსახურება სატანის მიზანს. ის არის მისი ღმერთი (2 კორინთელთა 4:4). მაგრამ ის, არსებითად, უმწეო ღმერთია. მას არ შეუძლია, გააბედნიეროს ადამიანები ან სიცოცხლე მისცეს მათ; მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ეს. მაშასადამე, ვისაც სურს აზრიანი სიცოცხლე და უკეთესი ქვეყნიერება, პირველ ყოვლისა, უნდა შეიცნოს, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი და შემდეგ ისწავლოს მისი ნების შესრულება (ფსალმუნი 36:18, 27, 28; ეკლესიასტე 12:13). ამიტომ გადაუდებლად საჭიროა, რომ რწმენის მქონე ადამიანებმა დაამოწმონ, ანუ განაცხადონ ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ.
5 კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან ასეთი ერთგული პიროვნებები ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. მოციქული პავლე „ებრაელთა“ მე-11 თავში გვაძლევს მათ გრძელ სიას და მათ უწოდებს ‘მოწმეთა ღრუბელს’ (ებრაელთა 12:1). ადამისა და ევას მეორე ძე, აბელი, პირველია პავლეს სიაში. წარღვნამდე მცხოვრები ენოქი და ნოეც არიან მოხსენიებული (ებრაელთა 11:4, 5, 7). საყოველთაოდ ცნობილია აბრაამი, ებრაელი ერის წინაპარი. აბრაამი, რომელსაც „ღვთის მეგობარი“ ეწოდა, იესოს — ‘ერთგული და ჭეშმარიტი მოწმის’ — წინაპარი გახდა (იაკობი 2:23; გამოცხადება 3:14, აფ).
აბრაამის მოწმობა ჭეშმარიტებისთვის
6 როგორ მსახურობდა აბრაამი, როგორც მოწმე? იეჰოვასადმი თავისი ძლიერი რწმენითა და ერთგული მორჩილებით. როცა მას ღმერთმა მოუწოდა, დაეტოვებინა ქალაქი ური და თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები შორეულ ქვეყანაში ეცხოვრა, აბრაამი დაემორჩილა (დაბადება 15:7; საქმეები 7:2–4). ხშირად, მოხეტიალე ადამიანი ტოვებს მომთაბარეობას და ირჩევს ქალაქის უფრო უსაფრთხო ცხოვრებას. ამიტომ, როცა აბრაამმა ქალაქი დატოვა, რომ კარვებში დაეწყო ცხოვრება, მან ძლიერი მტკიცება მისცა იმისა, რომ იეჰოვა ღმერთს ენდობოდა. მისი მორჩილება დამოწმება იყო მათთვის, ვინც ხედავდა მის ქცევას. იეჰოვამ უხვად აკურთხა აბრაამი რწმენის გამო. მიუხედავად იმისა, რომ კარვებში ცხოვრობდა, გამდიდრდა. როცა ლოტი თავისი ოჯახით ტყვედ წაიყვანეს, აბრაამი, იეჰოვას დახმარებით, წარმატებით გამოედევნა და შესძლო მათი დახსნა. აბრაამის ცოლმა მოხუცებულობისას გააჩინა ძე და ამით დამტკიცდა იეჰოვას აღთქმა, რომ აბრაამი უნდა ყოფილიყო თესლის მამა. აბრაამის მეშვეობით ხალხმა დაინახა, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია, ვინც ასრულებს თავის დანაპირებს (დაბადება 12:1–3; 14:14–16; 21:1–7).
7 როცა ლოტი დაიხსნა და ბრუნდებოდა, შეხვდა მელქიცედეკს, შალემის (მოგვიანებით იერუსალიმად წოდებული ქალაქის) მეფეს, რომელიც აბრაამს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: „კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე“. სოდომის მეფეც შეხვდა, რომელსაც ძღვენის მირთმევა სურდა. აბრაამმა კი უარი თქვა. რატომ? მას არ სურდა საეჭვო ყოფილიყო, რომ მისი კურთხევების წყარო იეჰოვა იყო. მან თქვა: „უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი“ (დაბადება 14:17–24). რა შესანიშნავი მოწმე იყო აბრაამი!
მოწმეთა ერი
8 პავლეს მიერ მოხსენიებულ მოწმეთა სიაში აბრაამის შთამომავალი, მოსეც, იმყოფება. მოსემ ზურგი აქცია ეგვიპტის სიმდიდრეს და მოგვიანებით მტკიცედ წარსდგა მსოფლიო მპყრობლის მმართველის წინაშე, რათა გაეთავისუფლებინა ისრაელის შვილები. სად ჰპოვა მან გამბედაობა? თავის რწმენაში. პავლემ თქვა: „[მოსე] თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). ეგვიპტის ღმერთები ხილული იყო და მათი ხელით შეხებაც შეიძლებოდა. მათი ქანდაკებები დღესაც კი ახდენენ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. მაგრამ იეჰოვა, თუმცა უხილავია, უფრო რეალური იყო მოსესთვის, ვიდრე ყველა ის ცრუ ღმერთი. მოსეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა არსებობდა და რომ ის დააჯილდოებდა თავის მსახურებს (ებრაელთა 11:6). მოსე გახდა საყოველთაოდ ცნობილი მოწმე.
9 იმის შემდეგ, რაც მოსემ ისრაელები გაათავისუფლა, გახდა იმ კავშირის შუამავალი, რომელიც იეჰოვასა და იაკობის ხაზით აბრაამის შთამომავლებს შორის შეიკრა. შედეგად, ისრაელი ერი გახდა იეჰოვას განსაკუთრებული საკუთრება (გამოსვლა 19:5, 6). თავდაპირველად, ერს უნდა დაემოწმებინა. იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ისრაელის გათავისუფლებიდან, დაახლოებით, 800 წლის შემდეგ წარმოთქვა ესაიამ, ძირითადად გამოიყენება ერზე მისი არსებობის დასაწყისიდან: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს“ (ესაია 43:10). როგორ უნდა ემსახურა ამ ახალ ერს, როგორც იეჰოვას მოწმეებს? თავიანთი რწმენითა და მორჩილებით და იმით, რომ იეჰოვა იმოქმედებდა მათ სასარგებლოდ.
10 ყოველივე ამის შემდეგ დაახლოებით 40 წელი გავიდა და ისრაელმა ერმა, სადაცაა, უნდა დაიმკვიდროს აღთქმული მიწა. მზვერავები შევიდნენ იერიხონში, რომ დაეზვერათ ქალაქი და რახაბმა, ქალაქ იერიხონის მცხოვრებმა, შეიფარა ისინი. რატომ? მან თქვა: „გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინაშე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელთ სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე“ (იესო ნავეს ძე 2:10, 11). ცნობამ იეჰოვას ყოვლისშემძლე საქმეების შესახებ რახაბი და მისი ოჯახი აღძრა, დაეტოვებინათ იერიხონი და მისი ცრუ ღმერთები და ისრაელთან ერთად თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. ნათელია, იეჰოვამ ძლიერ დაამოწმა ისრაელის მეშვეობით (იესო ნავეს ძე 6:25).
11 სანამ ისრაელები ჯერ კიდევ ეგვიპტეში იყვნენ, იეჰოვამ მოსე გაგზავნა ფარაონთან და უთხრა: „მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში, რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ“ (გამოსვლა 10:1, 2). მორჩილ ისრაელებს თავიანთი შვილებისთვის უნდა მოეყოლათ იეჰოვას ყოვლისშემძლე საქმეების შესახებ. მათ შვილებს კი — თავიანთი შვილებისთვის და ასე უნდა ყოფილიყო თაობიდან თაობაში. ამგვარად, იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები დაუვიწყარი იქნებოდა. ასევე დღესაც, მშობლები პასუხისმგებლები არიან, რომ დაუმოწმონ თავიანთ შვილებს (მეორე რჯული 6:4–7; იგავნი 22:6).
12 იეჰოვას მიერ ისრაელის უხვი კურთხევა, როცა ეს ერი ერთგული იყო, დამოწმებას წარმოადგენდა გარშემო მცხოვრები ერებისთვის. როგორც მოსემ თქვა იეჰოვას მიერ აღთქმული მრავალი კურთხევის ჩამოთვლის შემდეგ: „დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი“ (მეორე რჯული 28:10). რწმენის გამო სოლომონს მიცემული ჰქონდა სიბრძნე და სიმდიდრე. მისი მმართველობით ერი აყვავდა და ხარობდა ხანგრძლივი მშვიდობით. იმ დროის შესახებ ვკითხულობთ: „მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი“ (მესამე მეფეთა 4:25, 29, 30, 34). სოლომონის სტუმრებიდან ცნობილი იყო საბას დედოფალი. იმის შემდეგ, რაც იხილა იეჰოვას კურთხევა ერსა და მის მეფეზე, მან თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო“ (მეორე ნეშტთა 9:8).
13 მოციქულმა პავლემ მოიხსენია, რა იყო ისრაელის ყველაზე ეფექტური მოწმე. როცა საუბრობდა ხორციელ ისრაელზე ქრისტიანულ კრებასთან რომში, თქვა: „მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3:1, 2). მოსედან დაწყებული, ერთგული ისრაელებიდან რამდენიმე პიროვნება ზეშთაგონებული იყო, დაეწერა როგორც მისი რჩევები, კანონები და წინასწარმეტყველებები, ასევე ისრაელისადმი იეჰოვას საქმეები. ამ ჩანაწერების მეშვეობით ის ადრინდელი მწერლები ყველა მომავალი თაობისთვის — ჩვენი თაობის ჩათვლით — მოწმეები იყვნენ იმისა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი და მისი სახელია იეჰოვა (დანიელი 12:9; 1 პეტრე 1:10–12).
14 სამწუხაროდ, ისრაელი ხშირად კოჭლობდა რწმენის გამოვლენაში და შემდეგ იეჰოვა გზავნიდა მოწმეებს საკუთარი ერისთვის. მრავალი მათგანი დევნილი იყო. პავლემ თქვა, რომ „ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები“ (ებრაელთა 11:36). ჭეშმარიტად, ერთგული მოწმეები იყვნენ! რა სამწუხაროა, რომ მათ, ხშირად, იეჰოვას რჩეული ერის წარმომადგენლებივე დევნიდნენ! (მათე 23:31, 37). ფაქტიურად, ერის ცოდვა იმდენად დიდი იყო, რომ ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იეჰოვამ ბაბილონელებს გაანადგურებინა იერუსალიმი ტაძართან ერთად, ხოლო გადარჩენილი ისრაელის უმეტესობა გადაასახლეს (იერემია 20:4; 21:10). დაასრულა თუ არა ამან ერის მოწმობა იეჰოვას სახელის შესახებ? არა.
ღმერთების გასამართლება
15 ბაბილონის ტყვეობაშიც კი არ ყოყმანობდნენ ერის ერთგული წარმომადგენლები, არამედ ამოწმებდნენ იეჰოვას ღვთაებრიობისა და ძალის შესახებ. მაგალითად, დანიელი გაბედულად უხსნიდა ნაბუქოდონოსორს სიზმრებს, ბელშეცარს აუხსნა კედელზე დაწერილი და დარიოსთან კომპრომისზე არ წავიდა ლოცვასთან დაკავშირებით. სამმა ებრაელმაც დიდებული დამოწმება მისცა ნაბუქოდონოსორს, როცა უარი თქვა კერპის წინაშე მუხლის მოყრაზე (დანიელი 3:13–18; 5:13–29; 6:5–28).
16 მიუხედავად ამისა, იეჰოვამ განიზრახა, რომ ერი, როგორც მოწმე, კვლავ ისრაელის მიწაზე უნდა ყოფილიყო. ეზეკიელმა, რომელიც წინასწარმეტყველებდა ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებში, დაწერა იეჰოვას გადაწყვეტილება განადგურებული მიწის შესახებ: „გაგიმრავლებთ ხალხს, მთელს ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება“ (ეზეკიელი 36:10). რატომ უნდა გაეკეთებინა იეჰოვას ეს? ძირითადად, ეს თავისი სახელისთვის იქნებოდა, როგორც დამოწმება. ეზეკიელის მეშვეობით მან თქვა: „თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში“ (ეზეკიელი 36:22; იერემია 50:28).
17 როცა ესაია ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელის დაბრუნებაზე წინასწარმეტყველებდა, ესაიას 43:10-ში ისრაელი აღწერა, როგორც იეჰოვას მოწმე, ღვთის მსახური. ესაიას 43-ე და 44-ე თავებში იეჰოვა აღწერილია, როგორც „ისრაელის შემქმნელი“, „გამომსახველი“, „ღმერთი“, „წმიდა“, „მაცხოვარი“, „მხსნელი“ (ესაია 43:3, 14, 15; 44:2). ღმერთმა დაუშვა, რომ ისრაელი ტყვეობაში ჩავარდნილიყო, ვინაიდან ერი განუწყვეტლივ ივიწყებდა მის ასეთ ღმერთად განდიდებას. მაგრამ ის მაინც მისი ხალხი იყო. იეჰოვამ უთხრა მათ: „ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ“ (ესაია 43:1). ბაბილონში ისრაელის ტყვეობა უნდა დასრულებულიყო.
18 ნამდვილად, იეჰოვამ ბაბილონიდან ისრაელის გათავისუფლება ღმერთების გასასამართლებლად აქცია. მან წარმართთა ცრუ ღმერთები გამოიწვია, რომ თავიანთი მოწმეები წარმოედგინათ და ისრაელს თავისი მოწმე უწოდა (ესაია 43:9, 12). როცა მან ისრაელს მონობის უღელი მოხსნა, დაამტკიცა, რომ ბაბილონის ღმერთები არ იყვნენ ღმერთები და რომ მხოლოდ თვითონ იყო ჭეშმარიტი ღმერთი (ესაია 43:14, 15). როცა იუდეველების გათავისუფლებამდე, დაახლოებით, 200 წლით ადრე მან სპარსელ კიროსს ამ შემთხვევის გამო თავისი მსახური უწოდა, უფრო მეტად დაამტკიცა თავისი ღვთაებრიობა (ესაია 44:28). ისრაელი უნდა გათავისუფლებულიყო. რატომ? იეჰოვა გვიხსნის: „[ისრაელი] ჩემს სადიდებელს იტყვის“ (ესაია 43:21). ეს შესაძლებლობას იძლეოდა, კვლავაც დაემოწმებინათ.
19 როცა დრომ მოაწია, სპარსელმა კიროსმა ისე დაიპყრო ბაბილონი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. მიუხედავად იმისა, რომ კიროსი წარმართი იყო, საჯაროდ გამოაცხადა იეჰოვას ღვთაებრიობა, როცა ბრძანება გამოსცა იუდეველებისთვის ბაბილონში: „ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია“ (პირველი ეზრა 1:3). მრავალი იუდეველი გამოეხმაურა. ისინი გაეშურნენ აღთქმული მიწისკენ და ააშენეს სამსხვერპლო ტაძრის ძველ ადგილას. ძლიერი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუებულობის მიუხედავად, საბოლოოდ, მათ შეძლეს ტაძრისა და ქალაქ იერუსალიმის ხელახლა აშენება. როგორც თვით იეჰოვამ თქვა, ყოველივე ეს მოხდა ‘არა ძალითა და ძლიერებით, არამედ მისი სულით’ (ზაქარია 4:6). ამ მიღწევებმა უფრო მეტად დაამტკიცეს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია.
20 ასე რომ, იეჰოვამ გააგრძელა ისრაელის, როგორც თავისი მოწმის, გამოყენება, თუმცა ის არასრულყოფილი და, ზოგჯერ, ურჩი ხალხისაგან შემდგარი ერი იყო. ქრისტიანობამდელ ქვეყნიერებაში ის ერი თავისი ტაძრითა და სამღვდელოებით წარმოადგენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მსოფლიო ცენტრს. ნებისმიერი, ვინც ებრაულ წერილებში წაიკითხავს იეჰოვას საქმეების შესახებ ისრაელთან დაკავშირებით, სრულიად დარწმუნდება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მისი სახელია იეჰოვა (მეორე რჯული 6:4; ზაქარია 14:9). მაგრამ იეჰოვას სახელის შესახებ უფრო უდიდესი დამოწმება უნდა ყოფილიყო მიცემული და ამას გავარჩევთ მომდევნო სტატიაში.
გახსოვს თუ არა?
◻ როგორ დაამოწმა აბრაამმა, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი?
◻ რომელმა ცნობილმა თვისებამ შეაძლებინა მოსეს, ყოფილიყო ერთგული მოწმე?
◻ რა შემთხვევებში დაამოწმა ისრაელმა, როგორც ერმა, იეჰოვას შესახებ?
◻ ბაბილონიდან ისრაელის გათავისუფლებამ როგორ გვაჩვენა, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი?
[სასწავლო კითხვები]
1. ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რა მხრივ უკავია მას უზენაესი მდგომარეობა იმ ღმერთებზე, რომლებსაც ეთაყვანება დღეს ხალხი?
2, 3. ა) როგორ წარმოშვა სატანამ ეჭვი იეჰოვას უფლებაზე, მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი? ბ) რა იყო ევას ცოდვის შედეგი ევასა და მისი შვილებისთვის და რა შედეგი ჰქონდა სატანისთვის?
4. ა) ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი? ბ) რა არის გადაუდებლად საჭირო?
5. რომელი „მოწმეთა ღრუბელი“ მოიხსენია პავლემ? დაასახელე ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც მან ჩამოთვალა.
6, 7. აბრაამმა თავისი ცხოვრებითა და მოქმედებით როგორ დაამოწმა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია?
8. როგორ გამოავლინა მოსემ უდიდესი რწმენა იეჰოვასადმი?
9. როგორ უნდა ემსახურა ისრაელ ერს იეჰოვასთვის?
10. იეჰოვას ყოვლისშემძლე საქმეები, რომლებიც მან ისრაელის სასარგებლოდ მოიმოქმედა, რა მხრივ წარმოადგენდა დამოწმებას და რა შედეგით?
11. დამოწმების რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ისრაელ მშობლებს?
12. როგორ წარმოადგენდა დამოწმებას იეჰოვას მიერ სოლომონისა და ისრაელის კურთხევა?
13. რა შეიძლება იყოს ისრაელის ყველაზე ეფექტური მოწმე და ჯერ კიდევ როგორ ვსარგებლობთ ამით?
14. რატომ დევნიდნენ ზოგიერთს, ვინც ამოწმებდა იეჰოვასთვის?
15. როგორი დამოწმება იყო მიცემული ბაბილონის ტყვეობაშიც კი?
16. როგორ იწინასწარმეტყველა იეჰოვამ, რომ ისრაელი საკუთარ მიწას დაუბრუნდებოდა და რა იყო ამ დაბრუნების მიზანი?
17. რა არის ესაიას 43:10-ში ჩაწერილი სიტყვების კონტექსტი?
18. ბაბილონიდან ისრაელის გათავისუფლებამ როგორ დაამტკიცა, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი?
19. რა დამოწმება იყო მიცემული კიროსის მიერ ისრაელებისთვის იერუსალიმში დაბრუნების შეთავაზებით და დაბრუნების შემდეგ ერთგული იუდეველების საქმეებით?
20. ისრაელის სისუსტის მიუხედავად, რა შეიძლება ითქვას იეჰოვას სახელისთვის მათ მიერ ძველ დროს მიცემული დამოწმების შესახებ?