თავი მეთხუთმეტე
მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება
1. ა) რატომ გვესაჭიროება თითოეულ ჩვენგანს რჩევა და დარიგება? ბ) რა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი?
„ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“, — ნათქვამია იაკობის 3:2-ში. შეგვიძლია ბევრი ისეთი შემთხვევა გავიხსენოთ, როცა ისე არ მოვიქეცით, როგორც საღვთო წერილი მოგვიწოდებს. ამიტომ ვაღიარებთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების სისწორეს: „მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავნი 19:20). უეჭველია, ბიბლიურ სწავლებებთან შეთანხმებულად უკვე მოვახდენდით ცვლილებებს ცხოვრებაში, მაგრამ, როგორ ვრეაგირებთ, როცა თანაქრისტიანი კონკრეტულ საკითხზე გვაძლევს რჩევას?
2. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა პირადად გვეძლევა რჩევა?
2 ზოგი ცდილობს, თავი გაიმართლოს, საკითხს არასერიოზულად მიუდგეს ან სხვები დაადანაშაულოს, როდესაც რჩევას აძლევენ. მაგრამ უკეთესია რჩევის მოსმენა და მიღება (ებრაელთა 12:11). რასაკვირველია, არავინ უნდა მოელოდოს სხვებისგან სრულყოფილებას, არც წვრილმანებზე გაუმახვილოს გამუდმებით ყურადღება და არც ისეთ საკითხებზე ურჩიოს რამე, რომლებთან დაკავშირებითაც ბიბლია პირადი არჩევნის გაკეთების უფლებას იძლევა. აგრეთვე, შესაძლოა, ზოგმა რჩევა მისცეს ვინმეს მომხდარი ფაქტების მხედველობაში მიღების გარეშე, რაზეც შეიძლება ტაქტიანად მიეთითოს. მაგრამ ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც რჩევა მართებული და ბიბლიაზე დაფუძნებულია. როგორ უნდა გამოვეხმაუროთ ასეთ რჩევას?
დასაფიქრებელი მაგალითები
3, 4. ა) როგორ გვეხმარება ბიბლია რჩევასა და მხილებაზე სწორი თვალსაზრისის შექმნაში? ბ) რა რეაგირება მოახდინა საულმა მხილების დროს და რა მოჰყვა ამას შედეგად?
3 ღვთის სიტყვაში მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც მართებული რჩევა მიეცათ. ზოგჯერ ეს ადამიანები რჩევის მიცემასთან ერთად ისჯებოდნენ კიდეც. ასეთი რამ შეემთხვა ისრაელის მეფე საულს. ის ისე არ მოექცა ყამალეკელებს, როგორც იეჰოვამ გააფრთხილა. ამ ერმა წინააღმდეგობა გაუწია ღვთის მსახურებს, რის გამოც იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ისრაელებს არ უნდა დაენდოთ არც ყამალეკელები და არც მათი საქონელი. მაგრამ მეფე საულმა მათი მეფე და საუკეთესო პირუტყვი ცოცხალი დატოვა (პირველი მეფეთა 15:1—11).
4 იეჰოვამ წინასწარმეტყველი სამუელი გააგზავნა საულის სამხილებლად. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე საულს? ის ირწმუნებოდა, რომ გაანადგურა ყამალეკი და მხოლოდ მისი მეფე დატოვა ცოცხალი. მაგრამ ეს მაინც იეჰოვას ბრძანების უგულებელყოფას ნიშნავდა (პირველი მეფეთა 15:20). საული ხალხის დადანაშაულებას ცდილობდა საქონლის დაზოგვაში: „ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას“ (პირველი მეფეთა 15:24). მას უფრო თავმოყვარეობის შელახვის ეშინოდა, რის გამოც სამუელს ისიც კი სთხოვა, რომ პატივი მიეგო მისთვის ხალხის წინაშე (პირველი მეფეთა 15:30). საბოლოოდ, იეჰოვამ გადააყენა საული მეფობიდან (პირველი მეფეთა 16:1).
5. რა დაემართა რჩევის უარმყოფელ მეფე ყუზიაჰუს?
5 იუდას მეფე ყუზიაჰუმ „შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად“ (მეორე ნეშტთა 26:16). მაგრამ მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ საკმევლის კმევის უფლება. როდესაც მღვდელმთავარი ყუზიაჰუს შეკავებას ცდილობდა, მეფე განრისხდა. რა მოხდა შედეგად? ბიბლიაში ნათქვამია: „კეთრი გამოაჩნდა შუბლზე.., რადგან უფალმა დაჰკრა მას. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ“ (მეორე ნეშტთა 26:19—21).
6. ა) რატომ არ მიიღეს რჩევა საულმა და ყუზიაჰუმ? ბ) რატომ ქმნის დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას რჩევის უგულებელყოფა?
6 რატომ გაუჭირდათ საულსა და ყუზიაჰუს რჩევის მიღება? მთავარი მიზეზი სიამაყე იყო; ორივეს ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ამ თვისების გამო დღესაც ბევრი იტანჯება. მათ ჰგონიათ, რომ, თუ რჩევას მიიღებენ, მათი ნაკლოვანება გამოაშკარავდება ან მათი რეპუტაცია შეილახება. მაგრამ სიამაყე სისუსტის მაჩვენებელია. ეს თვისება იმდენად უბნელებს ადამიანს გონებას, რომ იეჰოვას მიერ თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს. სწორედ ამიტომ იეჰოვა გვაფრთხილებს: „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას — ქედმაღლობა“ (იგავნი 16:18; რომაელთა 12:3).
რჩევის მიღება
7. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ გამოეხმაურა მოსე რჩევას?
7 წმინდა წერილებში აგრეთვე მოყვანილია იმ ადამიანების შესანიშნავი მაგალითები, რომლებმაც მიიღეს რჩევა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ ამ შემთხვევებიდან. დავფიქრდეთ მოსეს შემთხვევაზე, რომელსაც სიმამრმა ურჩია, თუ როგორ გამკლავებოდა რთულ სამუშაოს. მოსემ მოუსმინა მას და დაუყოვნებლივ გაითვალისწინა მისი რჩევა (გამოსვლა 18:13—24). რატომ მიიღო მოსემ რჩევა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა? იმიტომ, რომ ის თვინიერი იყო. „მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). რამდენად მნიშვნელოვანი თვისებაა თვინიერება? სოფონიას 2:3-დან ჩანს, რომ თვინიერება სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს.
8. ა) რა ცოდვა ჩაიდინა დავითმა? ბ) რა რეაგირება მოახდინა დავითმა ნათანის მხილებაზე? გ) რა მოჰყვა დავითის ცოდვას?
8 მეფე დავითმა ბათშებაყთან იმრუშა და ამის მიჩქმალვას იმით ეცადა, რომ მისი ქმარი, ურია, მოაკვლევინა. იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანი გააგზავნა მის სამხილებლად. დავითმა მოინანია და მყისვე აღიარა: „შევცოდე უფალს“ (მეორე მეფეთა 12:13). თუმცა მონანიების შემდეგ ღმერთმა არ უარყო დავითი, მეფე თავს ვერ აარიდებდა ჩადენილი ცოდვის შედეგს. იეჰოვამ უთხრა მას, რომ მახვილი ‘არ მოსცილდებოდა მის სახლს’, მის ცოლებს ‘მის მოყვასებს’ მისცემდა და მრუშობის შედეგად დაბადებული ვაჟი ‘მოუკვდებოდა’ (მეორე მეფეთა 12:10, 11, 14).
9. რა არ უნდა დაგვავიწყდეს, როცა რჩევა გვეძლევა ან ვისჯებით?
9 მეფე დავითმა იცოდა, რომ გონივრული რჩევის მიღება სარგებლობის მომტანი იყო. ერთხელ მან მადლობა გადაუხადა ღმერთს, რომ ერთ-ერთი ადამიანის საშუალებით რჩევა მიიღო (პირველი მეფეთა 25:32—35). ჩვენც ასე ვფიქრობთ? თუ დიახ, თავს ბევრჯერ შევიკავებდით ისეთი რამის თქმისგან ან გაკეთებისგან, რის გამოც ვინანებდით. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მაშინ, როცა გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული რჩევა გვეძლევა ან ვისჯებით კიდეც? არ დაგვავიწყდეს, რომ რჩევის მიცემითა და დასჯით იეჰოვას სიყვარული ვლინდება, რაც ჩვენ მარადიულ კეთილდღეობას ემსახურება (იგავნი 3:11, 12; 4:13).
ფასდაუდებელი თვისებების გამომუშავება
10. რა თვისების გამომუშავების აუცილებლობაზე მიუთითა იესომ მათ, ვისაც სამეფო უნდა დაემკვიდრებინა?
10 იეჰოვასა და თანაქრისტიანებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად გარკვეული თვისებების გამომუშავება გვესაჭიროება. იესომ ერთ-ერთ ასეთ თვისებაზე გაამახვილა ყურადღება, როცა თავის მოწაფეებს შორის ბავშვი ჩააყენა და თქვა: «თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში [„ზეციერ სამეფოში“, აქ]. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში [„ზეციერ სამეფოში“, აქ]» (მათე 18:3, 4). იესოს მოწაფეებს თავმდაბლობა უნდა ესწავლათ, რადგან ერთმანეთს ეკამათებოდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკა 22:24—27).
11. ა) ვის წინაშე უნდა ვიყოთ თავმდაბლები და რატომ? ბ) თუ თავმდაბლები ვართ, რა რეაგირებას მოვახდენთ რჩევაზე?
11 პავლე მოციქულმა დაწერა: „დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). ჩვენ ვიცით, რომ ღვთის წინაშე თავმდაბლები უნდა ვიყოთ, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მუხლი აჩვენებს, რომ თანამორწმუნეებთან ურთიერთობაშიც უნდა გამოვავლინოთ თავმდაბლობა. თუ ასე მოვიქცევით, საწყენად კი არ მივიღებთ სხვების მართებულ რჩევებს, არამედ რაღაცას ვისწავლით მათგან (იგავნი 12:15).
12. ა) განსაკუთრებით რომელი თვისებაა ახლოს თავმდაბლობასთან? ბ) რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, თუ როგორ იმოქმედებს ჩვენი საქციელი სხვებზე?
12 ძალიან ახლოსაა თავმდაბლობასთან სხვების კეთილდღეობით დაინტერესებაც. პავლე მოციქულმა დაწერა: «არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი... ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად. და არ აცდუნოთ არც იუდეველები, არც წარმართები და არც ღვთის ეკლესია [„კრება“, აქ]» (1 კორინთელთა 10:24—33). პავლეს ის კი არ უთქვამს, რომ ჩვენ არ გვაქვს პირადი არჩევნის გაკეთების უფლება, არამედ მოგვიწოდა, თავი შეგვეკავებინა ისეთი რამისგან, რაც სხვას საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგებდა.
13. რამ შეიძლება ცხადყოს, ვიყენებთ თუ არა ბიბლიურ რჩევას?
13 აყენებ საკუთარზე მაღლა სხვების ინტერესებს? ეს თვისება თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვიმუშაოთ; ამის გაკეთება ბევრნაირად შეგვიძლია. მაგალითად, დავფიქრდეთ ჩაცმულობასა და გარეგნობაზე. რასაკვირველია, ეს პირადი გემოვნების საქმეა, თუ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით მოკრძალებულად, აკურატულად და სუფთად გამოვიყურებით. მაგრამ, თუ გაიგებდი, რომ შენს გარშემო მცხოვრები ხალხი თავიანთი კულტურის გამო შენი ჩაცმულობითა და გარეგნობით ბრკოლდება და არ ისმენს სამეფოს შესახებ ცნობას, მოახდენდი ცვლილებებს? უდავოდ, უფრო მნიშვნელოვანია, სხვებს მარადიული სიცოცხლის მიღწევაში დაეხმარო, ვიდრე საკუთარ თავს ასიამოვნო.
14. რატომ არის მნიშვნელოვანი თავმდაბლობისა და სხვებზე ზრუნვის სწავლა?
14 ესომ თავმდაბლობისა და სხვებზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა; მან ფეხებიც კი დაჰბანა თავის მოწაფეებს (იოანე 13:12—15). მის შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: «რადგან ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა [„ფიქრადაც არ მოსვლია“, აქ] ღვთის თანასწორად ყოფნას. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე» (ფილიპელთა 2:5—8; რომაელთა 15:2, 3).
ნუ უგულებელყოფ იეჰოვას დარიგებას
15. ა) რა ცვლილებების მოხდენა გვესაჭიროება, ღვთისთვის მოსაწონ პიროვნებებად რომ ჩამოვყალიბდეთ? ბ) რის საშუალებით გვაძლევს იეჰოვა რჩევასა და დარიგებას?
15 რადგან ყველა ცოდვილები ვართ, ღვთის პიროვნების ასარეკლად აზროვნებისა და საქციელის შეცვლა მოგვეთხოვება. ჩვენ „ახალ“ პიროვნებად უნდა შევიმოსოთ (კოლასელთა 3:5—14). რჩევა და დასჯა გვეხმარება იმ მხარეების დანახვაში, რომელთა შეცვლაც გვესაჭიროება და აგრეთვე იმაშიც, თუ როგორ მოვახდინოთ ეს ცვლილებები. ჩვენთვის საჭირო რჩევების ძირითადი წყარო ბიბლიაა (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მომზადებული ბიბლიური ლიტერატურა და კრების შეხვედრები ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრებაში გვეხმარება. მაშინაც კი, თუ შეხვედრაზე მოცემული რჩევა ნაცნობია ჩვენთვის, კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ის მნიშვნელოვანია და შევეცდებით გაუმჯობესებას?
16. როგორ გვეხმარება იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს?
16 იეჰოვა სიყვარულით გვეხმარება ჩვენს პრობლემებთან გამკლავებაში. მილიონობით ადამიანმა ბიბლიის საშინაო შესწავლით მიიღო დახმარება. მშობლების რჩევისა და დასჯის მიღებით ბავშვები თავს არიდებენ ისეთ საქციელს, რომელიც სამწუხარო შედეგებს მოიტანდა (იგავნი 6:20—23). ხშირად კრებაში ზოგი გამოცდილ მსახურებს მიმართავს რჩევისთვის, რათა უფრო უკეთესად იქადაგოს. დროდადრო უხუცესებმა შეიძლება ერთმანეთს ან მსახურებაში გამოცდილ თანაქრისტიანებს მიმართონ რჩევისთვის. სულიერად მოწიფული ძმები ბიბლიას იყენებენ სხვებისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ამას თავმდაბლურად აკეთებენ. თუ ვინმეს რჩევას აძლევ, გახსოვდეს: „გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1, 2). დიახ, ყველას გვესაჭიროება რჩევა და დასჯა, რათა გაერთიანებულად ვცეთ თაყვანი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს.
გამეორება
• როგორ გვანახვებს სიყვარულით იეჰოვა, თუ რა ცვლილებების მოხდენა გვესაჭიროება საკუთარ თავში?
• რატომ უჭირს ბევრს მართებული რჩევის მიღება და რამდენად სერიოზულია ეს?
• როგორი ფასდაუდებელი თვისებები დაგვეხმარება რჩევის მიღებაში და რა მაგალითი დაგვიტოვა ამ მხრივ იესომ?
[სურათი 142 გვერდზე]
ყუზიაჰუმ არ მიიღო რჩევა, რის შედეგადაც კეთრი შეეყარა.
[სურათი 142 გვერდზე]
მოსემ თავისი სიმამრის, ითროს, რჩევის გათვალისწინების შედეგად შვება იგრძნო.