-
სინდისიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სხვების სინდისის გათვალისწინება. სინდისმა ყველაფრის სათანადოდ შეფასება რომ შეძლოს, ღვთის სიტყვის ზუსტი და საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს ანუ მისი ხმა შეიძლება ადვილად ჩაიხშოს. ასეთი სინდისის პატრონი შეიძლება ადვილად განაწყენდეს სხვისი საქციელითა თუ სიტყვებით მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. პავლე აღგვიწერს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სუსტი სინდისის მქონეთ საჭმელ-სასმლისა თუ სხვადასხვა დღის აღნიშვნის მიმართ (რმ. 14:1—23; 1კრ. 8:1—13). მოწიფულ და სინდისგანსწავლულ ქრისტიანებს პავლე მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სუსტი სინდისის მქონენი, მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაზე არ ეფიქრათ და ყოველთვის საკუთარი სურვილისამებრ არ ემოქმედათ (რმ. 15:1). ვინც თანაქრისტიანის სუსტ სინდისს ჭრილობას აყენებს, „ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავს“ (1კრ. 8:12). პავლეს არ უნდოდა, სუსტი ძმა გაენაწყენებინა და მისი განსასჯელი გამხდარიყო, მაგრამ, თავის მხრივ, სუსტ ძმებსაც მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სხვები და ცოდნისა და გამოცდილების მიღებით მოწიფულობისკენ ესწრაფათ. ამგვარად გაწაფული სინდისის წყალობით ისინი ადვილად არ განაწყენდებოდნენ და კრიტიკული თვალით არ დაუწყებდნენ სხვებს ყურებას (1კრ. 10:29, 30; რმ. 14:10).
-
-
თავისუფლებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოციქული პავლე სარგებლობდა ქრისტესგან ნაბოძები თავისუფლებით, მაგრამ ამ თავისუფლებას საკუთარი სიამოვნებისთვის თუ სხვების საზიანოდ არ იყენებდა. კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში მან ახსნა, რომ ის არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რის უფლებასაც წმინდა წერილი აძლევდა, მაგრამ ნაკლებად გათვითცნობიერებულის სინდისს ავნებდა. მან მაგალითად მოიყვანა კერპთშენაწირი ხორცი, რომელიც ბაზარში იყიდებოდა. ღვთისგან ბოძებული თავისუფლება პავლეს ასეთი ხორცის ჭამის უფლებას აძლევდა, მაგრამ სუსტი სინდისის მქონეს შეიძლება ამის გამო ის გაეკრიტიკებინა და ამგვარად პავლეს მოსამართლე გამხდარიყო, რაც მართებული არ იქნებოდა. ამიტომ პავლე წერდა: „რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით? თუ მადლიერებით ვჭამ, რატომღა უნდა დავიგმო იმის გამო, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი?“. და მაინც, პავლე თავის თავისუფლებას სხვების აღსაშენებლად იყენებდა და არა საზიანოდ (1კრ. 10:23—33).
-