ისარგებლე ღვთიური სწავლებით
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ“ (ესაია 48:17).
1. როგორ აირეკლება ჩვენს ცხოვრებაზე ღვთიური სწავლების გამოყენება?
იეჰოვა ღმერთი უბადლო ბრძენია. მას ვერავინ აღემატება აზროვნებაში, სიტყვაში ან მოქმედებაში. როგორც ჩვენმა შემოქმედმა, მან იცის ჩვენი მოთხოვნილებები და სრულყოფილად აკმაყოფილებს მათ. რასაკვირველია, მან იცის როგორ დაგვმოძღვროს. და თუ ცხოვრებაში გამოვიყენებთ ღვთიურ სწავლებას, ის მოგვიტანს სარგებელს და ნამდვილად გაგვაბედნიერებს.
2, 3. ა) როგორ სარგებელს ნახავდნენ ღმერთის ადრინდელი მსახურები მის დარიგებებს რომ დამორჩილებოდნენ? ბ) როგორი იქნება შედეგი თუ დღეს ცხოვრებაში გამოვიყენებთ ღვთიურ სწავლებას?
2 ღვთიური სწავლებით მჟღავნდება ღმერთის ძლიერი სურვილი, რომ მისმა მსახურებმა თავი მოარიდონ უბედურებას და სიამოვნებით იცხოვრონ მისი კანონებისა და პრინციპების შესრულებით. თუ გასულ საუკუნეებში მცხოვრები ადამიანები დაუჯერებდნენ იეჰოვას, ისინი უხვად იქნებოდნენ კურთხეულნი, რადგან მან განაცხადა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18).
3 ღმერთის დარიგებებისა და მოძღვრებების მოსმენით მისი ადრინდელი მსახურები მხოლოდ სარგებელს ნახავდნენ. ნაცვლად უბედურებისა, რომელიც ბაბილონელთაგან განიცადეს, ისინი დატკბებოდნენ მშვიდობით და მათი კეთილდღეობა მდინარესავით სავსე, ღრმა და დაუშრობელი იქნებოდა. გარდა ამისა, მათი სამართლიანი საქმეები ზღვის ტალღებივით, ურიცხვი იქნებოდა. მსგავსად ამისა, თუ პირად ცხოვრებაში გამოვიყენებთ ღვთიურ სწავლებას ის მოგვიტანს უამრავ სარგებელს. რომელია ზოგიერთი მათგანი?
ცვლის ცხოვრებას
4. რა გავლენას ახდენს ღვთიური სწავლება მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე?
4 ღვთიური სწავლება სასარგებლოა, რადგან მრავალი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. იეჰოვას მოძღვრებების გამოყენებით ადამიანები უარყოფენ ‘ხორცის საქმეებს’, როგორიცაა თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, ჩხუბი და შური. ნაცვლად ამისა, ისინი ამჟღავნებენ სულის ნაყოფებს: სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს, ერთგულებას, სიმშვიდესა და თავშეკავებას (გალატელთა 5:19-23). ისინი, აგრეთვე, ყურადღებით ეპყრობიან ეფესელთა 4:17-24-ში ჩაწერილ რჩევას, სადაც პავლე მოუწოდებს თანაქრისტიანებს, არ იარონ სხვა ხალხების გზით, რომლებიც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან, გონებადაბნეულნი და ღმერთის ცხოვრებისგან გაუცხოებულნი არიან. რამდენადაც ადამიანები, რომლებიც ბაძავენ ქრისტეს, ნებას არ რთავენ საკუთარ თავს იყვნენ გულქვანი, ‘ტოვებენ წინანდელ ცხოვრებას ძველი კაცისა, გაფუჭებული მაცდური გულისთქმებით და ახლდებიან თავიანთი გონებით სულში’. ისინი ‘იმოსებიან ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’.
5. როგორ ცვლის ღვთიური სწავლება ადამიანის ცხოვრების გზას?
5 ღვთიური სწავლების გამოყენების სარგებელი ისაა რომ გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიაროთ ღმერთთან. თუ დავდივართ იეჰოვასთან, როგორც ამას ნოე აკეთებდა, მაშინ დავდივართ ცხოვრების იმ გზით, რომელიც ჩვენმა დიდებულმა მოძღვარმა დაადგინა (დაბადება 6:9; ესაია 30:20, 21). როგორც მოციქულმა პავლემ თქვა ხალხები „თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან“. და რამდენად ამაოა მათ მიერ ჩაწერილი აზრები! მას შემდეგ, რაც პომპეის კედელზე დაწერილი შენიშვნები წაიკითხა, ერთმა ადამიანმა თქვა: „ო, კედელო, გასაკვირია, როგორ არ ინგრევი შენზე დაწერილი ამდენი სისულელის სიმძიმის გამო“. მაგრამ, „უფლის მოძღვრება“ და მისგან გამომდინარე სამქადაგებლო საქმიანობა, სამეფოს შესახებ, არ არის სისულელე (საქმე 13:12). ჭეშმარიტების მოყვარულ ადამიანებს, ეს საქმიანობა ეხმარება, გონივრულად მოიქცნენ. ისინი სწავლობენ ცოდვილი გზების მიტოვებას, რომლებითაც ღმერთის განზრახვების უმეცრებით დადიოდნენ. ისინი აღარ არიან გონებადაბნეულნი, რომ გულქვაობის გამო ისწრაფოდნენ ამაო მიზნებისკენ.
6. რა კავშირია იეჰოვას სწავლებისადმი მორჩილებასა და ჩვენს ბედნიერებას შორის?
6 ღვთიური სწავლება სასარგებლოა ასევე იმიტომ, რომ გვაცნობს იეჰოვას და მის საქმეებს. ასეთი შემეცნება გვაახლოვებს ღმერთთან, ზრდის მისადმი ჩვენს სიყვარულს და აძლიერებს სურვილს დავემორჩილოთ მას. 1 იოანეს 5:3-ში ნათქვამია: „ღმერთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებანი მძიმე როდია“. ჩვენ, ასევე, ვემორჩილებით იესოს მცნებებს, რადგან ვიცით, რომ მისი სწავლება ღმერთისგან გამომდინარეობს (იოანე 7:16-18). ასეთი მორჩილება გვიცავს სულიერი ზიანისგან და ხელს უწყობს ჩვენს ბედნიერებას.
სიცოცხლის ნამდვილი აზრი
7, 8. ა) რა იგულისხმება ფსალმუნის 89:12-ში? ბ) როგორ შეგვიძლია ვეძიოთ გულის სიბრძნე?
7 იეჰოვას სწავლება, ასევე, სასარგებლოა იმიტომ, რომ გვიჩვენებს როგორ გავხადოთ ჩვენი სიცოცხლე მიზანდასახული. ფაქტობრივად, ღვთიური სწავლება გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დღეები ბრძნულად. სიცოცხლის ხანგრძლივობა, 70 წელი, შეიცავს 25 550 დღეს. 50 წლის ადამიანმა უკვე იცხოვრა 18 250 დღე და დარჩენილი 7 300 დღე მას არაფრად მიაჩნია. განსაკუთრებით ახლა მას შეუძლია სავსებით გაიგოს, რატომ მიმართავდა ღმერთს წინასწარმეტყველი მოსე ფსალმუნის 89:12-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“. მაგრამ რას გულისხმობდა მოსე ამით?
8 მოსე არ გულისხმობდა, რომ ღმერთს უნდა გაემხილა ყოველი ისრაელი ადამიანის სიცოცხლის დღეების ზუსტი რიცხვი. ფსალმუნის 89-ე თავის მე-9 და მე-10 მუხლების თანახმად, ებრაელი წინასწარმეტყველი აღიარებდა, რომ სიცოცხლის მონაკვეთი, ხანგრძლივობით 70–80 წელი, ნამდვილად მოკლეა. ამიტომ, ფსალმუნის 89:12-ის სიტყვები ნათლად ამჟღავნებს მოსეს დიდ სურვილს, რომ იეჰოვამ აჩვენოს ან ასწავლოს მას და მის ხალხს, ბრძნულად მოეპყრონ ‘თავის დღეებს’ და ღმერთისთვის მოსაწონად გაატარონ ისინი. როგორ ვატარებთ სიცოცხლის დღეებს ჩვენ? რამდენადაც ყოველი დღე ძვირფასია, ვაფასებთ თუ არა მათ? ვიძენთ თუ არა გულის სიბრძნეს ყოველი დღის ღირსეულად გატარებით, რითაც განვადიდებთ ჩვენს დიდებულ მოძღვარს, იეჰოვა ღმერთს? ზუსტად ამაში გვეხმარება ღვთიური სწავლება.
9. რას უნდა მოველოდეთ თუ ვსწავლობთ ჩვენი დღეების დათვლას იეჰოვას განსადიდებლად?
9 თუ ვსწავლობთ ჩვენი დღეების დათვლას იეჰოვას განსადიდებლად, ჩვენ შევძლებთ შეუჩერებლივ განვაგრძოთ ამის კეთება, რადგან ღვთიური სწავლება გვაწვდის მარადიული სიცოცხლის მომცემ შემეცნებას. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — თქვა ქრისტემ, — რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუნდაც ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი შემეცნება შეგვეძინა, ის მაინც არ მოგვიტანდა მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ, თუ შევიძენთ და გამოვიყენებთ ზუსტ შემეცნებას სამყაროში მეტად მნიშვნელოვანი ორი პიროვნების შესახებ და ნამდვილ რწმენას გამოვავლენთ, ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ მარადიულად.
10. რა არის ნათქვამი ერთ-ერთ ენციკლოპედიაში განათლების შესახებ და როგორ შეიძლება შევადაროთ ეს ღვთიურ სწავლებასთან?
10 არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი წელი ვიცხოვრეთ, მთავარია გვახსოვდეს ღვთიური სწავლების მთავარი სარგებელი: ვინც იყენებს მას, ცხოვრების ნამდვილ აზრს მოიპოვებს. „მსოფლიო ენციკლოპედია“ (ინგლ.) ციტირებს: „განათლება უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს, გახდნენ საზოგადოებისთვის გამოსადეგი წევრები. ის, ასევე, უნდა ეხმარებოდეს თავიანთი კულტურის მემკვიდრეობის დაფასებაში და უფრო დამაკმაყოფილებელი ცხოვრების განვითარებაში“. ჩვენს სასარგებლოდ, ღვთიური სწავლება გვეხმარება გავატაროთ დამაკმაყოფილებელი ცხოვრება. მისი წყალობით ჩვენში, როგორც ღმერთის ხალხში, იზრდება მადლიერება სულიერი მემკვიდრეობისთვის და ის, რასაკვირველია, გვხდის საზოგადოების გამოსადეგ წევრებად, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას შევასრულოთ საპასუხისმგებლო როლი მთელი დედამიწის ზურგზე ადამიანთა საჭიროებების დაკმაყოფილებით. რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა?
სწავლების მსოფლიო პროგრამა
11. როგორ აღნიშნა ტომას ჯეფერსონმა განათლების აუცილებლობა?
11 სხვა ნებისმიერი მოძღვრების პროგრამისგან განსხვავებით, ღვთიური სწავლება აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნილებებს განათლების საკითხებში. ადამიანთა განათლების აუცილებლობა იყო აღნიშნული შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის მიერ. თავისი მეგობრის, ჯორჯ ვიტის მიმართ, რომელმაც აგრეთვე მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას, 1786 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში ჯეფერსონი წერდა: „მე ვფიქრობ კანონთა კრებულიდან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კანონპროექტის — ადამიანთა შორის საგანმანათლებლო პროგრამის გატარების შესახებ. თავისუფლებისა და ბედნიერების დასაცავად შეუძლებელია უფრო უკეთესი საფუძვლის გამოგონება. . . ჩემო ძვირფასო მეგობარო, გამოაცხადე ბრძოლა უცოდინრობის წინააღმდეგ; დააფუძნე და გაასრულყოფილე კანონი უბრალო ხალხის განათლების შესახებ. დაე, იცოდნენ ჩვენმა თანამემამულეებმა. . . რომ გადასახადი, რომელიც განათლების მიღებისთვის იქნება განკუთვნილი, არ აღემატება გამოსაღების მეათასე ნაწილსაც კი, რაც ჩავა მეფეების, მღვდლებისა და წარჩინებული ადამიანების ჯიბეში, რომლებიც ამაღლდებიან ჩვენი წრიდან იმ შემთხვევაში, თუ ხალხს უცოდინრობაში მივატოვებთ“.
12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთიური სწავლება — მსოფლიო განათლებისთვის ყველაზე უფრო წარმატებული და სასარგებლო პროგრამაა?
12 ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანად განწყობილი ხალხი უმეცრებაში დატოვოს, იეჰოვასგან მათ სასარგებლოდ გამომდინარე სწავლება, მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს განათლების საუკეთესო პროგრამას. ორმოცდაათი წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის ჯერ კიდევ გაცხარებულ პერიოდში, შეერთებული შტატების განათლების გარდაქმნის კომიტეტმა „მსოფლიო განათლების“ გადაუდებელი აუცილებლობა შეამჩნია. ეს აუცილებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მხოლოდ ღვთიური სწავლებაა მსოფლიო განათლებისთვის ერთადერთი წარმატებული პროგრამა. ის, აგრეთვე, ყველაზე სასარგებლოა, რადგან გამოჰყავს ადამიანები სასოწარკვეთილებიდან, ამაღლებს მათ ზნეობრივ და სულიერ დონეს, იცავს ქვეყნიერების სიამაყისა და ცრურწმენისგან და მარადიული სიცოცხლის მომტან შემეცნებას ატყობინებს. ყველაზე დიდი სარგებელი კი ისაა, რომ ეს პროგრამა ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებას ასწავლის.
13. როგორ სრულდება ესაიას 2:2-4 დღეს?
13 დღეს ღვთიური სწავლებით სარგებლობს ღმერთის მრავალი ახალი მსახური. მათ შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები და სრულიად ესმით, რომ იეჰოვას დღე მოახლოვებულია (მათე 5:3; 1 თესალონიკელთა 5:1-6). ზუსტად ახლა, „უკანასკნელ დღეებში“, ყოველი ერიდან ეს ადამიანები მიედინებიან იეჰოვას მთისკენ, მისი წმინდა თაყვანისცემისკენ. ის არის მტკიცედ დაფუძნებული და ღმერთის ნების საპირისპირო ყველა თაყვანისცემაზე ბევრად უფრო ამაღლებული (ესაია 2:2-4). თუ იეჰოვასადმი მიძღვნილი მოწმე ხარ, ნუთუ არ ხარობ იმით, რომ მისი თაყვანისმცემლების სულ უფრო მზარდ კრებულში იმყოფები და სარგებლობ ღვთიური სწავლებით? რაოდენ შესანიშნავია იყო მათ შორის, ვინც წამოიძახებს: „ადიდეთ იაჰ!“ (ფსალმუნი 150:6, აქ).
სასარგებლო ზეგავლენა ჩვენზე
14. რა სარგებელს მოგვიტანს 1 კორინთელთა 14:20-ში მოცემული რჩევა, თუ მივყვებით მას?
14 მრავალი სარგებლის გარდა, ღვთიური სწავლება ახდენს სასარგებლო ზეგავლენას ჩვენს აზროვნებასა და პიროვნებაზე. ის გვიბიძგებს ვიფიქროთ იმაზე, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სათნო და ქებულია (ფილიპელთა 4:8). იეჰოვას სწავლება გვეხმარება მივყვეთ პავლეს რჩევას: „ბოროტებისათვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი“ (1 კორინთელთა 14:20). თუ მივიღებთ ამ შეგონებას, ჩვენ არ დავიწყებთ ბოროტების შესახებ შემეცნების ძებნას. პავლემ ასევე, დაწერა: „ყოველგვარი გამწარება, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა მოშორდეს თქვენგან ყოველ სიბოროტესთან ერთად“ (ეფესელთა 4:31). ასეთი რჩევა დაგვეხმარება მოვერიდოთ უზნეო და მძიმე შეცდომებს. ჩვენს სხეულსა და გონებაზე სასარგებლო ზეგავლენასთან ერთად განსაკუთრებით სასიხარულოა იმის შეგნება, რომ ღმერთისთვის სიამოვნება მოგვაქვს.
15. რა დაგვეხმარება შევინარჩუნოთ უმწიკვლო აზროვნება?
15 თუ გვსურს უმწიკვლო აზროვნება შევინარჩუნოთ, უნდა მოვერიდოთ ‘ცუდ საზოგადოებებს, [რომლებიც] ხრწნიან კეთილ ჩვევებს’ (1 კორინთელთა 15:33). როგორც ქრისტიანებმა, ჩვენ არ უნდა ვიმეგობროთ მრუშებთან, მეძავებთან და მათ მსგავს სხვა ცოდვილებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა ვიქონიოთ კავშირი ასეთ პიროვნებებთან პირადი სიამოვნებისთვის მათ შესახებ უზნეო მოთხრობების წაკითხვით ან სატელევიზიო ფილმებისა და კინოსეანსების ყურებით. უნდო გულში ადვილად დამკვიდრდება ცუდი სურვილი, რომელიც ცუდი საქციელისკენ აღგვძრავს (იერემია 17:9) ამიტომ, მოვერიდოთ ასეთ ცდუნებებს და მივყვეთ ღვთიურ სწავლებას. ‘უფლის მოყვარულთა’ აზროვნებაზე მას შეუძლია მოახდინოს იმდენად სასარგებლო ზეგავლენა, რომ ისინი ‘შეიძულებენ ბოროტებას’ (ფსალმუნი 96:10).
16. როგორ მოქმედებს ღმერთის სწავლება ჩვენზე?
16 პავლემ უთხრა თავის თანამშრომელ ტიმოთეს: „უფალი შენს სულთან. მადლი თქვენთან“ (2 ტიმოთე 4:22). მოციქულს სურდა, რომ ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით, მოსწონებოდა ტიმოთესი და სხვა ქრისტიანების გულის აღმძვრელი ძალა. ღმერთის სწავლება გვეხმარება გამოვავლინოთ სიყვარული, სიკეთე და სიმშვიდე (კოლასელთა 3:9-14). და რამდენად განსხვავდებიან ქრისტიანები ამ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები მრავალი ადამიანისგან! ამ ადამიანებს აკლიათ ბუნებრივი სიყვარული, ისინი ამპარტავანნი, უმადურნი, შეურიგებელნი, თავხედნი, სიამოვნებათა მოყვარულნი და ღმერთის ერთგულებას მოკლებულნი არიან (2 ტიმოთე 3:1-5). რადგან ვაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებაში სასარგებლო ღვთიური სწავლების გამოყენებას, ჩვენში მჟღავნდება თვისებები, რომლებიც აძლიერებენ ღმერთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულს.
სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანთა ურთიერთობებზე
17. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავმდაბლური თანამშრომლობა?
17 იეჰოვას სწავლების წყალობით ჩვენ ვხედავთ თანამორწმუნეებთან თავმდაბლური თანამშრომლობის სარგებელს (ფსალმუნი 137:6). თანამედროვე ადამიანთაგან განსხვავებით ჩვენ არ ვბღალავთ სამართლიან პრინციპებს, არამედ მზად ვართ დავეთანხმოთ მათ. მაგალითად, კარგი შედეგების მომტანია დანიშნული ზედამხედველების მზადყოფნა დაეთანხმონ სხვებს უხუცესთა შეხვედრის მსვლელობაში. ჭეშმარიტების ინტერესებში ეს მამაკაცები ლაპარაკობენ მშვიდად და არ რთავენ ნებას საკუთარ გრძნობებს, რომ დაჩრდილონ ლოგიკა ან გამოიწვიონ განხეთქილება. ცხოვრებაში ღვთიური სწავლების გამოყენებით, კრების ყოველი წევრი ისარგებლებს კრებაში გამეფებული ერთობის სულით (ფსალმუნი 132:1-3).
18. თანამორწმუნეების შესახებ როგორი თვალსაზრისის ათვისებაში გვეხმარება ღვთიური სწავლება?
18 ღვთიური სწავლება, ასევე, სასარგებლოა იმიტომ, რომ გვეხმარება განვავითაროთ სწორი თვალსაზრისი ჩვენს თანამორწმუნეებზე. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, რომელმაც მე გამომგზავნა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:44). კერძოდ, 1919 წლიდან აღძრა იეჰოვამ თავისი მსახურები, რომ გამოეცხადებინათ მისი სასამართლო განაჩენი. და ამ გლობალური გაფრთხილების შედეგად სატანის მსოფლიო სისტემა საფუძვლიანად ირყევა. ამავე დროს, ღმერთი მოუწოდებს ღვთისმოშიშ ადამიანებს, რომლებიც „ყოველი ერიდან სასურველნი“ არიან, გამოეყონ ამქვეყნიურ ხალხებს და შეუერთდნენ ცხებულ ქრისტიანებს, რომ აღავსონ დიდებით იეჰოვას თაყვანისცემის სახლი (ანგია 2:7, აქ). ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვუყუროთ ღმერთის მიერ მოწოდებულ, სასურველ ადამიანებს, როგორც საყვარელ მეგობრებს.
19. რას გვიჩვენებს ღმერთის სწავლება თანაქრისტიანთა შორის პირადი სიძნელეების მოგვარების შესახებ?
19 რადგან ყოველი ჩვენგანი არასრულყოფილია, ცხადია, რომ შეუძლებელია პრობლემების გარეშე ცხოვრება. პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობამდე ბარნაბამ გადაწყვიტა მარკოზის თან წაყვანა. პავლე არ დაეთანხმა, რადგან მარკოზი „ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე. აქედან მოხდა უთანხმოება“. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი კვიპროსში, მაშინ, როდესაც პავლე სილას თანხლებით, ასურეთის გავლით, გაემგზავრა კილიკიაში (საქმე 15:36-41). მოგვიანებით, ისინი, როგორც ჩანს, შერიგდნენ, რადგან მარკოზი პავლესთან ერთად იყო რომში და მოციქული კარგად მოიხსენიებდა მას (კოლასელთა 4:10). თუ მივყვებით იესოს მიერ მოცემულ რჩევებს, რომლებიც ჩაწერილია მათეს 5:23, 24-სა და 18:15-17-ში, ღვთიური სწავლება მოახდენს ჩვენზე კიდევ ერთ სასარგებლო ზეგავლენას იმით, რომ გვიჩვენებს როგორ მოვაგვაროთ ქრისტიანთა შორის პირადი უთანხმოებანი.
მუდამ სასარგებლო და გამარჯვებული
20, 21. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთიური სწავლების განხილვამ?
20 ღვთიური სწავლების მრავალი სარგებლისა და გამარჯვების ასეთი მოკლე განხილვითაც კი, უეჭველად, ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში მისი უწყვეტი გამოყენების აუცილებლობას. მოდით, ლოცვის დახმარებით განვაგრძოთ ჩვენი დიდებული მოძღვრის მიერ მოწოდებული სწავლების მიღება. ძალიან მალე ღვთიური სწავლება მოიპოვებს ყველაზე დიდებულ გამარჯვებას. ის გაიმარჯვებს, როდესაც ქვეყნიერების ბრძენნი სამუდამოდ მოისპობიან (შეადარე 1 კორინთელთა 1:19). გარდა ამისა, როდესაც მილიონობით ადამიანი განაგრძობს ღმერთის ნების შესწავლასა და შესრულებას, იეჰოვას ცოდნით აივსება მიწა, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული (ესაია 11:9). რაოდენ დიდებულ სარგებელს ნახავს კაცობრიობა და რამდენად გამართლდება იეჰოვა, როგორც სამყაროს სუვერენი!
21 იეჰოვასგან გამომდინარე სწავლება ყოველთვის გაიმარჯვებს და ყოველთვის სასარგებლო იქნება. გააგრძელებ თუ არა მისით სარგებლობას, როგორც ღმერთის დიდებული სახელმძღვანელოს გულმოდგინე მოწაფე? ცხოვრობ, თუ არა ბიბლიასთან თანხმობაში და უზიარებ მის ჭეშმარიტებას სხვებს? თუ დიახ, შენ შეგიძლია იხილო ღვთიური სწავლების სრული გამარჯვება, რომელიც განადიდებს ჩვენს დიდებულ მოძღვარს, ყოვლისმპყრობელ უფალ იეჰოვას.
[რა ისწავლე ამ სტატიიდან?]
□ როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ღვთიურ სწავლებას ჩვენს ცხოვრებაზე?
□ როგორ აკმაყოფილებს განათლების საჭიროებებს იეჰოვას სწავლება?
□ როგორ ზეგავლენას ახდენს ღვთიური სწავლება ჩვენს აზროვნებასა და თვალსაზრისზე?
□ როგორ სასარგებლო ზეგავლენას ახდენს ღვთიური სწავლება ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე?
[სურათი მე-15 გვერდზე]
ღვთიური სწავლება გვიჩვენებს, თუ როგორ ვიაროთ ღმერთთან, ნოეს მსგავსად
[სურათი მე-16 გვერდზე]
ადამიანები ყოველი ერიდან მიედინებიან იეჰოვას მთისკენ