ადამი და ევა
განმარტება: ადამი პირველი ადამიანი იყო. ებრაული სიტყვა „ადჰამ“ აგრეთვე ითარგმნება როგორც „კაცი“, „ადამიანი“ და „კაცობრიობა“. ევა, პირველი ქალი, ადამის ცოლი იყო.
მოგონილი პერსონაჟები არიან ადამი და ევა?
საფუძველს მოკლებულია ის აზრი, რომ ყველას ერთი წინაპარი გვყავს?
„დღეს მეცნიერება ადასტურებს იმას, რასაც წამყვანი რელიგიების უმეტესობა დიდი ხანია ქადაგებს: ყველა რასის ადამიანებს . . . ერთი წინაპარი ჰყავთ“ („Heredity in Humans“, ამრამ შაინფელდი, ფილადელფია / ნიუ-იორკი, 1972, გვ. 238).
„ადამისა და ევას, მთელი კაცობრიობის მამისა და დედის შესახებ საუკუნეების წინათ დაწერილი ბიბლიური ისტორია არის ჭეშმარიტება, რომელსაც დღეს მეცნიერებაც ადასტურებს: დედამიწის ყველა ერი ერთ ოჯახს მიეკუთვნება და ყველას ერთი წინაპარი ჰყავს“ („The Races of Mankind“, რუთ ბენედიქტი და ჯინ უელთფიში, ნიუ-იორკი, 1978, გვ. 3).
საქ. 17:26: „[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“.
წარმოგვიდგენს თუ არა ბიბლია ადამს ალეგორიულ პერსონაჟად, რომელიც ადრე მცხოვრებ ყველა მამაკაცს განასახიერებს?
იუდ. 14: „მათ შესახებ იწინასწარმეტყველა ენოქმაც, ადამიდან მეშვიდემ“ (ენოქი არ ყოფილა ადრე მცხოვრები ყველა მამაკაცის მეშვიდე შთამომავალი).
ლუკ. 3:23—38: „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო იესო, როცა დაიწყო თავისი საქმე, და, როგორც თვლიდნენ, იგი იყო . . . დავითის ძე . . . აბრაამის ძე . . . ადამის ძე“ (დავითი და აბრაამი ცნობილი ისტორიული პირები არიან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ადამიც რეალური ადამიანი იყო).
დაბ. 5:3: „იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი. შეეძინა მას ვაჟი, მისი მსგავსი და ანარეკლი, და დაარქვა მას შეთი“ (შეთი არ ყოფილა ყველა მამაკაცის შვილი და არც ყველას შესძენია შვილი 130 წლის ასაკში).
ამტკიცებს ევასთან გველის საუბარი იმას, რომ ეს ამბავი ალეგორიულია?
დაბ. 3:1—4: «გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ ქალმა გველს მიუგო: „ . . . ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“. ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით“».
იოან. 8:44: „[იესომ თქვა:] ეშმაკი . . . ცრუა და სიცრუის მამაა“ (ასე რომ, ედემის ბაღში პირველი ტყუილი სინამდვილეში ეშმაკმა თქვა. მან გველის მეშვეობით ილაპარაკა. „დაბადებაში“ აღწერილი ამბავი იგავ-არაკი არ არის. იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 12:9).
მაგალითი: მუცლით მეტყველს შეუძლია ისე გამოსცეს ხმა, თითქოს ამ დროს სხვა ლაპარაკობს. შეადარეთ რიცხვების 22:26—31-ს, სადაც მოთხრობილია, როგორ აალაპარაკა იეჰოვამ ბალაამის ვირი.
თუ „პირველი კაცი ადამი“ მოგონილი პერსონაჟია, რისი თქმა შეიძლება „უკანასკნელ ადამზე“, იესო ქრისტეზე?
1 კორ. 15:45, 47: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“, უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი სული. პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი, მეორე კაცი კი ზეციდანაა» (აქედან გამომდინარე, თუ უარვყოფთ, რომ ნამდვილად არსებობდა ადამი, რომელმაც შესცოდა ღმერთს, მაშინ ეჭვქვეშ ვაყენებთ იესო ქრისტეს როლს და უარვყოფთ მიზეზს, რის გამოც იესომ თავი გასწირა კაცობრიობისთვის. ამის უარყოფა კი ქრისტიანული მრწამსის უარყოფას ნიშნავს).
თავად იესო რას ფიქრობდა „დაბადებაში“ ჩაწერილ ისტორიაზე?
მათ. 19:4, 5-ში იესო ამბობს: «ნუთუ არ წაგიკითხავთ [დაბადების 1:27; 2:24-ში], რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი [ადამი და ევა] და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“?» (თუ იესოს სწამდა, რომ „დაბადებაში“ ჩაწერილი ამბავი ნამდვილად მოხდა, განა ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს?).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„ადამმა ღვთის ნებით შესცოდა, ეს ღვთის გეგმაში შედიოდა“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ამას ბევრი ამბობს. მაგრამ თქვენი სურვილისამებრ რომ მოვიქცე, დამსჯით ამის გამო?. . თუ ადამმა ღვთის ნებით შესცოდა, რატომღა განდევნა ის ღმერთმა ედემის ბაღიდან?“ (დაბ. 3:17—19, 23, 24).
ან შეგიძლია უთხრა: „საინტერესო აზრია. სწორ დასკვნამდე მისვლაში ღვთის თვისებების გათვალისწინება დაგვეხმარება. განა სამართლიანობისა და სიყვარულის მაჩვენებელი იქნება, თუ ადამიანს დასჯით იმისთვის, რაც თქვენი სურვილით გააკეთა?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია (1 იოან. 4:8). მისი ყოველი გზა სამართლიანია (ფსალმ. 37:28; კან. 32:4). ღმერთს არ სურდა, რომ ადამს შეეცოდა. მან გააფრთხილა ადამი“ (დაბ. 2:17). 2) „ღმერთმა ადამს, ისევე როგორც ჩვენ, არჩევნის თავისუფლება მისცა. სრულყოფილება არ ნიშნავდა იმას, რომ ადამი ამ თავისუფლებას ბოროტად ვერ გამოიყენებდა. ადამმა ღვთის ურჩობა არჩია, თუმცა იცოდა, რომ ამისთვის სიკვდილით დაისჯებოდა“ (იხილე აგრეთვე გვერდი 60).