საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 11/1 გვ. 21-25
  • ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვას
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შესრულდა სანუგეშო აღთქმა
  • ნოეზე დიდებული
  • სად ვნახოთ ნუგეში
  • მძიმე განსაცდელის დროს
  • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • როგორ გვანუგეშებს ღმერთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 11/1 გვ. 21-25

ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვას

„ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 15:5).

1. რატომ არის დღითი დღე მეტი ნუგეში საჭირო?

რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ნუგეშისცემა გვესაჭიროება. როგორც ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი 1 900-ზე მეტი წლის წინათ აღნიშნავდა, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). დღეს ‘კვნესა’ და ‘ტანჯვა’ უფრო დიდია, ვიდრე დღემდე ახსოვს ისტორიას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა ერთმანეთზე მიყოლებული კრიზისით იტანჯება, იქნება ეს სხვადასხვანაირი ომები, დანაშაული თუ სტიქიური უბედურებები, რომლებიც, ხშირად, ადამიანთა მიერ დედამიწის არასწორად მოპყრობით არის გამოწვეული (გამოცხადება 11:18).

2. ა) ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე ადამიანთა დღევანდელ ტანჯვაში? ბ) რა ფაქტი გვაძლევს ნუგეშის საფუძველს?

2 რატომ არსებობს დღეს ამდენი ტანჯვა? 1914 წელს სამეფოს დაბადების შემდეგ სატანის ზეციდან ჩამოგდებაზე საუბრისას ბიბლია გვპასუხობს: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). წინასწარმეტყველების შესრულების ნათელი მტკიცება ნიშნავს, რომ ჩვენ თითქმის მივაღწიეთ სატანის ბოროტი მმართველობის დასასრულს. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ცხოვრება დედამიწაზე მალე მშვიდობიანი იქნება, ისეთი, როგორიც იყო იმ დრომდე, სანამ სატანა აჯანყებისკენ წააქეზებდა ჩვენს მშობლებს!

3. როდის არ ესაჭიროებოდათ ადამიანებს ნუგეში?

3 თავდაპირველად ადამიანის შემოქმედმა პირველ ადამიანთა წყვილისთვის საცხოვრებლად მოამზადა მშვენიერი ბაღი. ის მდებარეობდა იმ მიდამოებში, რომელსაც ეწოდებოდა ედემი, რაც ნიშნავს „ნეტარებას“ ან „ტკბობას“ (დაბადება 2:8, აქ, სქოლიო). გარდა ამისა, ადამი და ევა ხარობდნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ჰქონდათ იმედი, რომ არასოდეს მოკვდებოდნენ. დაფიქრდი, რამდენ სფეროში შეეძლოთ განევითარებინათ ნიჭი — მცენარეების მოვლაში, ხელოვნებაში, მშენებლობაში, მუსიკაში. დაფიქრდი, რამდენი ქმნილების შესწავლა შეეძლოთ, როდესაც განახორციელებდნენ დავალებას, დაუფლებოდნენ მთელ დედამიწას და სამოთხედ გადაექციათ (დაბადება 1:28). ნამდვილად, ადამისა და ევას ცხოვრება კვნესითა და ტანჯვით კი არ იქნებოდა აღსავსე, არამედ ნეტარებითა და სიტკბოებით. ნათელია, რომ მათ არ დასჭირდებოდათ ნუგეში.

4, 5. ა) რატომ ვერ შეძლეს ადამმა და ევამ მორჩილების გამოცდის გადატანა? ბ) როგორ მივიდა კაცობრიობა იქამდე, რომ ესაჭიროება ნუგეში?

4 ერთადერთი, რაც ადამსა და ევას ესაჭიროებოდათ, იყო ის, რომ განევითარებინათ ღრმა სიყვარული და პატივისცემა კეთილი ზეციერი მამის მიმართ. ასეთი სიყვარულის ძალას უნდა აღეძრა, ნებისმიერ ვითარებაში დამორჩილებოდნენ ღმერთს (შეადარე იოანე 14:31). სამწუხაროდ, ორივე, ჩვენი პირველი მშობლები, არ დაემორჩილნენ თავიანთ სამართლიან უზენაეს მმართველს, იეჰოვას. ამის ნაცვლად, მათ ნება დართეს საკუთარ თავს, რომ დაცემული ანგელოზის, სატანა ეშმაკის ბოროტ მმართველობაში მოქცეულიყვნენ. სწორედ სატანამ აცდუნა ევა, ჩაედინა ცოდვა და ეჭამა აკრძალული ხილი. შემდეგ ადამმაც შესცოდა, როდესაც იმ ხის ნაყოფი შეჭამა, რომლის შესახებაც ღმერთმა სავსებით ნათლად გააფრთხილა: ‘როგორც კი შეჭამ, მოკვდები’ (დაბადება 2:17).

5 ამგვარად დაიწყო ცოდვილმა წყვილმა კვდომა. სიკვდილის განაჩენის გამოცხადებისას ღმერთმა ადამს აგრეთვე უთხრა: „მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო“ (დაბადება 3:17, 18). ასე რომ, ადამისა და ევასთვის დაიკარგა იმის იმედი, რომ დაუმუშავებელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევდნენ. ედემიდან გამოგდებულებს მთელი ენერგიის ხარჯვა უწევდათ, რომ საკვები მიეღოთ მიწიდან, რომელიც ღმერთმა დაწყევლა. მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღო და შთამომავლობა მივიდა იქამდე, რომ უდიდესი ნუგეში ესაჭიროება (რომაელთა 5:12).

შესრულდა სანუგეშო აღთქმა

6. ა) რა მანუგეშებელი აღთქმა მისცა ღმერთმა ადამიანებს ცოდვის ჩადენის შემდეგ? ბ) რა წინასწარმეტყველება განაცხადა ლამექმა ნუგეშთან დაკავშირებით?

6 როდესაც იეჰოვამ ადამიანთა აჯანყების წამქეზებელს განაჩენი გამოუტანა, დაამტკიცა, რომ ‘ნუგეშის ღმერთს’ წარმოადგენდა (რომაელთა 15:5). ეს ცხადი გახდა, როდესაც წარმოთქვა აღთქმა „თესლის“ შესახებ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლებდა ადამის შთამომავლობას ადამის აჯანყების გამანადგურებელი გავლენისგან (დაბადება 3:15). თავის დროზე, ღმერთმა, ასევე, ამ გათავისუფლების იმედის ნაპერწკალი წინასწარ დაანახა ადამიანებს. მაგალითად, მან შთააგონა ლამექს, ადამის შორეულ შთამომავალს, ადამის ძის, შეთის მხრიდან, რომ ეწინასწარმეტყველა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ლამექის ძეს: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა“ (დაბადება 5:29). ამ აღთქმის თანახმად, ძეს დაარქვეს ნოე, რაც, როგორც ვიცით, ნიშნავს „დასვენებას“ ან „ნუგეშს“.

7, 8. ა) რატომ გაუჩნდა იეჰოვას სინანულის გრძნობა ადამიანის შექმნის გამო და რა განიზრახა პასუხად? ბ) როგორ გაამართლა ნოემ თავისი სახელის მნიშვნელობა?

7 ამ დროს კი, სატანა ზეციერ ანგელოზთა შორის თავის მიმდევრებს იძენდა. ადამიანთა მსგავსად ხორცშესხმულ ანგელოზებს ადამის შთამომავალი მიმზიდველი ქალიშვილები როგორც ცოლები ისე მიჰყავდათ. ასეთმა არაბუნებრივმა კავშირმა შემდგომში გახრწნა ადამიანთა საზოგადოება და წარმოშვა ბუმბერაზი მოძალადე „ადამიანების“ უღვთო რასა, რომლებიც სხვებს აკნინებდნენ და რომლებმაც დედამიწა ძალადობით აავსეს (დაბადება 6:1, 2, 4, 11; იუდა 6). „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად. . . ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა“ (დაბადება 6:5, 6).

8 იეჰოვამ განიზრახა, რომ მსოფლიო წარღვნით გაენადგურებინა ბოროტი წუთისოფელი, მაგრამ ჯერ ნოეს ააშენებინა გადასარჩენად კიდობანი. ამგვარად გადარჩა ადამიანთა და ცხოველთა მოდგმა. რა შვებას იგრძნობდა ნოე და მისი ოჯახი წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გასუფთავებულ მიწაზე გამოსვლისას! რა მანუგეშებელი იყო იმის ხილვა, რომ მიწას მოეხსნა წყევლა, რამაც მიწათმოქმედება გაცილებით იოლი გახადა! ნამდვილად, ლამექის წინასწარმეტყველება შესრულდა და ნოემ ისე იცხოვრა, რომ გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა (დაბადება 8:21). ნოე, როგორც ღვთის ერთგული მსახური, „ნუგეშის“ მომტანი საშუალება იყო კაცობრიობისთვის. მაგრამ სატანისა და მისი დემონი ანგელოზების გავლენა წარღვნის დროს არ დამთავრებულა, და კაცობრიობა ისევ იტანჯება ცოდვის, ავადმყოფობისა და სიკვდილის უღლით.

ნოეზე დიდებული

9. როგორ დაამტკიცა იესო ქრისტემ, რომ მომნანიებელი ადამიანების დამხმარე და ნუგეშისმცემელი იყო?

9 საბოლოოდ, კაცობრიობის 4 000-წლიანი ისტორიის დასასრულს, მოვიდა აღთქმული თესლი. ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გამო იეჰოვა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რომ ცოდვილი კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად მომკვდარიყო (იოანე 3:16). იესო ქრისტეს უდიდესი შვება მოაქვს მომნანიებელი ცოდვილებისთვის, რომლებიც მისი შეწირული მსხვერპლის მიმართ რწმენას ავლენენ. ყველა, რომლებმაც სიცოცხლე მიუძღვნეს იეჰოვას და მონათვლის შემდეგ მისი ძის მოწაფეები გახდნენ, გრძნობენ ხანგრძლივ სიმშვიდესა და ნუგეშს (მათე 11:28–30; 16:24). არასრულყოფილების მიუხედავად, ისინი უდიდეს სიხარულს გრძნობენ სუფთა სინდისით იეჰოვასადმი მსახურებით. რამდენად მანუგეშებელია მათთვის იმის ცოდნა, რომ, თუ გააგრძელებენ იესოს მიმართ რწმენის გამოვლენას, დაჯილდოვდებიან მარადიული სიცოცხლით! (იოანე 3:36; ებრაელთა 5:9). თუ სისუსტის გამო სერიოზულ ცოდვას ჩაიდენენ, მათ ჰყავთ დამხმარე, ანუ ნუგეშისმცემელი, მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე (1 იოანე 2:1, 2). ასეთი ცოდვის გულახდილი აღიარებითა და ცოდვისგან თავის ასარიდებლად ბიბლიიდან გამომდინარე ნაბიჯის გადადგმით, გრძნობენ შვებას, რადგან იციან, რომ ღმერთი არის ‘ერთგული და მართალი, და მიუტევებს ცოდვებს’ (1 იოანე 1:9; 3:6; იგავნი 28:13).

10. რას ვსწავლობთ იესოს მიერ დედამიწაზე ყოფნის დროს შესრულებული სასწაულებიდან?

10 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოსაც მოჰქონდა ხალისი ადამიანებისთვის, იმით, რომ კურნავდა დემონით შეპყრობილებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდარ საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს უბრუნებდა. ნათელია, რომ ასეთ სასწაულებს მხოლოდ დროებითი შვება მოჰქონდა, რადგან ისინი, რომლებიც იყვნენ კურთხეული, შემდეგ დაბერდნენ და მოკვდნენ. მაგრამ ასეთი მოქმედებით იესომ უჩვენა, როგორი იქნებოდა მომავალი მარადიული კურთხევა, რომელსაც მთელ კაცობრიობაზე გადმოაფრქვევს. ამჟამად, იესო, ძლევამოსილი ზეციერი მეფე, მალე დემონების განდევნაზე უფრო მეტს გააკეთებს. ის მათ, ხელმძღვანელ სატანასთან ერთად, ჩააგდებს უმოქმედო მდგომარეობაში. შემდეგ დადგება ქრისტეს დიდებული ათასწლიანი მმართველობა (ლუკა 8:30, 31; გამოცხადება 20:1, 2, 6).

11. რატომ უწოდა იესომ საკუთარ თავს „შაბათის უფალი“?

11 იესომ თქვა, რომ იყო ‘შაბათის უფალი’ და მრავალი სწორედ შაბათ დღეს განკურნა (მათე 12:8–13; ლუკა 13:14–17; იოანე 5:15, 16; 9:14). რატომ ხდებოდა ასე? „შაბათი“ ისრაელებისთვის მიცემული ღვთის რჯულის ნაწილი იყო და წარმოადგენდა ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ (ებრაელთა 10:1). კვირის ექვსი სამუშაო დღე შეგვახსენებს სატანის დესპოტურ მმართველობას დაქვემდებარებული და დამონებული კაცობრიობის გასულ 6 000 წელს. კვირის დასასრული შაბათი დღე გვახსენებს კაცობრიობის მანუგეშებელ დასვენებას, რომელსაც უფრო დიდებული ნოეს, იესო ქრისტეს, მმართველობის დროს იგრძნობენ ადამიანები (შეადარე მე-2 პეტრე 3:8).

12. რა ნუგეშს უნდა ველოდეთ?

12 რა შვებას იგრძნობენ ქრისტეს მმართველობის მიწიერი ქვეშევრდომები, როცა საბოლოოდ სრულიად გათავისუფლდებიან სატანის ბოროტი ზეგავლენისგან! უფრო მეტ ნუგეშს კი მაშინ იგრძნობენ, როდესაც ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად განიკურნებიან (ესაია 65:17). წარმოიდგინე მათი აღტაცება, როდესაც შეხვდებიან გაცოცხლებულ საყვარელ ადამიანებს! ასეთი გზებით ‘მოსწმენდს ღმერთი ცრემლს მათ თვალებიდან’ (გამოცხადება 21:4). რადგანაც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის კურთხევებს უფრო და უფრო მეტად გამოიყენებენ, ღვთის სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები, თანდათან სრულყოფილებისკენ წაიწევენ და სავსებით გათავისუფლდებიან ადამის ცოდვის ცუდი ზეგავლენისგან (გამოცხადება 22:1–5). შემდეგ სატანა გათავისუფლდება „მცირე ხნით“ (გამოცხადება 20:3, 7). ყველა, ვინც ერთგულად იცავს იეჰოვას უზენაესობას, მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდება. წარმოიდგინე ენით აუწერელი სიხარული და შვება, როდესაც სავსებით ‘გავთავისუფლდებით ხრწნილების მონობისაგან’! ამგვარად, მორჩილი ადამიანები გაიხარებენ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ (რომაელთა 8:21).

13. რატომ ესაჭიროებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ის ნუგეში, რასაც ღმერთი იძლევა?

13 ახლა კი ჩვენ სატანის ბოროტ სისტემაში ვიმყოფებით, სადაც კვნესა და ტანჯვაა. ფიზიკური ავადმყოფობები და ემოციური მოშლილობა გავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, ერთგულ ქრისტიანებზეც (ფილიპელთა 2:25–27; 1 თესალონიკელთა 5:14). ამასთან ერთად, როგორც ქრისტიანები, ხშირად ვიტანჯებით უსამართლო დაცინვითა და დევნით, რასაც სატანა გვატეხს თავს, რადგან ‘ღმერთს უფრო მეტად ვმორჩილებთ, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29). ამგვარად, თუ გვსურს შევძლოთ ღვთის ნების შესრულება სატანის წუთისოფლის დასასრულამდე, გვესაჭიროება ნუგეში, დახმარება და ძალა, რასაც თვითონ ღმერთი გვაძლევს.

სად ვნახოთ ნუგეში

14. ა) რა აღთქმა წარმოთქვა იესომ სიკვდილის წინა საღამოს? ბ) რა არის აუცილებელი, რომ ბოლომდე ვისარგებლოთ იმ ნუგეშით, რასაც ღმერთი სულიწმიდით იძლევა?

14 სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, იესომ თავის ერთგულ მოციქულებს გასაგებად უთხრა, რომ მალე დატოვებდა მათ და მამასთან დაბრუნდებოდა. ამან ააღელვა და დაამწუხრა ისინი (იოანე 13:33, 36; 14:27–31). იესოს ესმოდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ მუდმივი ნუგეში და აღუთქვა: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ“ (იოანე 14:16). იესო აქ გულისხმობდა ღვთის სულიწმიდას, რომელიც მის მოწაფეებზე გადმოვიდა მისი აღდგენიდან 50-ე დღესa. სხვა მრავალთან ერთად, ღვთის სული ანუგეშებდა მათ ყოველი განსაცდელის დროს და აძლიერებდა ღვთის ნების შესასრულებლად (საქმეები 4:31). მაგრამ ასეთი დახმარება რაღაც მექანიკურად არ უნდა მივიჩნიოთ. მისგან სრული სარგებლობის მისაღებად ყოველმა ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ილოცოს მანუგეშებელი დახმარებისთვის, რომელსაც ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით იძლევა (ლუკა 11:13).

15. რომელი საშუალებებით გვანუგეშებს იეჰოვა?

15 მეორე საშუალება, რითაც ღმერთი გვანუგეშებს, არის მისი სიტყვა, ბიბლია. პავლე წერდა: „რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). ეს გვიჩვენებს აუცილებლობას, რომ რეგულარულად ვისწავლოთ და ღრმად ვიფიქროთ იმაზე, რაც დაწერილია ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში. ასევე, აუცილებელია რეგულარული დასწრება ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც განიხილება ღვთის სიტყვიდან გამომდინარე მანუგეშებელი აზრები. ასეთი შეკრებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერთმანეთის წახალისება (ებრაელთა 10:25).

16. როგორი მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას ღვთისგან მომდინარე ნუგეშმა?

16 რომაელთა მიმართ პავლეს წერილში გრძელდება იმ დადებით შედეგებზე საუბარი, რასაც ვიყენებთ ღვთისგან მოცემული მანუგეშებელი საშუალებებით. პავლე წერდა: „მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა“ (რომაელთა 15:5, 6). დიახ, როდესაც ბოლომდე ვიყენებთ ღვთის მანუგეშებელი მზრუნველობის ნაყოფს, უფრო მეტად დავემსგავსებით ჩვენს გაბედულ ხელმძღვანელს, იესო ქრისტეს. ეს მოგვცემს იმის სურვილს, რომ ვადიდოთ ღმერთი დამოწმებისას, შეხვედრებზე, თანამორწმუნეებთან პირადი საუბრისას და ლოცვისას.

მძიმე განსაცდელის დროს

17. როგორ ანუგეშა იეჰოვამ თავისი ძე და რა იყო შედეგი?

17 წამებით სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, იესო ‘წუხდა’ და ‘ურვობდა’ (მათე 26:37, 38). ამიტომ მოწაფეებისგან ცოტა მოშორებით გავიდა და ლოცვით სთხოვდა დახმარებას ზეციერ მამას. და „შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა“ (ლუკა 22:43). იესოს გაბედულება და ვაჟკაცობა, და ისიც, თუ როგორ წარდგა მოწინააღმდეგეების წინაშე, ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერი იყო ღვთის მიერ ძის ნუგეშისცემა (იოანე 18:3–8, 33–38).

18. ა) პავლე მოციქულის ცხოვრების რომელი მონაკვეთი იყო განსაკუთრებით განსაცდელებით აღსავსე? ბ) როგორ შეგვიძლია ნუგეშისმცემლები ვიყოთ საქმეებით დატვირთული მგრძნობიარე უხუცესების მიმართ?

18 პავლე მოციქულსაც დროდადრო მძიმე განსაცდელი ჰქონდა. მაგალითად, მისი მსახურება ეფესოში იყო ‘მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომელიც შეემთხვა იუდეველთა ბოროტი ზრახვებით’ (საქმეები 20:17–20). ბოლოს, მას შემდეგ, რაც პავლეს სამქადაგებლო მოღვაწეობის გამო, ღვთაება არტემიდეს მომხრეებმა დრტვინვით აიკლეს ქალაქი, პავლემ დატოვა ეფესო (საქმეები 19:23–29; 20:1). როდესაც პავლე გაემგზავრა ჩრდილოეთით, ქალაქ ტროადაში, სანერვიულო დაემატა. ვიდრე ეფესოში დრტვინვა მოხდებოდა, მან მიიღო ამაღელვებელი ცნობა. კორინთში ახლადჩამოყალიბებულ კრებაში იყო დაყოფები და დაშვებული იყო მრუშობა. ასე რომ, ეფესოდან პავლემ მისწერა წერილი მკაცრი საყვედურით იმ იმედით, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა. ეს მისთვის არ იყო ადვილი. მეორე წერილში მან თქვა: „ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით“ (2 კორინთელთა 2:4). პავლეს მსგავსად, მგრძნობიარე უხუცესებისთვის არ არის იოლი გამოსასწორებელი რჩევებისა და საყვედურების მიცემა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათაც ძალიან აწუხებთ საკუთარი სისუსტეები (გალატელთა 6:1). დაე, ვანუგეშოთ ისინი, რომლებიც ჩვენს შორის ხელმძღვანელობენ იმით, რომ ხალისით გამოვეხმაუროთ მათ მოსიყვარულე, ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას (ებრაელთა 13:17).

19. რატომ დატოვა პავლე ტროადა და გაემგზავრა მაკედონიაში და ბოლოს რით იგრძნო შვება?

19 ეფესოში ყოფნის დროს პავლემ მხოლოდ წერილი კი არ მისწერა კორინთის ძმებს, არამედ მხარში ამოსადგომად ტიტეც გაუგზავნა და დაავალა, რომ ეცნობებინა მისთვის, თუ რა გამოხმაურება ექნებოდა წერილს. პავლე იმედოვნებდა, რომ ტროადაში შეხვდებოდა ტიტეს. იქ პავლე კურთხეული იყო შესაძლებლობით, ჰყოლოდა მოწაფეები. მაგრამ ამან შვება ვერ მოუტანა, ღელავდა, რადგან ტიტე ჯერ კიდევ არ იყო ჩასული (2 კორინთელთა 2:12, 13). ასე რომ, ტიტესთან შეხვედრის იმედით ის გაემგზავრა მაკედონიაში. პავლეს შეშფოთებას დაემატა ისიც, რომ მის მსახურებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. ის ამბობს: „როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ — ბრძოლები, შინ — შიში. მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით“ (2 კორინთელთა 7:5, 6). და რამდენად დიდი შვება იგრძნო, როცა, როგორც იქნა, ტიტე ჩავიდა და მოუყვა პავლეს იმ დადებით გამოხმაურებაზე, რაც მის წერილს მოჰყვა!

20. ა) როგორც პავლეს შემთხვევიდანაც ჩანს, რომელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რითაც იეჰოვა გვანუგეშებს? ბ) რა იქნება შემდეგ სტატიაში განხილული?

20 პავლეს თავგადასავალი მანუგეშებელია დღეს ღვთის მსახურთათვის, რომლებიც მრავალი გამოცდების წინაშე არიან, რაც „აბეჩავებს“, ანუ „ამწუხრებს“ მათ („ფილიპსის“ თარგმანი [Phillips]). დიახ, „ნუგეშის ღმერთმა“ იცის ჩვენი პირადი საჭიროებები და შეუძლია გამოგვიყენოს ერთმანეთის სანუგეშებლად ისე, როგორც პავლეს სცა ნუგეში მომნანიებელი კორინთელების შესახებ ტიტეს მოტანილმა ამბავმა (2 კორინთელთა 7:11–13). შემდეგ სტატიაში განვიხილავთ პავლეს თბილ პასუხს კორინთელთა მიმართ და იმას, თუ როგორ დაგვეხმარება ჩვენ დღეს ეფექტურად გავუნაწილოთ ღვთისგან მოცემული ნუგეში სხვებს.

[სქოლიოები]

a ღვთის სულის ერთ-ერთი მთავარი მოქმედება პირველი საუკუნის ქრისტიანებზე იყო სულიწმიდით ცხება და ღვთის სულიერ ძეებად და იესოს ძმებად მიღება (2 კორინთელთა 1:21, 22). ეს გათვალისწინებულია მხოლოდ ქრისტეს 144 000 მოწაფისთვის (გამოცხადება 14:1, 3). დღეს ქრისტიანების დიდ უმრავლესობას სიკეთით ეძლევა სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდით არ არიან ცხებულები, ისინიც ღებულობენ ღვთის სულიწმიდით დახმარებასა და ნუგეშს.

როგორ უპასუხებდი?

◻ როგორ მივიდა კაცობრიობა იქამდე, რომ სჭირდება ნუგეში?

◻ როგორ დაამტკიცა იესომ, რომ ნოეზე დიდებული იყო?

◻ რატომ უწოდა იესომ საკუთარ თავს „შაბათის უფალი“?

◻ როგორ გვანუგეშებს ღმერთი დღეს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება