ბედისწერა
განმარტება: წინასწარ განსაზღვრული, ხშირ შემთხვევაში არასასურველი ხვედრის გარდაუვალობა. ფატალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია ღვთის ან ზებუნებრივი ძალის მიერ; ყველა მოვლენა გარდაუვალია, რადგან წინასწარ არის განსაზღვრული. ეს არ არის ბიბლიური სწავლება.
წინასწარ არის განსაზღვრული ყველას „სიკვდილის დრო“?
ეს წარმოდგენა გავრცელებული იყო ბერძნებსა და რომაელებში. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბედისწერის სამი ქალღმერთი (პარკები) სიცოცხლის ძაფს ართავდა, მის სიგრძეს განსაზღვრავდა და ჭრიდა.
ეკლესიასტეს 3:1, 2-ში მოხსენიებულია „სიკვდილის დრო“. აქ ის არ იგულისხმება, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა წინასწარ არის განსაზღვრული. ეს ჩანს ეკლესიასტეს 7:17-დან: „ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში და ნურც უგუნური იქნები. რად გინდა, რომ დროზე ადრე მოკვდე?“. იგავების 10:27-ში ნათქვამია: „იეჰოვას შიში კაცს დღეებს მატებს, ბოროტის წლები კი შემცირდება“. ფსალმუნის 55:23-ში კი წერია: „სისხლისმღვრელები და მზაკვრები თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ“. მაშ, რა არის ნაგულისხმები ეკლესიასტეს 3:1, 2-ში? აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ყველას სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. არის შობის დრო და დგება სიკვდილის დროც, ჩვეულებრივ, 70—80 წელიწადში, ზოგჯერ უფრო ადრე ან გვიან (ფსალმ. 90:10; იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 9:11).
თუ ადამიანის დაბადებამდე უკვე განსაზღვრულია, როდის და როგორ მოკვდება ის, მაშინ აზრი არა აქვს სახიფათო სიტუაციებისთვის თავის არიდებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ასეთ შემთხვევაში ვერც უსაფრთხოების ზომების დაცვით შემცირდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სად უფრო უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს: ბრძოლის ველზე თუ სახლში, რომელიც კონფლიქტის ზონიდან შორს არის? ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე? მიგყავთ ხოლმე ექიმთან ბავშვები? რატომ ცოცხლობენ მწეველები, საშუალოდ, სამი-ოთხი წლით ნაკლებს არამწეველებთან შედარებით? რატომ ამცირებს უბედური შემთხვევების რისკს უსაფრთხოების ქამრის გამოყენება და მოძრაობის წესების დაცვა? აშკარაა, რომ წინდახედულობა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა სასარგებლოა.
ყველაფერი „ღვთის ნებით“ ხდება?
2 პეტ. 3:9: „იეჰოვა . . . მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (მაგრამ ყველა არ იყენებს ამ შესაძლებლობას. ფაქტია, რომ თუ ვინმე არ ინანიებს, ეს „ღვთის ნება“ არ არის. შეადარეთ გამოცხადების 9:20, 21).
იერ. 7:23—26: „ეს სიტყვა კი ვუბრძანე მათ [ისრაელებს]: დაემორჩილეთ ჩემს ხმას და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი იქნებით ჩემი ხალხი; იარეთ-მეთქი იმ გზით, რომელზეც გიბრძანებთ სიარულს, რათა მოგემართოთ ხელი. მათ კი არ ისმინეს . . . მე გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს; ყოველდღე ადრე ვდგებოდი და გიგზავნიდით მათ. არ მისმინეს, ყური არ მათხოვეს, არ მოიდრიკეს ქედი“ (აშკარაა, რომ ისრაელში ბოროტება „ღვთის ნებით“ არ ხდებოდა).
მარ. 3:35: „ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (ადამიანის ყველა მოქმედება „ღვთის ნებით“ რომ ყოფილიყო განსაზღვრული, მაშინ ყველას ექნებოდა ასეთი ურთიერთობა იესოსთან. მაგრამ იესომ ზოგს უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ“ [იოან. 8:44]).
რატომ ხდება ერთი შეხედვით აუხსნელი შემთხვევები?
ეკლ. 9:11: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ამგვარად, ადამიანი უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიძლება შემთხვევით გახდეს და არა იმიტომ, რომ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული).
მიუძღვით ადამიანებს ბრალი იმ პრობლემებში, რომლებსაც საკუთარ თავს ან სხვებს უქმნიან?
რომ. 5:12: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (სხვადასხვა ნაკლოვანება, მათ შორის მიდრეკილება ცუდის კეთებისკენ, ადამისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა).
ეკლ. 8:9: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“.
იგავ. 13:1: „მამის დარიგება შვილს აბრძენებს“ (მშობლების მოქმედება დიდ გავლენას ახდენს შვილებზე).
გალ. 6:7: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (აგრეთვე იგავების 11:17; 23:29, 30; 29:15; 1 კორინთელების 6:18).
ზეადამიანური ძალებიც არიან ადამიანთა უბედურების მიზეზი?
გამოცხ. 12:12: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (აგრეთვე საქმეების 10:38).
იცის ღმერთმა წინასწარ ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს?
ეს. 46:9, 10: „მე ვარ ღმერთი და არ არსებობს სხვა ღმერთი, არც ვინმე — ჩემი მსგავსი, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა; რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ის აცხადებს თავის განზრახვას და წინასწარ საზღვრავს ამ განზრახვასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს, თავის განუსაზღვრელ ძალას კი მათ განსახორციელებლად იყენებს).
ეს. 11:1—3: „ამოვა ყლორტი იესეს ძირკვიდან და ნაყოფიერი იქნება მისი ფესვის ამონაყარი [იესეს შთამომავალი იყო იესო]. მასზე დაივანებს იეჰოვას სული . . . სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში“ (იეჰოვასთვის რთული არ იქნებოდა ამის წინასწარ თქმა თავის ძეზე, რადგან შემოქმედების დასაწყისიდანვე ის მის გვერდით იყო ზეცაში) (დედამიწაზე მოსვლამდე იესოს ზეციერი ცხოვრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 177-ე გვერდზე [„იესო ქრისტე“]).
კან. 31:20, 21: „მივიყვან მათ [ისრაელებს] იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე, სადაც რძე და თაფლი მოედინება. შეჭამენ, გაძღებიან, დასუქდებიან და სხვა ღმერთებს გაჰყვებიან; მათ დაუწყებენ მსახურებას, მე უპატივცემულოდ მომეპყრობიან და დაარღვევენ ჩემს შეთანხმებას. როცა ბევრი უბედურება და გასაჭირი დაატყდებათ თავს, ეს სიმღერა [მასში აღწერილი იყო, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი ღვთისადმი მადლიერების არქონის გამო] იქნება მათთვის მოწმედ . . . რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, სანამ იმ მიწაზე მივიყვანდე, რომლის მიცემაც დავუფიცე“ (ღმერთს შეეძლო წინასწარ დაენახა, თუ რა მოჰყვებოდა მათ საქციელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იყო დამნაშავე ამაში ან მას სურდა ეს. მაგალითად, იმის საფუძველზე, რასაც აკვირდება, სინოპტიკოსმა შეიძლება ზუსტად განსაზღვროს, თუ როგორი ამინდი იქნება. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მას სურდა ასეთი ამინდი ან მან განაპირობა ის).
იყენებს ღმერთი წინასწარ განსაზღვრის უნარს იმისათვის, რომ განჭვრიტოს ნებისმიერი ქმნილების ყველა მოქმედება?
გამოცხ. 22:17: «მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუ ვინ რას აირჩევს; არჩევანს ყველა პირადად აკეთებს).
რომ. 2:4, 5: „იქნებ გძულს სიკეთის, დიდსულოვნებისა და სულგრძელობის სიმდიდრე, რადგან არ იცი, რომ ღვთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ? შენი სიჯიუტითა და მოუნანიებელი გულით აგროვებ რისხვას, რომელიც თავს დაგატყდება ღვთის სამართლიანი განაჩენის გამოცხადებისა და რისხვის დღეს“ (არავინ აძალებს ადამიანს ამა თუ იმ გზაზე დადგომას, მაგრამ ყველა პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე).
სოფ. 2:3: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (აქ ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს სწორის კეთებისკენ და ეუბნება, რომ ამისთვის ჯილდოს მიიღებენ. ნუთუ ასე მოიქცევა სამართლიანი და მოსიყვარულე ღმერთი, თუ წინასწარ იცის, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ?).
მაგალითი: ვისაც რადიო აქვს, შეუძლია ახალი ამბები მოისმინოს. მაგრამ ამისთვის ის არ მოუსმენს ნებისმიერ ტალღას, რომლის მოსმენაც შეუძლია. იგი ჯერ ჩართავს რადიოს და შემდეგ შეარჩევს სასურველ ტალღას. იეჰოვას აქვს მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი, მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ის თავად არჩევს, როგორ გამოიყენოს ეს უნარი და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა (შეადარეთ დაბადების 22:12; 18:20, 21).
იცოდა ღმერთმა ადამის შექმნისას, რომ ის შესცოდავდა?
ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“. «უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“» (დაბ. 1:28; 2:16, 17). წაახალისებთ შვილებს რაიმე კარგი მიზნისკენ, თუ თავიდანვე გეცოდინებათ, რომ მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება? გააფრთხილებთ მათ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, თუ ყველაფერი ისე გექნებათ დაგეგმილი, რომ მას გვერდს ვერაფრით აუვლიან? ნუთუ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი მოიქცეოდა ასე?
მათ. 7:11: „თუ თქვენ, ბოროტები აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“
თუ ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ ადამი შესცოდავდა და ამას სავალალო შედეგები მოჰყვებოდა, გამოდის, რომ მან მისცა დასაბამი ისტორიის მანძილზე ჩადენილ ყოველგვარ ბოროტებას. მაშინ ის ყოფილა ყოველგვარი დამნაშავეობის, უზნეობის, ჩაგვრის, სიცრუის, თვალთმაქცობის, ავადმყოფობისა და ომების მიზეზი. მაგრამ ბიბლიაში პირდაპირი არის ნათქვამი: „შენ არა ხარ სიბოროტის მოყვარული ღმერთი“ (ფსალმ. 5:4). „ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმ. 11:5). „[ღმერთმა] შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2). „ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის [ღვთის მიერ დანიშნული მეფე] მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმ. 72:14). „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). „ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 33:5).
წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა იაკობისა და ესავის ბედი?
დაბ. 25:23: «იეჰოვამ უთხრა მას [რებეკას]: „ორი ერია შენს მუცელში, საიდანაც ორი ხალხი გამოვა. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი [ესავი] უმცროსს [იაკობს] მოემსახურება“» (იეჰოვას შეეძლო წაეკითხა ჯერ არშობილი ტყუპების გენეტიკური კოდი. ამის საფუძველზე მას შეეძლო განესაზღვრა, რა თვისებები ექნებოდათ ძმებს, და ეწინასწარმეტყველებინა შედეგები. [ფსალმ. 139:16] მაგრამ არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა განსაზღვრა მათი მარადიული მომავალი ან ის, თუ როგორ განვითარდებოდა თითოეული მოვლენა მათ ცხოვრებაში).
ბედისწერას უნდა მივაწეროთ ის, რომ იუდა ისკარიოტელმა იესო გასცა?
ფსალმ. 41:9: „ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი და ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“ (ამ წინასწარმეტყველებაში არ არის ნათქვამი, კონკრეტულად ვინ გასცემდა იესოს. იეჰოვამ იცოდა, რომ ეშმაკმა დავითის წინააღმდეგ მისი მრჩეველი, ახითოფელი, გამოიყენა. ეს შემთხვევა იმის საჩვენებლად ჩაიწერა, თუ როგორ მოქმედებდა ეშმაკი და რას გააკეთებდა მომავალში. იუდა ისკარიოტელს, სიმონის ძეს, ღმერთმა კი არა, ‘ეშმაკმა ჩაუდო გულში იესოს გაცემა’ [იოანე 13:2]. იუდა სატანის ნება-სურვილს წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა).
იოან. 6:64: „იესომ თავიდანვე იცოდა . . . ვინ გასცემდა მას“ (სიტყვაში „თავიდანვე“ არ იგულისხმება შემოქმედების დასაწყისი ან იუდას დაბადების დრო. იესომ იცოდა „თავიდანვე“ ანუ იმ დროიდან, როცა იუდას ორგულობის პირველი ნიშნები გამოვლინდა. შეადარეთ დაბადების 1:1, ლუკას 1:2 და 1 იოანეს 2:7, 13; ამ მუხლებში სიტყვებს „თავდაპირველად“, „თავიდანვე“, „დასაწყისიდანვე“ და „დასაბამიდან“ პირობითი მნიშვნელობა აქვს. იხილეთ აგრეთვე იოანეს 12:4—6).
განა არ თქვა მოციქულმა პავლემ, რომ ქრისტიანები წინასწარ არიან „არჩეულნი“?
რომ. 8:28, 29: «ჩვენ ვიცით: ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა, მისი განზრახვით მოწოდებულთა კეთილდღეობას, რადგან ისინი, ვინც მან პირველად ცნო, წინასწარ განაწესა [„წინასწარ აირჩია“, სსგ; „წინასწარ განუსაზღვრა . . . ყოფნა“, ბთი], რომ თავისი ძის მსგავსები ყოფილიყვნენ, რათა ის პირმშო იყოს მრავალ ძმას შორის» (აგრეთვე ეფესოელების 1:5, 11). ამავე ქრისტიანებზე 2 პეტრეს 1:10-ში ნათქვამია: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით“ (თუ წინასწარ განსაზღვრული იყო მათი გადარჩენა, რაც უნდა გაეკეთებინათ, არასოდეს „დაეცემოდნენ“. ვინაიდან მათი მხრიდან მცდელობა იყო საჭირო, ლოგიკურია, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო არა ცალკეულ ქრისტიანთა ვინაობა, არამედ ქრისტიანთა ჯგუფის არსებობა. ღვთის განზრახვით, მთელი ეს ჯგუფი იესო ქრისტეს მაგალითს მიჰბაძავდა. მათ კი, ვისაც ღმერთი ამ ჯგუფის წევრად აირჩევდა, ჯილდოს მისაღებად ერთგულება უნდა შეენარჩუნებინათ).
ეფეს. 1:4, 5: «მასთან [იესო ქრისტესთან] ერთობაში აგვირჩია ქვეყნიერების გაჩენამდე [„ქვეყნიერების შექმნის წინ“, აფ], რათა წმინდები და უმანკოები ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულში. მან წინასწარ განგვაწესა იმისთვის, რომ ვეშვილეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ» (აღსანიშნავია, რომ ლუკას 11:50, 51-ში იესო „ქვეყნიერების შექმნას“ აკავშირებს აბელის დროსთან. აბელი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაუკარგავს ღვთის კეთილგანწყობა. ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ და აბელის ჩასახვამდე ღმერთმა გადაწყვიტა, „შთამომავლობის“ მეშვეობით ეხსნა ადამიანები [დაბ. 3:15]. ღვთის განზრახვით, „შთამომავლობის“ მთავარ წარმომადგენელთან ანუ იესო ქრისტესთან ერთად, მის ერთგულ მიმდევართა ჯგუფიც უნდა ყოფილიყო მესიის სამეფოში, რომელიც დედამიწას უხელმძღვანელებდა).
ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ვარსკვლავები და პლანეტები? გვაძლევენ ისინი ნიშნებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილებების მიღების დროს?
საიდან იღებს დასაბამს ასტროლოგია?
„დასავლური ასტროლოგია უშუალოდ უკავშირდება ძვ. წ. მესამე ათასწლეულში მცხოვრებ ქალდეველთა და ბაბილონელთა წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებს“ („The Encyclopedia Americana“, 1977, ტ. II, გვ 557).
„ასტროლოგია ეფუძნებოდა ორ ბაბილონურ წარმოდგენას: ზოდიაქოს ნიშნების რწმენას და ციურ სხეულთა გაღმერთებას . . . ბაბილონელთა რწმენით, პლანეტები ისეთივე გავლენას ახდენდნენ ადამიანზე, როგორც მათთან დაკავშირებული ღვთაებები“ („Great Cities of the Ancient World“, ლ. სპრეიგ დე კამპი, ნიუ-იორკი, 1972, გვ. 150).
„როგორც ბაბილონის, ისე ასურეთის (რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა ბაბილონურმა კულტურამ) . . . ძირითად კულტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ასტროლოგიას, რისი მეშვეობითაც ქურუმები ღვთაებების ნება-სურვილისა და განზრახვების გაგებას ცდილობდნენ . . . მეორე საშუალება მსხვერპლად შეწირული ცხოველის ღვიძლზე დაკვირვება იყო . . . სჯეროდათ, რომ მზის, მთვარისა და ხუთი პლანეტის მოძრაობაზე დაკვირვებით შეიძლებოდა იმის გაგება, თუ რას უმზადებდნენ დედამიწას ხუთი პლანეტით წარმოდგენილი ხუთი ღვთაება, მზის ღმერთი სინი და მთვარის ღმერთი შამაში“ („Encyclopædia Britannica“, 1911, ტ. II, გვ. 796).
რა თვალსაზრისი აქვს ჩვენს შემოქმედს ასტროლოგიაზე?
კან. 18:10—12: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი . . . ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“.
ბაბილონელებს ღმერთმა უთხრა: «ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა [„ცათა მზომელნი“, სსგ], ვარსკვლავთა შემყურეებმა, რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! აი, ნამჯას დაემსგავსნენ . . . ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები, რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი» (ეს. 47:13—15).