ეფესოელებისთვის მიწერილი წერილი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მოციქულმა პავლემ რომში პატიმრობისას დაახლ. ახ. წ. 60-61 წელს დაწერა (ეფ. 1:1; 3:1; 4:1; 6:20). პავლემ ეს წერილი ეფესოს კრებისთვის ტიქიკეს გაატანა (ეფ. 6:21, 22). მასვე გაატანა კოლოსელებისთვის მიწერილი წერილიც (კლ. 4:7—9). ვინაიდან ეს ორი წერილი დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაიწერა, მათში მსგავსებაც ბევრია. როგორც ჩარლზ სმით ლუისი ამბობს, „ეფესოელების 155 მუხლიდან 78 მეტ-ნაკლები სისრულით კოლოსელებშიც გვხვდება“ (The International Standard Bible Encyclopaedia, ჯ. ორის რედაქციით, 1960, ტ. II, გვ. 959). უდავოა, რომ კოლოსესა და ეფესოში მსგავსი მდგომარეობა იყო, რის გამოც პავლემ საჭიროდ ჩათვალა, ერთნაირი რჩევები მიეწერა.
საიდან ჩანს, რომ წერილი ეფესოელი ქრისტიანებისთვის იყო განკუთვნილი? ჩესტერ ბიტის პაპირუსი (P46), ვატიკანური ხელნაწერი №1209 (თავდაპირველი ტექსტი) და სინური ხელნაწერი ამ წერილის პირველი თავის პირველ მუხლში არ შეიცავს სიტყვა ეფესოს. თუმცა ის გვხვდება სხვა ხელნაწერებში და ყველა ძველ თარგმანში. გარდა ამისა, ადრინდელი საეკლესიო მწერლები მას ეფესოელებისთვის განკუთვნილად მიიჩნევდნენ. ზოგის აზრით, ეს ლაოდიკეაში გაგზავნილი წერილი იყო (კლ. 4:16), მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც ერთი ძველი ხელნაწერი არ შეიცავს სიტყვა ლაოდიკეას და ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ წერილის ხელნაწერებში მოიხსენიება, ეფესოა.
რჩევები მატერიალიზმზე. წერილის შინაარსიც ცხადყოფს, რომ პავლეს ეფესოელი ქრისტიანები ჰყავდა მხედველობაში. ეფესოში (მცირე აზიაში რომის ერთ-ერთი პროვინციის მთავარი ქალაქი) არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პავლეს რჩევები ნამდვილად სათანადო იყო. მაგალითად, ყველამ იცოდა, რომ ეფესოელები ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდნენ, ამიტომ ბევრისთვის სიმდიდრე უმთავრესი იყო. პავლემ კი თავის წერილში ნამდვილ სიმდიდრეზე გაამახვილა ყურადღება — ღვთის „წყალობის სიუხვეზე“, „დიდებულ სიმდიდრეზე“, რომელსაც ღმერთი მემკვიდრეობად უნახავს წმინდებს, „წყალობის განუზომელ სიმდიდრეზე“, „ქრისტეს განუზომელ სიმდიდრესა“ და ღვთის „დიდების სიმდიდრეზე“ (ეფ. 1:7, 18; 2:7; 3:8, 16). ამგვარად, პავლე დაეხმარა ეფესოელ ქრისტიანებს, სიმდიდრის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჰქონოდათ.
უზნეობის აღმოფხვრა. ეფესო ცნობილი იყო თავაშვებულობით, აღვირახსნილობითა და ზნედაცემულობით. ამიტომ მოციქულმა პავლემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელ ამ თვისებებზე და თქვა, რომ ქრისტიანებმა უნდა გაიხადონ ძველი პიროვნება და შეიმოსონ „ახალი პიროვნება“. ეფესოში არსებული აღვირახსნილობა მოსახლეობის მეტყველებაზეც აისახებოდა. ნაცვლად იმისა, რომ დაეგმოთ ასეთი საქციელი, ისინი სიამოვნებით საუბრობდნენ უზნეო თემებზე. პავლემ ურჩია ქრისტიანებს, არ დამსგავსებოდნენ მათ, ვინც გარყვნილებაზე საუბრებითა და უხამსი ხუმრობებით ირთობდა თავს (ეფ. 4:20—24; 5:3—5).
ტაძრების შედარება. პავლემ მაგალითი მოიყვანა სულიერ ტაძარზე, რაც მართებული იყო, რადგან ეფესოში იდგა არტემიდას შთამბეჭდავი ტაძარი, ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი. მაშინ როცა „არა მარტო აზია, არამედ მთელი მსოფლიო“ არტემიდას სცემდა თაყვანს და ეფესოს სახელგანთქმულ ტაძარს აქებდა, ცხებული ქრისტიანები „წმინდა ტაძრად“ შენდებოდნენ, რომელშიც იეჰოვა მკვიდრობდა თავისი სულით (სქ. 19:27; ეფ. 2:21).
ვინაიდან არტემიდას ტაძარი თავშესაფარიც იყო, დამნაშავეობა ყვაოდა და, შესაბამისად, დამნაშავეთა რიცხვი ეფესოში დღითი დღე იზრდებოდა. ტაძრის კედლებს შიგნით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა დამნაშავის შეპყრობა, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა ჩადენილი. შედეგად, ტაძრის გარშემო თავს იყრიდნენ ქურდები, მკვლელები და სხვა ბოროტმოქმედები. ასე რომ, ქურდობის, გამწარების, ყვირილისა და ყოველგვარი ბოროტების შესახებ პავლეს გაფრთხილება ნამდვილად არ იყო უადგილო (ეფ. 4:25—32).
დემონიზმი. ეფესოში დემონიზმის ყველანაირი ფორმა იყო გავრცელებული. ქალაქს ჯადოქრობის უამრავი სახეობით ჰქონდა სახელი განთქმული. შესაბამისად, ეფესო დემონების ბუნაგი იყო. უდავოა, პავლემ ღვთის სულით სასწაულები მოახდინა, მათ შორის განდევნა ბოროტი სულები, რათა ჯადოქრობისთვის ძალა დაეკარგა და გულმართალ ეფესოელებს დემონური წეს-ჩვეულებებისგან გათავისუფლებაში დახმარებოდა (სქ. 19:11, 12).
ქვემოთ მოყვანილია ცნობები, თუ რამდენად გაჟღენთილი იყო ეფესო ჯადოქრობით და რატომ იყო მართებული პავლეს რჩევა, ებრძოლათ ბოროტი სულების წინააღმდეგ.
ეგრეთ წოდებული ეფესოური დამწერლობა სახელგანთქმული იყო მთელ მსოფლიოში. «როგორც ჩანს, ეს იყო ასოების ან სიტყვების კომბინაციები. ხალხს სჯეროდა, რომ გარკვეული ინტონაციით მათი წარმოთქმა ავადმყოფობას კურნავდა ან ბოროტ სულებს დევნიდა; ხოლო, თუ მათ პერგამენტზე დაწერდნენ და თან ატარებდნენ, ისინი თილისმები იქნებოდა და ადამიანს ბოროტი სულებისა თუ საფრთხისგან დაიცავდა. პლუტარქე (Sympos. 7) წერდა: „ჯადოქრები დემონით შეპყრობილებს აიძულებდნენ განსაზღვრული თანამიმდევრობით თავისთვის გაემეორებინათ და წარმოეთქვათ ეფესოური დამწერლობა“» (Notes, Explanatory and Practical, on the Acts of the Apostles, ა. ბარნზი, 1858, გვ. 264).
ეფესოს ნანგრევებში ნაპოვნი წარწერებიდან ჩანს, რა სულიერ სიბნელეში ცხოვრობდნენ ეფესოელები და რატომ მოუწოდა მოციქულმა პავლემ იმ ქალაქში მცხოვრებ ქრისტიანებს, აღარ ევლოთ ისე, როგორც უცხოტომელები დადიოდნენ „თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი“ (ეფ. 4:17, 18). კედლებსა და შენობებზე დატანებული წარწერები ცხადყოფს, რომ იქაურთა ცხოვრებას მართავდა ცრურწმენა, მკითხაობა და მისნობა.
პავლეს ქადაგებამ, სასწაულებმა და დემონების განმდევნელ იუდეველებზე გამარჯვებამ ბევრი ეფესოელი აღძრა, გაქრისტიანებულიყო. უდავოა, ბევრი მათგანი ჯადოქრობის სხვადასხვა ფორმას მისდევდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა [თუ დინარი იყო, $37 200]“ (სქ. 19:19). ვინაიდან ეფესოში ჯადოქრობა და დემონიზმის მრავალი სახეობა იყო გავრცელებული, პავლემ მართებულად ურჩია ეფესოელ ქრისტიანებს, შემოსილიყვნენ „ღვთის სრული საჭურვლით“ და ებრძოლათ ბოროტი სულიერი ძალების წინააღმდეგ. უეჭველია, ზოგიერთ მათგანს, ვინც ჯადოქრობა მიატოვა, დემონები შეაწუხებდნენ, ამიტომ პავლეს რჩევა მათ ბოროტი სულებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ დემონური წიგნების განადგურება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, რაც ამ ადრინდელმა ქრისტიანებმა გადადგეს. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც დღეს დემონების გავლენისა თუ ჩაგვრისგან გათავისუფლება სურს (ეფ. 6:11, 12).
ქრისტეს როლი. ვინაიდან ეფესოელ ქრისტიანებს ქრისტეს თანამემკვიდრეებად ყოფნის დიდებული იმედი ჰქონდათ, პავლემ მართებულად მისწერა მათ, რომ ქრისტე აღზევდა „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველ სახელზე მაღლა“ და ეს ასე იქნება „არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც“ (ეფ. 1:21). ამ წერილში პავლე მაღალფარდოვნად აღწერს იესო ქრისტეს მდგომარეობას და ღმერთსა და იესოსთან ერთობაში მყოფების მიმართ სიყვარულით, სიბრძნითა და გულმოწყალებით გამოვლენილ ღვთის წყალობას. ის წერს, თუ როგორ მოუყრის ღმერთი თავს ქრისტეში ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზე, და როგორ შექმნის კრებაში მოსული იუდეველებისა და უცხოტომელებისგან „ერთ ახალ ადამიანს“. ეს არის ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის მეშვეობით გამჟღავნებული ღვთის „წმინდა საიდუმლოს“ ყველაზე სრული ახსნა, რაც კი ბიბლიაში ჩაწერილა (ეფ. 2:15).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ეფესოელებიდან
წერილში ყურადღება მახვილდება გამგებლობაზე, რომელსაც იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან მშვიდობა და ერთობა მოაქვს.
რომში პატიმრობისას პავლემ ეს წერილი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ეფესოს კრებას მისწერა.
ღვთის განზრახვაა, იესო ქრისტეს მეშვეობით დაამყაროს მშვიდობა და ყველაფერი გააერთიანოს
თავისი უდიდესი წყალობით ღმერთმა წინასწარ განაწესა, რომ ზოგიერთი ადამიანი იესო ქრისტეს მეშვეობით ეშვილებინა (1:1—7).
ღმერთმა განიზრახა, ისე განაგოს, რომ ქრისტეს მეშვეობით თავისთან გააერთიანოს ყველა, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის არის არჩეული და ვინც დედამიწაზე იცხოვრებს (1:8—14).
პავლე ლოცულობს, რომ ეფესოელებმა ბოლომდე გაიგონ და დააფასონ ყველაფერი, რაც ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით გააკეთა მათთვის (1:15—23; 3:14—21).
ისინი, ვისაც ქრისტესთან ერთად აღმატებული დავალება მიეცა, ერთ დროს მკვდრები იყვნენ თავიანთ ცოდვებში. მათი ხსნა ღვთის ძღვენია და არა დამსახურების შედეგი (2:1—10).
ქრისტეს მეშვეობით ღმერთმა გააუქმა კანონი და შესაძლებლობა მისცა იუდეველებსა და უცხოტომელებს, ერთ სხეულად გაერთიანებულიყვნენ, ღვთის ოჯახის წევრები და ღვთის ტაძარი გამხდარიყვნენ, სადაც თავად ღმერთი დამკვიდრდება სულით (2:11—3:7).
კრების მიმართ ღვთის დამოკიდებულება ზეციერი ქმნილებებისთვისაც კი ცხადყოფს მის მრავალმხრივ სიბრძნეს (3:8—13).
ღვთისგან მომდინარე ერთიანობის ხელშემწყობი ფაქტორებია: კრების ერთ სულიერ სხეულად ჩამოყალიბება, ერთი სული, ერთი იმედი, ერთი უფალი იესო ქრისტე, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა და ერთი ღმერთი და მამა (4:1—6).
ქრისტემ ძღვენი გვიბოძა ადამიანთა სახით რწმენაში ერთიანობის მისაღწევად. მისი მეთაურობით მთელი სხეული ჰარმონიულად მოქმედებს, რადგან ჭეშმარიტებას ამბობს და სიყვარულს ავლენს (4:7—16).
შეიმოსეთ ქრისტეს სწავლებისა და მაგალითის შესაბამისი ახალი პიროვნება
მიჰბაძეთ ქრისტეს და არა უცხოტომელებს. ამისთვის ახალ პიროვნებად შემოსვაა საჭირო (4:17—32).
მიჰბაძეთ ღმერთს. ქრისტეს მსგავსად გამოავლინეთ სიყვარული (5:1, 2).
მოერიდეთ უხამს საუბარსა და უზნეო საქციელს. იარეთ როგორც სინათლის შვილებმა (5:3—14).
გამოისყიდეთ დრო და გამოიყენეთ ის იეჰოვას განსადიდებლად (5:15—20).
ქრისტესადმი ღრმა პატივისცემით სათანადო მორჩილება გამოავლინეთ ქმრების, მშობლებისა და ბატონების მიმართ. სიყვარულით მოეპყარით თქვენს ქვეშევრდომებს (5:21—6:9).
შეიმოსეთ სრული სულიერი საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს
ჩვენ ბოროტი სულიერი ძალების წინააღმდეგ ვიბრძვით. ღვთის დახმარებით შევძლებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ მშვიდობისა და ერთიანობის ამ დამრღვევებს (6:10—13).
ღვთის ბოძებული სულიერი საჭურველი სრულად გვიცავს. აღიჭურვეთ და გულმხურვალედ ილოცეთ, მათ შორის ყველა წმინდისთვის (6:14—24).