ნუ გშთანთქავთ საზრუნავი
„ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი“ (მათე 6:34). იესო ქრისტეს მიერ მოცემული ეს რჩევა თითოეული ჩვენგანისთვის პრაქტიკულია, ვინაიდან ცვალებად, დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ.
მაგრამ რეალურად შესაძლებელია, რომ არ გვაწუხებდეს ჩვენი პრობლემები, გადაწყვეტილებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები? მილიონობით ადამიანი დეპრესიაშია, დამწუხრებულია ან დამძიმებული. ამიტომაც, დამამშვიდებელი და საძილე საშუალებების გაყიდვას მილიონობით დოლარის მოგება მოაქვს.
სად გავავლოთ ზღვარი
ჩვენი მოვალეობების, დავალებებისა და გადაწყვეტილებების შესასრულებლად და პრობლემების მოსაგვარებლად — მიუხედავად იმისა, სასწრაფოა ისინი თუ არა, — დაგეგმვა და მომზადებაა საჭირო. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ, სანამ რამე დიდ საქმეს წამოვიწყებდეთ, ‘დავსხდეთ და გამოვითვალოთ ფასი’ (ლუკა 14:28–30). ამაში შედის: არჩევანის გაკეთების წინ საკითხის აწონ-დაწონა, შესაძლო შედეგების გაანალიზება, საჭირო დროის, ენერგიისა და თანხის ოდენობის განსაზღვრა.
მაშინ როდესაც ადამიანმა გულმოდგინედ უნდა აწონ-დაწონოს მოსალოდნელი მოვლენები, შეუძლებელია ყველა დასაშვები შედეგის განჭვრეტა. მაგალითად, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით შეიძლება ფიქრობთ, რა გააკეთოთ სახლში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. შეიძლება იყიდოთ და დაამონტაჟოთ სახანძრო სიგნალიზაცია. აგრეთვე სახლში გქონდეთ ცეცხლსაქრობი. შეიძლება მოფიქრებული გაქვთ და წინასწარ ემზადებით ხანძრის შემთხვევაში როგორ გაიქცეთ სხვადასხვა გასასვლელიდან. მაგრამ როდის მთავრდება გონივრული, პრაქტიკული დაგეგმვა და იწყება გადამეტებული, უსაფუძვლო ზრუნვა, ანუ ნერვიულობა? როდესაც თავს იტანჯავთ ისეთ მოსალოდნელ სიტუაციებზე გაუთავებელი ფიქრით, რომელთაგან მრავალი შეიძლება მხოლოდ თქვენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. შეიძლება მღელვარებამ მოგიცვათ და დაგარწმუნოთ, რომ რაღაც გამოგრჩათ ან ოჯახის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი არ გაგიკეთებიათ. ამ თქვენივე მოგონილმა საფიქრალმა შეიძლება იმდენად დაგამძიმოთ, რომ ღამე მოსვენება დაგიკარგოთ.
მოსე ფარაონის წინაშე
იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს რთული დავალება მისცა. პირველი, მოსე ისრაელებთან უნდა მისულიყო და დაერწმუნებინა, რომ ღმერთმა ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად დანიშნა. მეორე, მოსე ფარაონის წინაშე უნდა წარმდგარიყო და ისრაელების გაშვება ეთხოვა. და ბოლოს, მოსეს მილიონობით ადამიანი უდაბნოს გავლით მტრულად განწყობილი ხალხის ქვეყანაში უნდა მიეყვანა (გამოსვლა 3:1–10). ყოველივე ამას შეიძლება მოსე ძალიან დაეშინებინა, მაგრამ ამის გამო მოიცვა ის უსაფუძვლო საზრუნავმა?
რა თქმა უნდა, მოსეს ბევრი საფიქრალი ჰქონდა. მან იეჰოვას ჰკითხა: „კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?“ იეჰოვას მისი კითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია (გამოსვლა 3:13, 14). მოსე იმაზეც წუხდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ფარაონი არ დაუჯერებდა. იეჰოვამ კვლავ უპასუხა წინასწარმეტყველს. კიდევ ერთი პრობლემა — მოსემ აღიარა, რომ ის არ იყო „მჭევრმეტყველი“. როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება? იეჰოვამ აარონი დანიშნა, რომ მოსეს მაგივრად ელაპარაკა (გამოსვლა 4:1–5, 10–16).
მიღებული პასუხებით შემზადებული და ღვთისადმი რწმენით აღჭურვილი მოსე ღვთის მითითებების შესრულებას შეუდგა. მას საკუთარი თავი ფარაონთან შეხვედრასთან დაკავშირებული საზარელი მოვლენების წარმოდგენით კი არ დაუტანჯავს, არამედ ‘ისე მოიქცა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს’ (გამოსვლა 7:6). მოსე მეტისმეტ წუხილს რომ შეეპყრო, მისი რწმენა და გამბედაობა მოსუსტდებოდა, ესენი კი აუცილებელი იყო დაკისრებული დავალების შესასრულებლად.
დავალებისადმი მოსეს გაწონასწორებული მიდგომა იმის მაგალითია, რასაც მოციქულმა პავლემ „საღი აზროვნება“ უწოდა (2 ტიმოთე 1:7, აქ; ტიტე 2:2–6). მოსეს საღი აზროვნება რომ არ გამოევლინა, დავალების სირთულე ემოციურად იმდენად დააძაბუნებდა, რომ, ალბათ, აღარც წავიდოდა მის შესასრულებლად.
კონტროლი გაუწიეთ აზროვნებას
როგორ რეაგირებთ, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რწმენის გამოცდასა და განსაცდელებს ხვდებით? მოსვენებას ხომ არ გიკარგავთ მხოლოდ იმის წარმოდგენაც კი, რომ წინ რაღაც გაურკვეველი დაბრკოლება ან სირთულე გელით? თუ მათ გაწონასწორებულად უდგებით? ზოგის თქმისა არ იყოს: „ხვალ წვიმა მოვაო და დღეს ჭიამ თვალები დაითხარაო“. შეიძლება ეს წარმოსახვითი წვიმა სულაც არ მოვიდეს! მაშ, რატომ უნდა დაიტანჯოთ იმაზე ფიქრით, რაც შეიძლება არასოდეს მოხდეს? ბიბლია ამბობს: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“ (იგავნი 12:25). შედეგად კი ხშირად ადამიანი აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო, როდესაც გადაწყვეტს, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.
ბევრად უფრო სერიოზულია სულიერი ზიანი, რომელიც ზედმეტ საზრუნავს მოაქვს. იესო ქრისტე ლაპარაკობდა, რომ სიმდიდრისა და ‘წუთისოფლის საზრუნავის’ დამატყვევებელ გავლენას შეუძლია საერთოდ მოაშთოს ‘სამეფოს სიტყვისთვის’ მადლიერება (მათე 13:19, 22). როგორც ეკლები არ აძლევს ნერგებს გაზრდისა და ნაყოფის გამოღების საშუალებას, ისე გაუკონტროლებელი საზრუნავი გვიშლის ხელს სულიერ წინსვლასა და ღვთისთვის ხოტბის შემსხმელი ნაყოფების გამოღებაში. საკუთარი თავისთვის მიყენებული გამანადგურებელი სულიერი ტანჯვა ზოგს ხელს უშლის, თავი მიუძღვნას იეჰოვას. ისინი შიშობენ: „ვაითუ ვერ ვიცხოვრო მიძღვნის თანახმად?!“.
მოციქულმა პავლემ გვითხრა, რომ სულიერი კეთილდღეობისთვის საჭიროა ვეცადოთ, „დავატყვეოთ ყოველგვარი აზრი ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორინთელთა 10:5). ჩვენი დაუძინებელი მტერი, სატანა ეშმაკი, ძალიან ნასიამოვნები დარჩება, თუ ისარგებლებს ჩვენი წუხილით და ხალისს დაგვაკარგინებს, აგრეთვე ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად დაგვასუსტებს. ის დახელოვნებულია ეჭვების გამოყენებით წინდაუხედავების გამოჭერაში. ამიტომაც პავლე ქრისტიანებს აფრთხილებდა, ‘ადგილი არ მიეცათ ეშმაკისთვის’ (ეფესელთა 4:27). „წუთისოფლის ღმერთი“, სატანა, წარმატებით ‘აბრმავებს ურწმუნოთა გონებას’ (2 კორინთელთა 4:4). ნურასოდეს მივცემთ მას ჩვენი აზროვნების მართვის საშუალებას!
გამოსავალი არსებობს
თუ ბავშვი სირთულეებს აწყდება, მაშინვე მოსიყვარულე მამასთან გარბის, ის კი არიგებს და ამშვიდებს. მსგავსად ამისა, ჩვენც შეგვიძლია ჩვენი პრობლემებით ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, მივმართოთ. ასე რომ, იეჰოვა გვთავაზობს, ჩვენი ტვირთი და საზრუნავი მას მივანდოთ (ფსალმუნი 54:23). იმ ბავშვის მსგავსად, რომელიც მამასთან თავშესაფრის პოვნის შემდეგ აღარ ფიქრობს თავის საწუხარზე, ჩვენც ტვირთი არა მარტო უნდა გადავცეთ იეჰოვას, არამედ მივანდოთ მას (იაკობი 1:6).
როგორ მივანდოთ საზრუნავი იეჰოვას? პასუხი მოცემულია ფილიპელთა 4:6, 7-ში: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“. დიახ, ჩვენი გამუდმებული ლოცვისა და თხოვნის საპასუხოდ იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს, რაც ჩვენს აზროვნებას გადამეტებული წუხილისგან იცავს (იერემია 17:7, 8; მათე 6:25–34).
მაგრამ, ლოცვების შესაბამისად რომ ვიმოქმედოთ, არ უნდა განვმარტოვდეთ არც ფიზიკურად და არც ფიქრებით. კარგი იქნებოდა იმ ბიბლიური პრინციპებისა და მითითებების აწონ-დაწონა, რომლებიც ჩვენს პრობლემას ეხება. ეს კი საკუთარ ჭკუაზე დანდობისგან დაგვიცავდა (იგავნი 3:5, 6). როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანში შესულებს გადაწყვეტილებების მისაღებად და პრობლემებთან გასამკვლავებლად შეუძლიათ ბიბლიასა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ მოწოდებულ ლიტერატურას მიმართონ, საიდანაც უხვ ინფორმაციას მიიღებენ გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებაში ღვთისგან კურთხეული ვართ ბრძენი და გამოცდილი უხუცესებითა და სხვა მოწიფული ქრისტიანებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩვენთან სასაუბროდ (იგავნი 11:14; 15:22). მათ, ვისაც პირადად არ ეხება ჩვენი პრობლემა და ვინც ღვთის თვალსაზრისს იზიარებს, ხშირად შეუძლიათ ჩვენი პრობლემის სხვა კუთხით დანახვაში დახმარება. მართალია, ისინი ჩვენ მაგივრად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ დიდად გაგვამხნევებენ და მხარში ამოგვიდგებიან.
„მიენდე ღმერთს“
ვერავინ უარყოფს, რომ ყოველდღიური სირთულეების გამკლავებაც კი, ყოველგვარი წარმოსახვითი პრობლემების დამატებისა და მათზე ნერვიულობის გარეშეც საკმაოდ რთულია. როდესაც მოსალოდნელი მოვლენები გვანერვიულებს და შიში და შეშფოთება გვიპყრობს, მოდით იეჰოვას მივმართოთ ლოცვა-ვედრებით. მის სიტყვასა და ორგანიზაციას მივმართოთ ხელმძღვანელობის, სიბრძნისა და საღი აზროვნებისთვის. თუ ასე მოვიქცევით ვნახავთ, რომ, რა მდგომარეობაშიც უნდა ჩავცვივდეთ, გამოსავალი არსებობს.
გულდამძიმებული და აფორიაქებული ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას — ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს“ (ფსალმუნი 41:12). დაე გავიზიაროთ მისი აზრები.
დიახ, მოემზადეთ მოსალოდნელისთვის, ხოლო მოულოდნელი იეჰოვას მიანდეთ. „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
[სურათი 23 გვერდზე]
დავითის მსგავსად, თქვენც მიანდობთ იეჰოვას ტვირთსა და საზრუნავს?