საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w22 აგვისტო გვ. 20-25
  • კვლავაც აღაშენეთ ერთმანეთი!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კვლავაც აღაშენეთ ერთმანეთი!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲞᲐᲕᲚᲔ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲪᲓᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲢᲐᲜᲐᲨᲘ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ
  • ᲞᲐᲕᲚᲔ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ, ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲐᲓ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲕᲜᲔᲜ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ
  • ᲞᲐᲕᲚᲔ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲐᲨᲘ
  • ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲒᲐᲕᲐᲛᲮᲜᲔᲝᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ
  • უხუცესებო, კვლავაც მიჰბაძეთ პავლე მოციქულს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • გამაგრდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
w22 აგვისტო გვ. 20-25

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 35

კვლავაც აღაშენეთ ერთმანეთი!

„გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 ᲗᲔᲡ. 5:11).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa

1. 1 თესალონიკელების 5:11-ის თანახმად, რა საქმეში ვმონაწილეობთ ყველანი?

ᲛᲘᲒᲘᲦᲘᲐᲗ ოდესმე მონაწილეობა დარბაზების მშენებლობასა თუ გარემონტებაში? ალბათ, გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა ამ ახალ დარბაზში. შესაძლოა იმდენად მადლიერი იყავით იეჰოვასი, რომ სიმღერის დროს სიხარულისგან ცრემლებიც კი მოგადგათ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარგად ნაშენები დარბაზებით განვადიდებთ იეჰოვას. მაგრამ უფრო მეტად მაშინ განვადიდებთ მას, როცა სხვა სახის მშენებლობაში ვიღებთ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით ნაგებობის მშენებლობას კი არ ვგულისხმობთ, არამედ იმ ადამიანების აღშენებას, რომლებიც ასეთ შენობებში სცემენ იეჰოვას თაყვანს. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში მოციქულ პავლესაც, როცა ამ სტატიის წამყვან მუხლში ჩაწერილი სიტყვები წარმოთქვა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:11).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 პავლეს, როგორც თანამგრძნობ ადამიანს, ძალიან კარგად გამოსდიოდა თანამორწმუნეების აღშენება. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ეხმარებოდა ის და-ძმებს: 1) აეტანათ განსაცდელები, 2) ერთმანეთთან მშვიდობიანად ყოფილიყვნენ და 3) განემტკიცებინათ რწმენა. გავიგებთ იმასაც, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას (1 კორ. 11:1).

ᲞᲐᲕᲚᲔ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲪᲓᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲢᲐᲜᲐᲨᲘ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ

3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პავლე გაწონასწორებული იყო?

3 პავლეს ძალიან უყვარდა და-ძმები. მას შეეძლო თანაეგრძნო მათთვის განსაცდელების დროს, რადგან სირთულეები არც მისთვის იყო უცხო. მაგალითად, ერთხელ მას სახსრები გამოელია და უნდა ეშოვა სამუშაო, რომ ეზრუნა საკუთარ თავზე და თანამსახურებზე (საქ. 20:34). რახან კარვების კერვა იცოდა, კორინთში ჩასულმა იმავე ხელობის მცოდნე აკვილასა და პრისკილასთან ერთად დაიწყო მუშაობა. და მაინც, ყოველ შაბათს ის იუდეველებთან და ბერძნებთან ქადაგებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სილა და ტიმოთე შეუერთდნენ, პავლე „მთლიანად ჩაება ღვთის სიტყვის ქადაგებაში“ (საქ. 18:2—5). მას არასდროს დავიწყებია, რომ იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში უმთავრესი იყო. ის მართლაც კარგ მაგალითს აძლევდა და-ძმებს, რადგან მსახურებაშიც აქტიური იყო და თავის სარჩენადაც შრომობდა. პავლე შეახსენებდა მათ, რომ ცხოვრებისეულ საზრუნავს არ უნდა დაეჩრდილა ის, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ, იეჰოვას თაყვანისცემა (ფილ. 1:10).

4. როგორ დაეხმარნენ პავლე და ტიმოთე და-ძმებს დევნის ატანაში?

4 მას შემდეგ მალევე, რაც თესალონიკეში კრება ჩამოყალიბდა, და-ძმები სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გახელებულმა ბრბომ პავლესა და სილას დაუწყო ძებნა. როცა ვერ იპოვეს, რამდენიმე ადგილობრივი ძმა წაათრიეს ქალაქის გამგებლებთან და თან გაჰყვიროდნენ: „ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან“ (საქ. 17:6, 7). ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ ახალმოქცეული ქრისტიანები, როცა დაინახეს, რომ ამდენი ხალხი მათ წინააღმდეგ ამხედრდა. პავლეს არ უნდოდა, რომ მათ ამის გამო იეჰოვას მსახურების ხალისი დაეკარგათ. მართალია, მას და სილას ქალაქის დატოვება მოუწიათ, მაგრამ იმაზე იზრუნეს, რომ ეს ახალჩამოყალიბებული კრება უყურადღებოდ არ დარჩენილიყო. მოგვიანებით პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა ტიმოთე . . . რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ, რათა გაგძლიერებოდათ რწმენა და არ შეგრყეოდათ ის ამ განსაცდელების გამო“ (1 თეს. 3:2, 3). დიდი ალბათობით თავად ტიმოთეც შეხვდა დევნას თავის მშობლიურ ქალაქ ლისტრაში და იმის მოწმეც გახდა, როგორ განამტკიცა პავლემ იქაური და-ძმები. საკუთარი გამოცდილებით ტიმოთეს შეეძლო დაერწმუნებინა თესალონიკელი და-ძმები, რომ იეჰოვა მათაც ამოუდგებოდა მხარში (საქ. 14:8, 19—22; ებრ. 12:2).

5. როგორ დაეხმარა ერთი უხუცესი ბრაიანტს?

5 კიდევ რა გააკეთა პავლემ თანაქრისტიანებისთვის? ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში დაბრუნების შემდეგ პავლემ და ბარნაბამ „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს“ (საქ. 14:21—23). ეჭვგარეშეა, ეს უხუცესები თავ-თავიანთ კრებებს გაამხნევებდნენ. დღესაც უხუცესები იმავეს აკეთებენ. აი, რას ამბობს ერთი ძმა ბრაიანტი: „15 წლის ვიყავი, როცა მამა წავიდა სახლიდან, დედა კი კრებიდან გაირიცხა. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და გულგატეხილი ვიყავი“. ბრაიანტი ამბობს, თუ რა დაეხმარა მას ამ მძიმე პერიოდში: „ხშირად ერთი უხუცესი მესაუბრებოდა და მიყვებოდა მათზე, ვინც განსაცდელების მიუხედავად სიხარული არ დაკარგა. მახსენებდა ფსალმუნის 27:10-ში ჩაწერილ სიტყვებს და ხშირად მესაუბრებოდა ხიზკიაზე, რომელიც მამის ცუდი მაგალითის მიუხედავად იეჰოვას ერთგული დარჩა“. რა შედეგი გამოიღო ამან? „ასეთმა საუბრებმა სრული დროით მსახურება გადამაწყვეტინა“, — ამბობს ბრაიანტი. უხუცესებო, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ის და-ძმები, რომლებსაც ბრაიანტის მსგავსად თქვენი „ტკბილი სიტყვა“ სჭირდებათ (იგავ. 12:25).

6. როგორ გაამხნევა პავლემ თანაქრისტიანები სხვების მაგალითებით?

6 პავლემ შეახსენა თანამორწმუნეებს, რომ იეჰოვას ძალით „მოწმეთა დიდმა ლაშქარმა“ არაერთ სირთულეს გაუძლო (ებრ. 12:1). პავლეს კარგად ესმოდა, რომ ღვთის მსახურების მაგალითებს შეეძლო მხნეობა შეემატებინა და-ძმებისთვის და დახმარებოდა, მზერა ყოველთვის „ცოცხალი ღვთის ქალაქისკენ“ ჰქონოდათ მიპყრობილი (ებრ. 12:22). ჩვენც გვამხნევებს იმის წაკითხვა, როგორ დაეხმარა იეჰოვა გედეონს, ბარაკს, დავითს, სამუელსა თუ სხვებს (ებრ. 11:32—35). რწმენას ღვთის თანამედროვე მსახურების მაგალითებიც გვიმტკიცებს. მსოფლიო მთავარ სამმართველოში ხშირად ვიღებთ წერილებს იმ და-ძმებისგან, რომლებიც გაამხნევა თანაქრისტიანების ბიოგრაფიებმა.

ᲞᲐᲕᲚᲔ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ, ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲐᲓ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲕᲜᲔᲜ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ

7. რას ვსწავლობთ რომაელების 14:19—21-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან?

7 თუ გვინდა, რომ და-ძმები აღვაშენოთ, კრებაში მშვიდობას უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ, რომ აზრთა სხვადასხვაობამ განხეთქილება გამოიწვიოს ჩვენ შორის. თუ ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, არ უნდა ვეცადოთ ჩვენის გატანას. მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. რომის კრებაში იყვნენ როგორც იუდეველი, ისე არაიუდეველი ქრისტიანები. მოსეს კანონის გაუქმებასთან ერთად გაუქმდა ამა თუ იმ საკვებთან დაკავშირებული შეზღუდვებიც (მარ. 7:19). ამიტომ ზოგი იუდეველი ქრისტიანისთვის ყველანაირი საკვები მისაღები იყო, ზოგს კი სინდისი არ რთავდა ყველაფრის ჭამის ნებას. ამის გამო კრებაში განხეთქილება ჩამოვარდა. ამიტომ პავლემ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის შენარჩუნება. მან თქვა: „ჯობს არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და სხვაც არაფერი გააკეთო ისეთი, რაც . . . [ძმას] დააბრკოლებდა“ (წაიკითხეთ რომაელების 14:19—21). ამგვარად პავლემ დაანახვა თანამორწმუნეებს, რამდენად საზიანო იყო დავა და კამათი როგორც ცალკეული ქრისტიანისთვის, ისე მთელი კრებისთვის. ის თავადაც მზად იყო, ცვლილებები მოეხდინა საკუთარ თავში, რომ სხვები არ დაებრკოლებინა (1 კორ. 9:19—22). მსგავსად, ჩვენც მშვიდობას შევინარჩუნებთ და აღვაშენებთ და-ძმებს, თუ პირადი გემოვნების საკითხებს დავის საგნად არ ვაქცევთ.

8. როგორ მოიქცა პავლე, როცა კრების მშვიდობას საფრთხე შეექმნა?

8 პავლემ საკუთარ მაგალითზე დაგვანახვა, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმ და-ძმებთანაც კი, რომლებსაც მნიშვნელოვან საკითხებში არ ვეთანხმებით. მაგალითად, პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ირწმუნებოდა, რომ ახალმოქცეულ არაიუდეველ ქრისტიანებს უნდა წინადაეცვითათ, რათა ებრაელთა გულისწყრომა არ დაემსახურებინათ (გალ. 6:12). პავლეს განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ საკითხზე, მაგრამ სხვებისთვის თავისი აზრის მოხვევის ნაცვლად მან ეს საკითხი იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებს წარუდგინა განსახილველად (საქ. 15:1, 2). ამგვარი მიდგომის წყალობით ქრისტიანებმა სიხარულიც შეინარჩუნეს და მშვიდობაც (საქ. 15:30, 31).

9. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს?

9 თუ საქმე სერიოზულ დავამდე მივა, მშვიდობას შევუწყობთ ხელს, თუ მათ მივმართავთ დახმარებისთვის, ვისაც იეჰოვამ კრებაზე ზრუნვა მიანდო. შეგვიძლია ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული რჩევებით და ორგანიზაციისგან მიღებული მითითებებით ვიხელმძღვანელოთ, რომლებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. თუ ამ მითითებებს მივყვებით და ჩვენსას არ დავიჟინებთ, კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს.

10. კიდევ როგორ უწყობდა პავლე მშვიდობას ხელს კრებაში?

10 პავლე იმითაც უწყობდა ხელს მშვიდობას, რომ თანაქრისტიანების დადებით თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, რომაელებისთვის მიწერილი წერილის დასასრულს მან სახელით მოიხსენია არაერთი ქრისტიანი და რაღაც დადებითიც აღნიშნა მათზე. პავლეს მსგავსად, საუბრების დროს ჩვენც შეგვიძლია და-ძმების კარგ თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება. ამგვარად მათ უფრო დავაახლოებთ ერთმანეთთან, რაც კრებას აღაშენებს და სიყვარულს გააღვივებს.

11. როგორ აღვადგინოთ მშვიდობა, თუ ვინმესთან უთანხმოება მოგვივიდა?

11 ზოგჯერ შეიძლება მოწიფულ ქრისტიანებს შორისაც ჩამოვარდეს უთანხმოება. ასე მოუვიდათ პავლესა და მის უახლოეს მეგობარ ბარნაბას. ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, წაეყვანათ თუ არა მარკოზი მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“ (საქ. 15:37—39). ვინაიდან პავლესთვის, ბარნაბასა და მარკოზისთვის კრებაში მშვიდობა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ ჩატეხილი ხიდი გაამთელეს. მოგვიანებით პავლე დიდი სითბოთი საუბრობდა ბარნაბასა და მარკოზზე (1 კორ. 9:6; კოლ. 4:10). ჩვენც უნდა მოვაგვაროთ ნებისმიერი უთანხმოება და და-ძმების დადებით თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება. ამგვარად მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს (ეფეს. 4:3).

ᲞᲐᲕᲚᲔ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲝᲓᲐ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲐᲨᲘ

12. რა სირთულეებს ხვდებიან ჩვენი და-ძმები?

12 ზოგს ოჯახის წევრები, თანამშრომლები ან კლასელები დასცინიან. ზოგს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ზოგიც წყენას ვერ ივიწყებს. ზოგი კი, ვინც დიდი ხნის მონათლულია, დაიღალა აღსასრულის მოლოდინით. ასეთმა სირთულეებმა შეიძლება მათი რწმენა გამოსცადოს. თუ მათ იეჰოვასადმი რწმენის განმტკიცებაში დავეხმარებით, ამითაც აღვაშენებთ ჩვენს და-ძმებს. მსგავს პრობლემებს ქრისტიანები პირველ საუკუნეშიც ხვდებოდნენ. რა გააკეთა პავლემ მათ განსამტკიცებლად?

13. როგორ ეხმარებოდა პავლე მათ, ვისაც რწმენის გამო დასცინოდნენ?

13 პავლე წმინდა წერილებით განუმტკიცებდა და-ძმებს რწმენას. ებრაელ ქრისტიანებს შესაძლოა უჭირდათ პასუხის გაცემა იმ ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ქრისტიანობა იუდაიზმს ვერ გაუტოლდებოდა. პავლეს წერილი ალბათ დიდად გაამხნევებდა ამ და-ძმებს (ებრ. 1:5, 6; 2:2, 3; 9:24, 25). მათ შეეძლოთ პავლეს მსჯელობა გამოეყენებინათ მოწინააღმდეგეთა არგუმენტების გასაბათილებლად. ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ და-ძმებს, რომლებსაც რწმენის გამო დასცინიან. მაგალითად, დავანახვოთ, როგორ დაიცვან თავიანთი პოზიცია ჩვენი პუბლიკაციების მეშვეობით. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც იმის გამო დასცინიან, რომ შემოქმედის სწამთ, შეგვიძლია სათანადო არგუმენტების მოძიებაში დავეხმაროთ ბროშურებით „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომლებზეც ღირს დაფიქრება“.

14. ქადაგებისა და სწავლების გარდა, კიდევ რით იყო პავლე დაკავებული?

14 პავლე და-ძმებს მოუწოდებდა, რომ კარგი საქმეებით გამოევლინათ სიყვარული (ებრ. 10:24). პავლე მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც ეხმარებოდა და-ძმებს. მაგალითად, როდესაც იუდეაში შიმშილობა ჩამოვარდა, ის თავად მონაწილეობდა იქაური და-ძმებისთვის დახმარების ჩატანაში (საქ. 11:27—30). მართალია, პავლეს უმთავრესი დავალება ქადაგება და სხვების სწავლება იყო, მაგრამ არც გაჭირვებულთათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა ავიწყდებოდა (გალ. 2:10). ამგვარად ის განუმტკიცებდა და-ძმებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებდა მათზე. დღესდღეობით, როცა ჩვენს დროს, შესაძლებლობებსა და უნარებს ვიყენებთ დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად, რწმენას განვუმტკიცებთ მათ. ამ მიზანს ემსახურება მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებიც. ამ თუ სხვა საშუალებებით და-ძმებს იმის რწმენას ვუმტკიცებთ, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებს მათ.

15, 16. როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, ვისაც რწმენა მოუსუსტდა?

15 პავლეს ხელი არ ჩაუქნევია იმ და-ძმებზე, რომლებსაც რწმენა მოუსუსტდათ. პავლე თბილად და თანაგრძნობით მიმართავდა ამ და-ძმებს (ებრ. 6:9; 10:39). მაგალითად, ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მან ხშირად გამოიყენა ჩვენობითი ფორმა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ რასაც სხვებს ურჩევდა, მასაც ეხებოდა (ებრ. 2:1, 3). პავლეს მსგავსად, არც ჩვენ ვიქნევთ ხელს მათზე, ვისაც რწმენა მოუსუსტდა. პირიქით, ვცდილობთ, ყურადღება გამოვიჩინოთ მათდამი და ასე აღვაშენოთ მათი რწმენა. ამგვარად, მათ ჩვენს სიყვარულშიც ვარწმუნებთ. და-ძმებს მხოლოდ ჩვენი ნათქვამით კი არა, თბილი და რბილი ტონითაც გავამხნევებთ.

16 პავლემ და-ძმები დაარწმუნა, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩენია მათი კარგი საქმეები (ებრ. 10:32—34). ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, როცა იმ და-ძმების დახმარებას ვცდილობთ, ვისაც რწმენა მოუსუსტდა. შეგვიძლია მოვაყოლოთ, როგორ გაიგეს ჭეშმარიტება ან ვთხოვოთ, გაიხსენონ, როგორ იგრძნეს იეჰოვას ხელი თავიანთ ცხოვრებაში. შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ იეჰოვა არ ივიწყებს იმას, რაც მისთვის წარსულში გაუკეთებიათ და არც მომავალში მიატოვებს მათ (ებრ. 6:10; 13:5, 6). ასეთი საუბრებით შეიძლება ამ ძვირფას და-ძმებს გავუღვიძოთ სურვილი, რომ კვლავაც ემსახურონ იეჰოვას.

ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲒᲐᲕᲐᲛᲮᲜᲔᲝᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ

17. რაში შეგვიძლია დავიხვეწოთ?

17 როგორც მშენებელი ხელოვნდება დროთა განმავლობაში თავის საქმეში, ისე ჩვენ შეგვიძლია დავიხვეწოთ ერთმანეთის აღშენებაში. სხვების მაგალითებით შეგვიძლია ძალა შევმატოთ იმ და-ძმებს, რომლებსაც ახლა უწევთ განსაცდელების ატანა. ხელს შევუწყობთ მშვიდობას, თუკი თანაქრისტიანების დადებით მხარეებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაძაბულ სიტუაციებში მშვიდობის შესანარჩუნებლად და უთანხმოების გამო დარღვეული მშვიდობის აღსადგენად. რწმენას განვუმტკიცებთ და-ძმებს, თუკი მათთან ბიბლიურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, აღმოვუჩენთ პრაქტიკულ დახმარებას და მხარში ამოვუდგებით სულიერად მოსუსტებულებს.

18. რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?

18 თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა და-ძმებს დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს. კრების სულიერ აღშენებასაც დიდი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. მაშინ როცა ფიზიკური შენობები დროთა განმავლობაში ნადგურდება, სულიერი მშენებლობის შედეგები მარადიულად რჩება. ამიტომ, მოდი კვლავაც გავამხნეოთ და აღვაშენოთ ერთმანეთი! (1 თეს. 5:11).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ . . .

  • დაეხმაროთ და-ძმებს განსაცდელების ატანაში?

  • ხელი შეუწყოთ მშვიდობას?

  • მხარში ამოუდგეთ სულიერად მოსუსტებულებს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 100 გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

a დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ძალიან რთულია. ჩვენი თანამორწმუნეები უამრავ სირთულეს ხვდებიან. თუ მათ გამხნევებას ვეცდებით, ნამდვილ დახმარებას აღმოვუჩენთ. ამ მხრივ ბევრ რამეს ვსწავლობთ პავლე მოციქულისგან, რომელზეც ამ სტატიაში ვიმსჯელებთ.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მამა თავის გოგონას უხსნის, როგორ გამოიყენოს ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული რჩევები, რათა სკოლაში სხვებს აუხსნას, რატომ არ აღნიშნავს შობა-ახალ წელს.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ქვეყნის სხვა ნაწილიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ეხმარება სტიქიით დაზარალებულებს.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესი სულიერად მოსუსტებულ ძმას ინახულებს. ისინი ერთად ათვალიერებენ პიონერული მსახურების სკოლის სურათებს, რომელიც წლების წინ ერთად გაიარეს. ეს ფოტოები მათ სასიამოვნო მომენტებს ახსენებს. მოსუსტებულ ძმას უჩნდება სურვილი, რომ დაიბრუნოს დაკარგული სიხარული. დროთა განმავლობაში ის უბრუნდება კრებას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება