-
ვიყოთ მორწმუნენისაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
-
-
16, 17. ა) როგორ შეიძინა გამბედაობა პავლემ მსახურებაში? ბ) რა ზომები უნდა მივიღოთ, თუ ვხედავთ, რომ გვეშინია ქრისტიანული მსახურების რომელიმე სფეროში მონაწილეობის მიღება?
16 თესალონიკელ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით“ (1 თესალონიკელთა 2:2). რა გაგებით ‘გალანძღეს’ პავლე და მისი თანამშრომლები ფილიპეში? ზოგიერთი სწავლულის აზრით, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს: შეურაცხმყოფელ, საძრახის ან აღმაშფოთებელ მოპყრობას. ფილიპელმა მთავრებმა ისინი გაჯოხეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ხუნდები დაადეს (საქმეები 16:16—24). როგორ იმოქმედა ამ საშინელმა შემთხვევამ პავლეზე? შეეშინდა პავლეს მისიონერული მოგზაურობის დროს სხვა ქალაქში, თესალონიკეში, გამგზავრების? არა, მან ‘გაბედა’. მან დაძლია შიში და გაბედულად გააგრძელა ქადაგება.
17 რამ მისცა პავლეს ასეთი გამბედაობა? თვითონ მოიკრიბა ძალა? არა, მან თქვა, რომ გაბედა „ჩვენს ღმერთში“. ბიბლიის მთარგმნელთა ცნობარი ამბობს, რომ ეს სიტყვები შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: „ღმერთმა შიში განარიდა ჩვენს გულებს“. ასე რომ, თუ მსახურებაში გაბედულებას ვერ იჩენთ ან მსახურების რომელიმე სფერო გაშინებთ, რატომ არ გეთხოვათ იეჰოვასთვის, რომ თქვენც დაგხმარებოდათ? სთხოვეთ, რომ განაშოროს შიში თქვენს გულს. სთხოვეთ, რომ მსახურება ‘გაგაბედინოთ’. გარდა ამისა, მიიღეთ სხვა საჭირო ზომები. მაგალითად, ეცადეთ იმასთან ერთად იქადაგოთ, ვინც მსახურების გარკვეულ ფსეროში გაწაფულია. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური დამოწმება საქმიან უბანზე, ქუჩაში ან ტელეფონით ქადაგება. შესაძლოა მან, ვისთანაც ითანამშრომლებთ, თავის თავზე აიღოს ქადაგების დაწყების ინიციატივა. ამ შემთხვევაში, დააკვირდით და ისწავლეთ მისგან. მაგრამ შემდეგ, გაბედეთ და შეეცადეთ, იგივე გაიმეოროთ.
18. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ გაბედულები ვიქნებით ჩვენს მსახურებაში?
18 თუ გაბედულებას მოიკრებთ, დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. როდესაც გააგრძელებთ ასე მოქმედებას და ხალისს არ დაკარგავთ, მსახურებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა გელით, შემთხვევები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არ გქონოდათ (იხილეთ 25-ე გვერდი). კმაყოფილებას მოგიტანთ იმის ცოდნა, რომ ასიამოვნეთ იეჰოვას იმის კეთებით, რაც ძნელია თქვენთვის; შეიგრძნობთ მის კურთხევას და დახმარებას შიშის დაძლევაში; რწმენას განიმტკიცებთ. მართლაც, შეუძლებელია სხვების რწმენა განამტკიცოთ, თუ ამავე დროს თქვენსავე რწმენას არ ანმტკიცებთ (იუდა 20; 21).
-
-
მათ გაბედესსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
-
-
მათ გაბედეს
ყოველთვის ადვილი არ არის ქადაგებისთვის გამბედაობის მოკრება. მოციქულმა პავლემაც თქვა, რომ ერთხელ წარმატებას მან „დიდი ბრძოლით“ მიაღწია (1 თესალონიკელთა 2:2). ღირს კი ძალისხმევად ქადაგებისთვის ‘ბრძოლა’? თუმცა ამას ყოველთვის არ მოჰყვება განუმეორებელი შემთხვევები, მაგრამ ღვთის ხალხისთვის გამბედაობის გამოვლენას ხშირად სიხარული მოუტანია. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
რვა წლის ტერა ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს, რომელიც კლასს მოუთხრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებს ამოსაცნობად დავითის ყვითელი ვარსკვლავი ჰქონდათ ტანსაცმელზე მიკერებული. ტერა ფიქრობდა — ეთქვა რამე, თუ არა. „გულში ვილოცე,“ — იხსენებს ის. მერე მან ხელი ასწია და თქვა, რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკებში იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ და ამოსაცნობად იისფერ სამკუთხედებს ატარებინებდნენ ტანსაცმელზე. მასწავლებელი დაინტერესდა და მადლობა გადაუხადა გოგონას. ტერას კომენტარმა შესაძლებელი გახადა შემდეგში მასწავლებელთან საუბრის გაგრძელება, რომელმაც მოგვიანებით მთელ კლასს აჩვენა ვიდეო-ფილმი — „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“.
გვინეაში (დასავლეთ აფრიკა) მცხოვრებ ახალგაზრდა მოუნათლავ მაუწყებელ ირენს სურდა, თავისი მსახურება გაეუმჯობესებინა. მისიონერი, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, ახალისებდა, რომ თანაკლასელებისთვის ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეეთავაზებინა. ირენი ვერ ბედავდა, რადგან თანაკლასელები არ უსმენდნენ. მაგრამ მისიონერის წახალისებით აღძრულმა ირენმა გადაწყვიტა, პირველად იმ თანაკლასელთან მისულიყო, რომელიც ყველაზე წინააღმდეგი ჩანდა. ირენის გასაკვირად, გოგონამ მოუსმინა და ჟურნალებიც სიამოვნებით აიღო. სხვა კლასელებმაც იგივე გააკეთეს. ირენმა იმ თვეში უფრო მეტი ჟურნალი გაავრცელა, ვიდრე ერთად აღებული წინა ხუთ თვეში.
ტრინიდადელი უხუცესი ვერ ბედავდა სკოლის დირექტორთან მისვლას, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რომ შეეთავაზებინა და ამ ჟურნალის სასწავლო ფასეულობაზე გაემახვილებინა ყურადღება. ბოლოს კი მოიკრიბა გამბედაობა. ის ამბობს: „სკოლის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ლოცვა დავიწყე. საკუთარ თავს არ ვუჯერებდი — დირექტორი არაჩვეულებრივად თავაზიანი იყო“. მან აიღო ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ნომერი „რა იმედი არსებობს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის?“ და ისიც კი თქვა, რომ სასწავლო მასალად გამოიყენებდა. მას შემდეგ მან კიდევ 40 ჟურნალი აიღო, რომლებიც სხვადასხვა თემას ეძღვნებოდა.
ახალგაზრდა ვონს, ყოველთვის უჭირდა ქადაგება. „ვნერვიულობდი, ხელისგულები მიოფლიანდებოდა და სწრაფად ვსაუბრობდი — არ შემეძლო ნელა მელაპარაკა“. მიუხედავად ამისა, ის სრული დროით მსახური გახდა. და მაინც, მისთვის ყოველთვის ადვილი არ იყო საუბრის დაწყება. ერთხელ, როდესაც სამუშაოს უშედეგოდ ძებნის შემდეგ მეტროთი სახლში ბრუნდებოდა, ქადაგება სურდა, რათა „ეს ხელმოცარული დღე, რაღაც კარგს მაინც შეევსო“. მაგრამ მეტროს მატარებელში მყოფი ერთი სოლიდური შესახედაობის ბიზნესმენის გამო ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბოლოს მოიკრიბა გამბედაობა და გვერდზე მჯდომ ხანში შესულ მამაკაცს გამოელაპარაკა. საკმაოდ დიდ ხანს ისაუბრეს. „ახალგაზრდა ხართ, მაგრამ ასეთი კარგი კითხვები გაქვთ, — თქვა იქვე მყოფმა იმ ბიზნესმენმა და ჰკითხა, — ღვთისმეტყველი ხომ არ ხართ?“ ვონმა უპასუხა: „არა, იეჰოვას მოწმე ვარ“. „აჰ, — თქვა მამაკაცმა, — მაშ გასაგებია“.
ყველა ეს მოწმე — და კიდევ სხვა უამრავი — მოხარულია, რომ გამბედაობა მოიკრიბეს და იქადაგეს. გააკეთებ შენც იგივეს?
-