თავი 11
რა ჩავიცვა?
ლიზი გარეთ გასასვლელად ემზადება. მშობლები ხედავენ მას და თვალებს არ უჯერებენ.
— ეს რა ჩაგიცვამს?! — აღშფოთებას ვერ მალავს მამა.
— რა პრობლემაა? — პასუხობს შეცბუნებული ლიზი. — მე ხომ მეგობრებთან ერთად საყიდლებზე მივდივარ?!
— ასე ჩაცმული სახლიდან ვერ გახვალ! — ეუბნება დედა.
— რატომ, დედა! — ბუზღუნებს ლიზი. — დღეს ყველას ასე აცვია . . . თანაც ხაზს უსვამს ჩემს ხასიათს!
— სწორედ ეგ არ მოგვწონს, რასაც ხაზს უსვამს! — მკაცრად ეუბნება მამა. — აბრძანდი შენს ოთახში, ქალბატონო, და გამოიცვალე, თუ არადა გარეთ ფეხს ვერ გაადგამ!
ჩაცმულობაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ყოველთვის დავობდნენ. შენს ასაკში შესაძლოა შენს მშობლებსაც მოსდიოდათ უთანხმოება ამ საკითხზე თავიანთ მშობლებთან. ისინიც ალბათ იმავეს გრძნობდნენ, რასაც შენ. მაგრამ როლები შეიცვალა და ჩაცმულობაზე „ომი“ ახლა თქვენ შორის იმართება.
შენ ეუბნები: თავს კომფორტულად ვგრძნობ.
ისინი გეუბნებიან: უგემოვნოდ გაცვია.
შენ ეუბნები: ძაან ლამაზია.
ისინი გეუბნებიან: გამომწვევია.
შენ ეუბნები: ნახევარ ფასად ვიყიდე.
ისინი გეუბნებიან: იმიტომაც გიფარავს ნახევარ ტანს!
შესაძლებელია თუ არა „ცეცხლის შეწყვეტა“? 23 წლის მეგანმა გამოსავალს მიაგნო: „კამათს აზრი არა აქვს, მთავარია შეთანხმება“. კი მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ამ დროს შეთანხმება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ 40 წლის ქალივით უნდა გეცვას? რა თქმა უნდა, არა! შენ და შენი მშობლები, უბრალოდ, ერთმანეთს გაუზიარებთ განსხვავებულ შეხედულებებს და შემდეგ შეეცდებით, მიხვიდეთ ერთ აზრამდე, რომელიც მისაღები იქნება როგორც შენთვის, ისე მათთვის. რა მხრივ იქნება ეს შენთვის სასარგებლო?
1. შენი ჩაცმულობა თანატოლებსაც მოეწონებათ.
2. მშობლები უფრო დამშვიდდებიან.
3. როცა მშობლები დაინახავენ, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზულად უდგები, შეიძლება მეტი თავისუფლება მოგცენ.
მოდი შევარჩიოთ ტანსაცმელი. დავუშვათ მაღაზიაში ან ინტერნეტში ნახე ტანსაცმელი და ფიქრობ, რომ ზუსტად საშენოა. პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის . . .
ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიბლიაში ნაკლებად არის საუბარი ჩაცმულობაზე. ის ბიბლიური მითითებები, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს ეხება, სულ ორიოდე წუთში შეგიძლია წაიკითხო, თუმცა ამ მითითებებიდან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია. მაგალითად:
● ბიბლია ქალებს მოუწოდებს, რომ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ შეიმოსონ (1 ტიმოთე 2:9, 10)a.
სიტყვა „მოკრძალება“ შეიძლება ცუდად მოგხვდეს ყურში და იკითხო: „რა, მონაზონივით უნდა მეცვას?!“. სულაც არა! ამ კონტექსტში სიტყვა „მოკრძალება“ იმაზე მიუთითებს, რომ შენი ჩაცმულობით საკუთარ თავს სცემ პატივს და სხვების გრძნობებსაც ითვალისწინებ (2 კორინთელები 6:3). ასეთი ტანსაცმლის შერჩევა სრულიად შესაძლებელია. 23 წლის დანიელა ამბობს: „შესაფერისი ტანსაცმლის არჩევა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ექსტრავაგანტური ჩაცმულობის გარეშეც შეგიძლია თანამედროვედ გამოიყურებოდე“.
● ბიბლიაში ნათქვამია, რომ გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანი „შინაგანი ადამიანია“ (1 პეტრე 3:4).
გამომწვევი ჩაცმულობით შეიძლება წამიერად მიიპყრო ყურადღება, მაგრამ უფროსებისა და თანატოლების პატივისცემას მხოლოდ შინაგანი სილამაზით მოიპოვებ. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, შენმა თანატოლებმაც შეიძლება დაინახონ ექსტრავაგანტური ჩაცმულობის ნაკლი. „საშინელი დასანახია, როდესაც გოგოები ვულგარული ჩაცმულობით ცდილობენ ბიჭების ყურადღების მიპყრობას “, — ამბობს 16 წლის ბრიტანი. ქეითიც იმავე აზრისაა. ის თავის ყოფილ მეგობარზე ამბობს: „ყოველთვის ისე ეცვა, რომ ბიჭებს მისთვის შეეხედათ. ოღონდ მათი ყურადღება მიეპყრო, და რაც თვალში მოსახვედრი იყო, ყველაფერს იცვამდა“.
გაიგე მშობლების აზრი
გამოსავალი ნამდვილად არ იქნება სკოლაში გამომწვევი ტანსაცმლის ჩანთით წაღება და იქ გამოცვლა. მშობლებს მეტი ნდობა ექნებათ შენ მიმართ, თუ გულახდილი იქნები და არ დაუმალავ იმასაც კი, რაც შეიძლება მათ ვერ შეიტყონ. კარგად მოიქცევი, თუ ტანსაცმლის არჩევისას მათ აზრს გაითვალისწინებ (იგავები 15:22). შეავსეთ 82-ე და 83-ე გვერდებზე მოცემული „ტესტი ტანსაცმლის შესარჩევად“.
რატომ უნდა გაითვალისწინო მშობლების თვალსაზრისი? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ ის უნდა ჩაიცვა, რაც მათ მოსწონთ? რა თქმა უნდა, არა. მშობლებს შეიძლება ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ მათი რჩევა გჭირდება. 17 წლის ნატალინი ამბობს: „ძალიან ვაფასებ ჩემი მშობლების რჩევას, რადგან არ მინდა სახლიდან ისე გავიდე, რომ ჩემი ჩაცმულობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე და სხვებმა ჩემზე ცუდი ილაპარაკონ“.
გახსოვდეს, სანამ ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბდები, მათ უნდა დაემორჩილო (კოლოსელები 3:20). თუ ერთმანეთის აზრს ერთხელ გაითვალისწინებთ, გაოცდებით, შემდგომში რამდენად ხშირად მიხვალთ შეთანხმებამდე. და შედეგად, ჩაცმულობაზე „ომი“ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს!
რჩევა: როცა სარკეში ჩაიხედავ, შეიძლება შენი ჩაცმულობა მოკრძალებული მოგეჩვენოს, მაგრამ შეგეძლება თუ არა იმავეს თქმა, როცა დაჯდები ან დაიხრები რამის ასაღებად? ჰკითხე რჩევა მშობელს ან სანდო მეგობარს.
თვითონ ხომ არა ხარ შენი თავის დაუძინებელი მტერი? რისი გაკეთება შეგიძლია, თუ საკუთარი თავი არ მოგწონს?
[სქოლიო]
a თუმცა ეს ბიბლიური მითითება ქალებს ეძლევა, ის მამაკაცებისთვისაც გასათვალისწინებელია.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„თქვენი სილამაზე ნუ იქნება . . . ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში“ (1 პეტრე 3:3, 4).
რჩევა
მოერიდე ისეთ ჩაცმულობას, რომელიც სექსუალურობას უსვამს ხაზს. ასეთი ჩაცმულობით თავაშვებული და საკუთარი თავის მოყვარული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ.
იცოდი, რომ . . . ?
ადამიანს შენზე პირველ შთაბეჭდილებას ხშირად შენი ჩაცმულობა უქმნის.
რა უნდა გავაკეთო
ჩემი ოჯახის რომელ წევრს ან ჩემს რომელ სანდო მეგობარს ვკითხავ აზრს იმ ტანსაცმელზე, რომლის ყიდვაც მინდა? ․․․․․
მომდევნო ჯერზე ტანსაცმლის ყიდვისას გავითვალისწინებ შემდეგ ფაქტორებს: ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● ხშირად რატომ ვერ თანხმდებიან მშობლები და შვილები ჩაცმულობაზე?
● მშობლებთან ჩაცმულობის შესახებ მსჯელობით რისი უნარის გამომუშავება შეგიძლია?
[ჩანართი 81 გვერდზე]
„ნაკლებად ვცემ პატივს იმ გოგოებს, რომლებიც გამომწვევად იცვამენ. მოკრძალებულად და მოხდენილად ჩაცმულ ხალხს რომ ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რომ მეც ასე ჩავიცვა“ (ნატალინი).
[ჩარჩო/სურათები 82, 83 გვერდებზე]
სამუშაო გვერდი
ტესტი ტანსაცმლის შესარჩევად
მითითებები: გააკეთე ამ გვერდების ასლი. მარჯვენა მხარე შენმა მშობლებმა შეავსონ, მარცხენა კი შენ შეავსე. შემდეგ გადახედეთ ერთმანეთის პასუხებს და ერთად განიხილეთ. რამემ ხომ არ გაგაკვირვათ? რა გაიგეთ ახალი ერთმანეთის შესახებ?
შენთვის დაფიქრდი იმ ტანსაცმელზე, რომლის ჩაცმა ან ყიდვა გინდა.
რატომ მოგწონს შენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი? დანომრე იმის მიხედვით, თუ რას ანიჭებ უპირატესობას.
․․․․․ მწარმოებლის მარკა
․․․․․ მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის
․․․․․ მოსწონთ თანატოლებს
․․․․․ კომფორტულია
․․․․․ ფასი მისაღებია
․․․․․ სხვა ․․․․․
მშობლების რეაქცია შეიძლება იყოს ასეთი:
□ არავითარ შემთხვევაში
□ არა უშავს
□ კარგია
ყველაზე მეტად რის გამო შეიძლება გამოთქვან მშობლებმა უკმაყოფილება:
□ ძალიან გამომწვევია
□ უგემოვნოდ არის შეკერილი
□ ექსტრავაგანტურია
□ რეპუტაციას გვილახავს
□ ძალიან ძვირია
□ სხვა ․․․․․
როგორ შევთანხმდეთ?
რაში გამომადგება მშობლების რჩევა?
․․․․․
იქნებ შესაძლებელია ტანსაცმლის გადაკეთება ან ისეთი რამის მოფიქრება, რაც ჩემთვისაც და მშობლებისთვისაც მისაღები იქნება?
․․․․․
მშობლებისთვის დაფიქრდით, როგორი ტანსაცმლის ჩაცმა ან ყიდვა უნდა თქვენს შვილს.
როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონს თქვენს შვილს ეს ტანსაცმელი? დანომრეთ იმის მიხედვით, თუ თქვენი აზრით, რას ანიჭებს ის უპირატესობას.
․․․․․ მწარმოებლის მარკა
․․․․․ მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის
․․․․․ მოსწონთ თანატოლებს
․․․․․ კომფორტულია
․․․․․ ფასი მისაღებია
․․․․․ სხვა ․․․․․
ჩვენი რეაქცია ასეთია:
□ არავითარ შემთხვევაში
□ არა უშავს
□ კარგია
ყველაზე მეტად, რის გამო შეიძლება გამოვთქვათ უკმაყოფილება:
□ ძალიან გამომწვევია
□ უგემოვნოდ არის შეკერილი
□ ექსტრავაგანტურია
□ რეპუტაციას გვილახავს
□ ძალიან ძვირია
□ სხვა ․․․․․
როგორ შევთანხმდეთ?
ჩვენი გემოვნების გამო ხომ არ ვუშლით შვილს ამ ტანსაცმლის ჩაცმას?
□ დიახ □ შესაძლოა □ არა
იქნებ შესაძლებელია ტანსაცმლის გადაკეთება ან ისეთი რამის მოფიქრება, რაც ჩვენთვისაც და ჩვენი შვილისთვისაც მისაღები იქნება?
․․․․․
გადაწყვეტილება ․․․․․
[ჩარჩო 84 გვერდზე]
რჩევები ბიჭებისთვის
ამ თავში განხილული ბიბლიური მითითებები ბიჭებსაც ეხებათ. იყავი მოკრძალებული. ყველამ დაინახოს შენი შინაგანი სილამაზე, ის, რაც გულში გაქვს. ტანსაცმლის შერჩევისას ჰკითხე საკუთარ თავს: „რა შთაბეჭდილებას შევუქმნი სხვებს ჩემზე? სწორად დაასკვნიან, თუ სინამდვილეში როგორი ვარ?“ გახსოვდეს, რომ შენი ჩაცმულობით სხვებს შენზე წარმოდგენას უქმნი. შენს ჩაცმულობაში შენი ღირებულებები უნდა ჩანდეს.
[სურათი 80 გვერდზე]
შენი ჩაცმულობა ჰგავს წარწერას, საიდანაც ხალხი შენ შესახებ ყველაფერს იგებს. რა შინაარსისაა შენი „წარწერა“?