საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 15 გვ. 131-გვ. 134 აბზ. 4
  • გარეგნობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გარეგნობა
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მოკრძალებული ჩაცმულობით ღვთისადმი ღრმა პატივისცემას ვავლენთ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • რატომ უნდა გვეცვას კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 15 გვ. 131-გვ. 134 აბზ. 4

გაკვეთილი 15

გარეგნობა

რა უნდა გააკეთო?

ჩაიცვი ფაქიზად, სუფთად და მოკრძალებულად. თმა დაივარცხნე. შენი პოზა იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ დაინტერესებული ხარ მსმენელით.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

შენი გარეგნობა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება ადამიანს შენი ცხოვრების წესსა და ქრისტიანულ მრწამსზე.

შენი გარეგნობა ადამიანებს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის შენზე. მართალია, იეჰოვა გულს ხედავს, მაგრამ ადამიანს, ჩვეულებრივ, დასკვნა იმის საფუძველზე გამოაქვს, „რასაც თვალი ხედავს“ (1 სამ. 16:7). თუ სუფთად გაცვია და სასიამოვნოდ გამოიყურები, მსმენელი დაინახავს, რომ გაქვს საკუთარი ღირსების გრძნობა და უფრო მეტად განეწყობა შენ მოსასმენად. შენი კარგი ჩაცმულობით მას დადებით შთაბეჭდილებას შეუქმნი ორგანიზაციაზე, რომლის წევრიც ხარ და ღმერთზე, რომელსაც ეთაყვანები.

რით ვიხელმძღვანელოთ. ბიბლია ჩაცმულობასთან დაკავშირებით არ გვტვირთავს ათასგვარი კანონით. მაგრამ მასში მოცემულია პრინციპები, რომლებიც გონივრული დასკვნის გამოტანაში გვეხმარება. მთავარია, გავითვალისწინოთ ის, რასაც ბიბლია პირდაპირ მოგვიწოდებს: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10:31). რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით?

პირველი: ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყურადღება მივაქციოთ სხეულისა და ტანსაცმლის სისუფთავეს. ძველად ისრაელებს იეჰოვას მიერ მიცემული კანონით სისუფთავე მოეთხოვებოდა. მაგალითად, მსახურებისას რამდენჯერმე, დადგენილ დროს, მღვდლებს სხეული უნდა დაებანათ და ტანსაცმელი უნდა გაერეცხათ (ლევ. 16:4, 24, 26, 28). თუმცა მოსეს კანონი ქრისტიანებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი, მასში მოცემულ პრინციპებს არ დაუკარგავს მნიშვნელობა (იოან. 13:10; გამოცხ. 19:8). სისუფთავე განსაკუთრებით თაყვანისცემის ადგილზე შეკრებისა და ქადაგების დროს მოგვეთხოვება. ჩვენ გამო რომ არავის დაეუფლოს არასასიამოვნო გრძნობა, ოფლის სუნი არ უნდა აგვდიოდეს, პირიდან სუნი არ უნდა ამოგვდიოდეს და სუფთად უნდა გვეცვას. ამ მხრივ სამაგალითო უნდა იყოს ის, ვინც მოხსენებით გამოდის ან კრების შეხვედრაზე ინსცენირებაში მონაწილეობს. თუ ჩვენს გარეგნობას ყურადღებას ვაქცევთ, ამით იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი პატივისცემას ვავლენთ.

მეორე: ბიბლია მოკრძალებისა და საღი აზროვნებისკენ მოგვიწოდებს. პავლე მოციქული ქრისტიან ქალებს შეაგონებდა, რომ მათი მშვენება ყოფილიყო „არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:9, 10). მოკრძალება და საღი აზროვნება მამაკაცის ჩაცმულობასა და გარეგნობაშიც უნდა ჩანდეს.

მოკრძალებული ადამიანი ცდილობს, უნებლიედ არავინ გააღიზიანოს და ზედმეტად არ მიიქციოს ყურადღება. საღი აზროვნების წყალობით კი ადამიანი სწორად განსჯის უნარით გამოირჩევა. ის, ვინც ამ თვისებებს ავლენს, პატივს სცემს ღვთის ნორმებს და, შედეგად, გაწონასწორებულია. მოკრძალება და საღი აზროვნება სასიამოვნოდ ჩაცმაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ეს თვისებები გვეხმარება, გონივრულად მივუდგეთ საკუთარ გარეგნობას და მოვერიდოთ ჩაცმულობისა და ვარცხნილობის ექსტრავაგანტურ სტილს (1 იოან. 2:16). კარგი იქნება, ყოველთვის გამოვიყენოთ ეს პრინციპები თაყვანისცემის ადგილზე შეკრების დროს, სამქადაგებლო მსახურებასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენს ჩაცმულობაში თავისუფალ დროსაც უნდა იგრძნობოდეს მოკრძალება და საღი აზროვნება. სკოლაში ან სამსახურში დროდადრო ქადაგების შესაძლებლობა გვეძლევა. არაფორმალურად ქადაგების დროს შეიძლება ისე არ ვიყოთ ჩაცმული, როგორც კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე, მაგრამ ყოველთვის კოხტად, სუფთად და მოკრძალებულად უნდა გვეცვას.

ცხადია, ყველა ერთნაირად ვერ ჩაიცვამს. ამას არც არავინ მოელის. ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, რაც სავსებით ბუნებრივია. მიუხედავად ამისა, ყველას გვმართებს ბიბლიური რჩევების გათვალისწინება.

პეტრე მოციქულმა დაგვანახვა, რომ ვარცხნილობასა და ჩაცმულობაზე მნიშვნელოვანი „შინაგანი ადამიანია“ (1 პეტ. 3:3, 4). თუ გული სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით, სიკეთითა და საფუძვლიანი რწმენით გვექნება სავსე, სულიერი სამოსლით ვიქნებით შემოსილი, რითაც ნამდვილად განვადიდებთ ღმერთს.

მესამე: ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სასიამოვნოდ გამოვიყურებოდეთ. 1 ტიმოთეს 2:9-ში მოხსენიებულია „მოხდენილი ტანსაცმელი“. ამ მუხლში პავლე მოციქული ქალის ჩაცმულობას ეხება, მაგრამ მამაკაცებმაც ამავე პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ. მოხდენილ ტანსაცმელში სუფთა და მოწესრიგებული ტანსაცმელი იგულისხმება. ყოველთვის შეგვიძლია სუფთად და მოწესრიგებულად ჩაცმა იმისდა მიუხედავად, მდიდრები ვართ თუ ღარიბები.

პირველი, რაც ადამიანს თვალში მოხვდება, ჩვენი ვარცხნილობაა. თმა ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. ადამიანის ვარცხნილობაზე ადგილობრივი ჩვეულებები და მემკვიდრეობითი ფაქტორებიც ახდენს გავლენას. 1 კორინთელების 11:14, 15-ში პავლე მოციქული ვარცხნილობასთან დაკავშირებით გვაძლევს რჩევას, რომელშიც, როგორც ჩანს, ორივე ზემოხსენებულ ფაქტორს ითვალისწინებს. ის, ვინც ცდილობს, ვარცხნილობით საწინააღმდეგო სქესის ადამიანს დაემსგავსოს, უგულებელყოფს ბიბლიურ პრინციპებს (კან. 22:5).

მამაკაცის გარეგნობაში იმასაც ექცევა ყურადღება, არის თუ არა გაპარსული. თუ მამაკაცი ულვაშს ატარებს და ეს მის ქვეყანაში მიღებულია, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ულვაში ყოველთვის მოვლილი და შესწორებული ჰქონდეს.

მეოთხე: ჩვენს გარეგნობაში არ უნდა ვლინდებოდეს ქვეყნიერების სიყვარული. იოანე მოციქული შეგვაგონებს: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია“ (1 იოან. 2:15—17). ქვეყნიერებაში ხალხი ბევრ არასწორ სურვილს არის აყოლილი. ამ სურვილებს შორის იოანე ცოდვილი „ხორცის სურვილსა“ და „ქონებით ტრაბახსაც“ იხსენიებს. ბიბლია დაუმორჩილებლობის სულზეც ამახვილებს ყურადღებას (იგავ. 17:11; ეფეს. 2:2). ქვეყნიერების სურვილები და სული ხშირად ხალხის ჩაცმულობასა და ვარცხნილობაშიც ვლინდება. ბევრი გამომწვევად გამოიყურება — ექსტრავაგანტურად, თვალში საცემად და დაუდევრად იცვამს. იეჰოვას მსახურები უნდა მოვერიდოთ ასეთ არაქრისტიანულ ტენდენციებს.

იმის მაგივრად, რომ ქვეყნიერებას მივბაძოთ, ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ მოწიფული ქრისტიანების მაგალითით ვიხელმძღვანელებთ. ახალგაზრდა ძმები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც გამოვლენ კრების წინაშე მოხსენებით, იმ ძმების ჩაცმულობას უნდა დააკვირდნენ, რომლებიც უკვე კითხულობენ საჯარო მოხსენებებს. იმ ქრისტიანების მაგალითი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, ყველასათვის მისაბაძია (1 ტიმ. 4:12; 1 პეტ. 5:2, 3).

მეხუთე: როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ „არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომ. 15:3). იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის ნების შესრულება იყო. ის სხვების დახმარებასაც საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებდა. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა ბარიერს ქმნის ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვუქადაგებთ? თუ ქრისტეს მსგავსად თავმდაბლობის სულს გამოვავლენთ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პავლე მოციქულმა დაგვანახვა პრინციპი: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს“ (2 კორ. 6:3). აქედან გამომდინარე, შეიძლება უარის თქმა მოგვიწიოს ამა თუ იმ ვარცხნილობაზე ან ჩაცმის სტილზე, რომლის გამოც ხალხმა შესაძლოა არ მოგვისმინოს ქადაგების დროს.

პოზა. გარეგნობაზე საუბრისას ურიგო არ იქნებოდა, პოზაც მოგვეხსენიებინა. ცხადია, ყველას ერთნაირად დგომა არა გვჩვევია და საჭიროც არ არის, მივყვეთ რაიმე ნიმუშს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გამართულად დგომა ბიბლიაში საკუთარი ღირსების გრძნობასა და ოპტიმიზმთან არის დაკავშირებული (ლევ. 26:13; ლუკ. 21:28). მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ძმას ან დას არ შეეძლოს გამართულად დგომა და ყოველთვის რაღაცაზე დაყრდნობა სჭირდებოდეს, თუ ხანშიშესულია, სუსტი ჯანმრთელობა აქვს ან წლების განმავლობაში მოხრილი მუშაობდა. მაგრამ ის, ვისთვისაც რთული არ არის სწორად დგომა, უმჯობესია, ლაპარაკის დროს გაიმართოს, რომ მისი პოზა ვინმემ გულგრილობის ან რაღაცის გამო მობოდიშების ნიშნად არ მიიღოს. აგრეთვე, არაფერია ცუდი იმაში, რომ მომხსენებელი დროდადრო ხელებით დაეყრდნოს კათედრას, მაგრამ მსმენელზე უკეთეს შთაბეჭდილებას დატოვებს, თუ არ დაეყრდნობა.

პირადი ნივთები. პირადი ჰიგიენისა და გარეგნობის გარდა, ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ ნივთები, რომლებსაც მსახურების დროს ვიყენებთ, სუფთა და მოწესრიგებული იყოს.

ყურადღება მიაქციე შენს ბიბლიას. როდესაც ბიბლია გვიცვდება, ყველას არ შეგვიძლია ახლის შეძენა. და მაინც, ის ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს ვიყენებთ.

ცხადია, ქადაგებისთვის ჩანთაში ნივთები შეგიძლია შენთვის მოსახერხებლად ჩაალაგო, მაგრამ ისინი ყოველთვის წესრიგში უნდა გქონდეს. გინახავს, როგორ ჩამოსცვენია ბიბლიაში ჩადებული ფურცლები მაუწყებელს ქადაგების დროს, ან ძმას სცენაზე გამოსვლისას, როდესაც მუხლის წაკითხვას აპირებდა? ალბათ, ყურადღება გაგეფანტა, არა? ბიბლიაში ჩადებულმა ფურცლებმა რომ არც შენ შეგიშალოს ხელი და არც სხვას, უმჯობესი იქნება, სხვაგან შეინახო ისინი. აქვე კარგი იქნება, ისიც მოვიხსენიოთ, რომ ზოგ ქვეყანაში ბიბლიისა და რელიგიური ლიტერატურის იატაკზე დადება მიუღებელია.

ამგვარად, გარეგნობას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ესეც მოახდენს გავლენას იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება ექნებათ ჩვენზე. თუმცა ძირითადად იმის გამო ვაქცევთ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას, რომ გვინდა ‘ყველაფერში შევამკოთ ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება’ (ტიტ. 2:10).

შეამოწმე შენი გარეგნობა

  • ყველაფერი სუფთა გაქვს?

  • მეტყველებს შენი გარეგნობა შენს მოკრძალებასა და გონიერებაზე?

  • ყველაფერი წესრიგში გაქვს?

  • დავარცხნილი გაქვს თმა?

  • ხომ არ ვლინდება შენს გარეგნობაში ქვეყნიერების სიყვარული?

  • ხომ არ დააბრკოლებს ვინმეს შენი ჩაცმულობა ან ვარცხნილობა?

სავარჯიშო: იმისდა მიუხედავად, თუ რით ხარ დაკავებული, მთელი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ შეამოწმე საკუთარი თავი 132-ე გვერდზე ჩარჩოში („შეამოწმე შენი გარეგნობა“) მოცემული კითხვების საფუძველზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება