-
იარე როგორც ღმერთის მიერ განსწავლულმასაგუშაგო კოშკი — 1994 | 15 აპრილი
-
-
2, 3. როგორ სრულდება დღეს პავლეს წინასწარმეტყველება ვერცხლის მოყვარულ ადამიანებზე?
2 მეორე ტიმოთეს 3:1–5-ის გარჩევის დახმარებით შეგვიძლია ვიხილოთ იმის შედეგები, თუ რას ნიშნავს „უკანასკნელ დღეებში“ ღმერთის მიერ იყო განსწავლული. წინამდებარე სტატიის დახმარებით, ჩვენ შევამჩნიეთ ის სარგებელი, რომელიც იმათთვისაა, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს პავლეს გაფრთხილება — არ ვიყოთ „თავმოყვარენი“. პავლემ დაუმატა, რომ ჩვენს დროში ადამიანები, ასევე, იქნებოდნენ „ვერცხლის [ანუ, ფულის] მოყვარენი“.
3 არავინ საჭიროებს თანამედროვე ისტორიის სპეციალისტის დიპლომს, რომ გაიგოს, თუ რა კარგად შეესაბამება ეს სიტყვები ჩვენს დროს. ნუთუ არ წაგიკითხავს ფინანსისტებსა და კორპორაციების ხელმძღვანელებზე, რომლებიც ვერ კმაყოფილდებიან ყოველწლიური მრავალმილიონიანი შემოსავლით? ფულის ამ მოყვარულებს სურთ, რომ უფრო მეტი ჰქონდეთ, თუნდაც უკანონო გზით. პავლეს სიტყვები, ასევე, შეესაბამება მრავალ თანამედროვე ადამიანს, რომლებიც ხარბები არიან და ვერასოდეს კმაყოფილდებიან, თუმცა არც არიან მდიდრები. შესაძლოა, შენც იცნობ შენს ირგვლივ მყოფ ასეთ ადამიანებს.
4-6. როგორ ეხმარება ბიბლია ქრისტიანებს, მოერიდონ იმას, რომ გახდნენ ფულის მოყვარულები?
4 ნუთუ ის, რაც პავლემ მოიხსენია, ადამიანის ბუნების დაუძლეველი მხარეა? არა, იგი დაუძლეველი არ არის ბიბლიის ავტორის სიტყვების თანახმად, რომელმაც დიდი ხნის წინათ ასეთი ჭეშმარიტება წარმოთქვა: „ყოველგვარი ბოროტების ფესვია ვერცხლის მოყვარეობა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ ღმერთს ის კი არ უთქვამს, რომ ‘ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლია [ანუ, ფული]. მან თქვა, რომ ბოროტების ფესვი არის „ვერცხლის მოყვარეობა“ (1 ტიმოთე 6:10).
5 საინტერესოა, რომ პავლეს სიტყვების კონტექსტი იმის შესახებ გვამცნობს, რომ პირველი საუკუნის ზოგიერთი შესანიშნავი ქრისტიანი მატერიალურად მდიდარი იყო ეხლანდელ სისტემაში: მათ ის სიმდიდრე ან მემკვიდრეობით მიიღეს, ან შეიძინეს (1 ტიმოთე 6:17). მაშინ, ნათელი უნდა იყოს: როგორი ფინანსური შეძლებაც არ უნდა გვქონდეს, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ფულის მოყვარეობა სახიფათოა. გვთავაზობს თუ არა ბიბლია შემდგომ დარიგებას იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ სამწუხარო და გავრცელებულ მანკს? რა თქმა უნდა, გვთავაზობს ისეთ დარიგებას, როგორიცაა იესოს ქადაგება მთაზე. ამ ქადაგების სიბრძნე მსოფლიოში განთქმულია. შენ შეგიძლია ნახო, თუ რას ამბობდა იესო მათეს 6:26–33-ში.
6 როგორც ლუკას 12:15–21-შია ჩაწერილი, იესო ლაპარაკობდა ერთ მდიდარ ადამიანზე, რომელიც ცდილობდა დაეგროვებინა უფრო მეტი და მეტი სიმდიდრე, მაგრამ უეცრად მოკვდა. რაზე მიუთითა იესომ? მან თქვა: „დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“. ამ რჩევის მიცემის დროს, ბიბლია განსჯის სიზარმაცეს და ხაზს უსვამს პატიოსანი მუშაობის ფასეულობას (1 თესალონიკელთა 4:11, 12). თუმცა ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უარყოფს, რომ ეს მოძღვრებები შეესაბამება ჩვენს დროს, მაგრამ ისინი მოქმედი და გამოსადეგია.
განსწავლულნი და სარგებელმიღებულნი
7. რა საფუძველი გაგვაჩნია იმისათვის, რომ შევძლოთ წარმატებით გამოვიყენოთ ბიბლიის რჩევა სიმდიდრესთან დაკავშირებით?
7 მრავალ ერში შეგიძლია იხილო ცხოვრებისეული მაგალითები ყველა სოციალური და ეკონომიკური ფენის მამაკაცებისა და ქალებისა, რომლებმაც გამოიყენეს ღვთაებრივი პრინციპები ფულთან დაკავშირებით. მათ სარგებელი მოუტანეს საკუთარ თავს და თავიანთ ოჯახებსაც, რისი დანახვა გარეშე პირებსაც შეუძლიათ. მაგალითად, წიგნში, „რელიგიური მოძრაობები თანამედროვე ამერიკაში“ (ინგლ.), რომელიც გამოცემულია პრინსტონის უნივერსიტეტის მიერ, ერთ-ერთი ანთროპოლოგი წერდა: „[მოწმეების] პუბლიკაციებში და კრების მოხსენებებში მათ შეახსენებენ, რომ საზოგადოებაში მათი მდგომარეობა დამოკიდებული არ არის ახალ მანქანებზე, ძვირფას ტანისამოსზე ან ფუფუნებით ცხოვრებაზე. ამავე დროს, მოწმემ მთლიანად უნდა ჩააბაროს თავის დამსაქმებელს დღიური სამუშაო და [უნდა] იყოს სკრუპულოზურად პატიოსანი. . . ასეთი თვისებები ადამიანს, პროფესიის უქონლობის მიუხადავად, გამოსადეგ მუშაკად ხდის და ამიტომაც, ზოგიერთი მოწმე ჩრდილოეთ ფილადელფიაში სამუშაოზე დააწინაურეს და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს“. ნათელია, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ღვთიური დამოძღვრა ბიბლიის მეშვეობით, გამოფხიზლებულნი იყვნენ იმ თვალსაზრისისაგან, რომელიც უფრო ამძიმებს თანამედროვე პირობებს. მათი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბიბლიური დარიგებები წინ უძღვის უფრო უკეთეს და ბედნიერ ცხოვრებას.
8. რატომ შეგვიძლია დავაკავშიროთ ერთმანეთთან სიტყვები: „ქედმაღალნი (სსგ)“, „ამპარტავანნი“ და „მგმობელნი“ და რა მნიშვნელობა გააჩნია თითოეულ სიტყვას?
8 ჩვენ შეგვიძლია ამას დავუკავშიროთ პავლეს მიერ ჩამოთვლილი მომდევნო სამი თვისება. უკანასკნელ დღეებში ადამიანები იქნებოდნენ: „ქედმაღალნი (სსგ), ამპარტავანნი, მგმობელნი“. ეს სამი თვისება ერთი და იგივე არ არის, მაგრამ თითოეული დაკავშირებულია სიამაყესთან. პირველია „ქედმაღალნი“. ერთ-ერთი ლექსიკონი იძლევა აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის განმარტებას: „ ‘პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს უფრო დიდად ასაღებს, ვიდრე სინამდვილეში არის’ ან ‘ჰპირდება მეტს, ვიდრე შეუძლია შეასრულოს’ “. შენ შეგიძლია გაიგო, თუ რატომ იყენებს ზოგიერთი ბიბლია სიტყვას — „ტრაბახა“. შემდეგია — „ამპარტავანნი“, ანუ სიტყვასიტყვით „ქედმაღლური გამოხედვის მქონენი“. ბოლო სიტყვაა — „მგმობელნი“. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს მგმობელთა შესახებ, როგორც ღმერთზე უპატივცემლოდ მოლაპარაკეებზე, მაგრამ ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა არის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან სალანძღავი საუბარი ადამიანების წინააღმდეგ. ასე რომ, პავლემ მიუთითა გმობაზე, რომელიც მიმართულია ღმერთისა და ადამიანების წინააღმდეგ.
9. რომელი თვალსაზრისის განვითარებისაკენ მოგვიწოდებს ბიბლია, ყველგან გავრცელებული, მავნე თვისებების საპირისპიროდ?
9 როგორ გრძნობ თავს, როდესაც შენს გარშემო არიან ისეთი თანამშრომლები, სკოლის ამხანაგები ან ნათესავები, რომლებიც შეესაბამებიან პავლეს მიერ აღწერილს? თუ გიადვილებს ეს ცხოვრებას? ან იქნებ ასეთი ადამიანები გირთულებენ ცხოვრებას და უფრო გიძნელებენ იმას, რომ გაუმკლავდე ჩვენს დრო-ჟამს? მიუხედავად ამისა, ღმერთის სიტყვა გვასწავლის, მოვერიდოთ ასეთ თვისებებს და გვთავაზობს დარიგებებს, რომლებიც მოცემულია 1 კორინთელთა 4:7-ში; კოლასელთა 3:12, 13-სა და ეფესელთა 4:29-ში.
10. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას ხალხს სარგებელი აქვს ბიბლიური დარიგების გამოყენებით?
10 მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არასრულყოფილები არიან, ამ შესანიშნავი დარიგების გამოყენება ძალიან ეხმარება მათ კრიტიკულ დრო-ჟამში. იტალიური ჟურნალი, „ლა ჩივილტა კატოლიკა“ (იტალ.) ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რიცხვობრივად რატომ იზრდებიან იეჰოვას მოწმეები, არის ის: „რომ ეს მოძრაობა უზრუნველყოფს თავის წევრებს მონახონ ნათელი და მტკიცე ადგილი პირად ცხოვრებაში“. მაგრამ გულისხმობდა თუ არა მწერალი გამოთქმაში ‘მტკიცე ადგილი პირად ცხოვრებაში’ ‘ამაყებს, ამპარტავნებსა და მგმობელებს’? პირიქით, იეზუიტურმა ჟურნალმა შენიშნა, რომ ეს მოძრაობა „უზრუნველყოფს თავის წევრებს ნათელი და მტკიცე ადგილით პირად ცხოვრებაში და ეს ის ადგილია, სადაც მათ ეგებებიან თბილად, ძმურად და ერთობის გრძნობით“. ნუთუ ნათელი არ არის, რომ ყველაფერი, რაც მოწმეებს ასწავლეს, ეხმარება მათ?
სწავლება სასარგებლოა ოჯახის წევრებისთვის
11, 12. როგორი სიზუსტით უჩვენა პავლემ, თუ რა სიტუაცია იქნებოდა მრავალ ოჯახში?
11 ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ შემდეგი ოთხი თვისება, რომლებიც რაღაცით მონათესავენი არიან. პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელი დღეების დადგომისას ადამიანები იქნებოდნენ „მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი“. შენთვის ცნობილია, რომ ამ ცუდი თვისებებიდან ორი: უმადურობა და უწმინდურობა, ფართოდაა გავრცელებული ჩვენს ირგვლივ. ამიტომ, ადვილად შეგვიძლია გავიგოთ, თუ რატომ მოათავსა პავლემ ისინი ‘მშობლების ურჩებსა’ და ‘არამოყვარულთა’ შორის. ეს ოთხი თვისება ერთიმეორესთან დაკავშირებულია.
12 სინამდვილეში, ნებისმიერ დაკვირვებულ პიროვნებას, ახალგაზრდას თუ ხანში შესულს, მოუწევდა ეღიარებინა, რომ დღეს მშობლებისადმი ურჩობა გამძვინვარებულია და უფრო უარესდება. მრავალი მშობელი ჩივის, რომ ახალგაზრდები უმადურნი არიან იმის მიმართ, რაც მათთვის კეთდება. მრავალი ახალგაზრდა პროტესტს აცხადებს იმის გამო, რომ მშობლები სინამდვილეში არ არიან მათი (ან საერთოდ ოჯახის) ერთგულნი, არამედ ჩაფლულნი არიან თავიანთ სამსახურში, სიამოვნებაში და საკუთარ თავში. იმის მაგიერ, რომ დაადგინო, თუ ვისი ბრალია, შეხედე შედეგს. უფროს თაობასა და ახალგაზრდებს შორის განხეთქილება ხშირად იქამდე მიმყვანია, რომ მოზარდები აყალიბებენ მორალისა თუ ამორალურობის საკუთარ კოდექსებს. რა არის შედეგი? — მოზარდთა შორის ორსულობის, აბორტებისა და სექსით გადამდებ დაავადებათა შემთხვევების სწრაფი ზრდა. ამასთანავე, დამნაშავეობას ხშირად წინ უძღვის ოჯახში სიყვარულის უკმარისობა. შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია დაუკავშირო ამას შენი ტერიტორიის მაგალითები, რაც იმის დამამტკიცებელია, რომ სიყვარული გადაშენების გზაზეა.
13, 14. ა) რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიბლიას, როდესაც პირისპირ ვუყურებთ მრავალი ოჯახის ნგრევას? ბ) რომელ ბრძნულ რჩევას გვთავაზობს ღმერთი ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით?
13 ამას შეუძლია ახსნას, თუ რატომ აქცევს ზურგს მრავალი ადამიანი იმ პიროვნებებს, ვინც ერთხელ მათი დიდი ოჯახის ან მათივე გვარის თუ ტომის წევრი იყო. მაგრამ გახსოვდეს: ჩვენ ამ საკითხებს იმისათვის არ ვარჩევთ, რომ დღევანდელი ცხოვრების ნეგატიური მხარეები აღვნიშნოთ. ჩვენთვის საინტერესოა ორი რამ: თუ შეუძლია ბიბლიის მოძღვრებებს დაგვეხმაროს თავი დავაღწიოთ ტანჯვას, რომელსაც პავლეს მიერ ჩამოთვლილი მანკიერი თვისებები იწვევს და იქნება თუ არა ჩვენთვის სასარგებლო ბიბლიის მოძღვრებების ცხოვრებაში გამოყენება? პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, როგორც ეს ნათელი გახდა პავლეს მიერ ჩამოთვლილ იმ ოთხ თვისებასთან დაკავშირებით.
14 საერთო ჯამში შეიძლება მტკიცედ ითქვას: არც ერთი მოძღვრება არ აღემატება ბიბლიის მოძღვრებას ოჯახური ცხოვრების მოწყობასთან დაკავშირებით, რაც ათბობს გულებს და კარგი წარმატება აქვს. ეს მტკიცდება მისი უბრალო რჩევის გამოყენებით, რასაც შეუძლია ოჯახის წევრებს დაეხმაროს არა მხოლოდ იმაში, რომ თავი დააღწიონ მარცხს, არამედ წარმატებასაც მიაღწიონ. კოლასელთა 3:18–21 კარგად ილუსტრირებს ამას, თუმცა არსებობს მრავალი სხვა შესანიშნავი და პრაქტიკული მუხლები, რომლებიც მიმართულია ქმრების, ცოლებისა და ბავშვებისადმი. ეს მითითებები წარმატებულია ჩვენს დროში. მართალია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების ოჯახებშიც არის სიძნელეები და მძიმე ვითარება. მაგრამ ყოვლისმომცველი შედეგი ამტკიცებს, რომ ბიბლია ძალიან სასარგებლო მოძღვრებას სთავაზობს ოჯახებს.
15, 16. რა სიტუაცია აღმოაჩინა მკვლევარმა, როდესაც აკვირდებოდა იეჰოვას მოწმეებს ზამბიაში?
15 კანადის ლეთბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი წლინახევრის მანძილზე იკვლევდა სოციალურ პირობებს ზამბიაში. მან დაასკვნა: „იეჰოვას მოწმეებს უფრო დიდი წარმატება აქვთ მდგრადი ქორწინების შენარჩუნებაში, ვიდრე სხვა სარწმუნოების წევრებს. . . მათი წარმატება წარმოადგენს ცოლ-ქმარს შორის განახლებული, შეცვლილი ურთიერთობის შედეგს რომლებიც ახლად აღმოჩენილი, უსაფრთხო და თანამშრომლური მიზნებით ანგარიშვალდებულნი გახდნენ ახალი ხელმძღვანელის, ღმერთის წინაშე ერთმანეთისადმი მზრუნველობის საკითხში. იეჰოვას მოწმე ქმარს ასწავლიან, გააუმჯობესოს იმ პასუხისმგებლობის შესრულება, რაც მისი ცოლ-შვილის კეთილდღეობას ემსახურება. . . ცოლ-ქმარს მოუწოდებენ, იყვნენ უბიწო პიროვნებები. . . ეს ძირითადი მოთხოვნა ერთგულებასთან დაკავშირებით განამტკიცებს ქორწინებას“.
16 ეს გამოკვლევა დაფუძნებული იყო მრავალრიცხოვან, რეალურ შემთხვევებზე. მაგალითად, იმ მკვლევარმა თქვა, რომ წეს-ჩვეულებების საპირისპიროდ „იეჰოვას მოწმე მამაკაცები უფრო ხშირად ეხმარებიან თავიანთ ცოლებს ბაღში, არა მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, არამედ დარგვისა და ბარვის დროსაც“. ამგვარად, როგორც ჩანს, დედამიწის ზურგზე არსებული უთვალავი მაგალითები ცხადყოფს, რომ ბიბლიური დარიგება გავლენას ახდენს ცხოვრებაზე.
17, 18. როგორმა გასაოცარმა შედეგებმა იჩინა თავი რელიგიური მემკვიდრეობისა და ქორწინებამდე სექსუალური კავშირების გამოკვლევის დროს?
17 წინამდებარე სტატიაში მოხსენიებული იყო აღმოჩენები, რომლებიც მოცემულია „რელიგიის მეცნიერული კვლევის ჟურნალში“ (ინგლ.). ერთ-ერთი სტატიის სათაური, რომელიც არის ამ ჟურნალის 1991 წლის გამოცემაში, ასეთი იყო: „რელიგიური მემკვიდრეობა და ქორწინებამდელი სექსი: ეროვნული სტატისტიკის მონაცემები სრულწლოვანი ახალგაზრდების მაგალითებიდან“. რა თქმა უნდა, შენთვის ცნობილია, თუ რამდენად არის გავრცელებული სექსუალური კავშირი ქორწინებამდე. ახალგაზრდა ასაკში მრავალი პიროვნება ექვემდებარება ვნებიან გრძნობებს და მრავალ მოზარდს დიდი რაოდენობით ჰყავს სექსუალური პარტნიორი. შეუძლია თუ არა ბიბლიურ მოძღვრებებს შეცვალოს ეს ვითარება, რომელიც ყველგან არის გავრცელებული?
18 სამი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც იკვლევდა ამ საკითხს, ფიქრობდა აღმოეჩინა ის, ‘რომ მოზარდებსა და სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებიც გაიზარდნენ უფრო კონსერვატიული ქრისტიანული ტრადიციით, ალბათ, არ უნდა ჰქონოდათ სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე’. მაგრამ რა ცხადყო ფაქტებმა? ყველგან, 70-დან 82-მდე პროცენტს ჰქონდა სექსუალური კავშირი ქორწინებამდე. თუმცა, ზოგმა „ფუნდამენტალისტურმა მემკვიდრეობამ [შეამცირა] ქორწინებამდე სექსუალური კავშირის ალბათობა, მაგრამ მათ ვერ შეამცირეს ‘მოზარდთა შორის ქორწინებამდე სექსუალური კავშირის’ შემთხვევები“. მკვლევარებმა კომენტარი გაუკეთეს ზოგიერთი, ერთი შეხედვით რელიგიური ოჯახიდან გამოსული, ახალგაზრდის მოქმედებას, რომლებმაც „პროტესტანტიზმის მთავარ მიმდინარეობასთან შედარების დროს გამოამჟღავნეს ქორწინებამდელი სექსის ნიშანდობლივად დიდი ალბათობა“ (კურსივი ჩვენია).
19, 20. როგორ დაეხმარა და დაიცვა ღვთიურმა დარიგებებმა იეჰოვას მოწმეთა შორის მრავალი ახალგაზრდა?
19 პროფესორებმა სრულიად საპირისპირო აღმოაჩინეს იეჰოვას მოწმე ახალგაზრდების რიგებში, რომლებიც იყვნენ „სხვებისგან ბევრად განსხვავებულ ჯგუფში“. რატომ? „მოვალეობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გრძნობას, რომელიც გამოწვეულია ადამიანებთან ურთიერთობით, მოლოდინითა და რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობით. . . ეხმარება მათ უკეთესად მიჰყვნენ რწმენის პრინციპებს“. მათ დაუმატეს: „მოწმეებისაგან, მათ შორის მოზარდებისა და სრულწლოვანი ახალგაზრდებისაგან, მოელიან, რომ შეასრულონ მისიონერული პასუხისმგებლობა“.
20 ასე რომ, ბიბლიურმა დარიგებამ საუკეთესოდ იმოქმედა იეჰოვას მოწმეებზე იმით, რომ დაეხმარა მათ, თავი დაეღწიათ ამორალური მოქმედებისგან. ეს ნიშნავს, რომ ისინი დაცულნი არიან სექსით გადამდები დაავადებებისაგან, რომელთაგანაც ზოგიერთი უკურნებელია, ზოგი კი — სასიკვდილო. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ესაჭიროებათ აბორტის გაკეთება, რომელიც ბიბლიის სწავლების მიხედვით, მკვლელობის ტოლფასია. ეს, ასევე, ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ დაქორწინდნენ სუფთა სინდისით. ეს ნიშნავს ქორწინებას, რომელიც დაფუძნებულია უფრო მტკიცე საძირკველზე. ეს ისეთი სწავლებებია, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ წარმატებით გავუმკლავდეთ პრობლემებს, ვიყოთ უფრო ჯანმრთელნი და ბედნიერნი.
-
-
სასარგებლო მოძღვრება ჩვენს კრიტიკულ დროშისაგუშაგო კოშკი — 1994 | 15 აპრილი
-
-
მოიმკე მდიდარი სარგებელი
19. რომელი შემთხვევები იცი იმისა, რომ ადამიანები თავმოყვარენი არიან?
19 პავლე თავის ჩამოთვლას იწყებს წინასწარმეტყველებით, რომ უკანასკნელ დღეებში „ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი“ (2 ტიმოთე 3:2). რას გულისხმობდა იგი ამით? შენ მართალი იქნებოდი, თუ იტყოდი, რომ ისტორიის განმავლობაში იყვნენ პატივმოყვარე, პირადი გამორჩენის მაძიებელი მამაკაცები და ქალები. ეჭვს არ ექვემდებარება, რომ ეს მანკი დღეს უჩვეულოდ გავრცელებულია. ეს თვისება ჭარბადაა მრავალ ადამიანში. იგი თითქმის ქცევის ნორმაა პოლიტიკურ და კომერციულ სამყაროში. მამაკაცები და ქალები ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ ძალაუფლებასა და რეპუტაციას. ჩვეულებრივ ეს სხვების ხარჯზე ხდება, ვინაიდან ასეთი თავმოყვარე ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებენ სხვა ადამიანებს. ისინი მზად არიან სასამართლოში უჩივლონ ან მოატყუონ სხვები. ამიტომ შენ, ალბათ, ხვდები თუ რატომ უწოდებს მრავალი ამას „ეგოისტთა თაობას“. პატივმოყვარე და ეგოცენტრული ადამიანები მრავლად არიან.
-