მშობლებო, თქვენს თითოეულ ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება
„შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო“ (ფსალმუნი 127:3).
1. როგორ შეიძლება შევადაროთ მცენარეების გაზრდა ბავშვების აღზრდასთან?
ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მცენარეების მსგავსად იზრდებიან და ვითარდებიან. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ბიბლია ლაპარაკობს მამაკაცის ცოლზე, როგორც ‘მსხმოიარე ვაზზე’, ბავშვებზე კი, როგორც ‘ყლორტებზე ზეთისხილისა, [მისი] სუფრის გარშემო’ (ფსალმუნი 127:3). ნებისმიერი მიწათმოქმედი გეტყვის, რომ ნორჩი მცენარეებიდან მოსავლის მიღება არ არის ადვილი, განსაკუთრებით კი, როდესაც ჰავა და ნიადაგის მდგომარეობა არახელსაყრელია. მსგავსად ამისა, ამ კრიტიკულ „უკანასკნელ დღეებში“ ძალიან რთულია ბავშვების ისე აღზრდა, რომ გახდნენ ზრდილობიანნი, ღმერთის მოშიში, მოზრდილი ადამიანები (2 ტიმოთე 3:1-5).
2. ჩვეულებრივ, რა არის საჭირო კარგი მოსავლის მიღებისთვის?
2 უხვი მოსავლის მისაღებად მიწათმოქმედს სჭირდება ნოყიერი ნიადაგი, მზის სინათლე და წყალი. გარდა ამისა, მიწის დამუშავებასა და გამარგვლასთან ერთად, უნდა შეებრძოლოს მავნებელ პარაზიტებს და იზრუნოს სხვა დამცველ საშუალებებზე. სრულიად შესაძლებელია, რომ თვით მოსავლის აღებამდე, მთელი სეზონის განმავლობაში იყოს მძიმე დღეები. რაოდენ სამწუხაროა, როცა აღმოჩნდება, რომ მოსავალი ცუდია! მაგრამ, რამდენად კმაყოფილია მიწათმოქმედი, როდესაც ბევრი და გულმოდგინე შრომის შემდეგ იღებს კარგ მოსავალს! (ესაია 60:20-22; 61:3).
3. როგორ შეიძლება მცენარეებისა და ბავშვების შედარება მათი მნიშვნელოვნობით და როგორი ყურადღება უნდა მიეპყროს ბავშვებს?
3 რასაკვირველია, ადამიანის ბედნიერი, ნაყოფიერი ცხოვრება მიწათმოქმედის მოსავალზე უფრო ძვირფასია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ბავშვის კარგად აღზრდას მიაქვს უფრო მეტი დრო და ძალა, ვიდრე უხვი მოსავლის მოყვანას (მეორე რჯული 11:18–21). თუ სიცოცხლის ბაღში დარგულ მცირეწლოვან ბავშვს რწყავენ და უვლიან სიყვარულითა და შეთავაზებული გონივრული შეზღუდვებით, დაავადებული ზნეობრივი ფასეულობებით აღსავსე ქვეყნიერებაშიც კი სულიერად გაიზრდება და აყვავდება. მაგრამ, თუ მას სასტიკად მოეპყრობიან ან დაჩაგრავენ, ბავშვი შინაგანად დაჭკნება და შეიძლება, სულიერად მოკვდეს (კოლასელთა 3:21; შეადარე იერემია 2:21; 12:2). ნამდვილად, თითოეულ ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება!
ყოველდღიური ყურადღება სიყრმიდან
4. როგორი ყურადღება ესაჭიროებათ ბავშვებს ‘ჩვილობიდანვე’?
4 მშობლებმა უნდა მიაქციონ ახალშობილს თითქმის განუწყვეტელი ყურადღება. მაგრამ, ყოველდღიური მოთხოვნილებების საფუძველზე საჭიროებს კი ბავშვი მხოლოდ ფიზიკურ ან მატერიალურ ყურადღებას? ღმერთის მსახურს, ტიმოთეს, მოციქულმა პავლემ მისწერა: „შენ ხომ ბავშვობიდანვე [ჩვილობიდანვე, აქ] იცი წმიდა წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15). ამრიგად, ის ყურადღება, რომელიც სიყრმის ასაკში მიიღო მშობლისგან ტიმოთემ, იყო ასევე, სულიერი. მაგრამ, როდის იწყება სიყრმე?
5, 6. ა) რას გვატყობინებს ბიბლია ჯერ არ დაბადებულის შესახებ? ბ) რა მიუთითებს, რომ მშობლებმა უნდა იზრუნონ ჯერ არ დაბადებული ბავშვის კეთილდღეობაზე?
5 ბერძნული სიტყვა (ბრე΄ფოს), რომელიც აქ გამოიყენა პავლემ, ასევე, ეხება ბავშვს, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. ელისაბედმა, იოანე ნათლისმცემლის დედამ, თავის ნათესავს, მარიამს, უთხრა: „როცა შენი მოსალმების ხმა მოვიდა ჩემს ყურთან, სიხარულით შეთამაშდა ყრმა [ბრე΄ფოს] ჩემს მუცელში“ (ლუკა 1:44). ამრიგად, ჯერ არ დაბადებულებსაც კი ეწოდებათ ყრმები, და ბიბლია გვიჩვენებს, რომ ისინი რეაგირებენ მოქმედებებზე, რომლებიც საშვილოსნოს გარეთ ხდება. ამიტომ, უნდა ითვალისწინებდეს თუ არა მშობიარობისწინა მზრუნველობა, რომლისკენაც დღეს ხშირად მოუწოდებენ მშობლებს, ყურადღების გამოვლინებას ჯერ არ დაბადებული ბავშვის სულიერი კეთილდღეობის მიმართ?
6 გასათვალისწინებელია ფაქტები, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ჯერ არ დაბადებულები, გარეშე ბგერების მოსმენით, შეიძლება მოექცნენ ან სასარგებლო, ან საზიანო გავლენის ქვეშ. რეპეტიციის გავლის დროს, ერთმა დირიჟორმა აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა მუსიკალური პარტიტურა საოცრად ნაცნობი იყო მისთვის, განსაკუთრებით კი ჩელოს პარტია. როდესაც დირიჟორმა მოიხსენია მუსიკალური ნაშრომების სახელწოდებები თავის დედასთან, პროფესიონალ ვიოლონჩელისტთან, მან თქვა, რომ იგივე ნაწარმოებების რეპეტიციას მასზე ორსულობის დროს გადიოდა. მსგავსად ამისა, ჯერ არ დაბადებულებზე, შეიძლება, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მათი დედების მიერ, სატალევიზიო მრავალსერიანი მელოდრამების ყურებამ. ამრიგად, სამედიცინო ჟურნალი ცხადყოფდა „ტელესერიალების მიმართ ჩანასახის დამღუპველ მიდრეკილებას“.
7. ა) როგორ უთმობს ყურადღებას მრავალი მშობელი ჯერ არ შობილი ბავშვის კეთილდღეობას? ბ) რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს?
7 იმის შეგნებით, რომ ბავშვებზე დადებითი გავლენა სასარგებლოა, მრავალი მშობელი თავის ბავშვს დაბადებამდეც კი უკითხავს, ესაუბრება და უმღერის. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე. სანამ თქვენს ბავშვს არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენი დამამშვიდებელი ხმა და მოსიყვარულე ტონი. დაბადების შემდეგ ბავშვი დაიწყებს თქვენი სიტყვების ათვისებას, შესაძლოა, უფრო სწრაფად ვიდრე მოელით. უკვე ორ ან სამ წელიწადში ბავშვი სწავლობს რთულ ენას, მისი მოსმენით. ბავშვს შეუძლია, აგრეთვე, დაიწყოს ბიბლიური ჭეშმარიტების ‘სუფთა ენის’ შესწავლა (სოფონია 3:9, აქ).
8. ა) რას გულისხმობს ბიბლია ფაქტების საფუძველზე, როცა ამბობს, რომ ტიმოთემ იცოდა წმიდა წერილები „ბავშვობიდანვე“? ბ) რა სიტყვები გამართლდა ტიმოთესთან დაკავშირებით?
8 რას გულისხმობდა პავლე, როდესაც თქვა, რომ ტიმოთემ ‘ბავშვობიდანვე იცოდა წმიდა წერილები’? ფაქტების საფუძველზე ის გულისხმობდა, რომ ტიმოთემ მიიღო სულიერი მომზადება მაშინ, როცა ჩვილი იყო და არა მხოლოდ ბავშვობიდან. ეს ეთანხმება ბერძნულ სიტყვა ბრე΄ფოს-ს, რომელიც უმთავრესად ახალდაბადებულს მიეწერება (ლუკა 2:12, 16; საქმე 7:19). ტიმოთემ, თავისი დედისგან, ევნიკესგან, და დიდედისგან, ლუდიასგან მიიღო სულიერი დარიგება, იმ დროიდან, საიდანაც მას ახსოვდა (2 ტიმოთე 1:5). ‘ყლორტს საითაც გადახრი, ხეც ისე გაიზრდება’, ეს ანდაზა ნამდვილად გამოსაყენებელია ტიმოთეს შემთხვევაში. ის იყო ‘გაწვრთნილი მისი გზის დასაწყისშივე’ და ამის შედეგად, გახდა ღმერთის შესანიშნავი მსახური (იგავნი 22:6; ფილიპელთა 2:19–22).
განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელიც საჭიროა
9. ა) რის გაკეთებას უნდა მოერიდონ მშობლები და რატომ? ბ) ბავშვის განვითარების დროს, რის გაკეთება სჭირდებათ მშობლებს და რომელ მაგალითს უნდა მიჰყვნენ?
9 ბავშვები მცენარეების მსგავსნი არიან, აგრეთვე, იმით, რომ ყველას არა აქვს მსგავსი ხასიათი და არც ყველა ეხმაურება მოვლის მსგავს მეთოდებს. ბრძენი მშობლები გაითვალისწინებენ ამ სხვაობებს და მოერიდებიან ბავშვების ერთმანეთთან შედარებას (შეადარე გალატელთა 6:4). იმისთვის, რომ თქვენი ბავშვები აყვავდნენ და იქცნენ საღად მოაზროვნე მოწიფულ ადამიანებად, საჭიროა დაუკვირდე მათი პირადი ხასიათის განმასხვავებელ თვისებებს, რომელთაგანაც დაამუშავებ კარგს და გამარგლავ ცუდს. რას გააკეთებ, თუ აღმოაჩენ სისუსტეს ან არასწორ მიდრეკილებას, შესაძლოა, უპატიოსნობის, მატერიალიზმის ან ეგოიზმისკენ? თავაზიანად დაეხმარე, გამოსწორდეს, როგორც იესო ეხმარებოდა თავის მოციქულებს სისუსტეების გამოსწორებაში (მარკოზი 9:33–37). განსაკუთრებით კი, სისტემატურად შეაქეთ ყოველი ბავშვი თავისი სულის სიმტკიცისა და კარგი თვისებებისთვის.
10. რას საჭიროებენ ბავშვები განსაკუთრებულად და როგორ შეიძლება ამის შეთავაზება?
10 თითოეულის მიმართ სიყვარულით აღსავსე ყურადღება არის ის, რასაც განსაკუთრებით საჭიროებენ ბავშვები. იესო გამოყოფდა დროს, რომ გამოევლინა ბავშვებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, თავისი მოღვაწეობის მეტად დატვირთულ ბოლო დღეებშიც კი (მარკოზი 10:13–16, 32). მშობლებო, მისდიეთ ამ მაგალითს! უანგაროდ გამოყავით დრო თქვენს ბავშვებთან ყოფნისთვის. და ნუ გრცხვენიათ უჩვენოთ მათ გულწრფელი სიყვარული. მოხვიეთ ხელი, როგორც ამას იესო აკეთებდა. თბილად მოეპყარით, ნაზად ჩაიხუტეთ და ხშირად აკოცეთ. როდესაც ზრდილობიანი მოზარდების მშობლებს სთხოვდნენ რჩევას, სხვა მშობლებისთვის შესათავაზებლად, ხშირ შემთხვევაში ისინი პასუხობდნენ: „გიყვარდეთ მთელი გულით“, „ერთად გაატარეთ დრო“, „განავითარეთ ურთიერთპატივისცემა“, „ნამდვილად მოუსმინეთ“, „შესთავაზეთ უფრო ხელმძღვანელობა, ვიდრე გაკიცხვა“ და „იყავით რეალისტურნი“.
11. ა) როგორ უნდა აფასებდნენ მშობლები თითოეული ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოვლინებას? ბ) როდის შეუძლიათ მშობლებს, დატკბნენ თავის შვილებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობით?
11 ასეთი, განსაკუთრებული ყურადღების გამოვლინება, შეიძლება, სასიხარულო იყოს. ერთ-ერთი ბედნიერი მშობელი წერდა: „როდესაც ჩვენი ორი ბიჭი უფრო პატარა იყო, დასაძინებლად მომზადების, ერთად წაკითხვის, საბნის დაფარებისა და ლოცვის პროცესი სიამოვნება იყო“. ამგვარად, ერთად გატარებული დრო იძლევა აზრების ურთიერთგაზიარების ბრწყინვალე შესაძლებლობას, რომელსაც შეუძლია გაამხნევოს ორივე — მშობელი და ბავშვი (შეადარე რომაელთა 1:11, 12). ერთი წყვილი უსმენდა თავის სამი წლის ბავშვს, როცა მან მიმართა ღმერთს თხოვნით, აკურთხოს „ვალლი“. ის ლოცულობდა „ვალლისთვის“ მომდევნო საღამოების განმავლობაში და მშობლები დიდად გამხნევებულნი იყვნენ, როცა მიხვდნენ, რომ ის ლოცულობდა, იმ დროს, მალავიში დევნილი ძმებისთვის. ერთმა ქალმა თქვა: „როცა ჯერ ოთხი წლის ვიყავი, დედაჩემი მეხმარებოდა ბიბლიური მუხლებისა და სამეფოს საგალობლების დამახსოვრებაში, სანამ სკამზე ვიდექი და ვაშრობდი ჭურჭელს, რომელსაც დედა რეცხავდა“. თუ შეგიძლიათ გამონახოთ დრო, როცა შეძლებთ დატკბეთ ძვირფასი ურთიერთობით თქვენს პატარებთან?
12. რას უზრუნველყოფენ ქრისტიანი მშობლები თავისი ბავშვებისთვის ბრძნულად და რა მეთოდების გამოყენება შეიძლება?
12 ბრძენი ქრისტიანი მშობლები რეგულარულ სასწავლო პროგრამას ადგენენ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ არსებული კითხვა-პასუხებიანი მეთოდით, ხომ არ შეგეძლოთ, ისე გამოგეყენებინათ, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, სამეცადინო დრო, რომ ხელი შეგეწყოთ სასიამოვნო ურთიერთობისთვის? თქვენ შეგეძლოთ, ჩაგერთოთ ბიბლიური მოვლენების სურათების დახატვა, ბიბლიური მოთხრობების მოყოლა ან მოგესმინათ ის, რასაც თქვენი თხოვნით ბავშვი მოამზადებდა. იმდენად სასიამოვნო გახადეთ ღმერთის სიტყვა თქვენი ბავშვებისთვის რამდენადაც შეგიძლიათ, რომ განუვითარდეთ ლტოლვა მის მიმართ (1 პეტრე 2:2, 3). ერთ-ერთმა მამამ თქვა: „როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ჩვენ ვცოცავდით იატაკზე მათთან ერთად და ვდგამდით ისტორიულ შემთხვევებს, რომლებშიც ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟებს ვთამაშობდით. ბავშვებს უყვარდათ ეს“.
13. როგორია პრაქტიკული მეცადინეობების ფასი და რაში შეგიძლიათ ივარჯიშოთ მათი დადგმის დროს?
13 მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის, ასევე, სასარგებლოა პრაქტიკული სცენები, რადგან ეს ეხმარება ბავშვებს, მოემზადონ ცხოვრების მრავალი რეალური სიტუაციისთვის. ერთ-ერთმა გოგონამ კუსეროვების ბავშვებიდან — რომელთაგანაც თერთმეტივე, ნაცისტური დევნის დროს ღმერთის ერთგული დარჩა — თავის მშობლებზე თქვა: „მათ გვიჩვენეს, თუ როგორ ვიმოქმედოთ და როგორ დავიცვათ თავი ბიბლიის დახმარებით [1 პეტრე 3:15]. ხშირად ჩვენ ვვარჯიშობდით კითხვების დასმითა და პასუხების გაცემით“. რატომ არ გავაკეთოთ იგივე? მსახურებისთვის შეგიძლია ჩაატარო შეთავაზებების რეპეტიცია, რომლებშიც მობინადრის როლში ერთ-ერთი მშობელი მიიღებს მონაწილეობას. ან პრაქტიკული დადგმებით შეიძლება განიხილებოდეს მრავალი რეალური, ცხოვრებისეული ცდუნება (იგავნი 1:10–15). „რთული სიტუაციების რეპეტიციას შეუძლია განავითაროს ბავშვის ხელოვნება და გამბედაობა — ახსნა ერთმა პიროვნებამ. — დადგმაში შეიძლება იყოს, ჩართული და გათამაშებული, ბავშვის მეგობრის როლი, რომელიც სთავაზობს სიგარეტს, სასმელს ან ნარკოტიკებს“. ეს მეცადინეობები დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორ გაუმკლავდება თქვენი ბავშვი ასეთ სიტუაციებს.
14. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სიყვარულით აღსავსე და მგრძნობიარე საუბრები შენს ბავშვებთან?
14 ბავშვთან ურთიერთკავშირის დროს მიმართეთ მას ისეთივე თანაგრძნობით, რომელსაც ამ სიტყვების მწერალი გრძნობდა: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ“ (იგავნი 3:1, 2). ნუთუ არ შეეხება ბავშვის გულს, თუ სიყვარულით აუხსნით, რომ იმიტომ მოითხოვთ მორჩილებას, რომ ის მოუტანს მშვიდობასა და დღეგრძელობას, სინამდვილეში კი, მარადიულ სიცოცხლეს ღმერთის მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში? განიხილეთ თქვენი შვილის პიროვნება ღმერთის სიტყვის საფუძველზე. გააკეთეთ ეს ლოცვით და იეჰოვა აკურთხებს თქვენს ძალისხმევას. შესაძლებელია, რომ ბიბლიაზე დაფუძნებულ ასეთ სიყვარულით აღსავსე და მგრძნობიარე საუბრებს ექნება კარგი შედეგი და მოიტანს ხანგრძლივ სარგებელს (იგავნი 22:6).
15. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ ბავშვებს პრობლემების გადაწყვეტაში?
15 თუნდაც ასეთი ურთიერთკავშირი არ დამყარდეს თქვენს მიერ დაგეგმილი შესწავლის მსვლელობაში, ნუ გადაიტანთ ყურადღებას სხვა საქმეებზე. მოუსმინეთ ყურადღებით არა მხოლოდ იმას, რასაც ამბობს ბავშვი, არამედ, ასევე, როგორ გამოთქვამს აზრს. „შეხედეთ თქვენს ბავშვს, — თქვა სპეციალისტმა. — დაუთმეთ მას სრული ყურადღება. საჭიროა, გესმოდეთ და არა მხოლოდ ისმენდეთ. მშობლებს, რომლებიც ახმარენ განსაკუთრებულ ძალისხმევას, შეუძლიათ დიდად შეცვალონ თავიანთი ბავშვების ცხოვრება“. დღეს ბავშვები ხშირად ხვდებიან სერიოზულ პრობლემებს სკოლაში და სხვაგან. მშობლებო, გამოიწვიეთ ბავშვი გულღია საუბარში და დაეხმარეთ ღმერთის თვალსაზრისით განსაჯოს საკითხები. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გადაწყვიტოთ პრობლემა, გამოიძიეთ საღვთო წერილი და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოწოდებული პუბლიკაციები (მათე 24:45). რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დაუთმეთ თითოეულ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად.
დააფასეთ დრო, როცა ერთად ხართ
16, 17. ა) უმთავრესად დღეს, რატომ საჭიროებს თითოეული ახალგაზრდა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დარიგებას? ბ) რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა, როცა ისჯებიან მშობლების მიერ?
16 ახალგაზრდებს დღეს უფრო სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე ოდესმე უწინ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ „უკანასკნელ დღეებში“ და ახლა არის „კრიტიკული დრო“ (2 ტიმოთე 3:1–5, აქ; მათე 24:3–14). როგორც მშობლები, ასევე, შვილებიც საჭიროებენ მფარველობას, მოცემულს, ჭეშმარიტი სიბრძნით, რომელიც „მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12). რადგან ღმერთის მოსაწონი სიბრძნე შეიცავს ბიბლიაზე დამყარებული შემეცნების სათანადო გამოყენებას, ბავშვები საჭიროებენ რეგულარულ დამოძღვრას ღმერთის სიტყვაში. ამიტომ, ისწავლეთ საღვთო წერილი ბავშვებთან ერთად. უამბეთ იეჰოვას შესახებ, გულმოდგინედ ახსენით მისი მოთხოვნები და ხელი შეუწყეთ მისი დიდებული აღთქმების შესრულების სიხარულით აღსავსე მოლოდინს. ისაუბრეთ ამის შესახებ სახლში, სეირნობის დროს — დიახ, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში (მეორე რჯული 6:4–7).
17 მიწათმოქმედებმა იციან, რომ ყველა მცენარე არ ყვავის ერთნაირ პირობებში. თითოეულ მცენარეს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. მსგავსად ამისა, ყოველი ბავშვი განსხვავებულია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, დარიგებასა და დისციპლინას. მაგალითად, ერთი ბავშვისთვის, შესაძლოა, საკმარისია მშობლის გამკიცხავი შეხედვა, რომ შეაჩეროს მცდარი მოქმედება, იმ დროს, როცა სხვა ბავშვს სჭირდება უფრო მკაცრი დასჯა. მაგრამ, ყოველმა ბავშვმა უნდა იცოდეს, რატომ ხართ უკმაყოფილონი რაიმე სიტყვებით ან მოქმედებებით და ორივე მშობელმა უნდა ითანამშრომლოს, რომ შეთანხმებულად გამოიტანონ სასჯელი (ეფესელთა 6:4). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანი მშობლები იძლეოდნენ საღვთო წერილთან შეთანხმებულ ნათელ ხელმძღვანელობას.
18, 19. რა პასუხისმგებლობა აქვთ ქრისტიან მშობლებს ბავშვების მიმართ და შესაბამისად, როგორია გულმოდგინე სამუშაოს შედეგი?
18 მიწათმოქმედმა სათანადო დროზე უნდა დათესოს მცენარეები და დაამუშაოს მიწა. თუ გადადებს ან უგულებელყოფს მკას, ის მიიღებს ან მცირე მოსავალს, ან არაფერს. თქვენი პატარა ბავშვები ვითარდებიან „მცენარეების“ მსგავსად, რომელთაც სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ახლა და არა მომდევნო თვეში ან წელიწადში. ნუ გაუშვებთ ხელიდან ძვირფას შესაძლებლობას აამაღლოთ მათი სულიერი ზრდა ღმერთის სიტყვასთან შეთანხმებით და გამარგლოთ ქვეყნიური აზრები, რომელთაც შეუძლია გახდეს დაჭკნობისა და სულიერი სიკვდილის მიზეზი. დააფასეთ ის საათები და დღეები, როცა გეძლევათ შესაძლებლობა თქვენს შვილებთან ერთად იყოთ, რადგან ეს დრო სწრაფად გადის. გულმოდგინედ განავითარეთ თქვენს ბავშვებში ღვთიური თვისებები, რომლებიც დასჭირდებათ ბედნიერი ცხოვრებისთვის, როგორც იეჰოვას ერთგულ მსახურებს (გალატელთა 5:22, 23; კოლასელთა 3:12–14). ეს არ არის სხვისი სამუშაო; ეს თქვენი გასაკეთებელია და ღმერთს ძალუძს დაგეხმაროთ ამაში.
19 მიეცით შვილებს მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა. ერთად შეისწავლეთ ღმერთის სიტყვა და დატკბით ჯანსაღი გართობით. წაიყვანეთ ბავშვები ქრისტიანულ შეხვედრებზე და მიაღებინეთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში. აღზარდეთ საყვარელ ბავშვებში ისეთი პიროვნება, რომელიც მოეწონება იეჰოვას და ეს, უთუოდ, სიცოცხლის განმავლობაში დიდებულ სიხარულს მოგიტანთ. ნამდვილად, „მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ“ (იგავნი 23:24, 25).
მდიდარი საზღაური
20. რა არის მოზარდთა მშობლების წარმატების წყარო?
20 ბავშვების აღზრდა არის რთული და ხანგრძლივი დავალება. ‘ზეთისხილის ამ ყლორტების’ მოყვანას ‘შენი სუფრის გარშემო’, რომ გახდნენ ღმერთის მოშიში მოზრდილები, რომლებიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებენ, 20-წლიანი პროექტი უწოდეს (ფსალმუნი 127:3; იოანე 15:8). ამ პროექტის განხორციელება, ჩვეულებრივ, რთულდება, როცა ბავშვები მოზარდობის ასაკს მიღწეულნი არიან, როცა მათზე ზემოქმედება, ხშირ შემთხვევაში, იზრდება და მშობლებს ძალისხმევის გაძლიერება უწევთ. მაგრამ, წარმატების წყარო იგივეა — იყავით ყურადღებიანნი, გამოავლინეთ სითბო და გაგება. გახსოვდეთ, რომ ბავშვს ნამდვილად სჭირდება პირადი ყურადღება. მათ მიმართ ასეთი ყურადღების გამოვლინება შეგიძლიათ იმით, რომ მათი კეთილდღეობისადმი ავლენთ გულწრფელი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას. რომ დაეხმაროთ მათ, უნდა გასწიროთ საკუთარი თავი დროის დათმობით და სიყვარულისა და მზრუნველობის გამოვლინებით, რომელიც მათ ნამდვილად სჭირდებათ.
21. რა შეიძლება იყოს საზღაური ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოვლინებისთვის?
21 იეჰოვასგან მონდობილ ძვირფას ნაყოფზე გულმოდგინე მზრუნველობისთვის საზღაური, შეიძლება ნებისმიერი მიწათმოქმედის უხვ მოსავალზე ბევრად უფრო მეტი კმაყოფილების მომტანი იყოს (ფსალმუნი 126:3–5). ამიტომ, მშობლებო, არ შეწყვიტოთ თითოეული შვილის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოვლინება. აკეთეთ ეს მათ სასიკეთოდ და ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, განსადიდებლად.
როგორ უპასუხებდი?
□ როგორ შეიძლება შევადაროთ მცენარეების გაზრდა ბავშვების აღზრდასთან?
□ როგორი ყურადღება უნდა მიეპყროს ბავშვს ყოველდღიურად, სიყრმიდანვე?
□ რა განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს თითოეული ბავშვი და როგორ შეიძლება გამოვავლინოთ ის?
□ რატომ უნდა გამოავლინო თითოეული ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება?